back to top

„ოჯახი და სკოლა ბავშვის წარმატებისთვის“ თანამშრომლობის ახალი პლატფორმა

„მშობლები განათლებისთვის“ დამოუკიდებელ  თვითდაფინანსებულ პლატფორმას ქმნის, რომელიც მზრუნველ მშობლებსა და აქტიურ მასწავლებლებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო და მხარდამჭერ სერვისებს უწყვეტად შესთავაზებს.

პროგრამა „ოჯახი და სკოლა ბავშვის წარმატებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შორის ბავშვზე ორიენტირებული, ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რათა მათ ერთობლივად, შეთანხმებულად იზრუნონ ბავშვის ჯანსაღ განვითარებაზე, მათ შორის, ხარისხიანი განათლების მიცემაზე.

  • პლატფორმა მოემსახურება პოზიტიური მშობლობის და პედაგოგიკის იდეებისა და პრაქტიკების პოპულარიზაციას; ოჯახისა და სკოლის ჯანსაღი თანამშრომლობის შესახებ ცოდნის გაზიარებას;
  • მშობლებს დაეხმარება აღზრდის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვასა და განათლების მიღების გზაზე შვილის მხარდაჭერაში;
  • მასწავლებლებს გაუადვილებს მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობას;
  • სკოლის დირექტორებს ხელს შეუწყობს მშობელთა ჩართულობის სტრატეგიულ დაგეგმვაში.

2025 წლის მარტიდან პლატფორმაზე რეგულარულად მოეწყობა ვებინარები,  ტრენინგები, ლექციები, მასტერკლასები, დისკუსიები და კონფერენციები, როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ რეჟიმში. მასში მონაწილეობას სურვილისამებრ შეძლებენ ფიზიკური პირები და ორგანიზაციები. დაგეგმილ ღონისძიებებს გაუძღვებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მათ შორის, ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები.

პლატფორმა მოიცავს როგორც ფასიან მომსახურებას, ისე უფასო პროდუქტების პოპულარიზაციას. დაგეგმილი აქტივობების შესახებ რეგულარულად გამოქვეყნდება „მშობლები განათლებისთვის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

ვიმედოვნებთ, რომ პლატფორმა „ოჯახი და სკოლა ბავშვის წარმატებისთვის“  გახდება წამყვანი სასწავლო და საინფორმაციო სივრცე, სადაც მოტივირებული აუდიტორიისთვის პროფესიონალები საუკეთესო პრაქტიკას გააზიარებენ. აქ მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს პოზიტიური და აქტიური მშობლობის და მასწავლებლობის ქცევის სტიმულირებას. ჩვენი ამოცანაა, რომ სასკოლო საზოგადოების მოტივირებულ ნაწილს გავუწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმას დააფინანსებენ თავად ის ადამიანები, ვისაც ეს ცოდნა სჭირდება. პროექტული აქტივობებისგან განსხვავებით, განახლებულ პლატფორმაზე არ იმოქმედებს გეოგრაფიული და რაოდენობრივი შეზღუდვები. მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა ფორმატში ყველა მსურველი შეძლებს. – აცხადებს ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი

დაინტერესებული მშობლები და მასწავლებლებისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია. ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/StCWR2zCnEA9v27x7

 

მშობლის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ზოგადი განათლების შესახებ კანონი მშობელს უფლებას ანიჭებს მონაწილეობა მიიღოს მისი შვილის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

▶️ „მოსწავლეთა მშობლების მხარდაჭერის პროგრამის“ მორიგი ვიდეო ეპიზოდიდან შეიტყობთ, რომ ამ უფლებით სარგებლობისთვის საჭიროა:
🔸 მშობლებმა მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ შვილების სასკოლო ყოველდღიურობას და გამონახონ დრო სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისთვის.
🔸 მშობლებმა შეძლონ თანამოაზრეების მოძიება კლასში ან სკოლაში.
🔸 მშობლებმა გამოიჩინონ ინიციტივები
🔸 მშობლებმა და სკოლამ შეძლონ სწორი კომუნიკაცია, რაც ერთი მხრივ ბავშვის ინტერესების დაცვას გულისხმობს, მეორე მხრივ, თავაზიანობის შენარჩუნებას.
🔸 სკოლამ შექმნას რეალურად დემოკრატიული გარემო და მისცეს მშობელს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა
🔸 საწინააღმდეგო აზრის გამო არ გაკიცხოს და განსჯის სუბიექტად არ აქციოს მშობელი
🔸 სკოლამ ჩაატაროს მშობელთა რეგულარული გამოკითხვები და შეისწავლოს მშობლების დამოკიდებულებები
🔸 სკოლამ წაახალისოს მშობელთა ჩართულობა

▪️ ვიდეო ბლოგების სერია ეფუძნება ტრენინგს – „მშობელთა ჩართულობა“. ტრენინგის სრული კურსის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ვიდეო ბლოგების ეს სერია კი მომზადებულია პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

