back to top

მშობლები და “სამოქალაქო განათლება”

როგორ ვესაუბროთ შვილებს “უხერხულ” თემებზე

ანიმაცია მოიცავს ფსიქოლოგ მაია ჯიბუტის რეკომენდაციებს: “ოდესმე გადაგირთავთ ტელევიზორი ან გადაგიტანიათ თქვენი შვილის ყურადღება სხვა რამეზე მაშინ, როცა ტელევიზიით გადის ჰიგიენური საფენების თუ კონდომის რეკლამა ან ფილმის ინტიმური სცენები? თუ კი, ეს დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავს ვერ გრძნობთ კომფორტულად ამ საკითხებზე  საუბრისას. სახლი კი არის საუკეთესო ადგილი იმისათვის, რომ  წამოიწყო საუბარი სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც კავშირშია სხეულის, სექსუალობისა და გენდერის საკითხებზე.

კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების განათლება სექსუალობის შესახებ ამცირებს არასასურველი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და აივ/შიდსის შემთხვევებს, და ეხმარება მათ, მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყების დროსთან დაკავშირებით.

რეკომენდაცია 1 – იმისათვის, რომ თქვენმა შვილმა არ დაიწყოს სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის სხვაგან მოძიება, რაც ხშირ შემთხვევაში არ იქნება სანდო და სწორი, შეეცადეთ თქვენ წამოიწყოთ ამ თემებზე საუბარი. ბავშვის ღირებულებები და დამოკიდებულებები ფორმირდება ოჯახში და შესაბამისად ოჯახში სექსუალობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა დაეხმარება მას განსაზღვროს თავისი ღირებულებათა სისტემა.

რეკომენდაცია 2 – თუ თქვენ ხართ მშობელი, რომელსაც არასოდეს გისაუბრიათ თქვენს შვილთან სექსუალობის საკითხებზე, არ დაიბნეთ, პირველ რიგში თავად მიიღეთ სპეციალისტებისგან სათანადო ინფორმაცია, რომ შეძლოთ საუბრის სწორად დაწყება. ვინ არის პასუხისმგებელი სექსუალობისა და სექსის საკითხებზე საუბარზე? პასუხისმგებელია დედა? პასუხისმგებელია მამა? პასუხისმგებელია ორივე მშობელი? იდეალურ ვარიანტში, ორივე მშობელი, რათა დარწმუნებულები იყოთ რომ თქვენი შვილი იღებს სწორ ინფორმაციას. სახლში ამ საკითხებზე ღიად საუბრით თქვენ დანერგავთ და გააძლიერებთ თქვენი ოჯახის ღირებულებათა სისტემას.

რეკომენდაცია 3 – გაითვალისწინეთ, ახალგაზრდების დაშინება სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავების მიზნით, როგორც წესი კონტრ პროდუქტიულია. ეს გამოიწვევს თქვენ შორის ღია ურთიერთობის შეწყვეტას. შესაბამისად, მოზარდები დაიწყებენ ისეთი გარემოს მოძიებას, სადაც ისინი უსაფრთხოდ, ღირებულად და მხარდაჭერილად იგრძნობენ თავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობელი თვლის რომ მოზარდს არ უნდა ჰქონდეს სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებამდე, უკეთესია თუ არ დავმალავთ მათგან ჩვენს დამოკიდებულებას, მაგრამ ისეთ თემებზე საუბარი, როგორიცაა უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობები და კონტრაცეფცია მაინც აუცილებელია. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი იყოს მოზარდისთვის.

ჩვენ შეიძლება გავკიცხოთ, დავარიგოთ მოზარდები, რჩევა მივცეთ
მათ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ პრობლემების არსებობის
შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით. რომ ჩვენ, მშობლები, მათი
მხარდამჭერები ვართ!”

ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” ანიმაციის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ეკრანდამოკიდებულების დაძლევაში

ანიმაცია მოიცავს ფსიქოლოგ მაია ჯიბუტის რეკომენდაციებს:

“მშობლების შფოთვას სხვადასხვაგვარი ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ, ერთერთია სიახლეების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება. შფოთვის მიზეზი შეიძლება იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უცოდინრობა. ხშირად მშობლების უნარები გაცილებით ჩამორჩება მათი შვილებისას. თანამედროვე პედიატრები ამბობენ, მნიშვნელოვანია კომპიუტერთან/გაჯეტთან ურთიერთობის შინაარსი, კონტექსტი და არა დროის ხანგრძლივობა. ბავშვის განვითარებაზე გარემოში არსებული უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას და არ შეიძლება, მარტივად კომპიუტერს დავაბრალოთ მოზარდის პრობლემები.

რეკომენდაციამშობლებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ ბავშვთან ჯანსაღი ურთიერთობის საჭიროება. ხშირად მშობლებისთვის კომფორტულია, როდესაც შვილები კომპიუტერთან დიდ დროს ატარებენ. სასურველია, რომ შვილთან ურთიერთობისას ფიზიკურად და მენტალურად იყვნენ ჩართულნი, ესაუბრონ და ეთამაშონ მას და ამ დროს არ დაკავდნენ საკუთარი საქმეებით.

რეკომენდაციასასურველია, მშობლებმა მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აღზარდონ 21-ე საუკუნეში ადამიანი, რომლის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი უნარი ციფრულ წიგნიერებაა. მოზარდისთვის საჭიროა ხელი მიუწვდებოდეს იმ რესურსებზე, რომელიც აღმოჩენების გაკეთების და ციფრული სამყაროსგან სარგებლის მიღებას შეძლებს. მშობლებმა  კი არ უნდა გამოურთონ კომპიუტერი/გაჯეტი, არამედ მასთან ერთად აქტიურად ჩაერთონ საკუთარი შვილის სწავლასა და თამაშში.

რეკომენდაციასასურველია ჩვენს შვილებს პატარა ასაკიდან ვასწავლოთ  ეკრანთან გატარებული დროის მენეჯმენტი. ასაკის მატებასთან ერთად, მათ დამოუკიდებლად მოუწევთ ინტერნეტთან ურთიერთობა. ამიტომ უნდა ვასწავლოთ საკუთარი ქცევის მართვა ონლაინ თამაშებსა და სოციალურ მედიაში. მოზარდს უნდა შეეძლოს კიბერბულინგის იდენტიფიცირება, ნამდვილი ინფორმაციის ყალბისაგან და სანდო კონტაქტების საეჭვოსაგან გარჩევა.

ჩვენი შვილები ტექნოლოგიის გამომყენებლები უნდა გახდნენ და არპირიქითტექნოლოგიებმა არ უნდა  მართონ მათი ყოველდღიური ცხოვრება!” 

 ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. 

ანიმაციის ავტორია “მშობლები განათლებისთვის”. ანიმაციის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია.

სხვა ანიმაციების სანახავად ეწვიეთ მშობელთა ციფრულ სკოლას www.mshobeltaskola.ge

როგორ დავიცვათ ბავშვების online უსაფრთხოება?

განათლების დარგის ტრენერის, მანანა ჯინჭარაძის რჩევები მშობლებს:

“სოციალურ ქსელში არასრულწოლოვანი პირის რეგისტრაცია ბაშვების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. მოსმენილი ამბის მაგალითზე შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რამდენად არის ფსიქოლოგიურად მზად არასრულწლოვანი მიიღოს ამ ტიპის მესიჯები და გაუმკლავდეს უხარისხო, დამთრგუნველ და მისთვის უცხო ინფორმაციას. თუ ამის მიუხედავად ბავშვს მაინც ვაძლებთ უფლებას გახსნას ანგარიში, უნდა გავაფრთხილოთ არაკეთილმოსურნე ადამიანების შესახებაც, რომელთაც შეუძლიათ ბავშვისთვის შეუფერებლი ინფორმაცია (წერილი, მესიჯი, ფოტო, ფილმი) მიაწოდონ მოზარდს. ასევე უნდა მოამზადოთ და შეაგუოთ, რომ მის ნააზრევს, სტატუსს და გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეიძლება უარყოფითი შინაარსის შემცველი შეფასება მოჰყვეს.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გაუფრთხილდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის:  სახელი, გვარი; ტელეფონის ნომერი; მისამართი; სკოლა, სადაც სწავლობს; წრეები, სადაც დადის; ინტერესები; პირადი ნომერი; ფოტო და ვიდეო მასალა მისი გამოსახულებით.  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება, მისი გამოყენება ფინანსური სარგებლის მიღებისათვის ან შანტაჟისთვის.

