back to top

ჩვენ შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დეკლალირებული ამოცანების შესაბამისად ახორციელებს სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების მშობლების ცნობიერების ამაღლების პროექტებს. ორგანიზაციის საქმიანობა ემსახურება პოზიტიური, შვილის მხარდამჭერი მშობლობის იდეას.

ორგანიზაციის გუნდი ქმნის და ამუშავებს ტრენინგ მოდულებს, ატარებს ტრენინგებს, ლექციებს, ვებინარებსა და მასტერკლასებს.

ციფრული სკოლა 2020 წლის პროდუქტია, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა.

რა მიზანი აქვს მშობელთა ციფრულ სკოლას?!

მშობელთა ციფრული სკოლა დაეხმარება ყველა დაინტერესებულ მშობელს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიძინონ მხარდამჭერი და მზრუნველი მშობლის კომპეტენცია, შეძლონ თავდაჯერებულად, დამოუკიდებლად და რაც მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ შვილების აღზრდის პროცესი და დაეხმარონ მათ იყვნენ ბედნიერი და წარმატებული ადამიანები. თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მიზნებიდან გამომდინარე,  ციფრული სკოლა  მშობლებს დაეხმარება რომ გაზარდონ კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი, ჰუმანური და შემოქმედებითი ადამიანები. ასევე,  თავადაც შეძლონ მიიღონ მეტი სიამოვნება მშობლობისგან და ეს გამოცდილება  საკუთარი პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის გამოიყენონ.

ციფრული სკოლა პირველ ეტაპზე მოიცავს ვიდეო ბლოგებს, ვებინარებს, სტატიებსა და ანიმაციებს, სადაც მშობლების რეალური ცხოვრების ამსახველი სიტუაციების აღწერა-გაანალიზება ხდება. ციფრული ფორმატის შესაბამისად, ინფორმაცია გადმოცემულია მოკლედ, სხარტად, კრეატიული ინსტრუმენტებით. შემდგომ ეტაპებზე ციფრულ სკოლას დაემატება მშობელთა დისტანციური კურსები, ელექტრონული ჟურნალი, მშობელთა Online ქოუჩინგი და სხვა სერვისები.

ციფრული სკოლის პარალელურად მშობელთა პირისპირ ტრენინგები გრძელდება. 

„მშობლები განათლებისთვის“ „მშობელთა სკოლის“ პროექტს 2018 წლიდან ახორციელებს. 2018-2020 წლებში ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით 17 ტრენინგი ჩაატარა. თბილისის გარდა, სასწავლო კურსები გაიმართა ხაშურში, თელავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და ლანჩხუთში.  9 მუნიციპალიტეტში გადამზადდა 500-ზე მეტი მშობელი.

„მშობელთა სკოლას“ თბილისში კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი CTC მასპინძლობს.

მოსწავლეთა მშობლებთან ერთად მშობელთა ასოციაციის ტრენინგები სკოლის თანამშრომლების ინტერესსაც იწვევს. ხშირ შემთხვევაში სკოლა მასპინძლობს ტრენერებს და ერთ სივრცეში ახდენს მთელი სასკოლო საზოგადოების გადამზადებას.

ამ პროექტის ფარგლებში საგანგებოდ სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის შეიქმნა ტრენინგ-მოდულები არსებულ პრობლემებს შორის ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე. კერძოდ:

  1. ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები;
  2. სკოლისა და მოსწავლის მშობლის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები;
  3. რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი;
  4. ძალადობა, ბულინგი და მშობლის როლი სკოლაში;
  5. კრიზისული ურთიერთობების მართვა სკოლაში;
  6. მშობელთა ჩართულობის სტრატეგიული დაგეგმარება;
  7. მშობელთა მოხალისეობა.

მოდულები აგებულია ინტერაქტიულ მეთოდოლოგიაზე და ეყრდნობა საგანმანათლებლო პრაქტიკაში გავრცელებულ კონცეფციებს.

ორგანიზაციის კიდევ ერთი საქმიანობა მშობლებისთვის თემატური მასტერკლასების მოწყობაა. მასტერკლასი მშობელთა მცირე ჯგუფისთვის ტარდება და კონკრეტულ საკითხს ეხება. ასეთი საკითხები შეიძლება იყოს: „კლასისგან გარიყული მოზარდის პრობლემა“;  „მოსწავლის სუბიექტური შეფასება – როგორ გავიგოთ დააკლო თუ არა მასწავლებელმა ნიშანი“; „რა ვქნათ, როცა დირექცია და მასწავლებელი არ გვისმენს“; „რისი უფლება აქვს სკოლაში მშობელს“; “რა შეუძლიათ მშობლებს, როცა მოსწავლეები დადგენილ სტანდარტს ვერ აღწევენ” და ა.შ.

ტრენინგის ან მასტერკლასის დასაგეგმად დარეკეთ ნომერზე: 219 60 80 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტით მისამართზე info@mshobeltaskola.ge

ააიპ „მშობლები განათლებისთვის“ მშობლების პირველი ღირებულებითი გაერთინებაა საქართველოში. წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია 2018 წლის იანვარში დაფუძნდა. ორგანიზაცია აერთიანებს ნამდვილ და მხარდამჭერ წევრ მშოლებს, ასევე, მართავს  მუნიციპალური კოორდინატორი მშობლების ქმედით ქსელს ქვეყნის 9 რეგიონში.

მიზანი

ასოციაციის მიზანია განათლების სისტემაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება მშობელთა შესაძლებლობების განვითარებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობით.

ამოცანები

  • მშობელთა და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
  • მშობელთა განათლება და დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება.
  • განათლების პოლიტიკაში ბავშვების საუკეთესო ინტერესების ადვოკატირება.
  • განათლების მართვაში მშობელთა მონაწილეობის ხელშეწყობა.

მისია

ორგანიზაციის მისიაა, შექმნას საგანმანათლებლო სივრცეში მშობელთა აქტიური მონაწილეობისთვის  საუკეთესო დემოკრატიული გარემო,  სადაც  თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, თანასწორუფლებიანი საზოგადოება გავლენას მოახდენს მომავალი თაობის განათლებაზე საქართველოში.

ხედვა

ორგანიზაციის ხედვაა, რომ ბავშვი ვითარდებოდეს და განათლებას იღებდეს ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც მეცნიერულ მიდგომებს, დასაბუთებული არჩევანის გაკეთებას, დამოუკიდებლად ცხოვრებას და სხვებთან მშვიდობიან თანაარსებობას თანაბარი სიხარულით სწავლობენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. იმისთვის რომ სიხარულით ისწავლონ, სკოლა/ბაღი უნდა იყოს თითოეული მოსწავლე/აღსაზრდელის შესაძლებლობაზე, საჭიროებასა და ინტერესზე მორგებული. საგანმანათლებლო გარემო უნდა იყოს დემოკრატიული და უსაფრთხო, ტექნოლოგიებით, პროგრესული და ნოვაციური რესურსებით უზრუნველყოფილი. მასწავლებელი და მშობელი უნდა იყვნენ ბავშვის სოციალურ-ემოციურ, შემეცნებით და ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულნი.