back to top

წიგნიერების კლუბი – მშობელთა მოხალისეობა თელავის IV  საჯარო სკოლაში

შესავალი

თელავის მე-4 საჯარო სკოლა გასული წლიდან მონაწილეობს მშობელთა ასოციაციის პროექტში “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში”. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო შეხვედრებზე დაიბადა იდეა, მშობლებს გაეკეთებინათ წიგნის კლუბი, რომელიც ბავშვებს კითხვას შეაყვარებდა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმარებოდა. აქტიურმა მშობელმა, ნინო ბლუაშვილმა იდეა სწრაფად აქცია წერილობით პროექტად, ხოლო მისმა თანამოაზრეებმა სიამოვნებით გაინაწილეს პასუხისმგებლობა წიგნის კლუბის აქტივობებში რეგულარულ მონაწილეობაზე. ამ წერილში ნინო, მარიამი, ია, თეა, ტატა, მაკა და ლორა თავად წარმოგიდგენენ წიგნის კლუბის იდეას, იმ იმედით, რომ სხვა სკოლის მშობლებიც გაიზიარებთ მშობელთა ჩართულობის შესანიშნავ გამოცდილებას. აქვე მშობელთა ასოციაციის გუნდი გულწრფელ მადლობას გადავუხდით სკოლის დირექტორს, ეკატერინე გიგიტელაშვილს მშობლების მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

მოხალისე მშობლების მიერ დაარსებული წიგნის კლუბის ამბავი

თელავის IV სკოლის მოხალისე მშობლები

დღესდღეობით ბავშვთა წიგნიერების კუთხით არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. Covid 19-ის შემდეგ პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა. მშობლები ვხედავთ, რომ ე.წ. გაჯეტებმა ჩაანაცვლა მხატვრული ლიტერატურის კითხვა.

 

ნინო ბალუაშვილი, წიგნის კლუბის კონცეფციის ავტორი, თელავის IV სკოლის მოსწავლეების მშობელი

ეს საკითხი ჩვენი სკოლის (სსიპ ქალაქ თელავის მე-4 საჯარო სკოლა) „მშობელთა კლუბში“ განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „წიგნის კლუბი“, რომელიც გაამრავალფეროვნებდა სასკოლო ყოველდღიურობას და ჩვენი აქტიური მონაწილეობით შევძლებდით მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. მიზნად დავისახეთ, ხელი შეგვეწყო წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისთვის.

ბავშვების მიერ წიგნის კლუბის ერთ-ერთ აქტივობაზე შექმნილი პოსტერი

დავწერეთ კონცეფცია, სადაც მკაფიოდ გავწერეთ ჩვენი მიზანი, ამოცანები და განხორციელების გზები. წარვადგინეთ სკოლაში და მივიღეთ დირექტორის მხარდაჭერა.

ჩვენი გეგმა შემდეგია:

  • სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრება;
  • მოსწავლეთა გაწევრიანება წიგნის კითხვის კლუბში;
  • წიგნის არჩევაში დახმარება/ შესაბამისი კონსულტაციები;
  • წიგნის წაკითხვის შემდეგ მსჯელობა/აზრების გაცვლა წაკითხული წიგნის გარშემო;
  • აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
თელავის IV სკოლის მშობლები ესწრებიან მშობელთა ასოციაციის ჩატარებულ ტრენინგს “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა” სკოლაში

ამ იდეისთვის თავდაპირველად გავერთიანდით თანამოაზრე მშობლები, კლუბის ყველა წევრს მივაწვდინეთ ხმა, რომ შეეძლოთ, მონაწილეობა მიეღოთ წიგნიერების პროექტში და ჩაეტარებინათ სახალისო გაკვეთილები ბავშვებისთვის. ასე დაიბადა პროექტზე მიბმული მოხალისეობის იდეაც. თითოეულ მსურველს ზუსტად იმდენი პასუხისმგებლობის აღება შეეძლო, რამდენსაც შეძლებდა. ლიტერატურის გაკვეთილებისთვის კლასის საათების გამოყენება დავიწყეთ. ამის შემდეგ, გაჩნდა იდეა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების წიგნიერების პროექტში ჩართულობის შესახებ. მშობლებისა და მასწავლებლების ძალთა გაერთიანებით, მიზნის მიღწევა უფრო ადვილია.

მშობელი ნინო ბალუაშვილი “წიგნის კლუბის” აქტივობას უძღვება

პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლოც. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მასწავლებლებისა და მოსწავლეების წინაშე და რა თქმა უნდა, დირექციის წინაშე, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა და მხარში დაგვიდგა. რადგანაც ვთვლით, რომ მისაღწევი შედეგი ძალიან ღირებული იქნება, ვაპირებთ, პროექტში ჩართული მშობელთა, მასწავლებელთა და კლასთა რიცხვი გავზადროთ და ჩვენი საქმიანობა გავაფართოვოთ.

წიგნის კლუბის ფარგლებში მშობელი, თეა ოთარაშვილი მე-4 კლასელ მოსწავლეებს უკითხავს საბავშვო მოთხრობას.

ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან მშობელთა ჩართულობით. ხშირად გვეკითხებიან, როდის არის დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა მათ კლასში. როგორც ჩანს, „დედა-მასწავლებლის“ იდეა ძალიან ხიბლავთ. დედა-მასწავლებლის, რომელიც გარკვეული პერიოდულობით სახალისო და საგანმანათლებლო შეხვედრებს გეგმავს.

სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს გეგმას სხვა სკოლების მშობლებს, იმ იმედით, რომ ისინიც ჩაერთვებიან შვილების სასკოლო ცხოვრებაში.

ᲬᲘᲒᲜᲘᲡ ᲙᲚᲣᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲝᲥᲛᲔᲓᲝ ᲒᲔᲒᲛᲐ

სამოქმედო გეგმა მოიცავს იმ აქტივობებსა და ღონისძიებებს, რომელიც დაგეგმილია სასწავლო წლის განმავლობაში. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ, ზოგიერთი აქტივობა პირდაპირ ორიენტირებულია პროექტის მიზნისა და ამოცანების შესრულებაზე, ზოგიერთი მათგანი კი მიზნად ისახავს მოსწავლეთა დამოკიდებულების შეცვლას წიგნებითა და კითხვით დაინტერესების გაზრდისთვის.

  • შეჯიბრი წიგნის კლუბის სახელის შერჩევაში- ყველა კლასის მოსწავლის ჩართვა – ამ აქტივობით იწყება პროექტი – ხანგრძლივობა 1 კვირა.
  • მაკულატურის ჩაბარება და მისი გადაცვლა ახალ წიგნებში (თუ რომელიმე გამომცემლობა ჩამოვა თელავში და წაიღებს)
  • „აჩუქე წიგნი შენს სკოლას“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქციაა. აქციის ფარგლებში, მოსწავლეები შემოთავაზებული სერიიდან ირჩევენ წიგნებს. შეიძენენ, ან ითხოვებენ ბიბლიოთეკიდან თუ ნაცნობ-მეგობრებისგან და კითხულობენ. წაკითხვის და დისკუსიის ჩატარების შემდგომ, წიგნს ჩუქნიან სკოლას (საკუთარი წიგნის შემთხვევაში). წიგნის გაჩუქება მათთვისაც ძალიან სასარგებლოა, რადგან მათ შეუძლიათ შემდგომი წიგნის არჩევისას ისარგებლონ თავიანთი თანაკლასელის ან თანასკოლელის მიერ სკოლისთვის ნაჩუქარი წიგნით.
  • პერიოდული შეხვედრების დროს შეხვედრის ორგანიზატორი წარმართავს წინასწარ დაგეგმილ აქტივობებს წაკითხული თავების ირგვლივ. ბავშვები უზიარებენ ერთმანეთს წაკითხულს. ხდება პერსონაჟთა საქციელის შეფასებები და მსჯელობა, ასევე გამოითქმება ვარაუდები, როგორ განვითარდება მოვლენები წიგნში.
  • როდესაც ერთ-ერთი ბავშვი/ან ჯგუფი დაასრულებს წიგნის წაკითხვას, სასურველია წიგნი წარმოადგინოს პრეზენტაციის სახით. სხვები უსვამენ კითხვებს ამ წიგნის გარშემო, წარიმართება მსჯელობა.
  • რომელიმე რეზონანსულ თემაზე დაწერილი წიგნის ეკრანიზაციის ყურებაზე გაიცემა რეკომენდაციები. შემდეგ შეხვედრაზე მოხდება მსჯელობა წიგნისა და მისი ეკრანიზაციის ირგვლივ.
  • ბიბლიოთერაპია – რაიმე კონკრეტული პრობლემის გარშემო შესაბამისი წიგნის მოძიება, მოსწავლეებისთვის წაკითხვა ხმამაღლა კითხვის ტექნიკით და მასზე მსჯელობა.
  • სხვა მცირე აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნის კლუბის ნაყოფიერ მუშაობას და მკითხველს კითხვის მიმართ დადებითად განაწყობს. მაგ: წიგნის თემატიკის შესაბამისი ორცხობილების ცხობა/მომზადება, პლაკატების დამზადება, წაკითხული წიგნის შესაბამისი ნახატის შექმნა, კრეატიული წერა, პატარა თეატრალური დადგმა, როლური თამაშები და ა.შ.
  • გამოწვევის მოფიქრება და წიგნის კლუბის წევრების წახალისება მასში მონაწილეობის მისაღებად.
  • მწერლის მოწვევა
  • შემოწირულობების არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად კომფორტული გარემოს მოწყობა (დერეფნებში)
  • წიგნების გაყიდვა და მათი ჩანაცვლება ახალი წიგნით (ან შესაძლოა თანხა გამოყენებულ იქნას ღონისძიებებისთვის/გარემოს მოწყობისთვის). ამასობაში სკოლას დაუგროვდებოდა რამდენიმე ერთიდაიგივე წიგნი, რომელიც სურს რომ ჩაანაცვლოს იმ წიგნით, რომელიც არ აქვს – ე.წ. „წიგნის ბაზრობის“ ორგანიზება.
  • მსოფლიო წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზედაც სასურველია (თუმცა არა სავალდებულო) მოსწავლეები მოვიდნენ წიგნის პერსონაჟების ფორმით. დაიგეგმოს სახალისო აქტივობები. შესაძლებელია მოვიწვიოთ მწერალიც, რომელიც უფრო შემეცნებითს გახდის ჩვენს შეხვედრას, თუმცა გვსურს, რომ შეხვედრა არ იყოს მონოლოგის რეჟიმში და იყოს ინტერაქციური.
მშობელი მარიამ გაგანაშვილი, წიგნის კლუბის აქტივობას უძღვება