მშობლის როლი საშინაო დავალების შესრულების პროცესში

„…რაც ყოველ დღე უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ საშინაო დავალება ეძლევა ბავშვს სკოლაში ნასწავლის გასამტკიცებლად და არავითარ შემთხვევაში არ ეძლევა მშობელს!“
🔸 ვიდეო ბლოგების სერიის ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ, როგორ შეუძლია მშობელს დადებითი როლი შეასრულოს შვილის საშინაო დავალების შესრულების პროცესში ისე, რომ თავად არ არ გააკეთოს დავალება, ბავშვის ნაცვლად.
🔸 ვიდეოდან გავიგებთ, როგორ მოიქცეს მშობელი, თუკი ბავშვს უჭირს დავალების შესრულება. ასევე, ვისწავლით რას დავაკვირდეთ შვილის მეცადინეობის პროცესში.
▪️ ვიდეო ბლოგების სერია ეფუძნება ტრენინგს – „მშობელთა ჩართულობა“. ტრენინგის სრული კურსის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ვიდეო ბლოგების ეს სერია კი მომზადებულია პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

მშობელთა მოხალისეობა სკოლაში

წარმოგიდგენთ ვიდეო ბლოგს მშობელთა მოხალისეობის შესახებ.
🔸 ვიდეოდან შეიტყობთ, თუ როგორ ჩავერთოთ ჩვენი შვილის სასკოლო ცხოვრებაში და როგორ წავახალისოთ ჩვენი სკოლის მშობლები უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მოხალისეობის პროგრამებში.
🔸 მშობელთა მოხალისეობა სკოლაში დიდ სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებთ მოსწავლეებს; ბედნიერების შერძნება მოაქვს თავად მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვისაც. ერთობლივი შრომით სასკოლო კულტურა ბევრად უფრო მრავალფეროვანი ხდება.
🔸 განვითარებულ ქვეყნებში მშობელთა მოხალისეობას დიდი პრაქტიკა არსებობს, საქართველოში მხოლოდ ფრაგმენტული ხასიათი აქვს და სისტემურობით არ გამოირჩევა.
▪️ აღნიშნული ვიდეო მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს ტრენინგის „მშობელთა ჩართულობა“ შინაარს. ვიდეო ბლოგების ეს სერია კი მომზადებულია პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

დამატებითი რესურსები იხილეთ ბმულებზე:

  • https://mastsavlebeli.ge/?p=38666
  • https://mastsavlebeli.ge/?p=31786
  • https://mastsavlebeli.ge/?p=40309

სკოლასა და მშობლებს შორის კრიზისული ურთიერთობების მართვა

▶ ვიდეო ბლოგების მეორე ეპიზოდი სკოლასა და მშობელს შორის კრიზისული ურთიერთობების მართვას ეხება.
ვიდეოდან გავიგებთ:
🔸 როგორ მოვიქცეთ, მოსწავლის ქცევის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი თავიდან რომ ავიცილოთ?
🔸 ზუსტად რა მოვალეობები აქვს მასწავლებელს და მშობელს სასკოლო პროცესში?
🔸 რა ხდება, თუკი მშობელი და მასწავლებელი პრობლემას ვერ აგვარებს საუბრით?
ვიდეო ბლოგის შინაარსი ნაწილობრივ ეფუძნება მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელოს – „სიტუაციები სასკოლო ცხოვრებიდან“

▪️ ვიდეო ბლოგების სერია ეფუძნება ტრენინგს – „მშობელთა ჩართულობა“. ტრენინგის სრული კურსის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ვიდეო ბლოგების ეს სერია კი მომზადებულია პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

მშობლებისა და მასწავლებლების ურთიერთობა

„მოსწავლეთა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა“ გულისხმობს ტრენინგის “მშობელთა ჩართულობა“ ადაპტირებული მასალის გამოქვეყნებას ვიდეო ფორმატში.

პროგრამას უძღვება არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ხელმძღვანელი, მოსწავლეთა მშობელი მეგი კავთუაშვილი.

🔸 პროგრამის თითოეული ვიდეო ეპიზოდი მოიცავს მშობლებისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც შეიქმნა და დამუშავდა თავად მშობლების მიერ.

პირველ ვიდეო ბლოგში დეტალურად ვისაუბრებთ მშობლებისა და მასწავლებლების ურთიერთობის შესახებ.
გავიგებთ:
▪️ როგორ დავამყაროთ მასწავლებლებთან და სკოლის დირექციასთან ჯანსაღი ურთიერთობა?
▪️ რა შემთხვევაშია სასარგებლო მშობელსა და მასწავლებელს შორის სატელეფონო საუბარი და როგორ შეიძლება იყოს ის მაქსიმალურად ეფექტური?
▪️ რა ძალა და მნიშვნელობა აქვს მასწავლებელთან პირისპირ შეხვედრას?
▪️ რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ მშობელთა კრებაზე?
▪️ რა არის წერითი კომუნიკაციის გასათვალისწინებელი სპეფიციკა – ჩათებსა თუ დახურულ ჯგუფებში მიმოწერის მახასიათებლები, რომლებზეც უნდა დავფიქრდეთ.