რეკომენდაცია პირველი: გაითვალისწინეთ  ბავშვის სოცქსელში გაწევრიანების ასაკი და ნუ წაახალისებთ ამას ადრეული ბავშვობიდან.

რეკომენდაცია მეორე: თუ თქვენმა არასრულწლოვანმა შვილმა მაინც მიიღო სოცქსელების მოხმარების გადაწყვეტილება, შეეცადეთ დაუდგინოთ სასარგებლო წესები: შეუმცირეთ ინტერნეტით სარგებლობის დრო, გაერკვიეთ ჩამოტვირთული აპლიკაციების, თამაშების მიზნობრიობაში, თვალი ადევნეთ, რომელ პროგრამებს იყენებს.

რეკომენდაცია მესამე: გააცანით მისი, როგორც ინტერნეტმოქალაქის პასუხისმგებლობები,  მიუთითეთ სექსტინგის საფრთხეების შესახებ, აუხსენით რას ნიშნავს პირადი ინფორმაცია და რა შეიძლება მოჰყვეს მის გასაჯაროებას.”

ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”. ანიმაციის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია.

 

მოზარდობის სირთულეებთან გამკლავება

ანიმაცია მოიცავს ფსიქოლოგ მაია ჯიბუტის რეკომენდაციებს

“”მოზარდობის ასაკში რადიკალურად იცვლება ბავშვის ფიზიოლოგია და ფსიქოლოგია. ადამიანის სასიცოცხლო ციკლში იგი შეფასებულია,  როგორც ერთ-ერთი რთულად გასავლელი პერიოდი. მშობლებმა და პედაგოგებმა კარგად უნდა გააცნობიერონ გარდატეხის ასაკის სირთულეები და ისწავლონ თინეიჯერებთან სწორად ურთიერთობა. იმისათვის, რომ სკოლამ და ოჯახმა გარკვეულ სირთულეებს გაართვან თავი სასურველია გაითვალისწინონ საყურადღებო რეკომენდაციები:

რეკომენდაცია 1: სწორედ ოჯახი და სკოლაა ვალდებული ამ პერიოდში  მოზარდს აჩვენოს და აგრძნობინოს სითბო და სიყვარული. საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს მხარდაჭერაც. მშობლებმა და პედაგოგებმა თავად აჩვენეთ მორალური ქცევის მაგალითები. დაეხმარეთ მოზარდს პოზიტიური თვითშეფასების ფორმირებაში: მაგალითად, მოუწონეთ კარგად შესრულებული სამუშაო, ყურადღება გაამახვილეთ მათ ნიჭსა და უნარებზე, დააფასეთ  მათი მცდელობები და მიღწევები.

გარდატეხის ასაკში იცვლება მოზარდის ხასიათი, შეხედულებები, ქცევები, ინტერესები!

რეკომენდაცია 2: როცა მოზარდი ცუდად იქცევა თავი აარიდეთ ზედმეტად მკაცრი დისციპლინარული ნორმების გამოყენებას. რაციონალურად აუხსენით მას ქცევის წესები.

გახსოვდეთ, რომ მოზარდს შეიძლება არა ერთი ”მეორე შანსი” დასჭირდეს.

ამ შემთხვევაში დასჯა – სკოლიდან გაძევება არ არის გამოსავალი, ეს შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს მოსწავლისთვის. სკოლამ დემოკრატიული მეთოდების გამოყენებით უნდა შეძლოს მოსწავლეებში პასუხიმგებლობის და თანამშრომლობის განვითარება. პედაგოგები თავად უნდა იყვნენ პოზიტიური ქცევის მოდელები.

მოზარდები ”იზომებენ”, ”ირგებენ”, ”ცდიან” სხვადასხვა როლს, ამიტომ გამოყავით როლი პიროვნებისგან – გააკრიტიკეთ ქცევა და არა მოზარდი!

რეკომენდაცია 3: კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა და გავლენა.  ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით         გამოწვეულ   პრობლემებთან გასამკლავებლად მოზარდებს თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამას კი, ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი განცდები და პრობლემები აქვთ. თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ყოველი მოზარდი ოცნებობს ნამდვილ მეგობარზე, რომელსაც შეიძლება ბოლომდე ენდოს.

მოზარდებს მართალია ახასიათებთ ერთმანეთის       მიმბაძველობა, მაგრამ თქვენ ნუ ეცდებით თქვენი შვილის ცუდი ქცევა მიაწეროთ სხვა ბავშვებს, მით უფრო თუ ამაში არ ხართ დარწმუნებული. მოიწვიეთ შვილის მეგობრები ოჯახში, გაიცანით ისინი და შეეცადეთ გაარკვიოთ მათი ინტერესები.

ძვირფასო მშობლებო და პედაგოგებო შეეცადეთ თქვენს შვილებს და მოსწავლეებს  ამ მნიშვნელოვან და რთულ  ასაკში გაუგოთ, უთანაგრძნოთ და ასწავლოთ!”

ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ანიმაციის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია

საშინაო დავალების გავლენები მოსწავლის ცხოვრებაზე – კვლევის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე საშინაო დავალების გავლენა და მშობლების დამოკიდებულება შეისწავლა. კვლევის მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით ზოგადი განათლების საფეხურზე საშინაო დავალებასთან დაკავშირებული პრაქტიკების შესწავლა. ასევე, მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებების გამოვლენა.

კვლევა საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონში ჩატარდა, მათ შორის: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში და სვანეთში. კვლევაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებიდან. რესპონდენტთა შერჩევისას დაცული იყო მოსწავლეთა ასაკობრივი ბალანსი. მთლიანობაში, კვლევაში მონაწილეობდა 404 რესპონდენტი.

კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი გარემოებები:

  • მოსწავლეების აბსოლუტურ უმრავლესობას ყოველდღიურად აქვს შესასრულებელი საშინაო დავალება, რასაც საშუალოდ 2-3 საათს უთმობენ.
  • მათემატიკის, ქართული ენისა და უცხოური ენის საშინაო დავალებების შესრულებას ყველაზე მეტი დრო სჭირდება.
  • მოსწავლეების უმრავლესობა სახლში მეცადინეობს და მათ საშინაო დავალების შესრულებაში ოჯახის წევრები ეხმარებიან.
  • საბაზო საფეხურის მოსწავლეები ყველაზე მეტ დროს უთმობენ საშინაო დავალების შესრულებას.
  • საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ პროტესტი მათი შვილისათვის დიდი რაოდენობით საშინაო დავალების მიცემის გამო.
  • საშუალო საფეხურის მოსწავლეების შემთხვევაში, ყველაზე ხშირია ძილის შეფერხების შემთხვევები საშინაო დავალებების გამო. ასევე, მათ შორის ყველაზე მაღალია იმ მოსწავლეთა წილი, რომლებსაც საერთოდ არ რჩებათ თავისუფალი დრო საშინაო დავალებების შესრულების შემდეგ.
  • მოსწავლეთა თითქმის მესამედი ნაწილისათვის საშინაო დავალება მოსაწყენი და უინტერესოა. ასევე, ისინი იძულებით ასრულებენ საშინაო დავალებებს.
  • სასწავლო საფეხურის ზრდასთან ერთად სულ უფრო მცირდება მოსწავლეების პოზიტიური დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ. ასევე, საშინაო დავალებას უფრო მეტი ხალისით და ინტერესით ასრულებენ საჯარო სკოლის მოსწავლეები. აქვე, მაღალმთიან სოფლებში ყველაზე ხშირია საშინაო დავალებების მიმართ მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულება.
  • მოსწავლეები ყველაზე ხშირად ემზადებიან უცხოურ ენასა და მათემატიკაში.
  • რაც უფრო მაღალია ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, მით უფრო მეტ თანხას ხარჯავს მოსწავლის მომზადებაში.
  • საჯარო სკოლის მოსწავლეები უფრო აქტიურად ემზადებიან რეპეტიტორთან, კერძო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით.
  • გამოკითხული მშობლების მესამედი საჭიროდ არ მიიჩნევს საშინაო დავალების ყოველდღიურად შესრულებას.

 

კვლევის სრული ანალიზის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც გამოქვეყნებული კვლევის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს.  რეკომენდაციები გამიზნულია მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის.

კვლევის ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე 

რა მასწავლა პანდემიამ როგორც დედას?

ნანა საჯაია ანდროს დედა
ვაშინგტონი 2020

ანდრო მალე 9 წლის ხდება და უკვე ორ თვეზე მეტია მისი მეცხრე დაბადების დღე დავგეგმეთ, დისნეილენდში წასვლას ნიუ-იორკში წასვლა არჩია. ადდრე დაგეგმვა და მოსალოდნელის წინასწარ ცოდნა მას კომფორტს ანიჭებს, დრო კი ორივეს მოსამზადებლად გვჭირდება, ვსაუბრობთ სად წავალთ, რას ვნახავთ, რას გავაკეთებთ. იგივე ეხება უქმეების დაგეგმვას და ხშირად მეორე დღის დაგეგმვასაც, ჩვენთვის გეგმის ქონა საუკეთესო სამზადისია.

კორონავირუსის პანდემიას დანარჩენი სამყაროს მსგავსად, მოუმზადებლები და დაბნეულები შევხვდით. ანდროს სკოლა ჯერ 4 კვირით, შემდეგ კი სემესტრის ბოლომდე დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, სავარაუდოდ, სკოლაში სულ მცირე ნახევარი წელი ვერ წავა. სკოლასთან ერთად დაიხურა სივრცეები, სადაც თავისუფალ დროს ვატარებდით – სასრიალო მოედნები, მისი საყვარელი კვების ობიექტები – პიცერია და სანაყინე, გასართობი ცენტრები, გაუქმდა პიანინოს გაკვეთილები, ვეღარ ივლის ჰიპ-ჰოპზე, რომელსაც ერთი თვე ელოდებოდა.

ანდროს სკოლაში საშინაო დავალებები არ აქვს, სავარჯიშოებს დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლაში კლასელებთან ერთად აკეთებენ, სახლში მხოლოდ კითხვა მოეთხოვება. სასკოლო დღეს ანდრო დილის 7 საათზე დგება და 8:20 წუთზე სკოლის ყვითელ ავტობუსს მიჰყავს, უკან ოთხ საათზე ბრუნდება. ახლა კი, მისი გართობა და გაკავება, მარტო 4 საათის შემდეგ კი არა, დილის 7-დან, სულ მცირე, ღამის 9 საათამდე მიწევს.

სახლში ყოფნისას ვცადეთ:

კითხვა – სანამ სკოლა დაიხურებოდა, მასწავლებელმა სკოლის ბიბლიოთეკიდან 20-მდე წიგნი გამოატანა. ხან თვითონ კითხულობს, ხან მე ვუკითხავ და მისმენს, მაგრამ ამას დიდი სიხარულით და მოტივაციით არ აკეთებს. მრავალფეროვნებისთვის, მოთხრობების მოსმენა დავამატეთ. დღეში ერთ მოთხრობას ვუსმენთ. ამ საიტზე, ამერიკელი მსახიობები და ცნობილი ადამიენბი (მათ შორის ოპრა უინფრი და ალ გორი) საბავშვო ლიტერატურას კითხულობენ, საიტზე წვდომა უფასოა.
https://www.storylineonline.net/
წიგნის მოსმენის შემდეგ, რამდენიმე კითხვას ვუსვამ და შინაარსზე ვსაუბრობთ. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ინტერაქტიული წიგნის კითხვის ეს მეთოდი აღმოჩნდა.

სამაგიდო თამაშები
სამაგიდო თამაშები ბლომად გვაქვს. ადრეც ხშირად ვთამაშობდით. ახლა ვცდილობ, რუტინის ნაწილი იყოს და ყოველ დღე 1 საათი, წყვეტის და ჩარევების გარეშე, რომელიმე სამაგიდო თამაში ვითამაშოთ. თამაშს ანდრო ირჩევს.
ამ ეტაპზე მისი საყვარელი სამაგიდო თამაშებია:
chutes and ladders, Sorry, Connect Four, Guess Who, Scrabble
თუ ეს თამაშები არ გაქვთ, სახლის პირობებში, ალბათ, ყველაზე ადვილად Scrabble-ის დამზადება შეიძლება. მუყაოს ქაღალდები პატარა ოთკუთხედ ნაწილებად დაჭერით და ასოები დააწერეთ, ამოაყირავეთ, მოურიეთ, ასოები მორიგეობით აიღეთ და ამობრუნებული ასოებისგან სიტყვების აწყობაში შეეჯიბრეთ ერთმანეთს.
ონლაინ თამაშებისთვის კარგი რესურსია ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის PBS-ის საბავშვო პროექტების გვერდი – https://pbskids.org/everything/