ამჟამად წიგნიერების პროექტში ჩართულია დაწყებითი საფეხურის კლასები, თუმცა სურვილი გვაქვს ჩავრთათ საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებიც. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მზად გვაქვს დეტალური სამოქმედო გეგმა ამ საფეხურების მოსწავლეთა ჩართულობისთვის.

ჩვენი სკოლის მშობლებს გვჯერა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სკოლის ბიბლიოთეკა იქნება გაცილებით მრავალფეროვანი და მდიდარი. სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა მეტად დაინტერესებული იქნება კითხვით, რაც თავის მხრივ, უდაოდ, სასიკეთოდ იმოქმედებს მათი კრეატიკული და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაზე.

 

ჩვენი მიზნების ბოლომდე მისაყვანად მშობლებს დაგვჭირდება მხარდაჭერაც.

მშობელი ია იარდალაშვილი ბავშვებს წიგნს უკითხავს

მეტი კლასის ჩართულობისა და ჩვენი მიზნის მისაღწევად გვჭირდება სივრცე (ოთახი/შენობა), სადაც პროექტში ჩართული მშობლები შევიკრიბებით, გავუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, იდეებს, ავარჩევთ რესურსებს და დავგეგმავთ ლიტერატურის გაკვეთილებს. სკოლას ასეთი სივრცე, სამწუხაროდ, არ გააჩნია, ამიტომ სასურველი იქნებოდა ასეთი სივრცე სკოლის სიახლოვეს. დაინტერესებული მოსწავლეების მოწვევასა და ლიტერატურასთან/კითხვასთან დაკავშირებულ აქტივობების/ შეხვედრების დაგეგმვასაც მოვიაზრებთ ამ სივრცეში.

სასწავლო რესურსები (წიგნები), კომპიუტერი, პრინტერი, მონიტორი, მაგიდა/სკამები და წიგნების თაროები/კარადა აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის გასაგრძელებლად და გასაფართოვებლად. ხშირ შემთხვევაში გვიწევს ვესტუმროთ ბიბლიოთეკებსა თუ წიგნის მაღაზიებს, იმისათვის, რომ სასურველი მასალა შევარჩიოთ. წიგნების არსებობა ჩვენს სივრცეში კი ჩვენს დროსაც დაზოგავდა და თანხებსაც. კომპიუტერი და პრინტერი მნიშვნელოვნად გააადვილებდა ჩვენს საქმეს, რადგან რესურსებისა და სქემების დაბეჭვდა ხშირად გვიწევს ლიტერატურული შეხვედრებისთვის. რაც შეეხება მონიტორს, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ვიდეო მასალას, ასევე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფილმების ეკრანიზაციის ყურება. დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩვენს სივრცეში მოვიწვევდით ამ მიზნით.

მშობელი თეა ოთარაშვილი დაწყებით საფეხურზე წიგნის კლუბის აქტივობას უძღვება

გარკვეული ბიუჯეტის არსებობა და/ან შემოწირულობები მნიშვნელოვნად გადაჭრიდა პროექტის ფინანსურ გამოწვევას. ლიტერატურული შეხვედრა/გაკვეთილებისთვის ვიყენებთ თვალსაჩინოებებს, რომლის დამზადება/ყიდვისთვის საჭირო მასალას ჯერჯერობით ჩვენი პირადი ხარჯით ვუძღვებით. თუ გვექნება ჩვენი სივრცე შესაბამისი ინვენტარით, ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა სკოლებთანაც, რომ აღნიშნული სიკეთე მათთმა მოსწავლეებმაც მიიღონ. ასევე მოვიძიებთ მოხალისე მშობლებს სხვა სკოლებიდანაც, რომლებსაც სურთ, რომ წვლილი შეიტანონ უფრო წიგნიერი საზოგადოების ფორმირებაში.

 

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

სკოლის ეზოში ჭადრაკის დაფის მოსაწყობად მშობელმა ფინანსები მოიზიდა

შორენა გიგოლაშვილი, ახალციხის I საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი

 

შორენა გიგოლაშვილის ნამდვილი ამბავი

მე ახალციხიდან ვარ. აქ ვცხოვრობ და შვილსაც აქ ვზრდი. ჩემთვის, როგორც მოსწავლის მშობლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს ბავშვების სასკოლო ცხოვრება.

ყოველთვის მაწუხებდა, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით რეგიონში მცხოვრები ბავშვები არ არიან განებივრებული შემეცნებითი წრეების მრავალფეროვნებით. ახალციხეში არაფორმალური განათლების მიღების ბევრად ნაკლები შესაძლებლობაა. არც სასკოლო და არც სკოლის მიღმა ინფრასტრუქტურა ბავშვებს საშუალებას არ აძლევს გაკვეთილების შემდეგ დრო შინაარსიანად გაატარონ.

რადგან ჩვენს ქალაქში ჭადრაკი ძალიან პოპულარულია, ვიფიქრე, კარგი იქნება, ჩემი შვილის სკოლის ეზოში ჭადრაკის გარე დაფას თუ მოვაწყობდით. ბავშვები ეზოში დაკავდებოდნენ მათი საყვარელი სპორტით და დროს შინაარსიანად გაატარებდნენ. დაწყებით კლასებში ჭადრაკი ისწავლება კიდეც და გარე დაფა დამატებითი თვალსაჩინოება იქნება.

მთავარი პრობლემა ფინანსების მოძიება იყო. ჩავერთე მშობელთა ასოციაციის პროექტში “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში”, რომლის ფარგლებშიც გავიარე ტრენინგი „როგორ მოვიძიოთ ფინანსები სასკოლო საჭიროებებისთვის“, სადაც პირველად გავიგე სახალხო დაფინანსების შესახებ. შემდეგ მივმართე პლატფორმას „ორბელიანი მეტი“, კიდევ უფრო მეტი გავიგე, როგორ ვაწარმოო კამპანია თანხის მოსაზიდად და შევუდექი ამ საქმეს.

ე.წ. „ქრაუდფანდინდი“ ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან სიახლეა და ჩემს რეგიონში მცხვორებ ადამიანებს უჭირთ გაიგო მისი არსი. 1 ადამიანისგან გადმორიცხული 1 ლარიც საკმარია ხოლმე დადებითი ცვლილებებისთვის. ქრაუნფანდინგის პროცესში, როგორც მშობელმა მივაკითხე ასოციაცია ტოლერანტს. მქონდა ინფორმაცია, რომ ტოლერანტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ” შევქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო ჩვენი შვილებისთვის” ფარგლებში ჩამოყალიბებული ჰქონდა მშობლეთა საბჭოები ახალციხის სკოლებში და აწარმოებდნენ ადვოკატირების კამპანიებს სხვადასხვა მიმართულებებით. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შედგა ჩვენს შორის კარგი თანამშრომლობა და თანხა, რომელიც ესაჭიროებოდა ჭადრაკის პროექტის წარმატებით განხორციელებას, გადმოეცა დროულად. როდესაც მშობლები არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ რეალურადაც ვირჯებით ჩვენი შვილების განვითარებისთვის, ბევრი ადამიანი გამოხატავს ჩვენს გვერდში დგომას. ასე შევაგროვე 2400 ლარი. დანარჩენ დაფინანსებას „ორბელიანი მეტი“ დაფარავს და სულ მალე, ახალციხეში პირველად, I საჯარო სკოლაში გავაკეთებთ ჭადრაკის დაფას.

