back to top

ციფრული უსაფრთხოების საკითხები 180-მა მშობელმა შეისწავლა

საქართველოში ბაღის აღსაზრდელების და სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლები ნაკლებად იცნობენ ინტერნეტის შესაძლებლობებსა და ციფრულ სამყაროში არსებულ საფრთხეებს. ეს ხელს უშლით სწორად მართონ აღზრდის პროცესში გაჩენილი „გაჯეტებთან“ დაკავშირებული სირთულეები, როგორიც არის ეკრანდამოკიდებულება, ასაკისთვის შეუფერებელი ვიდეო თამაშები, სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული საფრთხეები, არასასურველ შინაარსებზე ბავშვების წვდომა და კიბერუსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის” ქვეყნის 3 რეგიონიდან 180 მოხალისე მშობელი, 6 სკოლა და 6 საბავშო ბაღი ღია კონკურსის წესით შეარჩია. შერჩეულ აუდიტორიასთან ფსიქოლოგმა, ინტერნეტ უსაფრთხოების სპეციალისტმა და მედიაწიგნიერების ექსპერტმა იმუშავა. საგანგებოდ მშობლებისთვის სასწავლო კურსები შეიქმნა და ტრენინგის ფორმატში ჩატარდა. მოხალისე მშობლებმა ყველა ის  მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლეს, რაც მათ დაეხმარებათ რაციონალურად გამოიყენონ  ინტერნეტის შესაძლებლობები თავიათი შვილების კეთილდღეობისთვის.

ციფრული უსაფრთხოების საკითხებში სულ 180 მშობელი გადამზადდა.
პროექტი “მშობლების ციფრული განათლება” ხორციელდება ესტონურ ორგანიზაცია „ელექტრონული მართვის აკადემიასთან“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით DRIVE პროექტის ფარგლებში, ბრიტანული კორპორაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.

კახეთის სკოლებში ევროპული ფასეულობების და დეზინფორმაცია-პროპაგანდის შესახებ ტრენინგები ჩატარდა

კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით კახეთის რეგიონის სკოლებში ტრენინგები ჩატარდა. კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის, დეზინფორმაცია-პროპაგანდის ამოცნობისა და ევროპული ფასეულობების შესახებ ტრენინგებს გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების 6 სკოლიდან 210 წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის იყვნენ უფროსკლასელი მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები.

ინტერაქციულმა სესიებმა მონაწილეებს აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა მისცა. სავარჯიშოების, დისკუსიების და თამაშების საშუალებით ტრენერებმა უზრუნველყვეს სასწავლო კურსში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ხალისიანი მონაწილეობა.

თითოეულ სკოლაში სასწავლო კურსი 5 საათს გრძელდებოდა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა განსხვავებული აზრის პატივისცემა, დიალოგის კულტურა, სასკოლო დემოკრატია, დეზინფორმაციის გავრცელების მიზნები და საშუალებები, ტროლების, ბოტების, DEAP ფეიკის და ყალბი ამბების ამოცნობა, ევროპული ფასეულობების თანხვედრა ქართულ ღირებულებებთან და საქართველოს ევროპული მომავალი.

თუ რა შედეგი გამოიღო ჩატარებულმა ტრენინგებმა, მონაწილეთა გამოკითხვის საშუალებით გაიზომა. გამოსაკითხი პირები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა,