▪️ ვიდეო ბლოგების სერია ეფუძნება ტრენინგს – „მშობელთა ჩართულობა“. ტრენინგის სრული კურსის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ვიდეო ბლოგების ეს სერია კი მომზადებულია პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

მშობლების მანიფესტი – ვითხოვთ ხარისხიან განათლებას

ჩვენ, მშობლები, შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის შემდეგაც კი საყოველთაო და ხარისხიანი განათლება ბავშვებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ, რომ განათლების ხარისხი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების პირდაპირპროპორციულია, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, თანასწორობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობის პრინციპებს. სასკოლო განათლების ხარვეზების ამოსავსებად მშობლებს გვიწევს უამრავი რესურსის დახარჯვა რეპეტიტორებზე. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით კი აშკარაა, რომ განათლების სისტემა სიღარიბისთვის წირავს მომავალ თაობას.

ჩვენ ვღელავთ, რომ ირღვევა ჩვენი შვილების საუკეთესო ინტერესები და ხარისხიან განათლებაზე წვდომის უფლება. ჩვენ და ჩვენი შვილები ყოველდღიურ რეჟიმში ვიმკით პასუხისმგებელ პირთა გულგრილობის და დაუსრულებელი ან სულაც რეგრესირებული რეფორმების შედეგებს.

ჩვენ გათავისებული გვაქვს ის მოვალეობა, რაც გვაკისრია ჩვენი შვილების და სკოლის წინაშე. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვისმჯელოთ და წვლილი შევიტანოთ სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში.

ჩვენი შეფასებით კი საშუალო განათლების საფეხურზე შექმნილი სავალალო მდგომარეობა ასეთია:

  • კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 25-დან 40-მდე, ხოლო ერთ სკოლაში ცვლების რაოდენობა 1-დან 3-მდე მერყეობს.
  • მოსწავლეთა ინტერესი საგნების და გაკვეთილების მიმართ დაბალია, რაც ხშირად გამოწვეულია სწავლების ინტერაქციული და თანამედროვე მეთოდების ნაკლებობით. მაღალ კლასებში ხშირია გაკვეთილების ჩაშლა ან გაცდენა პედაგოგთა მიერ. ხოლო გაკვეთილზე – უმართავი გარემო, გაუსაძლისი ხმაური და აურზაური.
  • მასწავლებლები ვერ იყენებენ ინდივიდუალურ მიდგომებს. დამკვიდრებულია სწავლების ერთიანი მეთოდოლოგია, რომელიც არ ითვალისწინებს მოსწავლეების მრავალფეროვან საჭიროებებსა და დასწავლის სტილს. საკლასო პროცესი არის ცალმხრივი კომუნიკაცია, სადაც მოსწავლეები იშვიათად არიან წახალისებული იაზროვნონ ანალიტიკურად, განავითარონ აზრი და არგუმენტაცია ან ჩაერთონ გაკვეთილის პროცესში.
  • მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებობს პატივისცემის დეფიციტი. საკლასო ოთახებიდან ყოველდღიურ რეჟიმში ისმის ყვირილის ხმა. პედაგოგებს უჭირთ მოსწავლეთა ქცევის მართვა, რადგან ისინი არ ფლობენ შესაბამის პროფესიულ უნარებს. ერთ-ერთი გავრცელებული „სტრატეგია“ კი ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობაა, რაც გამოიხატება ხმამაღალ, ღირსებაშემლახველ კომუნიკაციასა და ე.წ. ნიშნებით მანიპულაციაში.
  • განათლების სისტემა, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს მოსწავლეებში. ამ დრომდე სკოლების უმრავლესობას არ ჰყავს ფსიქოლოგი, რომელიც ადგილზე იმუშავებს აღმოჩენილი პრობლემის გადასაჭრელად და/ან იზრუნებს სპეციალისტთან დროულ გადამისამართებაზე. ამავე დროს, სკოლაში მყოფ პირებსაც ხშირად არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, ეფექტიანად მართონ არსებული გამოწვევები (მაგალითად, ბულინგი, ბავშვებს შორის კონფლიქტები) ან იმუშაონ პრევენციაზე.
  • სკოლაში გატარებული 5 თუ 6 საათის შემდეგ, მოსწავლეებს უწევთ კერძო რეპეტიტორებთან და კლასგარეშე აქტივობებზე სიარული, რაც იწვევს ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას. დღის განმავლობაში ისინი იკვებებიან ცუდად, ან საერთოდ არ იკვებებიან, რადგან მიუხედავად მშობლებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მოთხოვნისა, სახელმწიფოს ამ დრომდე არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად. მოსწავლეებს არასაკმარისი დრო რჩებათ საშინაო დავალებების შესასრულებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ დასვენებაზე.
  • სკოლაში სიარულის ერთადერთი მიზანი ვალდებულებაა. მე-12 კლასში სკოლებში გაკვეთილები არ ტარდება. მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის ნაცვლად კერძო რეპეტიტორთან დადის. ხოლო ის მოსწავლეები, რომელთა ოჯახებს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, განათლების მიღმა რჩება. მოსწავლეებს დაკარგული აქვთ სწავლისადმი ლტოლვა და იმედგაცრუებულნი არიან განათლების სისტემით. სკოლაში სიარულის ერთადერთი მიზეზი ნიშნების მიღება და სკოლის დამამთავრებელი ატესტატის აღებაა.
  • სკოლებს თითქმის არ გააჩნიათ დამხმარე რესურსები, იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო და შინაარსიანი, ხოლო პედაგოგს გაუადვილდეს მოსწავლის ინტერესის აღძვრა და შენარჩუნება. არ ფუნქციონირებს ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები და კლუბები, ტექნოლოგიური კაბინეტები, ხელოვნების წრეები, რაც ართულებს მოსწავლეების მიერ აღნიშნული დისციპლინების დაძლევას და ახალი უნარების განვითარებას.
  • მშობლებს არ გვაქვს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგის მექანიზმი. უამრავი ხელის შემშლელი პირობის გამო, ბევრი მშობელი ვერ ახერხებს დაესწროს შვილის გაკვეთილს. ასეთ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალია, ბერკეტები ხელში აიღოს სახელმწიფომ და შეიმუშავოს ქმედითი მოდელი, ჩატარებული გაკვეთილების ხარისხის გასაზომად. მშობლების მანიფესტი
  • სკოლა არ განიხილავს მშობლებს, როგორც პატნიორებს და შესაბამისად არ აქვს მშობლებთან თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვა თუ მიდგომა. არ არსებობს სკოლებში მშობელთა ჩართულობის ქმედითი მექანიზმები. აქტიური მშობლების ნაწილს სკოლის ადმინისტრაცია მტრულად აღიქვამს და მის მარგინალიზაციას ცდილობს. მშობლების მასწავლებლებთან შეხვედრის შეზღუდული დროის გამო, ვერ ხერხდება მოსწავლეთა პროგრესისა და აკადემიური განვითარების შესახებ განხილვა. სკოლის ადმინისტრაცია თავს უძლურად თვლის იმოქმედოს მოსწავლის სასიკეთოდ. .

ჩვენ და ჩვენს შვილებს მეტის მოთმენის და ბავშვების ინტერესებთან კომპრომისზე წასვლის ფუფუნება აღარ გვაქვს. არსებული მდგომარეობის გამოსწორებით დაინტერესებული მშობლები მოვითხოვთ, საქართველოს მოსახლეობის გადახდილი გადასახადები დაიხარჯოს სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, კერძოდ,

  • საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს დროში შეიმუშაოს და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს წლობით გაჭიანურებული სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამოქმედო გეგმა. მუნიციპალიტეტებისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ მიწებზე აშენდეს ახალი სკოლები, რათა განიტვირთოს კლასები და მოსწავლეებმა შეძლონ თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შენობებში განათლების მიღება.
  • განიტვირთოს სასწავლო პროგრამები და მოერგოს ბავშვის განვითარების ასაკობრივ თავისებურებებს და შესაძლებლობებს.
  • უმოკლეს დროში შემუშავდეს და ამოქმედდეს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესების რეგულარული მონიტორინგის და შეფასების სისტემა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
  • გაძლიერდეს მასწავლებლებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მათი კვალიფიკაციისა და სწავლების უნარების გასაუმჯობესებლად, სწავლების ეფექტური მეთოდებისა და კლასის მართვის ტექნიკების დასაუფლებლად. აქცენტი გაკეთდეს ინოვაციურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო მეთოდებზე. გაძლიერდეს დამრიგებლის როლი და მისია. გაიზარდოს დამრიგებლების ანაზღაურება და მოხდეს მათი პროფესიული ზრდა.
  • დაინერგოს იმ მასწავლებლების აღიარების და წახალისების სისტემა, რომლებიც აჩვენებენ სანიმუშო სწავლების პრაქტიკას. გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი, რათა სკოლაში შევიდნენ და პროფესიაში დარჩნენ კონკურენტული კადრები, ხოლო მასწავლებლის პროფესია მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისთვის.
  • ყველა სკოლაში დაიშვას ფსიქოლოგის შტატი და სკოლის ფსიქოლოგის საქმიანობა გახდეს რეგულირებადი პროფესია.
  • დაინერგოს სასკოლო კვების პროგრამა, ყურადღება მიექცეს სპორტის გაკვეთილების ხარისხიანად ჩატარებას და სკოლის შენობაში ჰიგიენის ნორმების დაცვას.
  • დაევალოს სკოლის ადმინისტრაციას დანერგოს მშობელთა და მოსწავლეთა უკუკავშირის სისტემა და დასახოს მათ მიერ იდენტიფიცრებული პრობლემების გადასაჭრელად წლიური გეგმა. შემუშავდეს სავალდებულო დიალოგის/ უკუკავშირის ფორმატები მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.
  • დაევალოს სკოლის ადმინისტრაციას უზრუნველყოს რეალური და ეფექტური მშობელთა ჩართულობა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებზე.
  • მაღალი თანამდებობის პირებს (როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოში) კანონმდებლობით დაეკისროთ შვილებისთვის საჯარო სკოლებში განათლების მიცემა, რათა გაუჩნდეთ ინტერესი და მოტივაცია, გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი.

