Covid 19-ის გავრცელებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ არასრულწლოვანთა მშობლები ხელისუფლებისგან კვლავ ვითხოვთ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფას! ვითხოვთ ახალ რეალობასთან ადაპტირებულ სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც სკოლებში, საბავშვო ბაღებში, დღისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების თერაპიული მომსახურების ცენტრებში უზრუნველყოფს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ უსაფრთხოებას პანდემიის პირობებში.
შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ იმ ფაქტით, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობა იმ დონემდე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სკოლების გახსნა. მაშინ როცა ევროპის რეგიონის მილიონობით მოსწავლე რეგულაციების დაცვით უბრუნდება საკლასო სივრცეს, ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ სკოლებს ვერ გახსნის.. მიგვაჩნია, რომ პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს მსოფლიოში დაგროვილი გამოცდილების გამოყენების და გონივრული მართვის შემთხვევაში სკოლების დახურვის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. ჩვენთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ არ დავმდგარიყავით ამ ფაქტის წინაშე, გადაწყვეტილების მიმღები პირები საუბრობენ მხოლოდ შეზღუდვებზე და არა იმაზე, როგორ მუშაობენ ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად. კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა ამისთვის, რა შედეგებს მიაღწიეს და რა არის დაგეგმილი უახლოეს მომავალში.
ჩვენ ვშიშობთ, რომ 15 სექტემბრიდან და 4 ოქტომრის შემდეგაც დავდგებით ნაცნობი დამღუპველი სცენარის წინაშე. მეტიც, თუ პანდემიის დასაწყისში online განათლება წარმოადგენდა სიახლეს და ერთგვარი ენთუზიაზმი ჰქონდათ ბავშვებს, წელს ეს ინტერესი და სიხარული ანულირებულია. პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს სკოლა თანატოლების გარეშე, ჩაბნელებულ ეკრანს მიღმა მოსაწყენი, ერთფეროვანი გაკვეთილების ჩატარების თუ ტელესკოლიდან ახსნილი ახალი მასალის მოსმენის პერსპექტივა ბავშვებს უკლავს სწავლის მოტივაციას და უაღრესად მძიმედ მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ვშიშობთ, რომ მივიღებთ ე.წ. კოვიდის დაკარგულ თაობას.
შევახსენებთ მთავრობას, რომ თითქმის ორი წელია მშობლებს და მცირეწლოვან ბავშვებს გაუსაძლის ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. ტექნიკასთან გატარებული დროის, უჰაერობის, უმოძრაობის გამო, ხშირად ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რაც მშობლების ნაწილის განმარტებით გამოხატულია მხედველობის გაუარესებით, ხერხემლის დაავადებებით და სხვა ნეგატიური გამოვლინებით.. იზოლაციის და შეზღუდვების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ექმნება სოციალიზაციის პრობლემა, ბავშვებს მასიურად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უჩნდებათ ქცევითი და ემოციური პრობლემები. ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ პანდემიის დროს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს აბსოლუტურად ვერ ფარავს დისტანციურად მიწოდებული ზოგადი განათლება, მით უფრო იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა ოჯახებსაც ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან ინტერენეტზე და გამართულ პერსონალურ კომპიუტერებზე.
უახლესი ქართული და საერთაშორისო კვლევები მოწმობს თუ რამხელაა პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგები ბავშვებში – danakargebi – kvleva (2); სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულია დისტანციური სწავლების პროცესის ხარვეზები ბავშვების დაბალი ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობაზე. მრავალშვილიანი, სიღარიბეში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების მხარდაჭერის აუცილებლობაზე. სკოლებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებს უკმარისობაზე. https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040110573948397.pdf; სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალზე საუბრობს IDFI -ის კვლევაც “განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში https://idfi.ge/ge/covid_19_and_the_georgian_eductation_sector საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ პანდემიის პირობებში ბავშვებში ორჯერ მოიმატა დეპრესიამ და შფოთვითმა აშლილობამ https://jamanetwork.com/journals/jamapediatrics/fullarticle/2782796?resultClick=1&fbclid=IwAR1kXxR0MNE4d_Zqoz4FSNrEgktaahfYz8HsBSHuKutUvPHHbCaee1WkSXk
ამ ფონზე მშობლებს გვაშფოთებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებები, რომელიც ეხება ზოგადი განათლების სისტემაში დაწესებულ შეზღუდვებს. მით უფრო მაშინ, როცა გახსნილია გასართობი, სავაჭრო, კვებითი ობიექტები და შეზღუდვები არ ეხება ზრდასრულ ადამიანებს.
მშობლებს მიგვაჩნია, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა განათლების სისტემის გადაწყობის შესაძლებლობებზე, რომელთა ფარგლებში მოხდება ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეში განათლების მიღებისა და ბავშვთა სოციალიზაციის ალტერნატიული მეთოდების დანერგვა.
სახელმწიფომ დაჩქარებულ ვადებში უნდა შეიმუშაოს მოდელი, რომელიც ნათელს გახდის კრიზისიდან გამოსვლის გზებს, აამაღლებს საგანმანათლებლო საზოგადოების ცნობიერებას და ხელს შეუწყობს ბავშვებისთვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას. დაეხმარება სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ფეხდაფეხ მიჰყვნენ საგანმანათლებლო პროცესების საჭირო ცვლილებებს. მშობლებს საშუალებას მოგვცემს, ის ტვირთი, რაც ამ მიმართულებით დაგვაწვა, გადავინაწილონ უკვე მომზადებულ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად.
ამისათვის, მშობლებს აუცილებელ ნაბიჯებად გვესახება:
- სახელმწიფომ იზრუნოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრების პოპულარიზაციაზე სკოლის მოსწავლეთა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მიზნობრივ ჯგუფებში. რადგან მხოლოდ მასწავლებელთა ვაქცინაცია რისკების შესამცირებლად საკმარისი არ არის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ასევე ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები და იმუშაონ მშობელთა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მოხდეს მშობლების მასობრივი ვაქცინაცია.
- დანერგოს დიფერენცირებული მიდგომა სკოლებში და შეიმუშაოს კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება გაიხსნას ცალკეული სკოლა, რომლის მიხედვითაც შეფასდება რისკები და მიიღება გონივრული გადაწყვეტილებები.
- დაუყოვნებლის დაადგინოს და გამოაქვეყნოს უსაფრთხოების ის ნორმები, რომლითაც უნდა იხელძღვანელონ სკოლებმა გახსნის შემდეგ.
- სახელმწიფომ უზრუნველყოს განათლების პოლიტიკის დაგეგმვასა და მართვაში მშობელთა ჩართულობა-მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.
- ინდივიდუალურად სკოლებმა ორგანიზება გაუკეთონ უსაფრთხო ღია სივრცეებში რეგულარულ გასვლით გაკვეთილებს, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალიზაციის პროცესს. თითოეულმა სკოლამ შეიმუშაოს განრიგი და უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვითაც შეძლებენ მოსწავლეთა ჯგუფების ღია სივრცეში შეკრებას და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ფარგლებში შემეცნებითი პროცესის წარმართვას. ეს სივრცეები შეიძლება იყოს სკოლის ეზო, მუნიციპალური პარკი, სკვერი. Დროითი გრაფიკის გარდა, მნიშვნელოვანია, სკოლამ განსაზღვროს რომელი საგნების პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას ამგვარ შეკრებებში და რამდენად ჩართულნი იქნებიან მშობლები. რაში დასჭირდება სკოლას მშობლების ჩართულობა და რა მოლოდინი ექნება სასკოლო თემის სხვა წევრებისგან.
- I და XII კლასებისთვის გამონაკლისის დაშვება და მათთვის სკოლის შენობების გახსნა. რათა პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაციის და სოციალიზაციის პროცესი სწორად წარიმართოს, მე-12 კლასელებს სკოლაში მიღებული ცოდნით ჰქონდეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
- გადახედოს საბიუჯეტო სახსრებს და გამონახოს ფინანსური რესურსები კლასებში ბავშვთა კონტინგენტის შესამცირებლად. ეს ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც კლასში დასწრებული სწავლების დროს ფიზიკური დისტანციის დასაცავად, ისე დისტანციურად სწავლის დროს. დადგინდეს კონკრეტული პარამეტრი, თუ რა ფართის საკლასო ოთახში რამდენიმე მოსწავლის ყოფნაა დასაშვები ისე, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვებს შორის უსაფრთხო ფიზიკური დისტანციის დაცვა. რაც შეეხება online გაკვეთილს, მშობლებს მიგვაჩნია, რომ 10-ზე მეტი ბავშვის ერთდროულად ყოფნა ნეგატიურად მოქმედებს აკადემიურ შედეგებზე.
- სწავლის დაწყებამდე შემუშავდეს დისტანციურ სწავლებაზე მორგებული სტრატეგიები, რას გულისხმობს აქცენტის გაზრდას ასინქრონულ სწავლებაზე და სინქრონული სწავლების პროცესის დახვეწას; სწავლის პროცესში კოგნიტური დატვირთვის გათვალისწინებას. ასევე, სწავლის სოციალური და ემოციური ასპექტის გათვალისწინებას, რაც, ფაქტობრივად, უგულებელყოფილი იყო მთელი წინა პერიოდის განმავლობაში. გადაიხედოს და მომზადდეს სასწავლო მასალა იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, ასაკის შესაბამისად, მოახერხონ მასალის მაქსიმალურად ეფექტიანი ათვისება. ამისათვის აუცილებელია აუდიალური, ვიზუალური და ყველა ტიპის თვალსაჩინო მასალის წინასწარ მომზადება და ადეკვატური ფორმით მიწოდება.
