back to top

თამაშით სწავლის უპირატესობა სკოლებში

თამაშით სწავლებას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მისი საშუალებით ადამიანები სწავლობენ სოციალიზაციას, იღებენ განათლებას. ერთდროულად ერთობიან და ისვენებენ. თამაშით ნებისმიერი ცოდნის გადაცემაა შესაძლებელია. თამაშით სწავლების მიდგომა ემყარება თითოეულ ბავშვის ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, რის საფუძველზეც თამაში აყალიბებს ინტელექტუალურ გასართობ და დადებით საგანმანათლებლო მოტივაციას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის სკოლამდელი აღზრდის პროცესში და სხვა ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ზრდასრულობაში. თამაში სწავლის აქტიური საშუალებაა. თამაშით სწავლებას შეუძლია მოსწავლეებს დამოუკიდებელი აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობა მისცეს. თამაში ბავშვებს ეხმარება კარგად დაიმახსოვრონ შესწავლილი მასალა. გაკვეთილზე თამაში მოტივაციას და ენთუზიაზმს ზრდის.

1. სასურველია მშობლებმა მეტი სერიოზულობით შეხედონ თამაშით სწავლებას, რადგან გართობა სწავლის პროცესს სასიამოვნოს ხდის. ეს თავისთავად ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესისადმი ბავშვების მუდმივი ინტერესის ფორმირებას.

2. თამაშის სწავლების მეთოდები პროცესს სახალისოს და საინტერესოს გახდის, შედეგად კი საოცრად მაღალხარისხიანი ცოდნის მიღებას უზრუნველყოფს. ის რაც ბავშვმა დაიზუთხა – მას შეუძლია დაივიწყოს რამდენიმე დღეში; ის რაც მან თამაშში აითვისა – მას ახსოვს მთელი სიცოცხლე.

3. როცა ბავშვი თამაშით სწავლობს, ის თავის შედეგს სწრაფადვე ხედავს: „მან მოიგო“ ან „წააგო“. „მოგების“ შემთხვევაში მიღებული ცოდნის განმტკიცება ხდება; „წაგების“ შემთხვევაში დასწავლის მოტივაცია ძლიერდება.

რეკომენდაციების ავტორია ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე.
ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“.
ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მშობლის როლი ონლაინ სწავლების დროს

არის თუ არა მშობლის მოვალეობა გაკვეთილის მიმდინარეობის დროს შვილის გვერდით ჯდომა? როგორია მშობლების რეალობა?!

ნახეთ ერთი ოჯახის ანიმაციად ქცეული ისტორია და მოუსმინეთ განათლების დარგის ტრენერის, მანანა ჯინჭარაძის რეკომენდაციებს:
“რეკომენდებული არ არის თქვენი შვილის სწავლის პროცესს მუდმივად აკვირდებოდეთ საკლასო ოთახის სივრცეში. მითუმეტეს, ვერ გაყვებით პროცესს, როცა 2 ან მეტი შვილი გყავთ.
ასევე, არის საფრთხე იმისა, რომ სასწავლო პროცესში რაღაცამ არ დაგაკმაყოფილოთ (მაგალითად, ,,ჩვენ ასე არ გვასწავლიდნენ’’) და თქვენმა ჩარევამ კონფლიქტები და უკმაყოფილება გამოიწვიოს.
დაბალ კლასებში მასწავლებელმა შეიძლება სთხოვოს (და არა მოსთხოვოს) მშობელს ზედამხედველობა. ასეთი თანამშრომლობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ემყარებოდეს მასწავლებლის, მოსწავლის, და მშობლის სურვილს.
ბევრ ქვეყანაში, სკოლები ადგენენ ე.წ. ნეტიკეტს – ინტერნეტ-სწავლებისას ქცევის წესებს, რა არის დასაშვები და რა – არა. ამ ინფორმაციის მიწოდება საგანგებოდ ხდება მშობლებისა და მოსწავლეებისთვის.
კლასის ქცევის დარეგულირების მიზნით მშობლის დროისა და რესურსების გამოყენება არ არის გამართლებული. ონლაინ სივრცე და ჩატარებული გაკვეთილები მეტ ენერგიას და დროს მოითხოვს. მასწავლებელი მზად უნდა იყოს ამ ცვლილებისთვის და მეტი მოთმინება გამოიჩინოს ყოფაქცევასთან დაკავშირებით.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დასწრების დროს, მასწავლებლის მიერ, ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება გაცემული იქნას, მისი რომელიმე მოსწავლის მაიდენტიფიცირებელი, რაიმე სახის ინფორმაცია, რასაც სხვა მოსწავლის დამსწრე-მშობელი უსმენს. ჩვენთვის უცნობია, რა მიზნით გამოიყენებს ის ამ ინფორმაციას და გამოიყენებს თუ არა საერთოდ, მაგრამ ამ პროცესს ბევრი რისკის ფაქტორი ახლავს.

ამ შემთხვევაში რამდენიმე რეკომენდაცია მექნებოდა:
1. რეკომენდაცია პირველი: სწავლის დასაწყისში სკოლამ, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად, შეიმუშავოს ნეტიკეტი და შეიტანოს ის სკოლის შინაგანაწესში.
2. რეკომენდაცია მეორე. სკოლის დირექციამ უნდა გააფრთხილოს ყველა მასწავლებელი, მშობლის შესაძლო დასწრების დროს, გაუთვალისწინებელ და მოსალოდნელ საფრთხეებზე.
3. რეკომენდაცია მესამე: ონლაინ სწავლების დასაწყისში, სკოლამ დეტალურად უნდა გათვალოს ყველა წვრილმანი, რომელმაც შეიძლება ოჯახს პრობლემა შეუქმნას. სწავლის პროცესში სკოლა, შეძლებისდაგვარად, უნდა შეეცადოს აღნიშნული პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას და სასწავლო პროცესში ჩართული ოჯახების ხელშეწყობას.

რჩევები მშობლებს – სასკოლო მზაობა

წამყვანი: ცირა ბარქაია – ადრეული განათლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი

პრაქტიკული რჩევები – „ანბანის აპლიკაცია“, „გეომეტრიული ფიგურები“ – ლუკა მაყაშვილი

რჩევები მშობლებს – სამაგიდო და კონსტრუქციული თამაშები

წამყვანი: ნინუ კიკნაველიძე – განათლების ფსიქოლოგი, ადრეული განათლების სპეციალისტი

პრაქტიკული რჩევები – „ტეტრისი“, „X-O“ – ლუკა მაყაშვილი

“მშობლები განათლებისთვის” მშობელთა დისტანციური სკოლის პროექტს იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მოსწავლეთა მშობლებისთვის დისტანციური ფორმატის საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ივნისის მიწურულს ინტერნეტსივრცეში ახალი ვებგვერდი გამოჩნდება, სადაც მშობლები შეძლებენ შვილთან და სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მიიღონ მაღალკვალიფიციური  სპეციალისტის რეკომენდაცია.

კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებამდე მშობელთა ასოციაცია მოწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავდა. ამის მიუხედავად, მშობლების ნაწილი ტრენინგებში სხვადასხვა მიზეზით ვერ მონაწილეობდა. ამ გამოწვევის პასუხად ასოციაციის მმართველ გუნდში დისტანციური მშობელთა სკოლის იდეა გაჩნდა. პანდემიამ კიდევ უფრო აუცილებელი გახადა მშობელთა დისტანციური დახმარების პროგრამების არსებობა.

კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერამ მშობელთა ასოციაციას არსებული ტრენინგ-მოდულების ციფრულ ფორმატში გადატანის შესაძლებლობა მისცა.  პროექტი „დისტანციური მშობელთა სკოლა“ ათასობით მშობლისთვის გახდის ხელმისაწვდომს იმ ცოდნას და ინფორმაციას, რაც ორწლიანი მუშაობის განმავლობაში მშობელთა ასოციაციაში დაგროვდა. პირისპირ ტრენინგებისგან განსხვავებით, მშობელთა დისტანციური განათლების ფორმატი მოკლე, სხარტი, კიდევ უფრო სახალისო იქნება. ინფორმაციის გადაცემის საშუალებად ვებგვერდზე გამოყენებული იქნება გრაფიკულ ანიმაციები და მცირემეტრაჟიანი ვიდეო ბლოგები. ტექნოლოგიების გამოყენებით მშობლები კონკრეტულ სასკოლო და საოჯახო სიტუაციებთან დაკავშირებით ფსიქოლოგების, სკოლის ადმინისტრატორების, განათლების სპეციალისტების და იურისტების მოსაზრებებს გაეცნობიან და რეკომენდაციებს მიიღებენ.

მშობელთა დისტანციური სკოლის სერვისით სარგებლობას მშობლები ივნისის ბოლოდან შეძლებენ.