განათლება არ გახდა არც ერთი ხელისუფლების პრიორიტეტი. 2019 წლის ქართული ოცნების დაპირება, რომ განათლების დაფინანსება 2022 წლისთვის მშპ-ს 6 %-მდე გაზრდებოდა, 2028 წლისთვის გადავადდა. ხოლო 2,5 მილიარდ ლარამდე გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში მოსწავლეების საბაზო საჭიროებები კვლავ დაუკმაყოფილებელია.

ჩვენთვის მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში, რომელიც ევროინტეგრაციას ესწრაფვის, მათ შორის ევროპული ხარისხის განათლების მიღების მიზნით, ბავშვების უფლებები და ღირსება ჯერ ისევ სათანადოდ არ არის დაცული, აუტანელია, რომ პრიორიტეტი არ ენიჭება მომავალი თაობის განათლებას და განვითარებას, რაც ქვეყნის წინსვლის წინაპირობაა. ამ მანიფესტით გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას მხარი დაუჭიროს მშობლების მოთხოვნებს და სოლიდარობა გამოუცხადოს ბავშვებს, რომლებსაც გამოწვევად ექცათ სკოლის კედლებში ყოფნა.

მშობლობის გარდატეხის ხანა და მისი თანმდევი სირთულეები

ნინო ლომიძე, მწერალი, პედაგოგი
პუბერტატზე ბევრი იწერება, მშობლობის ხანაში გარდატეხის ხანაზე – ნაკლები.
არადა ჩვენც გავდივართ რთულ, მტკივნეულ, გარდამტეხ პერიოდს და მიჯნა ძალიან მკაფიოა. თითქმის – თვალით ხილული.
🔹თითქოს გუშინ იყო – ყოვლისშემძლეები ვიყავით.
ყველა ცხოვრებისეული სიტუაციისთვის გვქონდა „გასაღები“, ყველა პრობლემისთვის – გადაჭრის გზა. იარებსა და ნატკენებს, ყოველგვარ „ფუას“ კოცნით ვარჩენდით. „გეტკინა? გაკოცებ და გაივლის“.
„აი, სულს შევუბერავ და გაქრება ტკივილი“. და ასეც ხდებოდა. უხასიათობის, ბღუკიანობისა და ჯაჯღანის საწინააღმდეგო 100%-იანი საშუალებაც გვქონდა – კინდერ-სიურპრიზი. ეს უდრიდა ანთებულ თვალებსაც და კმაყოფილების ჭყლოპინსაც.
🔹ადრეულ მშობლობაში გვაქვს პასუხი ყველა კითხვაზე – რატომაა ჭერი ზევით, იატაკი კი ქვევით? რატომაა კვირაში შვიდი დღე, სადაა ღმერთი და რას ნიშნავს გლობუსი. ყველაფერი ვიცოდით, ან თითქმის ვიცოდით, ან თავს ვაჩვენებდით, რომ ვიცოდით და გვიჯერებდნენ.
ყველაფერი „ნორმაში“ იყო – ჩვენ ვიყავით აღმზრდელები. ისინი – აღსაზრდელები.
🔹მერე დგება ეს „გარდატეხის ასაკი“, გარდამტეხი ხანა მშობლობაში და ჩვენ გარდავისახებით:
▪️უმწეო
▪️უუნარო
▪️შფოთიან, ნერვიულ, უკმაყოფილო, გადაქანცულ ▪️არაფრისმცოდნე
▪️დაბნეულ
▪️გაღიზიანებულ
▪️მუდამ დაძაბულ არსებებად, არ გვაქვს პასუხები მათ კითხვებზე, არ გვაქვს მზა რეცეპტები, ვეღარც მათ სატკივარს ვშველით, სულის შებერვასა და კოცნასაც ეკარგება ჯადოსნური ძალა.
🔹იწყება ტურბულენტური ზონა.
იწყება ჩავარდნები, დაღმაფრენები.
გვაძაგძაგებს და ვირყევით, როგორც ლერწამნი ქართაგან ძლიერთა და ძალიან გვინდა, მაგრამ აღარ ვფლობთ იმ ადრეული მშობლობის ძალებს. ვეღარ ვართ ყოვლისშემძლეები.
ახლა აქეთ ვართ საშველიც და მისახედიც და არავინაა ჩვენი პატრონი. ისევ ჩვენ უნდა ვიქცეთ საკუთარი თავების მხარდამჭერებად, აღმზრდელებად და მშობლებად.
🔹ეს ტრანსფორმაცია აუცილებელია. ჩვენ ხელახლა ვქმნით ახალ მშობლობას ჩვენში და ეს ნამდვილი შემოქმედებითი პროცესია. სადაც სწავლობ, სწავლობ და სწავლობ და მეტწილად – საკუთარ შეცდომებზე.
⚡️როგორ მივუდგეთ აჯაგრულ მოზარდს.
⚡️როგორ დავეხმაროთ უკვე ეგზისტენციალური და რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გამკლავებისას.
⚡️რა გავაკეთოთ და უფრო მნიშვნელოვანი – !!!რა არ უნდა გავაკეთოთ არავითარ შემთხვევაში!!!
⚡️როგორ შევინარჩუნოთ ღირსება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – საღი აზრი.
⚡️არ ვიქცეთ მოჩიჩინე, მოჯაჯღანე, მობუზღუნე ცენზორ-კრიტიკოსებად, ჭკუისდამრიგებლებად, მღაღადებლებად (მეტწილად – უდაბნოსა შინა).
⚡️რა რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა ერთ მომენტში საზრიანი, ჭკვიანი, გონიერი, დამოუკიდებელი, ძლიერი პიროვნება დგას ჩვენ წინ, მეორე წუთში კი ისეთ გაუგონარ სისულელეს აბრეხვებს, თავზე იმხობს ყველაფერს.
არსებობს მზა პასუხები? გარდატეხის ასაკგამძლე კოცნები და სულის შებერვები?
🔹რა თქმა უნდა, არა.
არ არსებობს.
არ არსებობს არანაირი მზა რეცეპტი. სწორი პასუხი. დაზეპირებული რეაქცია. არაფერი ისეთი, რასაც შევაგებებთ მათ.
🔹სამაგიეროდ:
არსებობს გამოცდილება და ჯადოსნური სამარჯვები, რომლებიც გამოგვადგება ჩვენ და ეს შეცვლილი პერსპექტივა ნამდვილად უალტერნატივოა.
🔹ამ სტრატეგიული კოქტეილის სახელია – „არ ვიცი რა ვუშველო მას, მაგრამ ვიცი, როგორ მოვიქცე თავად!“
🤘 მშობლობის გარდატეხის ხანაში ნომერ პირველი საზრუნავი და საფიქრალი უნდა იყოს ჩვენი ჯანმრთელობა – ფიზიკური, მენტალური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური. ჯანმრთელი სხეული და ჯანსაღი ფსიქიკა მარგებელია ჩვენთვის და ჩვენი გარემოცვისთვის.
🤘ვინც გაფრთხილებულია – ის შეიარაღებულია. ცოდნა – სამარჯვია. მძლავრი იარაღი. ჩავუსხდეთ და ვიკვლიოთ და ვიკითხოთ – რა ფიზიოლოგიური, ანატომიური, სხეულებრივი და ფსიქიკური ცვლილებები ხდება ადამიანის ორგანიზმში გარდატეხის ასაკისას? თუ გვახსოვს საკუთარი შინაგანი ამოფრქვევები და ჰორმონალური ფეიერვერკები, გავიხსენოთ. თუ არა – ვეძებოთ და ვიპოვოთ, როგორ ხდება, როგორაა აღწერილი.
🤘მნიშვნელოვანია იმ ფაქტის, იმ მოცემულობის მიღება, რომ ისე, როგორც იყო აწი აღარ იქნება. არამედ იქნება ახალ-ახალი გარემოებები, სიტუაციები, სირთულეები და დაბრკოლებები და ყველაზე ხშირად ერთადერთი, რისი გაკეთებაც დაგვევალება, იქნება უპირობო მხარდაჭერა, დიდი ნდობა, უზომო სიყვარული, მხარდაჭერა, მხარდაჭერა, მხარდაჭერა. არა ჭკუის სწავლება, არა – შენ რა იცი, მე ვიცი. არა – ჩემს დროს ასე იყო! არა – იმას იზამ, რასაც გეუბნები, არამედ – აქ ვარ.
გისმენ. ყოველთვის გვერდით ვიქნები. მიყვარხარ.
გისმენ. გისმენ. გისმენ.
მოდი ჩაგეხუტო.
🤘სამახსოვრო კი არა, საზეპირო უნდა გახდეს ის, რომ კონტროლი არ არის გამოსავალი. რეალურად – კონტროლი, როგორ „ოპცია“ არ არსებობს საერთოდ, იმიტომ რომ მხოლოდ უკიდურესად დაშინებული, დამორჩილებული და პიროვნებაწაშლილი მოზარდი დაემორჩილება კონტროლს გარდატეხის ასაკში. სხვა მხრივ მათი შესაძლებლობები, თავი დააღწიონ კონტროლს და გააკეთონ ის, რაც აინტერესებთ, სურთ, უნდათ – არის შეუზღუდავი. ამრიგად – (ყოველი) დღის წესრიგშია კონტროლის ჩასანაცვლებელი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა.
მუშაობა იმაზე, რომ გვენდონ. ნდობის მოპოვება.
გვენდონ ჩვენ. ენდონ საკუთარ თავს.
და ისევ:
ყოველთვის აქ ვარ. შენ გვერდით.
შენთან. შენთვის. შენკენ ნებისმიერ სიტუაციაში.
ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს.
მარტოც გაუმკლავდები ყველაფერს და კიდევ მეტს.
დაუშვებ შეცდომებს.
არ გეცოდინება, რა გელის მომავალში.
არ იქნები დარწმუნებული, რომელია სწორი ნაბიჯი.
იორჭოფებ.
ინერვიულებ.
შეცდები.
მერე – დადგები და იმოქმედებ. აიღებ პასუხისმგებლობას. ითხოვ დახმარებას – თუ დაგჭირდება.
და იმოქმედებ, იმოქმედებ, იმოქმედებ.
❤ მთავარია – გაუფრთხილდი თავს. ჭამე ხილი. ჭამე ბოსტნეული. დალიე საკმარისი რაოდენობის წყალი! ამოძრავე სხეული. აკეთე სასარგებლო ვარჯიშები გონებისთვის, ხელ-ფეხისთვის, კუნთებისთვის. დააკვირდი მოთხოვნილებებს, საჭიროებებს, ისწავლე სხეულის დაპურება და დარწყულება. მიხედე თავს, ტანს, შიგანს.
იზრუნე ჯანმრთელობაზე. სხვებზე. შეიძინე მეგობრები. ახალი ინტერესები. გაიფართოვე თვალსაწიერი დაუღალავად.
იმოძრავე. იმოძრავე. იმოძრავე. დაისვენე.
შეიმეცნე და ისიამოვნე.
ილუსტრაცია: Banksy – Anarchist and Mother Punk Mum
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „DON'T FORGET To EAT YOUR LUNCH AND MAKE SOME TROUBLE ××ד გამოსახულება

ზგემის განახლებული რედაქციის შეფასება განათლების სამინისტროს გაეგზავნა

მიმდინარე წლის 26 თებერვალს განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი წარმოადგინა. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები საქართველოში 2004 წელს შეიქმნა. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებაა, რომელიც დღემდე არეგულირებს სასკოლო განათლების მთავარ პრინციპებს და მიმართულებებს.

 

განათლების სამინისტრომ ფართო საზოგადოებას ზგემის განახლებული რედაქციის შესაფასებლად 10 დღე მისცა. მშობელთა ასოციაციის წევრები ზგემის ახალ პროექტს გაეცნენ და  განათლების სამინისტროს კრიტიკული შეფასება გაუგზავნეს.

წერილის ტექსტი საჯაროდ ქვეყნდება:

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი რედაქციის პროექტი კონცეპტუალურად განსხვავებულია 2004 წლის რედაქციისგან. წარმოდგენილ პროექტში შეტანილია ისეთი ცვლილებები, რაზეც საზოგადოებაში არ ყოფილა მსჯელობა და მით უფრო, შეთანხმება.

მშობელთა ასოციაციის წევრებისთვის კრიტიკის ძირითადი საფუძველია ის ფაქტი, რომ ზგემის ახალი პროექტის ანონსში და თავად პროექტშიც ეროვნული ღირებულებები, როგორიცაა პატრიოტიზმი, ქართული ტრადიციების დაცვა, ოჯახის, საქართველოს ისტორიის და ქართული კულტურის პატივისცემა წარმოდგენილია, როგორც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისგან განყენებული მცნებები.  მშობელთა ასოციაციის წევრები ვფიქრობთ, რომ უკიდურესად საშიშია, როდესაც მთავრობა სკოლის დანიშნულებაზე მსჯელობის დროს ერთმანეთს უპირისპირებს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. ვშიშობთ, რომ ეს ყოველივე ხელს შეუწყობს საზოგადოების ფართო ფენების შეცდომაში შეყვანას და გამოიწვევს საწინააღმდეგო აზრის მქონე ჯგუფების ერთმანეთთან უსაგნო დაპირისპირებას, რომელიც ორმხრივი მარცხისთვის არის განწირული და ზიანის მომტანია ქვეყნისთვის.