  • აღმოჩნდა, რომ მონაწილე მშობლების უმრავლესობა (80%) პირველად დაესწრო ტრენინგს, მანამდე მათ არასოდეს ჰქონიათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ რაიმე სახის სასწავლო კურსში. „სხვა თვალით შევხედე ბევრ საკითხს, აქამდე არასოდეს მიფიქრია ამაზე და მოხარული ვარ, რომ მომეცა ასეთ ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა “ – ამბობს მოსწავლის მშობელი სოფელ სამრეკლოს სკოლიდან. (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • მონაწილეთა უმრავლესობა (81%) თვლის, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი კრიტიკული აზროვნების უნარი, რადგან ტრენინგის შემდეგ უკეთ ახერხებს, მშვიდად მოისმინოს საწინააღმდეგო მოსაზრებები და იმსჯელოს არგუმენტირებულად. სასიამოვნო იყო, რომ ზრდასრულების თანდასწრებით დავაფიქსირეთ მოსწავლეებმა ჩვენი მოსაზრებები მკაფიოდ და თავდაჯერებულად. „ტრენინგის შემდეგ სხვასთან საუბრისას ვცდილობ, მოვუსმინო კარგად. იქნებ, ჩემთვისაც სარგებლის მომტანი იყოს სხვისი განსხვავებული შეხედულებები. ერთ-ერთი სლაიდი, სადაც ის შეკითხვები იყო მოცემული, რომელიც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანმა უნდა დასვას მსჯელობისას, განსაკუთრებით მომეწონა. ფოტოც გადავუღე და მას შემდეგ კომპლექსური დავალებიის შესრულებისას თუ უბრალოდ რაიმე საკითხზე საუბრისას, მაქსიმალურად ვცდილობ, გამოვიყენო ხოლმე“ – მოსწავლე სოფელი ქვემო ქედის სკოლიდან (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • 8% თვლის, რომ ტრენინგი დაეხმარა გაეაზრებინა, რომ დეზინფორმაციას ხშირად მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ან ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებენ, ხოლო 86% ასახელებს ყალბი ინფორმაციის, ტროლებისა და ბოტების ამოცნობის ხერხებს, რაც ტრენინგზე გამოყენებული თამაშების საშუალებით დაისწავლა. „ტრენინგამდე ტროლებს და ბოტებს ვერ ვარჩევდი. ახლა უკეთ გამომდის. ვაკვირდები სიახლის გამოქვეყნების თარიღს, წყაროს, ასევე ადამიანების რეაქციებს და კომენტარებს ამ ამბავზე. გარდა ამისა ვაკვირდები სხვადასხვა facebook გვერდების სახელს, გამომწერების რაოდენობას და ასე შემდეგ“- მოსწავლე სოფელ კარდენახის სკოლიდან. (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
  • 78% ამბობს, რომ ტრენინგზე დარწმუნდა რომ ქართული და ევროპული ფასეულობები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოს საკუთარი ტრადიციების, განსხვავებულობის შენარჩუნებაში დაეხმარება და განვითარების შესაძლებლობას მისცემს. „მომეწონა, რომ მონაწილეებმა ფურცლებზე თითო სიტყვით გადმოვეცით, ვის როგორ გვესმის  ქართველობა. ქართველობა არ ნიშნავს ჩაკეტვას. ახლის მიმღებლობაც ქართველობაა. სხვა განვითარებული ქვეყნებისგან უნდა ავიღოთ და არ უნდა დავკარგოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას განავითარებს. მით უფრო, რომ ისტორიულად ევროპა ძალიან ახლოსაა ჩვენთან და ბევრი საერთო გვაქვს. რაღაცნაირად უნდა გავთავისუფლდეთ დეზინფორმაციისგან – ის, რაც არაჯანსაღ წარმოდგენებს გვიყალიბებს განვითარებული სამყაროს მიმართ. ესაც ხომ პირდაპირ კავშირშია კრიტიკულ აზროვნებასთან.“ – მასწავლებელი სოფელ ველისციხის სკოლიდან (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).

პროექტს „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ახორციელებს. სკოლებში ტრენინგების გარდა, პროექტი საინფორმაციო კამპანიასაც ითვალისწინებს, რომელიც facebook-სა და კახეთის რეგიონულ მედიაში მიმდინარეობს.

