კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული იზოლაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზიანის შემცირება და მშობლებსა და ბავშვებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება – ამ თემას ეხება გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ახალი ინიციატივა.
პროექტი მიზნად ისახავს მშობლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც დაეხმარება მათ გააუმჯობესონ შვილებთან კომუნიკაცია და დაეხმარონ მათ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულის სტრესის დაძლევაში.
პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში არსებულ მშობელთა ჯგუფებსა და ფორუმებში გაიმართება ონლაინ დისკუსიები. მშობლების მიერ გამოვლენილი პრობლემური საკითხების საპასუხოდ, სპეციალისტები მოამზადებენ ელექტრონულ რეკომენდაციებს. ბავშვთა ფსიქოლოგები ჩაატარებენ ვებინარებს თემაზე მშობლებისა და შვილების კომუნიკაცია სტრესულ გარემოში; ინტერნეტ უსაფრთხოების სპეციალისტები კი ინტერაქციულ ვებინარზე განიხილავენ ონლაინ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებს. ვებინარებზე დაყრდნობით, მომზადდება საინფორმაციო მასალები, მათ შორის, ვიდეო ბლოგები, რომლებიც გავრცელდება სოციალურ ქსელ ფეისბუკში არსებულ მშობელთა ჯგუფებსა და გვერდებზე.
ოთხთვიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობებში ჩართულები იქნებიან როგორც დედები, ასევე მამები.
კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვებისა და მათი მშობლების მნიშვნელოვანი ნაწილი უდიდესი გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა. იზოლაციის პირობებში, მაღალი სტრესის ფონზე, მშობლებმა ბაღის აღმზრდელების და სკოლის პედაგოგების როლები მოირგეს. დროის დეფიციტის, გაზრდილი პასუხისმგებლობების თუ სხვა პრობლემების გამო, მშობელთა ნაწილი წარმატებით ვერ გაუმკლავდა ამ გამოწვევას.
პანდემიის პერიოდში სახლებში ჩაკეტილი ბავშვები კიდევ უფრო დამოკიდებული გახდნენ ინტერნეტ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე, რასაც მოჰყვა მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის გართულება, კონფლიქტების გახშირება და ურთიერთობების გაუარესება. ასევე გაიზარდა ონლაინ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
კომენტარები