როგორ ავუმაღლოთ 10 წლამდე ბავშვს სწავლის მოტივაცია

9252

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს სწავლის მოტივაციაზე

რა ეხმარება ბავშვებს, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ და სწავლობენ, განსხვავებული უნარები, რესურსები და ინტერესები აქვთ,  ისწავლონ, მოამზადონ გაკვეთილები, აითვისონ ახალი ინფორმაცია, მაშინაც როცა ის რთულია და არც ისე საინტერესო?

წარმოიდგინეთ როგორ იგრძნობდით თავს, ან რას იფიქრებდით საკუთარ თავზე,  ყველა თქვენ ირგვლივ რომ გეუბნეოდეთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ, ყოველთვის გაძლევდნენ შენიშვნებს, გიწუნებდნენ გაკეთებულ საქმეს, რამდენი ძალისხმევაც უნდა დახარჯოთ, რა დროც უნდა დაუთმოთ დავალებას – ეს არ იყოს საკმარისი და მოგიწოდებნდნენ რომ მეტი და მეტი აკეთოთ, მუდმივად გადარებდნენ სხვებს და გეუბნებოდნენ, რომ სხვები თქვენზე კარგად უმკლავდებიან დავალებებს. ამ სიტუაციაში გექნებოდათ სურვილი, ან მოტივაცია მეტი მუშაობის, მეტი ძალისხმევის დახარჯვის? თუ იფიქრებდით, რომ აზრი არ აქვს შრომას, მაინც არაფერი გამოვა,  მაინც არავინ იქნება კმაყოფილი.

მეორე მხრივ, ხშირად მშობელი თავად იღებს პასუხისმგებლობას ბავშვის მიერ შესასრულებელ დავალებებზე. ესწრება მის გაკვეთილებს, მუდმივად ეკონტაქტება პედაგოგებს და სხვა მშობლებს, აწერინებს ან უარეს შემთხვევაში, თავად უწერს ბავშვს დავალებებს, აკონტროლებს მის ყველა ნაბიჯს მეცადინეობის პროცესში. ხშირად მშობელი აკრიტიკებს პედაგოგს, განათლების სისტემას, ბავშვის მიმართ მიდგომებს, ამბობს რომ დავალებები ძალიან ბევრი და გაუგებარია ბავშვისთვის და ის ამას დამოუკიდებლად ვერასდროს გაუმკლავდება.

სწორედ ესენია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები მშობლების მხრიდან სწავლის პროცესში, რასაც შედეგად ის მოყვება, რომ ბავშვს საერთოდ არ აქვს პირადი პასუხისმგებლობის განცდა ან ინტერესი დავალებების შესრულების მიმართ, მეორე მხრივ კი ფიქრობს რომ მეცადინეობას აზრი არ აქვს, მაინც ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რომელსაც მისგან ელიან.

ბავშვები კარგ მოსწავლეებად არ იბადებიან, კარგ მოსწავლედ ჩამოყალიბება პროცესია. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის უნარები, რესურსი, ინტერესები, პიროვნული ნიშნები, გარემო, გარშემომყოფები და რაც უმნიშვნელოვანესია მოტივაცია.

მოტივაცია სწორედ ის “დრაივია”, რომელიც „აიძულებს“  ბავშვს, ეცადოს უკეთ შეასრულოს დავალებები, მაშინაც თუ იგი რთულია ან უინტერესოა. რა განაპირობებს ბავშვებში ამ „დრაივის“ არსებობას?

უმეტეს შემთხვევაში ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, ბავშვს აქვს სურვილი გაიგოს რაღაც ახალი, გაუმკლავდეს სირთულეებს, დაძლიოს გამოწვევები. რაც მეტ დროს უთმობს ბავშვი სამუშაოს და აღწევს შედეგებს, მით მეტად ემატება საკუთარი თავის რწმენა, ეზრდება ინტერესი და ემატება მეტის კეთების მოტივაცია. ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ გარშემომყოფებიც, ერთი მხრივ, რაც უფრო საინტერესო, მარტივად ახსნილი და გასაგებია ბავშვისთვის მასწავლებლის მხრიდან მიწოდებული მასალა, მით მეტი სურვილი და უნარი აქვს ბავშვს ისწავლოს. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია მშობლის, როგორც მხარდამჭერის როლი და აქ რამდენიმე ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ:

  • აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე რას სწავლობს ბავშვი და არა იმაზე, რა ნიშანს მიიღებს. უნდა ვკონცენტრირდეთ არა საბოლოო შედეგზე, არამედ დახარჯულ ძალისხმევაზე. უმეტეს შემთხვევებში ჩვენ ორიენტირებული ვართ რა შედეგს მიაღწევს ბავშვი და გვავიწყდება ყველა ის ძალისხმევა, რომელსაც იგი მუშაობის პროცესში ხარჯავს.  შესაძლოა ბავშვმა საუკეთესოდ ვერ წარადგინოს დავალება, ან ვერ მიიღოს უმაღლესი შეფასებები, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ და შევაქოთ ის ფაქტი, რომ მან ძალიან ბევრი იშრომა და დღეისთვის ეს შედეგი სავსებით მისაღები და საკმარისია. ამ შემთხვევაში ბავშვი ნაკლებს ნერვიულობს ნიშნებსა და შედეგებზე და მეტ სიამოვნებას იღებს თავად სწავლის, ახალი ინფორმაციის შეძენის პროცესით.
  • ვეცადოთ ბავშვს გაუჩნდეს წარმატებულობის მიღწევის განცდები. ჩვენ ბავშვს ვეუბნებით რომ გუშინდელთან შედარებით, დღეს უკეთ კითხულობს, უკეთ წერს მათემატიკის დავალებებს, უკეთ ესმის წაკითხულის შინაარსი. ეს ბავშვს ეუბნება, რომ მის შრომას აქვს აზრი, რომ ხვალ კიდევ უფრო კარგად გამოუვა, რაც ზრდის მოტივაციასაც და ბავშვის თვითშეფასებასაც.
  • ხაზი უნდა გავუსვათ პრაქტიკის, მუშაობის მნიშვნელოვნებას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ბავშვს უბრალოდ მათემატიკის ნიჭი არ აქვს და რაც გამოსდის ამაზე მეტს ვერ შეძლებს. ჩვენ მას ვასწავლით, რომ მცდელობებით და სხვების დახმარებით აუცილებლად მიაღწევს მიზანს.
  • შეეცადეთ ბავშვი გამოიყვანოთ თავისი კომფორტის ზონიდან. ხშირად როცა ბავშვი მიზანს ვერ აღწევს, მას ეკარგება გაგრძელების, ან მეტი მუშაობის მოტივაცია. ამ დროს ზრდასრულების რეაქცია არ უნდა იყოს „რაც არის არის“. უნდა ვეცადოთ ვიპოვოთ ახალი გზა და სტრატეგია, რომელიც ბავშვს სამომავლოდ მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
  • ბავშვი არასდროს უნდა შევადაროთ სხვებს. ბავშვი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა შევადაროთ. რა გამოსდიოდა ერთი კვირის წინ და რა გამოსდის ახლა. რამდენი რამე ისწვლა ბოლო კვირების განმამვლობაში. რამდენად უკეთ უმკლავდება გამოწვევებს სემესტრის ბოლოს. სხვებთან შედარება ბავშვს კარგს არაფერს მოუტანს, საკუთარ წინსვლაზე დაკვირვებით კი ხედავს, რომ შეუძლია სირთულეების დაძლევა.
  • დამოუკიდებლობის და პირადი პასუხისმგებლობის განცდა – სწავლის პროცესში ეს უმნიშვნელოვანესი რამაა. უნდა განვასხვავოთ ერთმათისგან ბავშვის დახმარება და მის ნაცვლად საქმის კეთება. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თავად აკონტროლებს სწავლის პროცესს, მშობელი კი მხარდამჭერი და დამხმარეა, ისიც საჭიროების შემთხვევაში.დახმარება გულისხმობს რთული დავალების მარტივ კომპონენტებად დანაწილებაში მონაწილეობის მიღებას, იმ კონკრეტული ნაწილის ახსნას, რაც ბავშვმა ვერ გაიგო, მარტივი ან სახალისო მეთოდის მისთვის ჩვენებასა და შეთავაზებას, ემოციურ მხარდაჭერას და თანადგომას. ბავშვის ნაცვლად საშინაო დავალებების წერა, მისი დახმარება არაა. რაც მეტ სირთულეს უმლავდება ბავშვი საკუთარი ძალისხმევით და თქვენი დახმარებით, მით მეტია თვითშეფასება, რაც ზრდის სწავლის მოტივაციასაც.

სწავლასთან დაკავშირებული სტრესის მართვა

სწავლის პროცესში ბავშვები მთელ რიგ სტრესორებს აწყდებიან და უწევთ მათთან გამკლავება. ეს შეიძლება იყოს საშინაო დავალებები, სოციალური სიტუაციები, ონლაინ სწავლება, ოჯახური გარემო და მასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა.

სკოლაში სტრესის გამომწვევი შეიძლება გახდეს მოუწესრიგებელი სასწავლო გარემო, გაუგებარი დავალებები და მოთხოვნები, შიში –  პედაგოგის, კლასელების ან წარუმატებლობის.

ილუსტრატორი ია გიგოლაშვილი

სახლის გარემოში სტრესს შესაძლოა იწვევდეს ბევრი დავალება, სკოლის გარდა სხვა წრეები და აქტივობები, რუტინის ხშირი ცვლილება ან არარსებობა, მოუწესრიგებელი, არასტრუქტურირებული გარემო, გადაჭარბებული მოთხოვნები და მოლოდინები ბავშვის მიმართ და სხვა.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია შევძლოთ სტრესის ნიშნების ამოცნობა:

 

  • სკოლისთვის ან მეცადინებისთვის მუდმივად თავის არიდება
  • ხასიათის ცვლილებები – დათრგუნულობა, აგრესია, გაღიზიანებადობა
  • ქცევის სირთულეები – ოპოზიციური ან დაუმორჩილებელი ქცევა
  • გადაღლილობა, უენერგიობა
  • ოჯახის წევრებისგან ან მეგობრებისგან იზოლირება, სხვებთან ურთიერთობის სურვილის დაკარგვა.
  • ძილის ან კვების ჩვევების ცვლილება
  • ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების სირთულეები.
  • ათვისების სირთულეები, იმაზე მეტი დრო სჭირდებოდეს მასალის გასაგებად და ასათვისებლად, ვიდრე აქამდე სჭირდებოდა.

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლის პროცესი უნდა იყოს ბავშვისთვის მაქსიმალურად სახალისო და არა მატრავმირებელი. როცა ბავშვი ძლიერი სტრესის ქვეშაა, მთელი მისი რესურსი და ენერგია, სტრესთან გამკლავებაში იხარჯება და ბავშვს აღარ რჩება დრო თუ შესაძლებლობა სწავლისთვის. მნიშვნელოვანია:

  • ბავშვთან იმაზე საუბარი რა უქმნის დისკომფორტს და გამოსავლის ერთობლივად ძიება.
  • ემოციური მხარდაჭერა – როცა ბავშვს შეუძლია მიმართოს მშობლებს, როცა უჭირს, იქნება ეს სწავლასთან, მეგობრებთან თუ ნებისმიერ სხვა ასპექტთან დაკავშირებული სირთულეები.
  • მნიშვნელოვანია მოვაწესრიგოთ ბავშვის დღის რუტინა – ძილის, კვების დროები. ამავე დროს, მეცადინებისა და თავისუფალი თამაშის დრო. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყოველდღიურად თავისუფალი დრო, როცა მხოლოდ იმას აკეთებს რაც მოსწონს, რითიც ერთობა.
  • ყოველწლიურად მოთხოვნები ბავშვის მიმართ იზრდება, მასალის მოცულობა იმატებს, რთულდება. მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს განცდა, რომ მხოლოდ მას არ უწევს ამ სირთულეებთან გამკლავება და ეს მისი თანატოლებისთვისაც არანაკლებ რთულია. ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის განცდაც რომ მარტო არ უწევს ამ ცვლილებებთან გამკლავება – მშობლებისა და პედაგოგების სახით მას უნდა ჰყავდეს დამხმარეები და მხარდამჭერები.
  • მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ დახმარების თხოვნა. იქნება ეს მშობელი, პედაგოგი თუ მეგობარი. მას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ყველა სირთულეს თავად უნდა გაუმკლავდეს და დახმარების თხოვნა სისუტის, უმეცრების მაჩვენებელია.

ონლაინ სწვლების პროცესში ბავშვების სტრესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნაკლებია სწავლის მოტივაცია, მეტია დისკომფორტი და რაც მთავარია, ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ სასკოლო ასაკში არ აქვთ განცდა, რომ ის რასაც სახლიდან აკეთებენ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სკოლაში სიარული. ამ შემთხვევაში აუცილებელია:

  • გვესმოდეს და თანავუგრძნოთ ბავშვებს – ხშირად მშობლები თვლიან, რომ რაკი ბავშვი ლეპტოპთან თამაშით არ იღლება, არც სწავლით უნდა დაიღალოს. რაც სრულიად ირაციონალური დაშვებაა. ბავშვს ბევრად მეტი ენერგიის და ძალისხმევის ხარჯვა, უწევს, ამასთან ეკრანთან სწავლა ბევრად უფრო რთულია.
  • არ შეეცადოთ სკოლის სახლით ჩანაცვლებას – სკოლაში 5-6 საათი დროის გატარება ბავშვს შეუძლია. სახლში ამდენი საათის მანძილზე მეცადინეობა ფიზიკურადაც და შემეცნებითაც უბრალოდ შეუძლებელია. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით 2-დან 4 საათამდე მეცადინეობის დრო სავსებით მისაღები და საკმარისიცაა მთელი დღის მანძილზე.
  • შესვენებები – აუცილებელია ბავშვი შესვენებების დროს მართლაც ისვენებდეს და არ მეცადინეობდეს. წაახალისეთ ამ დროს იმოძრაოს, ადგეს, თუნდაც ოთახში გაიაროს.
  • მეგობრებთან ურთიერთობა– სკოლაში სწავლის ერთ- ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ბავშვებისთვის მეგობრებთან გართობა და ურთიერთობაა. ამ სიტუაციაში ეს მნიშვნელოვნად შემცირდა ან მთლიანად მოაკლდათ ბავშვებს. აუცილებელია კვირაში რამდენჯერმე, რაიმე ფორმით – თუნდაც დისტანციურად, ბავშვს მიეცეს საშუალება თანატოლებთან ურთიერთობის და მისთვის სასიამოვნო აქტივობებით დაკავებისთვის.
ჩვენ ყველანი ვთანხმდებით სწავლის აუცილებლობაზე, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ცხოვრება მხოლოდ სწავლა არ არის. მას აუცილებლად უნდა ეძლეოდეს თავისუფალი დრო. სწავლა არ უნდა გახდეს ბავშვისთვის მატრავმირებელი და არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ უსიამოვნებებთან და დისკომფორტთან.

პირველკლასელები Online  

ილუსტრატორი ია გიგოლაშვილი

პირველკლასელები, როგორც წესი სავსენი არიან ენთუზიაზმით ახალი თავგადასავლების მიმართ – ისწავლონ, შეიძინონ მეგობრები, გაერთონ, იარონ სკოლაში. თუმცა, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით სკოლის ყველაზე საინტერესო და სახალისო ასპექტები გაქრა და დაგვრჩა მხოლოდ ეკრანი და გაკვეთილები. ამ სიტუაციაში ბავშვის ენთუზიაზმის შენარჩუნება ძალიან რთულია. სახლის გარემო სკოლისას ვერაფრით ჩაანაცვლებს თუმცა, შეგვიძლია იგი მეტ-ნაკლებად ეფექტური გავხადოთ და სტრესი  მინიმუმამდე დავიყვანოთ.

პირველ რიგში, აუცილებელია საკუთარი ღელვა, თუ ნეგატიური დამოკიდებულება სწავლების ამ ფორმის მიმართ მშობელმა არ გაახმოვანოს ბავშვთან.

ბავშვებს ისედაც უჭირს იმის გაცნობიერება, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, მშობლის ღიად გამოხატული ნეგატიური განწყობა კი ბავშვს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტად უგდებს. ყოვლად დაუშვებელია მასწავლებლის, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის, თუ დავალებების კრიტიკა ბავშვის გასაგონად. ეს მას განუმტკიცებს აზრს, რომ რასაც აკეთებს უფუნქციოა და მის ძალისხმევას აზრი არ აქვს.

უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ფიზიკური გარემოს ადაპტირება ბავშვისთვის. აუცილებელი არაა ბავშვს ცალკე ოთახი ჰქონდეს, თუმცა აუცილებელია იზოლირებული კუთხის გამოყოფა, სადაც ექნება თავისი მაგიდა და ყველა ნივთი, რომელიც სკოლისთვის სჭირდება. სივრცის იზოლირება გულისხმობს იმასაც, რომ არ უნდა იყოს ხმაური, მშობელი არ უნდა ერთვებოდეს საგაკვეთილო პროცესში, თუ ამას პედაგოგი არ სთხოვს. ამით ჩვენ ბავშვს ერთი მხრივ დამოუკიდებლობას ვაძლევთ, მეორე მხრივ კი პატივს ვცემთ მის პირად სივრცეს და ვეხმარებით თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ მოვალეობებზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, დღის რუტინის მოწესრიგება. რაც ასევე ყველა ასაკის ბავშვისთვისაა მნიშვნელოვანი. დღის განრიგში მნიშვნელოვანია ბავშვს დავეხმაროთ გაკვეთილებისთვის მომზადების პროცესში. ბავშვი უნდა იღვიძებდეს იმ დროს, როცა სკოლაში წასასვლელად ადგებოდა, უნდა ამზადებდეს წიგნებს, რვეულებს, კალამს, ყველა ნივთს, რომელიც გაკვეთილისთვის შეიძლება დასჭირდეს. იცავდეს ჰიგიენას. არავითარ შემთხვევაში ბავშვი არ უნდა ესწრებოდეს გაკვეთილს საწოლიდან. უნდა ჰქონდეს ჩართული კამერა და მიკროფონი. გარემოს თუ თავად ბავშვის ასე მომზადება გაკვეთილისთვის, ეხმარება მასვე სწავლის პროცესზე პასუხისმგებლობის აღებასა და პედაგოგის თუ თანაკლასელების პატივისცემაში.

რაც შეეხებათ პირველკლასელებს, როგორ დავეხმაროთ მათ, გარდა უკვე აღნიშნული რეკომენდაციებისა:

  • ბავშვები უკეთ სწავლობენ მშვიდ გარემოში მშვიდი ადამიანებისგან. პირველ რიგში უნდა შევეცადოთ ჩვენი სტრესი თუ გაღიზიანება არ აისახოს ბავშვზე.
  • მშობლის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა ბავშვს დაეხმაროს ტექნიკურ საკითხებში. ასწავლოს როგორ ჩართოს ლეპტოპი და მოემზადოს გაკვეთილისთვის. როგორ დასვას შეკითხვა, როდის ჩართოს ან გამორთოს მიკროფონი, როგორ ითხოვოს დახმარება, თუ რაღაც არ გამოუვა.
  • მშობელმა და მასწავლებელმა ერთად, უნდა გააცნონ ბავშვს წესები, რომელიც გაკვეთილის მსვლელობისას უნდა დაიცვას. რაც პირველკლასელებისთვის არც ისე მარტივია, სასკოლო გარემოშიც კი.
  • ბავშვთან ერთად მოაწყვეთ მისი კუთხე სადაც გაკვეთილებს დაესწრება. შეეცადეთ იყოს იგი მაქსიმალურად მყუდრო. შეეცადეთ მოარიდოთ მას ყველაფერი რაც ხელს შეუშლის ყურადღების კონცენტრირებაში, გაუფანტავს ყურადღებას. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ როცა სწავლობს, სხვას არაფერს უნდა აკეთებდეს.
  • გარდა ფიზიკური გარემოს მოწყობისა, უმნიშვნელოვანესია თავად ბავშვის მზაობა სწავლების პროცესში. პირველკლასელებისთვის განსაკუთრებით რთულია ერთ ადგილას ხანგრძლივად ჯდომა, ამიტომ მნიშვნელოვანია ხშირად ეძლეოდეს მოძრაობის საშუალება. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ეკრანი მათთვის ბევრად უფრო დამღლელია. შესვენებების დროს ბავშვს უნდა მივცეთ ფიზიკურად მოძრაობის, აქტივობის საშუალება.
  • წაახალისეთ ბავშვის დამოუკიდებლობა. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ მის ნაცვლად ის, რასაც თავადაც გაუმკლავდება ან გაუმკლავდება მცირედი დახმარებით. არ დაესწროთ გაკვეთილებს, თუ ამის აუცილებლობა არაა, დასწრების შემთხვევაშიც თავი აარიდეთ შენიშვნებს, მასწავლებლის, ბავშვის კრიტიკას, კარნახს და ა.შ. ჩაერთეთ მხოლოდ მაშინ, როცა გთხოვენ.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა?

მშობლები ძალიან ხშირად მოგვმართავენ ჩივილით, რომ ბავშვს არ აინტერესებს ზღაპრები და არ უსმენს მშობლებს, რომლებიც უკითხავენ. უფრო დიდი ასაკის ბავშვების შემთხვევაში კი, მშობლები ჩივიან, რომ ბავშვებს არ უყვართ კითხვა და ვერაფრით აინტერესებენ. თანამედროვე სამყაროში ბავშვებს უამრავი გასართობი აქვთ ტელევიზორის, ვიდეო თამაშების, სოციალური ქსელების სახით, ამას ემატება სკოლის გაკვეთილები და კლასგარეშე წრეები, სადაც ბავშვი ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავს, შესაბამისად, ის რომ წიგნების მიმართ ინტერესი ძალიან დიდი ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს, საკმაოდ ლოგიკური და ბუნებრივია. თუმცა, ყველა მშობელი დაგვეთანხმება, რომ წიგნის კითხვა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის არა მხოლოდ ენობრივ, არამედ შემეცნებით, ემოციურ თუ სოციალურ განვითარებაში.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კითხვა არ იწყება სასკოლო ასაკში ასოების ცნობით და მათი სიტყვაში გაერთიანებით, კითხვა გაცილებით ადრეულ ასაკში იწყება. წლამდე ასაკიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს ისეთი უნარების გამომუშავებაში, რაც სამომავლოდ კითხვის უნარს უდევს საფუძვლად.

სკოლამდელ ასაკში:

  • ადრეულ ასაკში, პირველი ნაბიჯი სწორედ ისაა, რომ მშობელი უკითხავს ბავშვს. გარდა იმისა, რომ ამით ბავშვს კითხვის ყველაზე ელემენტარულ უნარებს ვძენთ, თავად ეს პროცესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობელისა და შვილის მიჯაჭვულობის, ემოციური კავშირის დამყარებაზე.
  • მნიშვნელოვანია ბავშვობიდანვე კითხვა დღის რუტინი ნაწილი გახდეს. თავად მშობელს შეუძლია აირჩიოს დღის მონაკვეთი, როცა ბავშვს უკითხავს, ეს შეიძლება იყოს დილა ან ძილის წინ პერიოდი. მნიშვნელოვანი ბავშვს ჩვევად ჩამოუყალიბდეს, რომ მას უკითხავენ.
  • მთავარი შეცდომა , რომელსაც ბავშვისთვის კითხვის პროცესში ვუშვებთ ისაა, რომ მშობელი ზღაპარს ყვება ან კითხულობს, ბავშვი კი პასიურად ზის და ისმენს. 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კითხვის ეს ტექნიკა აბსოლუტურად შეუსაბამო და არაფრის მომცემია. ამ ასაკში ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვს მოსწონდეს წიგნი, მოსწონდეს როცა უკითხავენ, შეძლოს ახალი სიტყვების ან მარტივი წინადადებების, დიალოგების დამახსოვრება და სწავლა. კითხვას ამ ასაკში ძირითადად სწორედ ეს ფუნქცია აქვს.
  • კითხვის პროცესში, ბავშვი აქტიურად უნდა იყოს ჩართული და არ უნდა გისმენდეთ პასიურად – ბავშვი უნდა ხედავდეს სურათს, თავად უნდა შლიდეს წიგნს, თითს გიდებდეთ დახატულ საგნებზე.
  • მშობელი უნდა აღწერდეს სურათს, ასახელებდეს ცალკეულ საგნებს, ნელა და მკაფიოდ, ყოველ დასახელებულ საგანს ადებდეს თითის, შემდეგ ბავშვს ადებინებდეს თითს, ახმოვანებდეს ყველაფერს, რასაც ბავშვი თავისი ინიციატივით ადებს თითს.
  • კითხვის პროცესში ხშირად უნდა შეიცვალოთ ხმა, გაახმოვანოთ საგნების, წვიმის/ქარის, ცხოველების, ფრინველების  თუ სხვადასხვა ადამიანების ხმები.
  • ხშირად დასვით კითხვა – ეს რა არის? ეს როგორ აკეთებს? ეს როგორ დადის? ამას რა უყვარს? ეს სად ცხოვრობს? – და ა.შ. თავდაპირველად ყველა დასმულ კითხვას თქვენ პასუხობთ. დროთა განმავლობაში ბავშვი თავად დაიწყებს ყველაფრის გახმოვანებას

კითხვის პროცესი არ სრულდება ტექსტის წაკითხვითა და სურათების დათვალიერებით. მიეცით ფანტაზიას გასაქანი და მოიფიქრეთ, როგორ გადმოიტანოთ წიგნში წაკითხული ინფორმაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი თამაშში. შეგიძლიათ დახატოთ და გააფერადოთ, შემდეგ გამოჭრათ წიგნის პერსონაჟები, მოაწყოთ პატარა სპექტაკლები, ითამაშოთ როლური თამაშები, სადაც სხვადასხვა პერსონაჟის როლს მოირგებთ. და სხვა.

სასკოლო ასაკში:

  • უმნიშვნელოვანესია წიგნის სწორად შერჩევა. დღესდღეობით სხვადასხვა ასაკის მკითხველებისთვის საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურა არსებობს. სასურველია, ხშირად იაროთ წიგნის მაღაზიაში და აგილზევე ბავშვმა მიიღონ თავისი წიგნის არჩევაში მონაწილეობა.
  • უნდა ვასწავლოთ ბავშვს, როგორ გაეცნოს წიგნს, როგორ წაიკითხოს მისი აღწერა, რას მიაქციოს ყურადღება. მოკლედ მოვუყვეთ ბავშვს წიგნის შესაებ, ყურადღება ისეთ ნაწილზე გავამახვილოთ, რომელიც ჩვენი აზრით ჩვენ შვილს მეტად დააინტერესებს.
  • პრაქტიკოსების რჩევით, სასურველია ბავშვის პირველი წიგნი სახალისო და სასაცილო იყოს, რათა ბავშვმა მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღოს წიგნის კითხვით.
  • კითხვა თავიდანვე უნდა ასოცირდებოდეს ბავშვთან სიამოვნებასთან, ხალისთან, თამაშთან. ის არ უნდა იყოს მოსაწყენი და დამთრგუნველი.