მჯერა, სკოლის ეზოში ჭადრაკის დაფის მონტაჟი ჩემს შვილს და მის თანატოლებს ძალიან გაახარებთ. გარდა ამისა, ეს შესაძლებელს გახდის სკოლებს შორის მოეწყოს შეჯიბრებები, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ჭადრაკის პოპულარიზაციას და სკოლებს შორის თანამშრომლობა-დამეგობრების გაძლიერებას.

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

როგორ მიაღწიეს მშობლებმა სკოლასთან შუქნიშნის დამონტაჟებას

1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს მოსწავლეებმა და მშობლებმა მოაწყეს აქცია- პერფორმანსი სკოლასთან მისასვლელ გზაზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით. აქციის შემდეგ სკოლასთან ოპერატიულად დამონტაჟდა შუქნიშანი და დაიწყო სასკოლო ზონების შექმნაზე მუშაობა.

ხატია მიმინოშვილის ნამდვილი ამბავი

ხატია მიმინოშვილი, 4 შვილის დედა

4 შვილის დედა ვარ. შვილების სასკოლო ცხოვრებაში მათი სკოლაში მიყვანის დღიდან ვმონაწილეობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვების ფიზიკური უსაფრთხოებაა, როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ.

წლებია მაწუხებს, რომ სკოლამდე მისასვლელი გზები არ არის უსაფრთხო. ჩემი შვილების სკოლასთან არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და რამდენიმე ბავშვი დაშავდა. საქართველოში სკოლების უმეტესობა გზასთან ახლოს მდებარეობს. მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭიროა არსებობდეს ტროტუარი, ზებრა გადასასვლელი, შუქნიშანი და სხვადასხვა გაფრთხილების შემცველი საგზაო ნიშნები. სასკოლო ზონები უნდა იყოს გამოყოფილი. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის წინა სივრცეს მანქანები იკავებენ, რის შედეგადაც იქ მცირეწლოვანი ბავშვის მარტო გადაადგილება საშიშია.

დავიწყე გამოსავალზე ფიქრი – სკოლასთან შუქნიშნის დამონტაჟების მოთხოვნით წერილების წერა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში. წლები გაიწელა ეს პროცესი. აღმოჩნდა რომ მარტო ვიყავი, არ მყავდა თანამოაზრეები. ამის მიუხედავად არ ვჩერდებოდი და ვაგრძელებდი სვლას მიზნისკენ. რა უფლება მქონდა გავჩერებულიყავი, როცა ჩემი შვილები და მათი მეგობრები ყოველ დღე კვეთდნენ სიცოცხლისთვის საშიშ სამანქანე გზას.

ხატია მიმინოშვილი

ნელ-ნელა გულშემატკივრები და თანამოაზრეეებიც შევიძინე, ერთ-ერთი ასეთი კი ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”აღმოჩნდა, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე და მივხვდი რომ მათთან ერთად ბევრი სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას მოვახერხებდი.

მონაწილეობა მივიღე პროექტში „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ სკოლაში ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები მშობელთა ჩართულობის შესახებ. აქ გავიცანი სხვა მშობლები და აღმოვაჩინე, რომ სულაც არ ვყოფილვარ მარტო.

ტრენინგი “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში”, სადაც ხატიას გაუჩნდა იდეა, მოეწყოთ აქცია-პერსოფრმანსი.

 

მეტიც, ტრენინგზე გამიჩნდა იდეა, რომ 1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, სკოლის მიმდებარედ მოგვეწყო აქცია პერფორმანსი მშობლებისა და ბაშვების მონაწილეობით და მოგვეთხოვა შუქნიშნის დამონტაჟება.

 

 

ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ თანამოაზრე მშობლები გავერთიანდით. სასიხარულო ისიც გვქონდა, რომ აქციაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლების გარდა შემოგვიერთდნენ სხვა სკოლების მოსწავლეთა მშობლებიც, რომლებიც ორგანიზაციის დახმარებით გავიცანი. ხმა მივაწვდინეთ საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაც.

ჩვენმა აქციამ შთამბეჭდავად ჩაიარა. რამდენიმე ტელევიზიამ და ციფრულმა მედია სააგენტომ გააშუქა ჩვენი ამბავი. მშობლებმა მივეცით ინტერვიუები. სწორად დაგეგმილ აქტიურობას შედეგიც მყისიერად მოყვა. ძალიან მალე სკოლასთან ღილაკიანი შუქნიშანი დამონტაჟდა და შედარებით უსაფრთხო გახდა გადასასვლელი.

უამრავი საკითხია, რაშიც ჩვენ, მშობლებს შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ სკოლას თითოეული მოსწავლის საკეთილდღეოდ. უამრავი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი თანმიმდევრული, პოზიტიური, დროული და სწორი ნაბიჯებით. მოსწავლე-სკოლა-მშობელი, ეს უნდა იყოს უწყვეტი სამკუთხედი, რაც დადებითად აისახება მოსწავლის როგორც აკადემიურ შედეგებზე, ისე მის უსაფრთხოებაზე და მოქალაქეობრივ ზრდაზე.

თამარ ფირცხალაიშვილის და ქეთევან ნახუცრიშვილის ნამდვილი ამბავი

მშობელი, ქეთევან ნახუცრიშვილი შვილებთან ერთად მონაწილეობს აქცია-პერფორმანსში

 

სასკოლო პროცესებში მონაწილეობისკენ იმ პრობლემებმა გვიბიძგა, რაც სკოლებშია. ჩავთვალეთ, რომ ბავშვების კეთილდღეობისთვის საჭირო იყო მშობლების აქტიური ჩართულობა. თავდაპირველად თითოეული ჩვენგანი მარტო იყო, განიცდიდა თანამოაზრეების ნაკლებობას. ეგონა, რომ მხოლოდ მას აწუხებდა ესა თუ ის გამოწვევა.

 

 

 

მშობელი, თამარ ფირცხალაიშვილი აქტიურად მონაწილეობს მშობელთა ჩართულობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლაში

თანამოაზრეებმა ერთმანეთი აღმოვაჩინეთ მას შემდეგ, რაც დაიწყო პროექტი „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“. პირველი ჩვენი ერთად გადადგმული ნაბიჯი აქცია-პერფომანსი იყო,საგზაო პრობლემასთან დაკავშირებით. ამ პრობლემამ გაგვაერთიანა და დაგვანახა, რომ აზრის გამოხატვას და ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, ყოველთვის აქვს აზრი. მშობლებს ერთადერთი მოტივი გვაქვს – შევქმნათ ყველა ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო სკოლაში,რაც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

იხილეთ მოსწავლეებისა და მშობლების აქცია პერფორმანსის ამსახველი ფოტოები

 

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

 

სკოლის დასუფთავების ბიუჯეტი მშობლების ინიციატივით გაიზარდა

მარიამ საკანდელიძე, 5 შვილის დედა. თანამოაზრე მშობლებთან ერთად მარიამმა წარმატებული მოლაპარაკება აწარმოა სკოლის დირექციასთან, რის შედეგადაც გაიზარდა სკოლის დასუფთავებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი

შესავალი

სკოლებში სისუფთავის დაცვის პრობლემამ ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა 2023 წლის ივლისში გამოცემულ პუბლიკაციაში „სასკოლო გამოწვევები“, რომლის შედგენაში 800 მშობელი იყო ჩართული. სკოლებში ანტისანიტარიაზე წლებია მიუთითებს სახალხო დამცველის ანგარიშები, რომლის მიხედვითაც სკოლის სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოსწავლეების ჯანმრთელობას და აფერხებს ბავშვთა განვითარებას. მშობელთა ინფორმაციით, სკოლებს არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობით დამლაგებლები, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ არ ჰყავთ დამლაგებელი. მშობლები ამბობენ, სკოლის დირექტორების ცნობით, დაბალი ხელფასის გამო სკოლას უჭირს მოიზიდოს და შეინარჩუნოს თანამშრომლები დამლაგებლის პოზიციაზე. დირექციისგან მიღებული ეს პასუხი ხშირად მშობლებს აფერხებს გააგრძელონ მოქმედება, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც არ ეგუება არასასურველ მოცემულობას და სრულიად ლეგიტიმური გზებით აგრძელებს პრობლემის მოგვარებისთვის მუშაობას. სწორედ ასეთი შეუპოვარი მშობელია 5 შვილის დედა მარიამ საკანდელიძე, რომელიც ამ წერილით საკუთარ ნამდვილ ამბავს გაგიზიარებთ.

