back to top

სასკოლო განათლებაში მშობელთა ორგანიზებული ჩართულობის პროექტი იწყება

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით,  სასკოლო განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობის პროექტი იწყება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ახორციელებს.

საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლები ნაკლებად არიან ჩართულნი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების განხილვისა და გადაჭრის პროცესებში. სწორედ ამიტომ მშობელთა ასოციაცია მშობლების  ქსელის შექმნასა და გაძლიერებაზე იმუშავებს, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს, მონაწილეობა მიიღონ  მათი შვილების ინტერესებზე მორგებული სასკოლო განათლების სისტემის შექმნაში.

პროექტის ფარგლებში ქვეყნის 6 რეგიონიდან 25 მოხალისე მშობელი და 10 სკოლა შეირჩევა, სადაც ჩატარდება მშობელთა ჩართულობის შესახებ ტრენინგები, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრები და სხვა აქტივობები მოსწავლეთა ოჯახების მონაწილეობით. მოხალისეები შეისწავლიან სკოლისა და მშობლების კომუნიკაციას, ასევე, კრიზული ურთიერთობის მართვის, სახალხო დაფინანსების წარმოების და არაძალადობრივი პროტესტის გამოხატვის ტაქტიკებს, რაც მათ დაეხმარებათ უკეთესი ხარისხით მიიღონ მონაწილეობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში. მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდება. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსწავლეთა მშობლები საჯარო და კერძო სკოლებიდან. პარალელურ რეჟიმში გაიმართება საინფორმაციო კამპანია „რა ხდება სკოლაში“, რომელიც მიზნად ისახავს ფართო აუდიტორიის ინფორმირებას მშობელთა მოძრაობის და ზოგადი განათლების სისტემაში დემოკრატიული მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.

საბოლოოდ, პროექტი ხელს შეუწყობს სკოლას, მშობლებს და სახელმწიფო უწყებებს მოსწავლეთა  კეთილდღეობაზე ორიენტირებული, შედეგიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში.

სკოლის შერჩევის შესახებ მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის” მშობლების მხარდაჭერის მიზნით შეხვედრა მოაწყო, სადაც მომავალი მოსწავლების მშობლებს სკოლებთან თანამშრომლობაში უკვე გამოცდილი მშობლები შეხვდვნენ და სკოლის შერჩევის პრაქტიკა გაუზიარეს. საუბარი შერჩევის კრიტერიუმებს, პრიორიტეტების, მოლოდინების განსაზღვრას, არსებულ გამოწვევებს და სირთულეების პრევენციას შეეხო.

შეხვედრას საქართველოს უნივერსიტეტმა და UG განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.

მშობლების მხარდაჭერის მიზნით მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ჩატარდება. შემდეგი შეხვედრა გაიმართება მარტის თვეში თემაზე „მასწავლებლებთან ურთიერთობის გამოწვევები“.

კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით კახეთის სკოლებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების ტრენინგები გრძელდება

არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში პროექტი „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“ გრძელდება, რომლის მიზანიც მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის  მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარების გაუმჯობესებაა.

პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსები უკვე ჩატარდა საგარეჯოს რაიონის სკოლებში, რასაც ჯამში 105 წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, 45 მოსწავლე, ამდენივე მშობელი და 15 მასწავლებელი. მომდევნო თვეების განმავლობაში ტრენინგები გურჯაანისა და დედოფლისწყაროს  6 საჯარო სკოლაში გაიმართება და დამატებით სხვადასხვა ასაკის 210 პირი გადამზადდება.

პროექტში მონაწილეობისთვის სკოლები ღია კონკურსის წესით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევა. გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მდებარე დაინტერესებულ სკოლებიდან სამოტივაციო წერილების მიღება წარმოებს 25 თებერვლამდე ელ. ფოსტით, მისამართზე [email protected]

პროექტი სასკოლო საზოგადოებას ეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობის და დეზინფორმაცია-პროპაგანდის მავნე გავლენის გააზრებაში. მონაწილეები შეისწავლიან ტროლების, ბოტების, ყალბი ვებგვერდების ამოცნობას და დამაზიანებელი, არასანდო ინფორმაციის გარჩევას; სიღრმისეულად  ეცნობიან დემოკრატიის კომპეტენციებს, ქართული და ევროპული კულტურის თავსებადობას და სწავლობენ  არაკეთილსინდისიერი ჯგუფების მიერ წარმოებული პროპაგანდის იდენტიფიცირებას.

ტრენინგების პარალელურად სოციალურ ქსელში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიაში უკვე 4000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. მომავალ თვეებში კამპანიას კახეთის რეგიონული მედიაც შეუერთდება. სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის კი კრეატიული და მრავალფეროვანი მულტიმედია მასალები შექმნა გაგრძელდება.

საქართველოში რუსული დეზინფორმაციის კამპანია მზარდია, ხოლო ნარატივი იმგვარად არის შემუშავებული, რომ შესუსტდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი და უსაფრთხოება. ანტიდასავლური  პროპაგანდა  მიზანმიმართულობითა და

სისტემატურობით ხასიათდება, რაც აახლოებს მას მიზანთან – მოახდინოს მავნე გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. პროექტი „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“ ამ გამოწვევის პასუხად შეიქმნა და მიზნად ისახავს მტრულად განწყობილი ჯგუფების პროპაგანდის გავლენის შემცირებას კახეთში.