ზოგიერთი პრობლემური ჩანაწერების შესახებ:

  • პრობლემურია ძველი რედაქციიდან აღნიშნული ჩანაწერის და მისი იდეის ამოღება: „ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.“ ტერმინი „თავისუფალი პიროვნება“ საერთოდ ამოღებულია ახალი რედაქციიდან, რაც კრიტიკულად ფასდება მოსწავლეთა მშობლების მიერ.
  • ზგემის ახალი პროექტით, სახელმწიფო ერთპიროვნული აღმზრდელის როლშია, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. უგულებელყოფილია ოჯახის როლი, არაფერია ნათქვამი მშობლების მონაწილეობაზე. ზგემში გაწერილი უნდა იყოს, როგორ პირობებს ქმნის სახელმწიფო, რა უნარებისა და ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასევე, უნდა გაიწეროს, სახელმწიფოს გარდა ვინ არიან ის აქტორები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მიზნების მიღწევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გასული საუკუნეების სკოლას, დახურულ ინსტიტუციას.
  • გაურკვეველი, საფრთხისშემცველი და ავტორიტარული სახელმწიფოსთვის ნიადაგის მკვებავია ახალი რედაქციის ეს ჩანაწერი: „ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;“ კომუნიკაციის უნარი მოქალაქეს ერთნაირად სჭირდება როგორც სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორთან, ინდივიდთან თუ გუნდთან, თანამოაზრესთან თუ განსხვავებულ ადამიანთან. შესაბამისად, რას ემსახურება ეს ჩანაწერი სრულიად გაუგებარი, ხოლო შინაარსი მიუღებელია მშობლებისთვის.
  • Ზგემის ახალი რედაქცია ვერ ხედავს საქართველოს საზოგადოების კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ და ენობრივ მრავალფეროვნებას. ზგემის ენა შეზღუდულია “ქართული ტრადიციით”, “ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებით“. პროექტში ნახსენებია ტოლერანტობა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, თუმცა არაფერია ნათქვამი თანასწორობაზე, განსხვავებულ კულტურათა შესახებ ცოდნასა და გაზიარებაზე, კულტურათშორის დიალოგსა და კომუნიკაციის კულტურაზე.
  • ზგემის ახალი ვერსიაში აქცენტი კეთდება იმდენად ზოგადად კონცეფციებზე, რომ შეუძლებელი ხდება იმის გააზრება, თუ როგორ უნდა მიიღწეს ეს მიზნები, რა სახით კონვერტირდება ის საგაკვეთილო პროცესში. მაგალითისთვის, მორალი და ზნეობა ინდივიდუალური, კულტურულად სპეციფიური და სწრაფად ცვალებადი შეიძლება იყოს. ამიტომ, ზოგადი განათლების მიზანი არ უნდა იყოს ერთი რომელიმე ზნეობისა და მორალის თავს მოხვევა, არამედ კრიტიკულად მოაზროვნე, ცოდნით და შესაბამისი უნარებით აღჭურვილი, მოაზროვნე, შემოქმედებითი და ამავე დროს სოლიდარული მოქალაქის ჩამოყალიბება. ზგემის ახალ პროექტში ჩამოთვლილი კონცეფციები ტოვებს ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას და ბუნდოვანს ხდის სასურველი მომავლის ხედვას.

 

მოსწავლეთა მშობლების ხედვა:

მოსწავლეთა მშობლების დაკვეთაა, რომ ზოგადი განათლების სისტემამ უზრუნველყოს, ბავშვი ვითარდებოდეს და განათლებას იღებდეს ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც მეცნიერულ მიდგომებს, დასაბუთებული არჩევანის გაკეთებას, დამოუკიდებლად ცხოვრებას და სხვებთან მშვიდობიან თანაარსებობას სწავლობენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ზოგადი განათლების სისტემა ეფუძნებოდეს პოლიტიკის სტაბილურობასა და ცვლილებას შორის ბალანსს, საზოგადოების მაღალ თანამონაწილეობას, თანასწორობას და კეთილდღეობას.

ზოგადი განათლების სისტემა უნდა იყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობაზე, საჭიროებასა და ინტერესზე მორგებული. საგანმანათლებლო გარემო უნდა იყოს დემოკრატიული და უსაფრთხო, ტექნოლოგიებით, პროგრესული და ნოვაციური რესურსებით უზრუნველყოფილი.

Მშობლების მოთხოვნა განათლების სისტემის მიმართ არის, რომ განათლება იყოს საყოველთაო, თანაბრად ხელმისაწვდომი და თანაბრად ხარისხიანი საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფისთვის. სკოლა უნდა იყოს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, უსაფრთხო, ტექნოლოგიებითა და სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვილი, კეთილგანწყობილი და ინკლუზიური, რომელიც უზრუნველყოფს  ცოდნის დაგროვებასა და ცოდნისადმი ინტერესის გაღვივებას, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სოციალური უნარების შეძენას (კონფლიქტის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, ემპათია, გუნდური მუშაობა, სამოქალაქო ცნობიერიება და ა.შ.), კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარებს.

 

მშობლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რა მიზნებს დაისახავს ზოგადი განათლების სისტემა. მშობელთა ასოციაციის წევრები იმედს ვიტოვებთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პარლამენტში წარდგენამდე სამინისტრო ღია განხილვისთვის კიდევ ერთხელ წარმოადგენს განახლებულ/რედაქტირებულ პროექტს, რომლის განხილვისთვის ფართო საზოგადოებას გონივრული დრო გვექნება.