მარიამ საკანდელიძის ნამდვილი ამბავი

თბილისის საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლის დედა ვარ. აქტიურად ვადევნებ თვალყურს მათ სასკოლო ცხოვრებას, ამიტომაც ჩემთვის ცნობილია ის გამოწვევები და ხარვეზები, რის წინაშეც დგას დღეს მშობელიც, მოსწავლეც და სკოლაც. ხარვეზები მრავალრიცხოვანი და სისტემურია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს არ მალავენ და ყველასთვის თვალსაჩინოა, მშობლებს გვეძნელება მათი გახმოვანება სკოლის ადმინისტრაციასთან თუ პედაგოგებთან.

 

იმის შიშით, რომ ჩვენი „აქტიურობა“ არაადეკვატურად იქნება აღქმული და ისევ მოსწავლის საზიანოდ შეიცვლება მდგომარეობა, ვამჯობინებთ დუმილს და ვიწყებთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზების ძებნას, რაც სარგებელთან ერთად, ზიანის მომტანიცაა როგორც ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, ისე ჩვენი ბიუჯეტისთვის.

მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ვიზრუნოთ სკოლებში ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ჩვენს შვილებს ვურჩევთ არ ისარგებლონ სკოლის საპირფარეშოებით. ან იმის ნაცვლად, რომ საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა ჩვენს პრიორიტეტად ვაქციოთ, ვიწყებთ რეპეტიტორების ძებნას, ჩვენი ჯიბის დაცარიელებას და ჩვენი შვილების დროისა და ენერგიის ორმაგ ხარჯვას.

მინდა საკუთარი გამოცდილება გავუზიარო სხვა მშობლებს და ვუთხრა, რომ მშობლების ინიციატივა, აქტიურობა, ერთსულოვნება, ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა, ასევე სკოლის ადმინისტრაციასთან და პედაგოგებთან თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანი პირობაა მოსწავლეების სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მშობლების პოზიტიური ჩართულობა სტიმულის მომცემი აღმოჩნდა ჩვენი სკოლის ადმინისტრაციისთვისაც. მიხარია იმის აღნიშვნა, რომ ჩემი შვილების სკოლაში, მშობელთა საინიციატივო ჯგუფისა და სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივად გადადგმული პირველი ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა დამლაგებლების შრომის ანაზღაურება. ხელფასების ზრდის შედეგად გამარტივდა დამლაგებლის პოზიციაზე კადრების მოძიებაც, რასაც მოყვა მათი რაოდენობის ზრდა და საბოლოო ჯამში, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება.

კიდევ უფრო სასიხარულოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ დღეს მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია ვართ ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის ეტაპზე და პირველი წარმატების შემდეგ, ჩვენი გუნდი გაზრდილი ენთუზიაზმით იწყებს მუშაობას ამჯერად უკვე სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

 

როგორ მიაღწიეს მშობლებმა სკოლებში მავნე საკვების აკრძალვას

მოსწავლეთა მშობლები სასკოლო გამოწვევებზე სასაუბროდ განათლების მინისტრს ხვდებიან

შესავალი

რა შეუძლიათ გააკეთონ მშობლებმა, რომელთა შვილების სკოლებშიც წლობით გრძელდება მოუგვარებელი პრობლემები?! ცხადია, ასეთ დროს სპონტანური ქმედებები საკმარისი არ არის პრობლემის დასაძლევად. ამ წერილში გამოცდილი მშობლები თავიანთ ნამდვილ ამბებს გაგიზიარებენ. ეკა, ციცი, სონა და მედეა მოგიყვებიან, რა გზა გაიარეს, ვიდრე სკოლის ბუფეტებში ბავშვების ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების აკრძალვას მიაღწევდნენ, როგორ გაერთიანდნენ პრობლემის ირგვლივ, როგორ არ შეუშინდნენ სკოლაში შექმნილ დისკომფორტს, როგორ გაიჩინეს თანამოაზრე მშობლები სხვა სკოლებიდან,  როგორ დასახეს გეგმა და გამოიწვიეს სასურველი საკანონმდებლო ცვლილებები.

ამბის დასაწყისი – სხვადასხვა კლასის მშობლები საერთო პრობლემის ირგვლივ ერთიანებიან

ციცი თოფურიძე, მოსწავლის მშობელი
ეკა გიორგაძე, მოსწავლეების მშობელი
ᲔᲙᲐ ᲒᲘᲝᲠᲒᲐᲫᲘᲡ ᲓᲐ ᲪᲘᲪᲘ ᲗᲣᲤᲣᲠᲘᲫᲘᲡ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ

წლებია მიდის საუბარი სასკოლო კვების დანერგვაზე, თუმცა ამ დრომდე გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბავშვებს ან სახლიდან ვატანთ საკვებს ან სკოლის ბუფეტში უწევთ ყიდვა.

 

სამწუხაროდ, სხვა სკოლების მსგავსად, ჩვენთანაც ბუფეტი კერძო პირზეა გაქირავებული. წლების განმავლობაში ბუფეტის დახლებზე განლაგებული პროდუქტები ვერ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რაც არსებობს თანამედროვე გაიდლაინებით. მშობლებს ყოველთვის გვაწუხებდა, რომ ბუფეტში იყიდებოდა გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული. არაერთხელ გამოგვითქვამს წუხილი ამ ფაქტის გამო.

ძნელია ბავშვს დაასწავლო ჯანსაღი კვების ჩვევები, როდესაც მისთვის სასკოლო გარემოში ასე ადვილად ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის მავნე საკვები. შეიძლება შენ არ გაატანო ბავშვს თანხა, მაგრამ ამით პრობლემა მაინც არ გვარდება.

ჩვენი სკოლიდან 4 მშობელი ჩავერთეთ მშობელთა ასოციაციის პროექტში „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“. მიზნად დავისახეთ პროექტის ფარგლებში ერთი რომელიმე პრობლემური საკითხის გადაწყვეტა. ყველაზე აქტუალური ჩვენთვის მოსწავლეთა კვება იყო.

პროექტის ფარგლებში მშობლების საინიციატივო ჯგუფი შევიკრიბეთ, გვქონდა შეხვედრები, სადაც გამოიკვეთა არსებული პრობლემის დეტალები და მოგვარების მექანიზმები. დავისახეთ სამოქმედო გეგმა და შევუდექით მის განხორციელებას, თუმცა მოიჯარესთან მოლაპარაკება გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა.

ნაწილი 2. მშობლები აქტიური მოქმედებით ცდილობენ სკოლის დონეზე მოაგვარონ პრობლემა

სონა კალანდაძე, მოსწავლეების მშობელი
ᲡᲝᲜᲐ ᲙᲐᲚᲐᲜᲓᲐᲫᲘᲡ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ

2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 2 ჯერ გვქონდა შეხვედრა დირექციასთან, კვების საკითხთან დაკავშირებით, ნათელი გახდა რომ მათ არანაირი ბერკეტი არ გააჩნდათ რაიმეს შესაცვლელად. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში უკვე შევხვდით მოიჯარეს, რომელმაც ხაზგასმით გვითხრა – ყიდის იმ პროდუქციას, რომელიც კანონით არის დაშვებული და თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს უნდა მივმართოთ განათლების სამინისტროს. გასაგები გახდა, რომ სკოლის სივრცეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდებოდა.

ამ შეხვედრის დროს ყველას დასანახად გადავუღე ფოტოები ბუფეტში არსებულ „საკვებს“ და ჩემი გადაწყვეტილებით იმ დღესვე ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე პოსტი ორ ფოტოსთან ერთად. მოვნიშნე ჯანდაცვის დამინისტრო, განათლების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა. პოსტში არ დამისახელებია სკოლა ან რომელიმე ადამიანი. (თუმცა რომც ყოფილიყო მონიშნული ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, რადგან ფოტოები ზუსტად აღწერს იმ პრობლემურ რეალობას, რაშიც ჩვენს შვილებს უწევთ ყოფნა) მიუხედავად ამისა დიდი მღელვარება გამოიწვია სკოლაში ჩემმა პოსტმა. დირექციამ ეს რატომღაც პირად შეურაცხყოფად მიიღო, რასაც მოყვა სკოლაში ჩემი დაბარებები. მითხრეს, რომ სკოლას რეპუტაცია შევულახე. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მათ ჩემთან კომუნიკაციაც გაეწყვიტათ და საინიციატივო ჯგუფთანაც, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი ჩემს ქმედებაზე.

საქართველოში ახალია მშობელთა ჩართულობა სკოლის სივრცეში და დირექციაც და პედაგოგების დიდი ნაწილიც მტკივნეულად იღებს ყველა ღიად გამოთქმულ კრიტიკულ აზრს მშობლისგან, დასაწყისშივე თავდაცვით პოზიციაში დგებიან, იმის მაგივრად, რომ ყურადღებით მოგისმინონ და ერთიანი ძალებით მოხდეს ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა.

როცა ცოტა მშობელი აფიქსირებს ღიად თავის მოსაზრებას სკოლაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დირექციას უფრო უმარტივდება მათი მარგინალიზება. მიუხედავად ამისა, სასიკეთო ცვლილებები ნელა, მაგრამ მაინც ხდება. ეს კი უკვე სხვა მშობლისთვის არის მოტივაცია, რომ ხმის ამოღება უკეთესობისკენ შეცვლის მის მომავალს.

ნაწილი 3. სხვადასხვა სკოლის მშობლები ერთიანად ცდილობენ პრობლემის მოგვარებას ეროვნული მასშტაბით

მედეა ტურაშვილი, მოსწავლეების მშობელი
ᲛᲔᲓᲔᲐ ᲢᲣᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ

სკოლაში შეხვედრებისა და კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ სკოლას არ გააჩნდა სამართლებრივი მექანიზმები ან სხვა ბერკეტები არსებული პრობლემის სკოლის დონეზე მოსაგვარებლად. სკოლის საინიციატივო ჯგუფთან განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პრობლემისთვის უფრო სისტემურად შეგვეხედა და დავკავშირებოდით სხვა სკოლების მშობლებს, რომელთაც, როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ანალოგიური პრობლემები აწუხებდათ.

სხვა სკოლების მშობლებთან ურთიერთობა, იდეების გაზიარება და თანამშრომლობა ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში. ამ პროექტმა მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა გავცნობოდით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლების მშობლებს და მათ სკოლებში არსებულ მიღწევებს და პრობლემებს.

მშობლების ეს პლატფორმა აღმოჩნდა ის ადგილი სადაც დავიწყეთ კვებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ერთობლივი მსჯელობა. პირველ რიგში, გამოიკვეთა, რომ არაერთ სხვა სკოლაშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო და დავრწმუნდით, რომ სასკოლო კვებისა და ბუფეტების საკითხი ეროვნული დონის პრობლემა იყო, შესაბამისად ეროვნულ დონეზე საკითხის გააქტიურებას და მოქმედებას მოითხოვდა.

სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა მშობლების სამუშაო შეხვედრა

ამის შემდეგ, ჩავატარეთ მშობლების რამდენიმე შეხვედრა და შევჯერდით საერთო მოქმედების გეგმაზე.

პირველ რიგში, გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა პეტიცია განათლების მინისტის სახელზე და დაგვეყენებინა ორი კონკრეტული მოთხოვნა: მოკლე ვადაში, სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტების გაყიდვის აკრძალვა, და ასევე, სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის პროცესის დაჩქარება. ჩავთვალეთ, რომ მართალია ონლაინ პეტიცია განათლების სამინისტროსთვის შესასრულებლად სავალდებულო არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნებოდა ინფორმაციის გასავრცელებლად, სხვა მშობლებისთვის ხმის მისაწვდენად და საკითხის გასააქტიურებლად. (პეტიციის ბმული https://shorturl.at/iGQT5)

მშობლები ესწრებიან პრესკონფერენციას, სადაც გაჟღერდა პეტიციის მოთხოვნები.

ეს ასეც მოხდა. ერთ თვეზე ნაკლებ დროში ონლაინ პეტიციას ხელი მოაწერა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა. ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დახმარებით მშობლების მოთხოვნა გააშუქა არაერთმა მედია საშუალებამ და მშობლებს და ბავშვებს მოგვეცა შესაძლებლობა საჯაროდ გვესაუბრა არსებულ პრობლემებზე.

პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას დაემთხვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის ბუფეტში ნაყიდი დონატებით 9 მოსწავლის მოწამვლის ფაქტი. ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ მიერ დაყენებული პრობლემა უაღრესად მწვავე იყო და სამინისტროსგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვდა.

სასკოლო გამოწვევებზე სასაუბროდ მშობლები ხვდებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დახმარებით ასევე შევძელით განათლების და მეცნიერების მინისტრთან და მის გუნდთან შეხვედრა. სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრს გავუზიარეთ ჩვენი წუხილი და მოთხოვნა სასკოლო კვებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე სამინისტროს მზაობა და თანხმობა შეხვედრისთანავე გამოიკვეთა. მინისტრმა გაგვიზიარა მისი ხედვები ბუფეტებში ჰიგიენური მდგომარეობისა და გასაყიდი პროდუქტების შესახებ და ასევე, მოისმინა ჩვენი რეკომენდაციები. შეხვედრის შემდგომ, მშობლებს შესაძლებლობა გვქონდა ჩვენი მოსაზრებები წარგვედგინა მინისტრის ბრძანების სამუშაო ვერსიაზე.

საბოლოოდ, მინისტრის ბრძანება დამტკიცდა მშობლების მოსაზრებების გათვალისწინებით; მკაცრად განისაზღვრა, თუ რისი გაყიდვა იკრძალება სკოლის საკვებ ბლოკში, დარეგულირდა ბუფეტში ჰიგიენური პირობების დაცვის საკითხები და მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა განახორციელონ ბუფეტების მონიტორინგი. ეს მშობლების გამარჯვებაა – პირველი გამარჯვება ერთობლივი მუშაობის შემდეგ. ჩვენ გვწამს, რომ მშობლების აქტიურობას, ჩართულობას და გნებავთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აუცილებლად მოიტანს შედეგს ჩვენი შვილების უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის. ამ პროცესში გადამწყვეტი იყო მშობლების ჯგუფის თვითორგანიზება, ერთად დგომა და ერთად მუშაობა.

სამწუხაროდ, ჯერ ისევ გამოწვევად რჩება სასკოლო კვების პროგრამის არ არსებობა სკოლებში. მშობლების ეს მოთხოვნა რჩება ძალაში და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით.

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

სკოლები დამლაგებლების გარეშე – მშობელთა გამოკითხვის საგანგაშო შედეგები

სკოლების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ მშობელთა აზრის შესწავლის
მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ (P4E) online გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 1030-მა მშობელმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, თბილისში, სხვა დიდ ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებმა პირებმა.

გამოკითხვის შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე 

გამოკითხვის ჩატარების საფუძველი გახდა მშობელთა მაღალი მიმართვიანობა. გასული ერთი წლის განმავლობაში მშობელთა ასოციაციას არაერთი მშობელი დაუკავშირდა, რომელიც წუხილს გამოთქვამდა მისი შვილის სკოლაში არსებული ბინძური გარემოს გამო. სკოლებში სისუფთავის დაცვის პრობლემამ ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა 2023 წლის ივლისში გამოცემულ პუბლიკაციაში „სასკოლო გამოწვევები“, რომლის შედგენაში 800 მშობელი იყო ჩართული. სკოლებში ანტისანიტარიაზე წლებია მიუთითებს სახალხო დამცველის ანგარიშები, რომლის მიხედვითაც სკოლის სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოსწავლეების ჯანმრთელობას და აფერხებს ბავშვთა განვითარებას.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა მშობლების ნაწილი საგანგაშოდ აფასებს  სკოლის შენობებში სისუფთავის დაცვის მაჩვენებელს. მათი ინფორმაციით, სკოლებს არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობით დამლაგებლები, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ არ ჰყავთ დამლაგებელი. ასეთ სკოლებს მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ალაგებენ.

მშობლები ამბობენ, რომ დაბალი ხელფასის გამო სკოლას უჭირს მოიზიდოს და შეინარჩუნოს თანამშრომლები დამლაგებლის პოზიციაზე.

მშობლები სკოლაში ყველაზე დაბინძურებულ წერტილად საპირფარეშოს მიიჩნევენ.

  • გამოკითხულთა 85% ამბობს, რომ სკოლის საპირფარეშოში უსიამოვნო სუნი დგას.
  • გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ სკოლის საპირფარეშო „უმეტესად დაბინძურებულია“.
  • გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მისი შვილის საპირფარეშოში კარი არ იკეტება, რადგან არ აქვს საკეტი ან დაზიანებულია.
  • გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ მათი შვილის სკოლის საპირფარეშოში ხან საპონი არ არის და ხან ქაღალდი. დამატებით 17% კი აცხადებს, რომ არც საპონია და არც ქაღალდი.
  • გამოკითხულთა 31% ამბობს, რომ მისი შვილი ცდილობს არ გამოიყენოს სკოლის საპირფარეშო, ხოლო 4,5% ამბობს, რომ მათი შვილები არასოდეს სარგებლობენ სკოლის საპირფარეშოთი.

მშობლების ცნობით,  პრობლემური საკითხია საკლასო ოთახების სველი წესით დალაგებაც. გამოკითხულთა მხოლოდ 17% ამბობს, რომ საკლასო ოთახის სველი წესით დასუფთავება ყოველდღიურად ხდება. სხვათა მოსაზრებით ოთახები კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იწმინდება. მშობლების 20% ამბობს, რომ თვითონაც მიუღია მონაწილეობა სკოლის დასუფთავებაში. 14%-ს დაუდია თანხა იმისთვის, რომ დამატებით გადაეხადათ სკოლის დამლაგებლისთვის ან დაექირავებინათ გარეშე პირი საკლასო ოთახის დასალაგებლად. 12% მიუღია მონაწილეობა ფულის შეგროვებაში, რათა შეეძინათ საპირფარეშოს ქაღალდი და ჰიგიენის დაცვის სხვა საშუალებები სკოლაში მისატანად. ხოლო 6%-ს თავად მიუტანია სკოლაში საპირფარეშოს ქაღალდი და სველი ხელსახოცები.

მოსწავლეთა მშობლები ფიქრობენ, რომ განათლების მინისტრის მიერ სკოლის ტექნიკური პერსონალისთვის დაანონსებული ხელფასების 10%-30%-ანი ზრდა მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდებს სკოლებში ანტისანიტარიის აღმოხვრაზე.

  • მშობლები, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გააორმაგოს დამლაგებლების ანაზღაურება და მათი საშტატო ერთეული სკოლებში, რათა შესაძლებელი გახდეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და შეიქმნას ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.

  • გამოკითხული მშობლები საჭიროდ თვლიან, შეიქმნას სკოლის სანიტარიული კვანძების,საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზების და სხვა სივრცეების დასუფთავებისპროტოკოლი, რომელიც მკაცრად იქნება დაცული ყველა სკოლაში.

  • გამოკითხული მშობლები გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევენ სასკოლო სივრცეშიბავშვებისთვის ჰიგიენის ნორმების დაცვის სწავლებას, ასევე, ინფრასტრუქტურის დარესურსების მოფრთხილების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილებას. ამასთან,მშობლები მზადყოფნას გამოთქვამენ თავისი წვლილი შეიტანონ მოსწავლეთაცნობიერების ამაღლების საქმეში.

გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

მშობლებისთვის ციფრული უსაფრთხოების გზამკვლევი გამოიცა

ციფრული წიგნიერების გაზრდის მიზნით მშობლებისთვის გზამკვლევი გამოიცა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის” იმუშავა. გზამკვლევი სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების მშობლებს საბაზისო ცოდნას შესძენს ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების შესახებ და პოტენციური საფრთხეებისგან შვილების დასაცავად; ამასთანავე, კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ინტერნეტის დადებით მხარეებსა და შესაძლებლობებს. სახელმძღვანელოს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე  

 

ციფრული უსაფრთხოების გზამკვლევი სამ თემატურ ნაწილადაა დაყოფილი. თითოეული ნაწილი იმ გამოწვევას ეხმიანება, რომლის წინაშეც დგანან მშობლები.

  • ეკრანდამოკიდებულების მზარდი პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიისას, როდესაც ინტერნეტი, ფაქტობრივად, სწავლის, მუშაობის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის ერთადერთ წყაროდ იქცა. გზამკვლევში მიმოხილულია ეკრანდამოკიდებულების იდენტიფიცირების, პრევენციისა და ინტერვენციის გზები. (თემის ავტორი – ფსიქოდიაგნოსტი, ფსიქოკონსულტანტი ზანდა ჩეჩელაშვილი)
  • ციფრული უსაფრთხოება მოიცავს როგორც მოწყობილობების ფიზიკურ უსაფრთხოებას, ასევე, პირადი მონაცემების დაცვისა და უსაფრთხო ნავიგაციის წესებს. გზამკვლევი მიმოიხილავს ყველაზე გავრცელებულ საფრთხეებს და მათგან თავდაცვისა თუ მათზე რეაგირების საშუალებებს. (თემის ავტორი – ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი ფულარიანი)
  • მედია წიგნიერება თანამედროვე ადამიანის უმნიშველოვანესი უნარ-ჩვევაა და ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია, ინტერნეტში არსებული ზღვა ინფორმაციიდან გამოარჩიოს სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია; არ გახდეს დეზინფორმაციისა და მავნე პროპაგანდის მსხვერპლი; დაიცვას როგორც საკუთარი თავი, ასევე, სხვები. თანამედროვე სამყაროში ინტერნეტის მოხმარების შეწყვეტა უამრავი შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს. ამის საპირწონე კი მხოლოდ და მხოლოდ განათლებაა, ამ შემთხვევაში -ციფრული განათლება. (თემის ავტორი – მედიაწიგნიერების მკვლევარი სოფო გელავა)

გზამკვლევის შექმნა შესაძლებელი გახდა ესტონურ ორგანიზაცია „ელექტრონული მართვის აკადემიასთან“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით DRIVE პროექტის ფარგლებში, კორპორაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

მოსწავლეებისა და მათი მშობლების გამოწვევები სკოლაში

განათლების სისტემაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა საყურადღებოდ და საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის დაწყების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ იმ გამოწვევების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში ექმნებოდათ მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს.

ჩამონათვალი შედგენილია ასოციაციის სატელეფონო მომსახურების ცენტრში საანგარიშო პერიოდში შემოსულ ზარებზე დაყრდნობით და სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან ჯგუფური კონსულტაციების შედეგად, რომელიც გაიმართა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის („მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“) ფარგლებში. გასული სასწავლო წლის მიწურულს გამოწვევათა ნუსხაში მოცემულ საკითხებზე 800-ზე მეტმა მშობელმა იმსჯელა. ხოლო ნუსხის შედგენაში უშუალოდ მონაწილეობდა 30 სკოლის 40 მშობელი, მათ შორის, თბილისში, დიდ ქალაქებსა და სოფლებში მდებარე სკოლების მოსწავლეთა მშობლები.

ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხები მეტ-ნაკლები სიმძაფრით ეხება საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლების დიდ უმრავლესობას. ხელს უშლის მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღებაში და აფერხებს ბავშვების ჯანსაღ განვითარებას. სწორედ ამიტომ, მშობლებს გარდაუვალ აუცილებლობად მიაჩნიათ ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანიზაციებთან და პირებთან ერთად მსჯელობა, დაინტერებული მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა და პრობლემების გადაჭრის გზების ოპერატიულად მოძიება.

2022-2023 სასწავლო წლის სასკოლო გამოწვევების ნუსხა

სკოლა ვერ ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით, განათლების სისტემის დანიშნულებაა. გასულ სასწავლო წელს Ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში სკოლას სამივე მიმართულებით კვლავ ჩავარდნა ჰქონდა. კერძოდ,

  • არ არსებობს Სასკოლო კვების პროგრამა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. უმეტესად გაკვეთილებს მშიერი ბავშვები ესწრებიან. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც არის, იქ ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტები იყიდება. კერძოდ, გაზიანი სასმელები, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული. სკოლის დირექტორები თავიდან ირიდებენ პასუხისმგებლობას იჯარით გაცემულ ფართში მიმდინარე პროცესების შესახებ. გარდა ამისა, სკოლაში არ არსებობს კვების კულტურა. მოსწავლეებს არ აქვთ სივრცე და დრო, იმისთვის, რომ მიიღონ სახლიდან წაღებული ულუფა.
  • სკოლები ვერ სუფთავდება ხარისხიანად. არასაკმარისი კადრებისა და რესურსების გამო სკოლების შენობების ხარისხიანი დასუფთავება არ ხდება. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკლასო ოთახების სველი წესით დასუფთავების და საპირფარეშოების მოვლის პრობლემა. სკოლას არ აქვს ავტონომია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენ დამლაგებელს დაიქირავებს და რა იქნება მათი ხელფასი. სკოლის ადმინისტრაციის განმარტებით, განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დამლაგებლების შტატის ოდენობა არ არის საკმარისი ხარისხიანი დასუფთავებისთვის. ამავე დროს, მათი ხელფასი იმდენად მცირეა, რომ უჭირთ კადრების მოძიება. პრობლემის მოგვარება აღემატება სკოლის შიდა ძალებს და საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას.
  • Სპორტის გაკვეთილები ცდება ან უხარისხოდ ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის საათების რაოდენობა გაიზარდა, ეს გაკვეთილი ასობით სკოლაში ფიქტიურად ტარდება და არ ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. უმეტესად, ამას ხელს უწყობს სპორტული დარბაზების არ არსებობა და/ან მძიმე მდგომარეობა. ბევრ სკოლაში სპორტის დარბაზი იმდენად გასარემონტებელია, რომ ფიზიკურ სართხეს წარმოადგენს იქ ყოფნა. გარდა ამისა, ასეთ დარბაზებშიც კი რამდენიმე კლასს ერთად „უტარდება“ გაკვეთილი, რაც ქმნის ქაოსს და ზრდის დაზიანების რისკებს. სპორტის გაკვეთილზე ბავშვები ვარჯიშის და სპორტული რეჟიმის ნაცვლად, არიან თავისუფლად, სეირნობენ მეთვალყურის გარეშე ან იმყოფებიან საკლასო ოთახში, მერხთან.

სკოლებში ხშირად ირღვევა ბავშვთა უფლებები

  • მასწავლებლების მცირე ნაწილი ატარებს მრავალფეროვან გაკვეთილებს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. უმეტესად, გაკვეთილები მოსაწყენი და ბავშვებისთვის უინტერესოა, რაც იწვევს მათ დემოტივაციას სწავლაში. განათლების რეფორმის ფარგლებში შეთავაზებული კომპლექსური დავალება თუ სხვა ინსტრუმენტები ჯერ კიდევ ვერ გახდა სწავლების ორგანული ნაწილი და აღქმულია, როგორც დამატებითი სამუშაო.
  • მშობლებს მასიურად უწევთ რეპეტიტორების დაქირავება იმავე მიზნის მისაღწევად, რასაც სკოლა უნდა ემსახურებოდეს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ტენდენცია უფროსკლასელებში. სკოლაში სიარული ათასობით მოსწავლისთვის გაცდენილ დროსთან ასოცირდება, რადგან ბევრი მოსწავლე დაწყებითი საფეხურიდან კერძოდ ემზადება მასწავლებლებთან. (გავრცელებული პრაქტიკით, მოსწავლეები ყველაზე ხშირად უცხო ენებში, მათემატიკასა და ქართულში ემზადებიან.)
  • მასწავლებლების ნაწილი იყენებს არაპროფესიონალურ, ძალადობრივ მიდგომებს ბავშვებთან. სასკოლო კულტურაში არ გვაქვს დიალოგის და პრობლემების არაძალადობრივი გზების გადაჭრის მექანიზმები. მიუხედავად ფართოდ გავრცელებული ცოდნისა, რომ ყვირილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, საკლასო ოთახებიდან ყოველდღიურ რეჟიმში ისმის ყვირილის ხმა. პედაგოგებს განსაკუთრებით უჭირთ მოსწავლეთა ქცევის მართვა. ისინი არ ფლობენ ცოდნას, როგორ შეაფასონ და მართონ კლასში გამოვლენილი ქცევები. ერთ-ერთი გავრცელებული „სტრატეგია“ ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობაა, რაც გამოიხატება ხმამაღალ, ღირსებაშემლახველ კომუნიკაციასა და განმსაზღვრელი შეფასებით, ე.წ. ნიშნებით მანიპულაციაში. ხშირად, სკოლის თანამშრომლები მშობელს აიძულებენ, გადაიყვანოს ბავშვი სხვა სკოლაში და ამ გზით ცდილობენ პრობლემის „გადაწყვეტას“. სამწუხაროდ, სკოლებში არ არსებობს მხარდამჭერი გუნდი, რომელიც იმსჯელებს, განიხილავს ცალკეულ შემთხვევას, მოიწვევს გარე სპეციალისტებს, იმუშავებს მედიაციის ფორმატში, რისი მიზანიც არა დამნაშავის გამოვლენა და დასჯა იქნება, არამედ პრობლემის სიღრმისეული გააზრება, მოგვარება და სამომავლო პრევენცია.
  • უმეტეს სკოლაში არ არის ფსიქოლოგების შტატი. სკოლა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა პანდემიის შემდეგ დაბრუნებულ მოსწავლეებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგთა პროფესიული საზოგადოება, მასწავლებლები და მშობლები ვთანხმდებით, რომ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა პანდემიამ მკვეთრად გააუარესა, ამ დრომდე სკოლების უმრავლესობას არ ჰყავს ფსიქოლოგი, რომელიც ადგილზე იმუშავებს აღმოჩენილი პრობლემის დროს და/ან იზრუნებს სპეციალისტთან დროულ გადამისამართებაზე. მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის რესურსი მეტად შეზღუდულია არსებულ პრობლემასთან გასამკლავებლად. გარდა ამისა, სკოლის თანამშრომლები ხშირად გაურკვეველი მიზეზების გამო ერიდებიან ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში ისტორიის გადამისამართებას. ამავე დრო, სკოლაში მყოფ პირებს ხშირად არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, ეფექტიანად მართონ არსებული გამოწვევები (მაგალითად, ბავშვებს შორის კონფლიქტები) ან იმუშაონ პრევენციაზე.

სკოლებში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია:

  • სკოლის შენობების მშებენლობა და რემონტი წლების განმავლობაში ჭიანურდება. ათასობით ბავშვს უწევს წლობით სხვა სოფლის/უბნის სკოლაში შეკედლებულმა ისწავლოს იმის გამო, რომ სკოლის შენობებში დაწყებული სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაობი ვერ სრულდება ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში. ნორმად იქნა აღიარებული Online და ჰიბრიდული სახის უხარისხო სწავლება, რაც პანდემიის დროის პრაქტიკაა მსოფლიოსთვის. სამშენებლო კომპანიების არაკეთილსინდისიერების თუ არაკომპეტენტურობის და იმ პირთა გულგრილობის გამო, ვისაც ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციათა კონტროლი ევალება, ბავშვები წლობით ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას. ეს განსაკუთრებით საზიანოა იმ ფონზე, როცა ყველა საერთაშორისო კვლევით, საქართველოს სკოლების მოსწავლეები ჩამორჩებიან სწავლაში სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებს. ყოველივე ეს ათასობით ბავშვს ხელს უშლის ხარისხიანი განათლების მიღებაში, ასაკობრივ განვითარებაში და ართმევს მომავალში ღირსეულად ცხოვრების პერსპექტივას.
  • სკოლის შენობების სიმცირის გამო, კლასები გადატვირთულია, ხოლო სკოლებში რამდენიმე ცვლიანი სწავლება მიმდინარეობს. სასკოლო კალენდრის შედგენის დროს არ არის გათვალისწინებული ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები და სხვა მახასიათებლები. არ მიმდინარეობს არავითარი კონსულტაცია მოსწავლეთა ოჯახებთან. ძალიან ხშირად მშობლებს უწევთ უარი თქვან სამსახურზე, რაც მნიშვნელოვანია მათი და ბავშვების კეთილდღეობისთვის და მოერგონ იმ მოცემულობას, თუ რომელ ცვლაში მოხვდება იმ წელს მისი შვილი. ბევრი სკოლის დირექცია გადაწყვეტილების მიღების დროს არ ხელმძღვანელობს ობიექტური ინდიკატორებით და ერგება სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა მოთხოვნებს, რომლებიც პარალელურად სხვადასხვა სკოლაში, ხოლო გაკვეთილების შემდეგ რეპეტიტორად მუშაობენ.
  • საპირფარეშოებში არ არის დაცული უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები. სოფლის სკოლებში ხშირად არ მოდის წყალი, არ არის საპონი და ხელის დაბანის შესაძლებლობა. იგივე პრობლემა შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდევა დედაქალაქის და დიდი ქალაქების სკოლებშიც. ბავშვებისთვის კვლავ ფუფუნებაა სუფთა საპირფარეშოთი სარგებლობა და ხელის დაბანის შესაძლებლობა. ჯერ კიდევ გვაქვს სკოლები, სადაც საპირფარეშოებს საერთოდ არ აქვთ კარი, ან აქვთ კარი, რომელიც არ იკეტება.
  • არაერთი სოფლის სკოლაში არ არის ცენტრალური გათბობის სისტემა. მოსწავლეები და მასწავლებლები ზამთარში შეშის ღუმელის ანაბარი არიან დატოვებული.

სკოლებს აქვთ Საგანმანათლებლო რესურსების დეფიციტი.

  • ბევრ სკოლას არ აქვს ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები, გეოგრაფიის, ბიოლოგიის კაბინეტები, სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა – გამართული პროექტორი, ეკრანი, ჭკვიანი დაფები, რაც სასწავლო პროცესს ბავშვებისთვის უფრო საინტერესოს და შედეგიანს გახდიდა.

შშმ და სსსმ მოსწავლეთა მიმართ სტიგმა ჯერ კიდევ ძლიერია სკოლებში.

  • სპეციალური მასწავლებლების გარდა, სხვა მასწავლებლების ცნობიერება ინკლუზიური განათლების საჭიროებების შესახებ საგრძნობლად დაბალია, ისევე, როგორც მშობლების. საგნის მასწავლებლები ზოგჯერ გამორიცხავენ თავიანთ როლს საერთო შედეგის მიღწევაში და შშმ/სსსმ ბავშვის განათლებაში სპეცმასწავლებელს აკისრებენ სრულ პასუხისმგებლობას. ხშირად ინდივიდუალური სასწავლო გეგმები იწერება შაბლონურად, ზოგჯერ ისე, რომ მასწავლებელს ნანახიც არ ჰყავს მოსწავლე და არ იცნობს მის საჭიროებებს. სკოლა კმაყოფილდება იმით, რომ შშმ/სსსმ მოსწავლე სკოლაში დადის. ხელშესახები ცვლილებების მიღწევა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი ხდება.

სკოლებში არ არის დამკვიდრებული მშობელთა ორგანიზებული ჩართულობის კულტურა.

  • განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მოტივირებულ მშობლებს არაადექვატურად დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ მოახერხონ შვილის სასკოლო ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. საკანონმდებლო მხარდაჭერის მიუხედავად, სკოლა არ განიხილავს მშობლებს, როგორც პატნიორებს. ამ დრომდე გავრცელებულია სკოლებში მშობლების „დაბარების“ პრაქტიკა. სკოლებს არ აქვთ მშობლებთან თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვა, პოლიტიკა, ჩარჩო, სამოქმედო გეგმა. სკოლა არ არის მშობლებისთვის გამჭვირვალე ორგანიზაცია. მიუხედავად, არაერთი სისტემური ხარვეზისა, სკოლა არასოდეს მოუწოდებს მშობლებს, დაეხმარონ არსებული სირთულეების გადალახვაში. მშობლების მონაწილეობას აქვს ფიქტიური სახე და უმეტესად, ხასიათდება ეპიზოდური „იძულებითი“ ჩანართებით. სკოლა არ ზრუნავს მშობლების პედაგოგიზაციაზე, არ აცნობს მშობლებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ზგემს, საგნობრივ სტანდარტებს, მეთოდოლოგიას, უფლებებს, შესაძლებლობებს, თანამშრომლობის წლიურ გეგმას, არ აქვს მშობლებისგან უკუკავშირის მიღების ეფექტიანი მექანიზმები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სკოლის თანამშრომლები არ არიან საკმარისად მოტივირებულნი და/ან ვერ ხედავენ მშობლებთან თანაშრომლობის შესაძლო სარგებელს, მეტიც, ცდილობენ მშობლების დისტანცირებას სკოლიდან. ამის ნათელი მაგალითია, პანდემიის შემდეგ პერიოდში მშობლებისთვის მასიურად დაწესებული აკრძალვა, რომ ისინი ბავშვების მიყვანისა და გამოყვანის მიზნითაც კი არ შევიდნენ სკოლის შენობებში. მხოლოდ ცალკეული სკოლის ცალკეული დირექტორები და მასწავლებლები ახერხებენ რეგულარულად ითანამშრომლონ მშობლებთან, წაახალისონ ის ოჯახები, რომლებიც მზად არიან თავიანთი რესურსი მოახმარონ მოსწავლეების და სკოლის განვითარებას. უმეტესად, მშობლებს უჭირთ მასწავლებლამდე ან გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე მიიტანოს საკუთარი მოსაზრება, რადგან სკოლა არ არის მზად კრიტიკული აზრის მისაღებად. ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ იმას, რომ განათლების სისტემას სრულად ქმნიან და მართავენ დაქირავებული ადამიანები, ხდება სკოლების დახურულ ინსტიტუციებად ფორმირება, რაც მშობლებს ართმევს შესაძლებლობას, ბავშვის სასიკეთოდ გამოიყენოს მისივე რესურსი და ამავე დროს, ზრდის ბავშვთა უფლებრივი მდგომაროების გაუარესების რისკს.

სკოლებში არ ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების თემატური კლუბები

  • მოსწავლეებს არ აქვთ ცოდნის და უნარების განვითარების შესაძლებლობა კლუბური მუშაობის საშუალებით (მაგ. ლიტერატურის, დებატების, დისკუსიის, IT ტექნოლოგიების, მეცნიერების, ხელოვნების კლუბები). სადაც არის დამატებითი კლუბები უმრავლეს შემთხვევაში ფასიანია და შემოიფარგლება ხატვით, ცეკვით, მუსიკითა და სპორტით.

სკოლებთან მისასვლელი გზები არ არის უსაფრთხო.

  • სკოლების უმეტესობა გზასთან ახლოს მდებარეობს. მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭიროა არსებობდეს ტროტუარი, ზებრა გადასასვლელი, შუქნიშანი და სხვადასხვა გაფრთხილების შემცველი საგზაო ნიშნები. დღეისათვის, სკოლებთან ფეხით მისვლა არ არის უსაფრთხო. სკოლების უმეტესობასთან არ არის საბავშვო დაწესებულების აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი, რიგ შემთხვევებში არ არის შუქნიშანი, ზებრა და ტროტუარიც კი. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის წინა სივრცეს მანქანები იკავებენ, რის შედეგადაც იქ მცირეწლოვანი ბავშვის მარტო გადაადგილება საშიშია.

ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი სამუშაოები

  • არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ გააგრძელებს მშობლების პირისპირ კონსულტირებას, ასევე, ჯგუფურ დისკუსიებს მშობლებთან, დაინტერესებულ მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან, განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა პუბლიკაციაში ასახული აქტუალური პრობლემები აქციოს კვლევის და მსჯელობის საგნად.
  • რეაგირებისთვის და პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად 2022-2023 სასწავლო წლის პრობლემათა ნუსხა გაეგზავნება განათლების პოლიტიკის ავტორებს, საჯარო უწყენებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს; სამინისტროს რაიონულ რესურსცენტრებს; საჯარო და კერძო სკოლებს; სახალხო დამცველის აპარატს. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნულ ცენტრს; გაეროს ბავშვთა ფონდის მისიას საქართველოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. „მშობლები განათლებისთვის” მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა უწყებასთან, რომელიც პასუხისმგებელია განათლების პოლიტიკაზე საქართველოში და წარმოადგენდეს მშობლების ხმას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პუბლიკაცია მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პუბლიკაციის  შინაარსზე პასუხისმგებელია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

 

მოხალისე მშობლებმა სამუშაო შეხვედრა ილიას მუზეუმში გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ორგანიზებით მოსწავლეთა მშობლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ და აქტიურ მოქალაქეობაზე სამუშაო შეხვედრა იმ სახლში გამართეს, სადაც ილია ცხოვრობდა, ამასთანავე, გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული.
მოწვეულმა სპეციალისტებმა მშობლებს გააცნეს სასკოლო საჭიროებებისთვის თანხის შეგროვების თანამედროვე მეთოდები და პროტესტის გამოხატვის არაძალადობრივი ტაქტიკები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ისტორიული სახლის ძველთბილისურ ეზოში სამომავლო ნაბიჯების განხილვა შედგა, მონაწილე მშობლები კი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
მუზეუმში სტუმრობა პროექტის “მშობლების ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში შედგა, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (USAID Civil Society Engagement Program) მხარდაჭერით მიმდინარებს.

მშობლებისთვის ციფრული უსაფრთხოების ბანაკი მოეწყო

25-26 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ორგანიზებით, ციფრული უსაფრთხოების ბანაკი გაიმართა, სადაც 15 მშობელი ციფრულ ელჩად გადამზადდა.
ციფრული ელჩები იმ 180 მშობლიდან შეირჩნენ, რომლებიც ესწრებოდნენ ბოლნისში, გორსა და თბილისში გამართულ ტრენინგებს ეკრანდამოკიდებულების, ციფრული უსაფრთხოებისა და მედია წიგნიერების შესახებ.
მშობლებმა, გარდა იმისა, რომ დამატებით ისწავლეს როგორ გადასცნენ სხვებს მიღებული ცოდნა, ასევე სასიამოვნოდ გაატარეს 2 დღე და ჩამოაყალიბეს ციფრული ელჩი მშობლების ძლიერი ქსელი, რათა მათ საკუთარი რეგიონის მშობლებთან და მასწავლებლებთან კოორდინირებულად იმუშავონ ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ესტონურ ორგანიზაცია „ელექტრონული მართვის აკადემიასთან“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით DRIVE პროექტის ფარგლებში, ბრიტანული კორპორაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.