ორცხობილები
ამერიკულ ოჯახებში, შობის ღამეს, ორხცობილებს აცხობენ და საჩუქრის მოსატანად სახლში შემოპარული სანტა-კლაუსისთვის მაგიდაზე ტოვებენ. ეს ტრადიცია სახლში ყოფნისას გავიხსენეთ და წმინდა პატრიკის დღეს ფერადი ორცხობილები დავაცხვეთ. ანდრო დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული. მართალია, ბოლოს, მხოლოდ ერთი ორცხობილა ჭამა, მაგრამ მზადების პროცესით კარგად გაერთო, ხან ფქვილის და შაქრის დოზებს მიკითხავდა და ხანაც ცხობის ეტაპებს მიკონტროლებდა. თუ სამზარეულო საქმით თქვენი შვილიც ინტერესდება, იუთუბის ეს არხი გამოგადგებათ.
როზანა პანსინოს 12 მილიონი გამომწერი ჰყავს, ის ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე უხსნის სამზარეულოს წესებს.
https://www.youtube.com/user/RosannaPansino

თვითიზოლაციაში ყოფნას დაემთხვა ჩემი საძინებლისთვის კომოდის აწყობა, რამაც ანდროში აწყობის/შენების იმაზე დიდი ინტერესი გააღვივა, ვიდრე წარმოვიდგენდი, ხან ჩაქუჩის დარტყმაში მეცილებოდა და ხან ნახაზების კითხვაში მეხმარებოდა. ამ პროცესმა მთელი დღით მოიცვა. IKEA-ს ავეჯის გამოწერას ამ კორონავირუსის ჟამს, ალბათ, ბევრი არ აპირებთ. თუმცა შეგვიძლია ბავშვები სახლის საქმეებში ჩავრთოთ -იქნება ეს მაგიდის ალაგება, წიგნების თაროების მოწესრიგება თუ სათამაშო კუთხის დალაგება. კერძო სახლში უფრო მეტი როლის განაწილებაც შეიძლება.

სეირნობა და ვარჯიში
ანდრო და მე ნაბიჯებს ვითვლით. ორივე Fitbit-ის საათებს ვატარებთ და ყოველდღიურად 10 ათასი ნაბიჯის გავლა გვაქვს მიზნად. რადგან დღის განმავლობაში სახლში ვართ, გვიან საღამოს სასეირნოდ გავდივართ და ასე ვაგროვევბთ ნაბიჯებს.
თუ smart watch არ გაქვთ, ნაბიჯების დათვლა ნებისმიერ სმარტ ფონშიც შეიძლება.
თუშინ სასეირნოდ გასულებმა პირველად ვიძუნძულეთ. ამაში 5K Runner აპლიკაცია დაგვეხმარა https://apps.apple.com/us/app/5k-runner-couch-potato-to-5k/id439852091.
აპლიკაცია უფასოა და აქტივობა, სულ, 30 წუთს გრძელდება. პირველი და ბოლო ხუთი ფეხით ნელა დადიხართ, მერე ერთწუთიანი სირბილის და წუთნახევრიანი სიარულის მონაცვლეობის 5 რაუნდია. სესიის ბოლოს ოთახში გაუხარჯავი ენერგისგან იცლებით და დაგროვილი ნაბიჯებიც დაგროვილია, ჩვენ ამ ნახევარ საათში 2 კილომეტრი დავფარეთ.

და მაინც, რა მასწავლა კორონავირუსმა როგორც დედას? ის, რომ ყველა გრძნობა და პასუხისმგებლობა კრიზისისას მხოლოდ მძაფრდება და ის, რომ ისევე, როგორც სხვა, ნებისმიერ ომში, ხან მოვიგებთ, ხანაც დავმარცხდებით. მეც ასე, ყოველდღოურად ხან ვიგებ და ხან ვმარცხდები აიფონთან, აიპედთან, კომპიუტერთან. მერე ისევ ვცდილობ დავუბრუნდეთ რუტინას, ისევ წავიკითხოთ, ისევ ვითამაშოთ, ისევ ვირბინოთ და ასე, წრეზე… ხვალ ახალი დღე იქნება…