მშობელთა ჩართულობის შესახებ სკოლებში ტრენინგები ტარდება

მშობელთა ჩართულობის შესახებ თბილისისა და რეგიონის სკოლებში ტრენინგები მიმდინარეობს, რომელსაც მშობლები და მასწავლებლები  ერთობლივად ესწრებიან. სასწავლო კურსი 3 მოდულს მოიცავს:

  • სკოლისა და მშობლების კომუნიკაცია
  • კრიზისული ურთიერთობების მართვა
  • მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული დაგეგმარება სკოლაში
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ტიპურ სასკოლო სიტუაციებს; მსჯელობენ მშობლის, პედაგოგისა და დირექტორის ქცევის ნორმებზე; თანხმდებიან მშობელთა ჩართულობის აუცილებლობაზე; იძენენ თანამოაზრეებს და ერთიანდებიან სამომავლო თანამშრომლობის სურვილით.
ტრენინგები პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში ტარდება, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აქტიურ მშობლებს, რათა მეტად ჩაერთონ შვილების სასკოლო პრობლემების გადაწყვეტაში.

საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა 800-მა მშობელი მიიღო

შვილის განათლების პროცესში მშობლების მართებული მონაწილეობის შესახებ სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” უძღვება.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანი მშობლების, პედაგოგებისა და მოსწავლეების თანამშრომლობის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ შეხვედრებს  სამივე რგოლის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრებზე ღიად განიხილება კომუნიკაციის სირთულეები და სკოლებში არსებული სხვა პრობლემები, რომელთა მოგვარება ბავშვების ინტერესების დაცვისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მასში მონაწილეობა 800-მა მშობელმა მიიღო. მათი უმრავლესობა ასოციაციას მხარდამჭერ წევრად შემოუერთდა. ხოლო 200 მათგანი უკვე დარეგისტრირდა ტრენინგზე „როგორ ჩავერთო ჩემი შვილის სასკოლო ცხოვრებაში“.
საინფორმაციო შეხვედრებს აპრილის თვეში 14-მა სკოლამ უმასპინძლა. შეხვედრები პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის  მხარდაჭერით.

მოსწავლეთა მშობლები სასკოლო სისტემის გაუმჯობესებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მოხალისე მშობლების შერჩევა წარმატებით დაასრულა და გუნდის ახალი წევრების ნაწილს გაერთიანებულ შეხვედრაზე უმასპინძლა.

მოსწავლეთა მშობლები თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, მცხეთა მთიანეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან მოხალისეობრივად ჩაერთნენ პროექტში „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“, რომელიც მიზნად ისახავს მშობელთა ჩართულობის გაზრდით დადებითი გავლენის მოხდენას ბავშვთა კეთილდღეობასა და სკოლის მიკროგარემოზე.

მომდევნო თვეების განმავლობაში იმ სკოლებში, სადაც მოხალისე მშობლების შვილები სწავლობენ, უფასოდ ჩატარდება მშობელთა ჩართულობის შესახებ ტრენინგები, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრები, მოხალისეებთან ერთად დაიგეგმება სხვა აქტივობები. მოხალისეები შეისწავლიან სკოლისა და მშობლების კომუნიკაციას, სასკოლო საჭიროებებისთვის ფინანსების მოძიებას და არაძალადობრივი პროტესტის გამოხატვის ტაქტიკებს, რაც მათ დაეხმარებათ უკეთესი ხარისხით მიიღონ მონაწილეობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში.

დაინტერესებული საზოგადოება პროექტში ჩართული თითოეული მოხალისე მშობლის და მისი მოტივაციის შესახებ უახლოეს მომავალში ვრცლად შეიტყობს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://mshobeltaskola.ge/?p=1489

 

მშობლებისთვის ბავშვთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციების „მშობლები განათლებისთვის“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთობლივი ორგანიზებით დღეს არასრულწლოვანთა მშობლები ბავშვთა უფლებადამცველ იურისტებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრა საბავშო ბაღსა და სკოლაში ბავშვთა უფლებებს შეეხო. იურისტებმა მშობლებს დეტალურად განუმარტეს, რისი უფლება აქვთ ბავშვებს სკოლამდელ დაწესებულებებსა და სასკოლო გარემოში, გასაჩივრების რა მექანიზმები არსებობს, როგორია პროცედურები და რა როლი აქვს საჯარო და კერძო სტრუქტურებს ამ პროცესში. საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა კონფლიქტების და რთული ქცევების მართვა, ბავშვზე ძალადობაზე რეაგირება და დისციპლინური პასუხისმგებლობები.