- სახელმწიფომ შეამციროს ციფრული უთანასწორობა და 50400 ბავშვი, რომელსაც ხელი არ მიუწვდება ტექნოლოგიებზე, არ დატოვოს განათლების მიღმა.
- ბაგა-ბაღებში შემუშავდეს ფიზიკური/გონებრივი/სოციალური განვითარებისთვის საჭირო ღია სივრცეზე მორგებული აქტივობები; ბაღის ეზოს ინფრასტრუქტურა მოეწყოს ისე, რომ ხანგრძლივად ბავშვების იქ ყოფნა იყოს უსაფრთხო და მათი განვითარების საჭიროებებზე მორგებული; ჯგუფების განტვირთვის მიზნით, ბავშვებმა იარონ მონაცვლეობით და თითოეულ მათგან კვირაში არანაკლებ ორჯერ მიეცეს ბაღში მისვლის შესაძლებლობა.
- დაეხმაროს სახელმწიფო შშმ და სსსმ ბავშვებს უწყვეტად მიუწვდებოდეთ ხელი თერაპიულ მომსახურებაზე, დღის ცენტრებზე, სკოლებში გახსნილ რესურს ოთახებზე. Online სწავლებაში ჩართული შშმ და სსსმ ბავშვებს მშობლის მოთხოვნის საფუძველზე დაენიშნოთ პირადი ასისტენტი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში.
- გაიზარდოს ფსიქოლოგის როლი მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან მუშაობისთვის. ამისათვის საჭიროა შეიქმნას პროფესიონალ ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მშობლებს, ბავშვებს და პედაგოგებს პანდემიურ სიტუაციაში სასწავლო აქტივობების ეფექტურად წარმართვაში. ამ აქტივობაში ჩართული უნდა იყვნენ სკოლის ფსიქოლოგები, რომელთაც უნდა დაევალოთ პროცესის მხარდაჭერა და სასწავლო სემესტრის მანძილზე წარმოქმნილი პრობლემების განხილვა ზემოთ ხსენებულ სამუშაო ჯგუფთან. მნიშვნელოვანია პედაგოგების ინსტრუქტაჟი პანდემიურ სიტუაციაში არსებული სტრესორების გავლენის შესახებ. კერძოდ პედაგოგებმა უნდა მიიღონ მინიმალური ინფორმაცია მაინც იმ ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ, რაც პანდემიაში შესაძლოა გამოუვლინდეთ მათ მოსწავლეებს: ქცევითი სირთულეები, ემოციური სირთულეები, დემოტივაცია, ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები და სხვა. ამ ინფორმაციის ფლობის შემდეგ მათ გაუადვილდებათ პრობლემის იდენტიფიკაცია და შეეძლებათ ინფორმაცია მიაწოდონ მშობელს, სკოლის ფსიქოლოგს და შესაბამისად ხელს შეუწყობენ პრობლემის პრევენციას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, პედაგოგებს და მშობლებსაც ჰქონდეთ პროფესიონალებისგან მუდმივი მხარდაჭერა. გასათვალისწინებელია პრდაგოგების გადაწვის სავარაუდო ალბათობაც, ამიტომ უნდა არსებობდეს პრაქტიკოს ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში პედაგოგებს გაუწევენ შესატყვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
თუ ზემოთ აღწერილი მოკლევადიანი გეგმის შესრულება 15 სექტემბრამდე შეუძლებელია, მშობლები თანახმა ვართ, რომ სკოლის დაწყების თარიღმა ოქტომბერში გადაინაცვლოს. რადგან წინა სასწავლო სემესტრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაუაზრებლად და დაუგეგმავად დაწყებულმა ე.წ. ონლაინ სწავლებამ მნიშვნელოვანი დანაკარგები მოგვიტანა. მნიშვნელოვანია, რომ იგივე არ განმეორდეს და სასწავლო წელი დაიწყოს, გვიან, მაგრამ სწავლის შედეგები წინასწარ იყოს გათვლილი და მასალაც ადაპტირებულად მიწოდებული.
შევახსენებთ ხელისუფლებას,
#მშობლებთანერთად
ბავშვის განვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაცაა.
სკოლები უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე და დაიხუროს ყველაზე გვიან, როგორც ამას გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს https://uni.cf/3gPm7HE
ვითხოვთ ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს ჩვენი შვილების წინაშე ნაკისრი საკონსტიტუციო და კანონიერი ვალდებულებები, რომელთა შესრულების საკმარისი დრო და რესურსები ჰქონდა.
განცხადების ტექსტი შემუშავებულია არასრულწლოვანთა მშობლებთან კონსულტაციების შედეგად.
განცხადებას ხელს აწერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“