ფიზიკური გარემოს მოწყობა:

  • მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ბავშვი კითხულობს იყოს ხელშემწყობი და არა პირიქით. როცა ბავშვი კითხულობს, მას უნდა ჰქონდეს თავისი სივრცე, არ უნდა ერთვებოდეს ყურადღება ტელევიზორის, ტელეფონის ხმებზე, მის ირგვლივ გარშემომყოფები არ უნდა ხმაურობდნენ. ბავშისთვის, რომელიც ჯერ არც ისე გაწაფულია წიგნის კითხვაში, გარემო გამღიზიანებლები ხელს მნიშვნელოვნად უშლის.
  • შეეცადეთ გააღვივოთ ბავშვის ინტერესი წიგნის მიმართ, რომელსაც კითხულობს. ხშირად ბავშვები მხოლოდ იმიტომ კითხულობენ, რომ ასე მოსთხოვეს და არც კი ახსოვთ წაკითხულის შინაარსი, ითვლიან გვერდებს და ერთი სული აქვთ, თითო თავი დაასრულონ. ხშირად დაუსვით ბავშვს კითხვები იმის შესახებ რას კითხულობს, რომელი პერსონაჟი გაიცნო, რომელი პერსონაჟი მოსწონს, თავად როგორ მოიქცეოდა მათ ადგილას.
  • წაუკითხეთ ბავშვს ხმამაღლა მისსავე წიგნში თქვენი საყვარელი ეპიზოდი და მოუყევით რატომ მოგწონთ ის, რას განიცდიდით, როცა პირველად წაიკითხეთ. შემდეგ სთხოვეთ ბავშვს თავად იპოვოს რომელი ნაწილია მისი საყვარელი.
  • არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ კითხვა, როგორც სასჯელი. ხშირად ბავშვს ვეუბნებით, რომ რაკი ცუდად მოიქცა დასჯილია და 2 საათი უნდა იკითხოს. ნებისმიერი რამ რაც სასჯელთან ასოცირდება ბავშვისთვის ნეგატიური, უსიამოვნო და საძულველია. ასე ბავშვს ვაიძულებთ კითხვა არ უყვარდეს.
  • გამოიყენეთ წიგნები წამახალისებლებად. რაკი კარგად იქცევა თქვენ წუკითხეთ, აჩუქეთ წიგნი და სხვა.

და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია ბავშვი წიგნებს სახლში არა მხოლოდ კარადაში ხედავდეს. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღზრდა მხოლოდ მოთხოვნებით არ მუშაობს. ბავშვი აკეთებს იმას, რასაც ხედავს. თუ ბავშვი ხედავს მშობლებს, რომლებიც მუდმივად გაჯეტებთან არიან, არასდროს მოუნდება კითხვა. თუ ბავშვი ხედავს მშობლებს, რომლებიც კითხულობენ და ამით სიამოვნებას იღებენ, ასე ერთობიან და ისვენებენ, მას აუცილებლად მოუნდება თავადაც წაიკითხოს.

სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” და “თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის” ფსიქოდიაგნოსტისა და ფსიქოკონსულტანტის, ზანდა ჩეჩელაშვილის მიერ, პროექტის “მშობლობა პანდემიის დროს” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტში გამოხატული მოსაზრებები არაა აუცილებელი გამოხატავდეს გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პოზიციას.

კომენტარები