შეხვედრას „საქართველოს უნივერსიტეტმა“ და UG განვითარების ცენტრმა უმასპინძლა. საინფორმაციო შეხვედრა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

მშობელთა ციფრული წიგნიერებისთვის „მშობლები განათლებისთვის“ საგანგებო პროექტს იწყებს

ესტონურ ორგანიზაცია „ელექტრონული მართვის აკადემიასთან“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც მშობლებს ციფრული უნარების გაუმჯობესებასა და ბავშვთა ინტერნეტუსაფრთხოების დაცვაში დაეხმარება.

საქართველოში ბაღის აღსაზრდელების და სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლები ნაკლებად იცნობენ ინტერნეტის შესაძლებლობებსა და ციფრულ სამყაროში არსებულ საფრთხეებს. ეს ხელს უშლით სწორად მართონ აღზრდის პროცესში გაჩენილი „გაჯეტებთან“ დაკავშირებული სირთულეები, როგორიც არის ეკრანდამოკიდებულება, ასაკისთვის შეუფერებელი ვიდეო თამაშები, სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული საფრთხეები, არასასურველ შინაარსებზე ბავშვების წვდომა და კიბერუსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები.

პროექტის ფარგლებში ქვეყნის 3 რეგიონიდან 180 მოხალისე მშობელი, 6 სკოლა და 6 საბავშო ბაღი შეირჩევა, სადაც ფსიქოლოგები და ინტერნეტ უსაფრთხოების სპეციალისტები საგანგებოდ მშობლებისთვის შექმნილ სასწავლო კურსებს ჩაატარებენ.  მოხალისე მშობლები ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შეისწავლიან, რაც მათ დაეხმარებათ რაციონალურად გამოიყენონ  ინტერნეტის შესაძლებლობები თავიათი შვილების კეთილდღეობისთვის. მონაწილეთა შორის ყველაზე დაინტერესებული და აქტიური მშობლები დამატებით ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ისინი ტრენინგის ჩატარების ტაქტიკებს შეისწავლიან, რათა პროექტში მიღებული ცოდნა სხვა მშობლებსაც გაუზიარონ.

მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდება. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ თბილისში, ბოლნისსა და გორში არსებული საბავშვო ბაღები და სკოლები, რომელთა მშობლებსაც ექნებათ მაღალი მოტივაცია, შეხვდნენ დარგის წამყვან სპეციალისტებს და გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა ციფრული წიგნიერების მიმართულებით. სამოტივაციო წერილების მიღება წარმოებს 25 თებერვლამდე ელ. ფოსტით, მისამართზე [email protected]

პარალელურ რეჟიმში სოციალურ ქსელ Facebook-ზე მშობელთა ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე (https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis) და YOUTUBE არხზე (https://www.youtube.com/channel/UCcKSUrYc9WFdOXfwsAe4GQg) გაიმართება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მშობელთა ფართო აუდიტორიის ინფორმირებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც პირისპირ ტრენინგების დროს გაჟღერდება.

„მშობლების ციფრული განათლების პროექტი“ (DEAP) ხორციელდება „DRIVE: ციფრულად მოწყვლადი მოქალაქეების საჭიროებების კვლევის“ ფარგლებში, კორპორაცია Luminate-ის ფინანასური მხარდაჭერით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ნუცა გოგუაძე, პროექტის მენეჯერი, DEAP – Digital Education and Awareness of Parents

Tel: 592 03 76 65; E-mail: [email protected] 

 

მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მშობლები განათლებისათვის
Tel: 599 74 07 50  E-mail: [email protected]