###

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, „მშობლები განათლებისთვის“

ტელ: 599 74 07 50 ელ. ფოსტა:  [email protected]   www.mshobeltaskola.ge

 

კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით კახეთის სკოლებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების ტრენინგები ჩატარდება

თბილისი, 2022 წლის 22 სექტემბერი. არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იწყება ახალი პროექტი „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“, რომლის მიზანიც მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის  მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარების გაუმჯობესებაა.

პროექტის ფარგლებში საგარეჯოს, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს 9 სკოლაში სხვადასხვა ასაკის 300 პირი გაივლის გადამზადებას. პროექტი სასკოლო საზოგადოებას დაეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობის და დეზინფორმაცია-პროპაგანდის მავნე გავლენის გააზრებაში,  შეასწავლის ტროლების, ბოტების, ყალბი ვებგვერდების ამოცნობას და დამაზიანებელი, არასანდო ინფორმაციის გარჩევას; მონაწილეები სიღრმისეულად  გაიცნობენ ევროპულ ფასეულობებს, ქართული და ევროპული კულტურის თავსებადობას და შეძლებენ არაკეთილსინდისიერი ჯგუფების მიერ წარმოებული პროპაგანდის იდენტიფიცირებას.

ამავე თემაზე კახეთის რეგიონულ მედიაში საინფორმაციო კამპანია გაიმართება, ხოლო სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის კრეატიული და მრავალფეროვანი მულტიმედია მასალები შეიქმნება.

საქართველოში რუსული დეზინფორმაციის კამპანია მზარდია, ხოლო ნარატივი იმგვარად არის შემუშავებული, რომ შესუსტდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი და უსაფრთხოება. ანტიდასავლური  პროპაგანდა  მიზანმიმართულობითა და სისტემატიურობით ხასიათდება, რაც აახლოებს მას მიზანთან – მოახდინოს მავნე გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. პროექტი „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“ ამ გამოწვევის პასუხად შეიქმნა და მიზნად ისახავს კრემლის პროპაგანდის გავლენის შემცირებას კახეთში.

###

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, „მშობლები განათლებისთვის“

ტელ: 599 74 07 50 ელ.ფოსტა: [email protected]  www.mshobeltaskola.ge

 

„მშობლები განათლებისთვის“ საქართველოს უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა. მშობელთა ასოციაციის და უნივერსიტეტის ერთობლივი მიზანია, გაიზარდოს მშობელთა მონაწილეობა ბავშვის განათლების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას განათლების სისტემაში, მეორე მხრივ, ხარისხიანი განათლების მიწოდებას ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

თანამშრომლობის ფარგლებში მშობელთა ასოციაციის პროექტი „მშობელთა სკოლა“ და უნივერსიტეტის UG განვითარების ცენტრი ერთობლივ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. დაგეგმილი ღონისძიებები მიმართული იქნება მშობლებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლებაზე. „მშობელთა სკოლის“ და UG განვითარების ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით რეგულარულად ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები, ტრენინგები, ლექციები, მასტერკლასები და ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან და მასწავლებლებთან, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

სამუშაო თემატიკა მოიცავს აქტუალურ თემებს, როგორიცაა:

  • მშობელთა ჩართულობა ბავშვის განათლების პროცესში;
  • სკოლისა და მშობლების თანამშრომლობა;
  • მშობლებისა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური განათლება ბავშვის აღზდა-განვითარების და კეთილდღეობის შესახებ;

არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობა მემორანდუმის საფუძველზე შედგება.

 

###

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, „მშობლები განათლებისთვის“

ტელ: 599 74 07 50 ელ.ფოსტა: [email protected]  www.mshobeltaskola.ge

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აცხადებს კონკურსს დისტანციური სასწავლო კურსის შექმნის შესახებ

კონკურსი
განმცხადებელი: ააიპ მშობლები განათლებისთვის (P4E)
დაწყების თარიღი: 22.04.2022
ბოლო ვადა: 10.05.2022

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აცხადებს კონკურსს დისტანციური სასწავლო კურსის შექმნის შესახებ.

კონკურსის მიზანი და ამოცანები

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მიზნად ისახავს ვებპლატფორმის www.mshobeltakola.ge განვითარებას, კერძოდ ვებდგერზე ახალი რუბრიკის დამატებას დისტანციური სასწავლო კურსების სახით, რისი მიზანიც მშობლებისათვის სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და მხარდამჭერი სერვისების განვითარება-მიწოდებაა.

კონკურსში გამარჯვებულმა პირმა უნდა განახორციელოს ვებგვერდის ტექნიკური განახლება, კერძოდ:

აქტივობა1: კურსებისთვის საჭირო ფლაგინების დამატება ვებგვერდზე
აქტივობა2: შექმნილი კონტენტის საიტზე განთავსება, ტესტირება
აქტივობა3: კურსის გაშვება

კურსის დიზაინის შესახებ
დისტანციური კურსი იმგვარად შემუშავდება, რომ მარტივად და მინიმალურ დროში მისცეს დაინტერესებულ პირებს საბაზისო ინფორმაცია პოზიტიური მშობლობის ძირითად ცნებებთან დაკავშირებით.
კურსმა უნდა გააერთიანოს 5 სახეობის რესურსი:
 ლექცია (video)
 ლექციის საპრეზენტაციო ფაილი (PowerPoint)
 ლექციის ტექსტის ფაილი (word)
 ტესტი (Quizzes)
 პერსონალური სიგელი (PDF/GPG)
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილე პირის სახელზე უნდა დაგენერირდეს პერსონალურ სიგელი, რომლის გაზიარებაც მარტივად მოხდება სოციალურ ქსელში.
კურსის გავლა შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც სმარტფონებიდან, ასევე ლეპტოპ და დესკტოპ კომპიუტერებიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი შემოთავაზება ელ. ფოსტით [email protected]

დისტანციური სასწავლო კურსები იქნება world vision Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მშობლები ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

World Vision საქართველოს მხარდაჭერით ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის და ბავშვთა დაცვის მიზნით მშობლებისთვის დისტანციური კურსები იქნება

არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და World Vision საქართველოს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იწყება ახალი პროექტი „მშობლები ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომლის მიზანიც აღზრდის არაძალადობრივი მეთოდების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და ინოვაციური მიდგომებით პოზიტიური მშობლობის ტირაჟირებაა.

პროექტის ფარგლებში თვითმართვადი დისტანციური სასწავლო კურსები შეიქმნება, რაც მშობლებს შესაძლებლობას მისცემს მოსახერხებელი ფორმატით, მათთვის სასურველ დროსა და ადგილას შეძლონ აღზრდის თანამედროვე მიდგომების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიება და მშობლობის უნარების გაუმჯობესება.

მაისსა და ივნისში მშობლებისთვის ორი საბაზო კურსი – „პოზიტიური მშობლობის უპირატესობა“ და „ქცევის მართვა“ გამოქვეყნდება. კურსის გავლის შემდეგ მშობლები შეიძენენ მხარდამჭერი და მზრუნველი მშობლის კომპეტენციას; შეისწავლიან ქცევის მართვის სტრატეგიებს; შეძლებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ შვილების აღზრდის პროცესი; დისტანციურ კურსებს მაღალკვალიფიციური, ცნობილი ფსიქოლოგები გაუძღვებიან.

მშობელს უდიდესი როლი აკისრია ბავშვის განვითარების პროცესში. World Vision საქართველო წლებია ხელს უწყობს მშობლების გაძლიერებას პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების განვითარების გზით. ახალი დისტანციური კურსები კი მშობლებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა და გაეცნონ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომელიც გამოადგებათ მათ შვილებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში.

ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი წარმატებული და ფართოდ გავრცელებული სტრატეგია სწორედ მშობლების განათლებაა ბავშვის აღზრდის საკითხებში. 

World Vision საქართველო 2013 წლიდან არის #ITAW გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებას და ამ ბავშვებისათვის უკეთესი მომავლის შექმნას საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში შეიქმნა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი მშობლებისა და მზრუნველებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს აღზრდის არაძალადობრივი მეთოდების აღიარებას და დამკვიდრებას საზოგადოებაში,“ – World Vision საქართველოს წარმომადგენელი.

დისტანციური კურსები საჯაროდ განთავსდება ვებგვერდზე www.mshobeltaskola.ge და გავრცელდება საოციალური ქსელის საშუალებით კურსებით სარგებლობას ყველა მშობელი შეძლებს, ვისაც “სმარტფონზე“, კომპიუტერსა და  ინტერნეტზე ხელი მიუწვდება.კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მშობლები ელექტრონული ფორმატის პერსონალურ სიგელებს მიიღებენ.

20 წელია World Vision საქართველო ხელს უწყობს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერებასა და ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, რომელიც არის ინკლუზიური, ტოლერანტული და თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს ყველას. World Vision საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს ბავშვებთან, ოჯახებთან, თემებთან და ახორციელებს მრავალფეროვან პროგრამებს შემდეგი მიმართულებით: ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა, ადრეულ ასაკში ბავშვის განათლება და განვითარება, ახალგაზრდების გაძლიერება, ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა, თემის ჩართულობა.  

ბავშვთა დაცვასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული საინტერესო რესურსი შეგიძლიათ იხილოთ World Vision საქართველოს ვებ გვერდზე: www.worldvision.ge 

 

###

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, „მშობლები განათლებისთვის“ ტელ: 599 74 07 50 ელ.ფოსტა: [email protected]  www.mshobeltaskola.ge

  თეონა ნავდარაშვილი, კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი, World Vision საქართველო.  ტელ: +995 555 539559 ელ.ფოსტა: [email protected], www.worldvision.ge

რჩევები მშობლებს – კონფლიქტის გადაჭრა ადრეულ ბავშვობაში

სტუმარი: ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი