მოლაპარაკება შვილებთან – რეკომენდაციები 10 წლამდე ბავშვების მშობლებისთვის

12337

მშობლებს გვსურს, ჩვენმა შვილმა შეძლოს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის  აღება; გააცნობიეროს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები; იცოდეს რა შეუძლია და იყოს თავდაჯერებული; ჰქონდეს მუშაობისა და სწავლის მაღალი მოტივაცია; შეძლოს წინასწარ განსაზღვროს, მის ქმედებას რა შედეგი მოყვება; ჰქონდეს კარგი სოციალური უნარები – ჰყავდეს მეგობრები, არ უჭირდეს თანატოლებთან  ურთიერთობა; არ ჰქონდეს საფრთხის განცდა და ჯანსაღ ურთიერთობებს ინარჩუნებდეს გარემოსთან და საკუთარ თავთან.

ეს შედეგი აღზრდის დიპლომატიური მეთოდით მიიღწევა. ოჯახში, სადაც ბავშვებს ასეთი მეთოდით ზრდიან, არსებობს მშობლების მიერ დადგენილი წესების ჩარჩო. მშობელი ითვალისწინებს ბავშვის აზრს და მას ამ ჩარჩოში დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას აძლევს. მეტიც, შვილის უპირობო მხარდამჭერია, როცა ბავშვს დახმარება სჭირდება.

როგორ ამოვიცნოთ ჩვენი მშობლობის სტილი?

თითოეული ჩვენგანის ოჯახი უნიკალურია – გარკვეული მოლოდინებითა და მოთხოვნებით ერთმანეთის მიმართ, ურთიერთობების სტილით, საკუთარი წესებით, რომელთა გატარებასაც სხვადასხვა გზით ვცდილობთ.

ის, თუ  როგორ ხდება დისციპლინის დამყარება ოჯახში, ქმნის  აღზრდის გარკვეულ სტილს.

გადავხედოთ აღზრდის 4 მთავარ სტილს და აღმოვაჩინოთ, რომელს მათგანს მივეკუთვნებით. ეს დაგვეხმარება, გავიაზროთ ბავშვთან რომელი მიდგომაა გამართლებული. რა ეხმარება მას იყო თავდაჯერებული, იღებდეს პასუხისმგებობას საკუთარ ქმედებებზე, ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა და ჯანსაღ ურთიერთობებს ამყარებდეს გარშემომყოფებთან.

ავტორიტარული აღზრდის სტილი

ოჯახში არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ერთპიროვნულად მშობლების მიერაა შემუშავებული, შვილები კი ვალდებულები არიან პრეტენზიების, საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის გარეშე შეასრულონ ისინი. წესების დარღვევა ისჯება. მშობლები, ვერ ან არ უხსნიან ბავშვებს, რა საჭიროა ესა თუ ის წესი. ეს არის აღზრდის სტილი, სადაც ძალიან მაღალია მოთხოვნები ბავშვების მიმართ და ძალიან დაბალია უშუალო კომუნიკაცია.

უკეთ რომ წარმოიდგინოთ: ოჯახში არსებობს დადგენილი წესი, რომ ბავშვი სკოლიდან უნდა დაბრუნდეს სამ საათზე. დაგვიანების შემთხვევაში იგი დაისჯება. მნიშვნელობა არ აქვს, არავინ ჰკითხავს მას მიზეზს. სამი საათი სამი საათია. შეკითხვაზე რა საჭიროა ეს წესი,   პასუხი მარტივია  – „ მე ასე ვთქვი და მორჩა!“  შესაბამისად, მშობლები არიან ძალიან მკაცრები და იშვიათია უშუალო ურთიერთობები შვილებთან.

 ავტორიტეტული აღზრდის სტილი

ოჯახში არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ბავშვებმა უნდა შეასრულონ. თუმცა ავტორიტეტული მშობლები პასუხობენ ბავშვების შეკითხვებს და ისმენენ, თანაუგრძნობენ მათ სურვილებს. თუ ისინი არღვევენ წესებს, მშობლები ცდილობენ გაიგონ ამის მიზეზები და მიმართულნი არიან მათი დახმარებისკენ. ამ შემთხვევაში წესები უფრო მოქნილია და ითვალისწინებს გარკვეულ შემთხვევებს.

სიტუაცია ასე გამოყურება: ოჯახში არსებობს დადგენილი წესი, რომ ბავშვი სკოლიდან უნდა დაბრუნდეს სამ საათზე. დაგვიანების შემთხვევაში ბავშვი უხსნის მშობლებს რატომ დააგვიანდა, ან წინასწარ ურეკავს და აფრთხილებს რომ აგვიანდება. თუ მიზეზი მისაღებია ბავში არ დაისჯება.

მშობლები ცდილობენ ბავშვები იყვნენ დამოუკიდებლები, ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, მიეჩვიონ და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობები, პასუხი აგონ საკუთარ ქმედებებზე. მშობლები ეხმარებიან შვილებს თვითონ მოაგვარონ პრობლემები, რომლებიც ექმნებათ სწავლაში, თუ ადამიანებთან ურთიერთობებში. ისინი არიან თანამგრძნობნი, მზრუნველნი და აქვთ თბილი, უშუალო და ახლო ურთიერთობა შვილებთან.

 ლიბერალური აღზრდის სტილი

მშობლებს აქვთ ძალიან მცირე მოთხოვნა/წესი შვილების მიმართ. ხშირად მშობლები, რომლებიც აღზრდის ამ სტილს ირჩევენ უფრო მეტად მეგობრის სტატუსს ატარებენ, ვიდრე მშობლის ან აღმზრდელის. შესაბამისად, დისციპლინის გასატარებლად წესები შესაძლოა სულაც არ იყოს ოჯახში. მშობელსა და შვილს შორის დამოკიდებულება არის თბილი, უშუალო ყოველგვარ მოთხოვნებსა და მოლოდინებს მოკლებული.

ამ შემთვევაში კონკრეტული წესი, თუ რა დროს უნდა დაბრუნდეს ბავშვი სკოლიდან შესაძლოა არც არსებობდეს, ან დრო არ იყოს მკაცრად განსაზღვრული. მაგ. ეს იყოს  3 დან 6 საათამდე პერიოდი. მაშინაც კი თუ ბავშვი 6 საათს გადააცილებს იგი არ დაისჯება, რადგან მშობლები ცდილობენ  შვილები არ შეზღუდონ.

ინდიფერენტული აღზრდის სტილი

აღზრდის ეს სტილი ხასიათდება მშობლების მხრიდან მცირე მოთხოვნებით, კომუნიკაციის სიმცირითა და პასუხისმგებლობის, ზრუნვის ნაკლებად გამოვლენით. ისინი აკმაყოფილებენ შვილების ძირითად მოთხოვნილებებს, როგორიცაა საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით, საჭირო ნივთებითა და რესურსებით შვილების უზრუნველჰყოფა. თუმცა, ნაკლებად არიან ჩართულნი მათ ცხოვრებაში, არ ინტერესდებიან მათი სურვილებით, მიღწევებით ან სირთულეებით.

ამ შემთვევაში სურათი ასეთია:  წესი, თუ რა დროს უნდა დაბრუნდეს ბავშვი სკოლიდან  არ არსებობს, რადგან მშობლები ან არ ინტერესდებიან სად ატარებს ბავშვი დროს, ან უბრალოდ არც იციან რომელ საათზე უმთავრდებათ მათ გაკვეთილები.

ერთი შეხედვით ალბათ ყველას მოგეჩვენათ, რომ ავტორიტეტული აღზრდის სტილია საუკეთესო. მაშინ რატომ ხდება რომ ყველა მშობელი ამ გზას არ მიმართავს?

ყველა ოჯახი გასხვავებულია და შეუძლებელია მათ ერთი კონკრეტული მეთოდი მოვარგოთ. ამასთან, შესაძლებელია სხვადასხვა სტილი გაერთიანდეს და სრულყოფილი სახე მიიღოს, მოერგოს უშუალოდ ჩვენს ოჯახს.

მაგალითად, ვიყოთ მეგობრულები ჩვენ შვილებთან (ლიბერალური სტილი), მაგრამ გვქონდეთ დადგენილი წესები, რომელთა დაცვასაც მოვთხოვთ ბავშვს (ავტორიტეტული სტილი), ვაკონტროლოთ ჩვენი შვილები და მათი გარემოცვა (ავტორიტარული სტილი), მაგრამ მივცეთ მათ თავისუფლება გონიერების ფარგლებში (ავტორიტეტული, ან ლიბერალური სტილი).

ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი

ვუთხრათ არა!

შვილთან კონფლიქტსა და ძალადობრივ ურთიერთობებს

აღზრდის სტილი, როგორც ვხედავთ შვილებთან კომუნიკაციის ხარისხსა და ფორმას ემყარება. შესაბამისად, თითოეულ სტილს შვილთან ურთიერთობისას თავისი შედეგები აქვს, როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში.

როცა ბავშვი მუდმივად კრიტიკის ქვეშაა, ხშირად ისჯება, უწევს შეასრულოს წესები, რომელთა უმრევლობის აზრს ვერ ხედავს, ან პროტესტი აქვს მათ მიმართ, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა მცირდება. შესაბამისად, მსგავს ოჯახში აღზრდილი ბავშვი, როგორც წესი, გამუდმებით გრძნობს საფრთხეს, მუდმივად ეძებს აღიარებას და ხშირად მიღება, პატივისცემა და სიყვარული ერთმანეთში ერევა. დიდია შანსი, ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება და თვითპატივისცემა. შესაძლოა, ჰქონდეს სირთულეები სოციალურ ურთიერთობებში. უჭირდეს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი ქცევის მართვა, რაკი გამოცდილებაში აქვს, რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის მშობლებს ეკისრება, მას მშობლები აკონტროლებენ და ის არ მართავს საკუთარ თავს.

მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ მშობელი მოდელია, როგორ უნდა იქცეოდეს ბავშვი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ბავშვები ჩვენ ქცევას უფრო უყურებენ და იმეორებენ, ვიდრე ჩვენ მიერ „წაკითხულ ლექციებს“. როცა მშობლის სიტყვა ეწინააღმდეგება მისსავე ქცევას, ბავშვი იბნევა, მისთვის გაუგებარია რას დაუჯეროს, რა იქნება სწორი. როცა მშობელი აღზრდის პროცესში ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, ამით არაპირდაპირდაპირად ასწავლის ბავშვს, რომ სასურველის მისაღებად, უფრო სუსტზე ძალადობა მისაღებია. ესაა ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც, ჩვენ ძალიან ხშირად ვუსვამთ ხაზს ძალადობრივი მეთოდების გამოყენების დრამატულობას.

ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ბევრად მარტივია და მყისიერ შედეგებს იძლევა. დასჯის შიშით ბავშვი იქცევა მორჩილად, უჯერებს მშობლებს, იცავს წესებს. თუმცა, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს შედეგები დრამატულია. ბავშვი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს თუ არა, უჭირს მიხვდეს რა არის სწორი და რა არასწორი, როგორ მართოს საკუთარი თავი სხვებისგან დამოუკიდებლად.

ზოგჯერ მშობლებიც ვუშვებთ შეცდომებს

შეცდომისგან დაზღვეული არავინაა და თავიდანვე უნდა შევეგუოთ აზრს, რომ როგორც უნდა ვეცადოთ, შეცდომას მაინც დავუშვებთ. პირველ რიგში უნდა შევძლოთ და შეცდომა საკუთარ თავს ვაპატიოთ. შემდეგ კი ბავშვთანაც ვაღიაროთ, რომ შეგვეშალა და ამის გამო ძალიან ვწუხვართ.

თუმცა, აუცილებლად და მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან რა არის აღზრდისას დაშვებული შეცდომა და რა ძალადობა. ბავშვს უბრალოდ, მცირედ წამოვარტყი – ამას მშობლები ძალიან ხშირად ვამბობთ და გვავიწყდება, ან კარგად არ გვაქვს გააზრებული, რომ უბრალოდ წამორტყმა, მცირედ ჩქმეტა, ან ოდნავ შეჯანჯღარება – ბავშვზე ისეთივე ფიზიკური ძალადობაა, როგორიც ბავშვის ცემა. ამას უკვე შეცდომად ვერ მივიჩნევთ.

ხშირად ბავშვები მშობლებს გვცდიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამ შემთხვევებში განსაკუთრებით რთულია მშობელმა სიმშვიდე შეინარჩუნოს, თუმცა, ჩვენს ქცევაზე პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ, როგორც ზრდასრულებმა. ბავშვზე ფიზიკურად შეხება, თუნდაც ოდნავ – ძალადობაა და ამის დაშვება აბსოლუტურად გაუმართლებელია. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ არავის, მათ შორის არც მშობელს აქვს უფლება ბავშვს უხეშად შეეხოს; ემოციების მართვა, ალბათ, აქედან იწყება.

ყვირილი არ არის გამოსავალი

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ დაყვირება გამოსავალი არასდროსაა. ეს რომ ამართლებდეს ხშირად ყვირილი და ჩხუბი არ მოგვიწევდა. თუმცა, ნამდვილად არის შემთხვევები, როცა თავის კონტროლი ძალიან გვიჭირს, მოთმინებას ვკარგავთ და ყვირილს ვიწყებთ. არა იმიტომ, რომ ამის გარდა სხვა გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ თავს ვერ ვაკონტროლებთ.

ამ დროს, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ დავფიქრდეთ, რატომ ვყვირით? ეს არ არის მარტივი. როცა ძლიერი ემოციების ქვეშ ვართ, გავჩერდეთ და ფიქრდი დავიწყოთ, ძალიან რთულია. თუმცა, აუცილებელი. რა არის მიზეზი იმის რომ ვყვირი? ეს ნამდვილად ბავშვის ბრალია, თუ მე ვარ გადაღლილი და ზედმეტად გაღიზიანებული? რა მინდა რომ შეიცვალოს, რა მინდა ბავშვმა გააკეთოს?

თუ ვხვდები, რომ მოთმინებას ვკარგავ და თავს ვერ ვაკონტროლებ, უმჯობესია ბავშვს საერთოდ გავეცალო, ცოტა დრო მივცე ჩემ თავს რომ დავმშვიდდე. ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი დავიწყოთ ჩვენ შვილებთან. არა ყვირილი, არამედ საუბარი.

როგორ გავაკეთო ეს?

  • ვეუბნები ბავშვს, რომ ძალიან ვარ გაბრაზებული;
  • ვუხსნი, რატომ ვარ გაბრაზებული;
  • ვეუბნები, რომ ახლა არ შემიძლია ველაპარაკო და დრო მჭირდება დამშვიდებისთვის;
  • არ ვესაუბრები ბავშვს, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ მდგომარეობიდან გამოვალ და ყვირილს არ დავიწყებ;
  • სწორედ ასე ვაძლევ მას მაგალითს, ასე ვხდები მოდელი, როგორ გამოვხატო ჩემი ძლიერი ემოციები სიტყვით და არა ქცევით.

თანამშრომლობა დასჯის ნაცვლად

პოზიტიური აღზრდის სტილი ერთი შეხედვით ძალიან მარტივ პრინციპს ეფუძნება, რომ ოჯახური გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, თბილი, მზრუნველი და მხარდამჭერი. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ნდობასა და ურთიერთპატივისცემას.

პოზიტიური მშობელი არის გიდი, რომელიც ეხმარება შვილს თვითკონტროლში, საკუთარი თავის ამოცნობასა და არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში. ის პირველ რიგში მართავს საკუთარ ემოციებს და ინარჩუნებს სიმშვიდეს, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. პოზიტიური მშობელი ძალადობისა და დასჯის ნაცვლად იყენებს თანამშრომლობასა და თანაგრძნობას ბავშვის აღზრდის პროცესში.

პოზიტიური მშობელი საშუალებას აძლევს შვილს თქვას „არა“, გამოხატოს თავისი შეხედულებები, ემოციები თუ სურვილები. რითიც ქმნის გარემოს, რომელშიც ბავშვი/მოზარდი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

ხშირ შემთხვევაში მეორე უკიდურესობასაც ვხვდებით, სადაც ბავშვს ყველაფრის უფლება ეძლევა და აკრძალვები საერთოდ არ არსებობს. პოზიტიური მშობლობა,  რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ ბავშვს ყველაფრის უფლება აქვს. პოზიტიურ მშობელს საკუთარ შეხედულებებთან თანხვედრაში მოჰყავს შვილის სურვილები, რაც გარდა იმისა, რომ ბავშვს/მოზარდს სამართლიანობის განცდას უჩენს, თანამშრომლობასაც ასწავლის მას.

როგორ მოიქცეს მშობელი?

  1. არ შეგეშინდეთ აკრძალვების თუ ეს აუცილებელია, მაგრამ გამოიჩინეთ თანაგრძნობა – წესების არსებობა აუცილებელია, რაც ხშირად უსიამოვნოა ბავშვებისთვის, მაგრამ როცა ისინი ხედავენ თანაგრძნობას, ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამენ შეზღუდვებს.

უთხარით მათ: „მესმის, რომ ძალიან გეზარება, მაგრამ  დავალების დაწერა აუცილებელია.“ „ვიცი, რომ გინდა გვიანობამდე დარჩე შენს მეგობრებთან, მაგრამ სახლში 10 საათზე უნდა დაბრუნდე“.

  1. ძალიან მნიშვნელოვანია რა ფორმით ეუბნებით ბავშვს რა გსურთ მისგან. – ბავშვები გააკეთებენ ყველაფერს, რასაც მათ ვთხოვთ თუ მოვახერხებთ სწორი ფორმის გამონახვას.

შეეცადეთ უთხრათ მათ დიახ, არას ნაცვლად. ეს არ ნიშნავს  ყველაფერში დაეთანხმოთ. მაგალითად, „კი, თუ იმეცადინებ, ჩახვალ ეზოში“ –  და არა –  „ეზოში არ ჩახვალ სანამ მეცადინეობას არ მორჩები“. „კი, როგორც კი შეჭამ, უყურებ მულტფილს“-  ნაცვლად ამისა- „მულტფილმს არ ჩაგირთავ თუ არ შეჭამ“

  1. გახსოვდეთ, როგორც თქვენ ექცევით ბავშვს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ისე მოექცევა ის საკუთარ თავს. თუ ძალიან მომთხოვნი იქნებით მის მიმართ, ისიც ბევრს მოსთხოვს თავს, თუ მუდამ უკმაყოფილო იქნებით, ისიც მუდამ უკმაყოფილო იქნება თავისი მიღწევებით. თქვენგან სწავლობს როგორ უყვარდეს, როგორ სცეს პატივი საკუთარ თავს.
  2. დაეხმარეთ ბავშვს თვითონ გაიაზროს რა არის კარგი და ცუდი. დაეხმარეთ მას თვითონ შეაფასოს საკუთარი ქმედებები. გამოიყენეთ ამ ტიპის ფრაზები: „დღეს  შენ სწორად მოიქეცი და  უნდა იამაყო შენი თავით“-  ნაცვლად ფრაზისა –  „მე ვამაყობ შენით“ . ერთი შეხედვით ამ ორ ფრაზას შორის სხვაობა არაა. რეალურად პირველ შემთხვევაში თქვენ ასწავლით შვილს როგორ ანუგეშოს, როგორ გააძლიეროს საკუთარი თავი, როცა ირგვლივ არავინ ჰყავს.

ვიდრე მშობლები რადიკალურ ზომებს მივმართავდეთ

ბავშვები ხშირად ავლენენ არასასურველ ქცევებს, ძალიან ხშირად ეს მართლა აკარგვინებს მშობელს მოთმინებას, უცრუებს მოლოდინებს. რადიკალურ მეთოდებს სწორედ მაშინ მივმართავთ, როცა ჩვენც დაბნეული ვართ, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, თავს უმწეოდ ვგრძნობთ. ხშირად მშობლებს ეშინიათ მისცენ შვილს მეტი უფლებები, არჩევანის თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა, რადგან ჰგონიათ, რომ ასე დაკარგავენ მათზე კონტროლს და გაუჭირდებათ მათი ქცევის მართვა.

როგორ უნდა მოვიქცეთ ამის საპირისპიროდ?  სანამ არასასურველი ქცევების შეცვლას დავიწყებთ დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა:

  • რატომ მინდა რომ ეს ქცევა შეიცვალოს?
  • რომელი ქცევით მინდა ჩანაცვლდეს არასასურველი ქცევა?
  • იცის თუ არა ბავშვმა რას ველი მისგან?
  • შეუძლია თუ არა მას ამის გაკეთება?
  • ახალი ქცევა დაეხმარება ბავშვს იმის მიღებაში, რაც სურს?

არასასურველი ქცევის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ ორი მნიშვნელოვანი რამ:

  1. ის ამ კონკრეტული ქცევით იღებს რაღაცას, მაგალითად ყურადღებას თანატოლისგან ან უფროსისგან, რის გამოც, მისი ქცევა წახალისდება და გაგრძელდება მომავალში.
  2. ის ამ კონკრეტული ქცევით თავს არიდებს რამესეს შესაძლოა იყოს რასასურველი თხოვნა, რთული დავალება, კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობა და ა.შ.

სანამ ბავშვს დასჯით, სანამ რადიკალურ ზომებს გამოიყენებთ, დააკვირდით, რისთვის სჭირდება მას არასასურველი ქცევა? რას იღებს, ან რას გაურბის ამით? ამის გარკვევა დაგეხმარებათ, საკუთარი ქცევის სწორად შერჩევაში და თავიდან აგარიდებთ რადიკალური მეთოდების გამოყენებას.

ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი

წახალისება სასჯელის ნაცვლად

აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ წახალისება აუცილებელია ბავშვისთვის, გარდა იმისა, რომ ეს დადებით ემოციებს იწვევს – პირდაპირ მიუთითებს ბავშვს იმაზე, რა გააკეთოს, ქცევის რომელი ფორმებია მისაღები. შესაბამისად, წახალისებით ბავშვი გაცილებით უკეთ სწავლობს, როგორ სჯობს იმოქმედოს გარკვეულ სიტუაციებში.

რა გზას უნდა მიმართოს მშობელმა შვილის  აღზრდის პროცესში, რომ არ გამოიყენოს სასჯელი?

  • ეცადეთ და ყურადღება გაამახვილეთ დადებით მოვლენებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ მომენტებს, როდესაც კმაყოფილი იყავით თქვენი შვილის ქცევით. იფიქრეთ მის დადებით თვისებებზე.
  • ზოგჯერ რთული სიტუაცია მარტივად გვარდება. მაგ.: ბავშვი სამეცადინოდ ჯდება ხანმოკლე წუწუნის შემდეგ, რაც უჩვეულოა. აუცილებელია ამაზე ყურადღების გამახვილება, აქცენტის გადატანა, თქმა, თუ როგორ გიხარიათ, რომ ასე მოიქცა. ყოველთვის, როცა სიტუაცია მარტივად მოგვარდება, აღნიშნეთ, რომ ახლა ის კარგად მოიქცა.
  • აუცილებლად აღნიშნეთ, რა მოგწონთ თქვენი შვილის ქცევაში. ჩვენ ხშირად ვეუბნებით მათ, რით ვართ უკმაყოფილო, რა გვაწუხებს და გვაბრაზებს, თუმცა იშვიათად ვუსვამთ ხაზს იმას, რაც მოგვწონს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს გამუდმებულ, დამღლელ, ხელოვნურ შექებას ყველა წვრილმანზე. შეგიძლიათ უბრალოდ გაუღიმოთ, მოეფეროთ, ან უთხრათ, რომ კარგად იქცევა, რომ ყოჩაღია და თქვენ ამაყობთ მისით.

ბავშვის წახალისებისთვის ჩვენ მრავალფეროვანი წამახალისებლები შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს ბავშვის მოსყიდვის, ან ვაჭრობის ფორმა. აქ მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება კონკრეტულად მისი შვილისთვის საუკეთესო წამახალისებელი.

სჭირდება თუ არა განსხავებული მიდგომა განსხვავებული სქესის შვილებს?

მშობლები ხშირად ვამბობთ, რომ სხვადასხვა სქესის შვილს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. მაგალითად, „გოგო ადვილი სამართავია, ბიჭს უფრო მკაცრი ხელი სჭირდება“, „გოგონები ადვილად დამყოლები არიან, ბიჭის დამორჩილებაა რთული საქმე“.

პირველ რიგში, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მშობლის მიზანი არ უნდა იყოს ბავშვის დამორჩილება. განურჩევლად სქესისა, მშობელი ბავშვისთვის მოდელი უნდა იყოს, განვითარებაში, ზრდაში უნდა უწყობდეს ხელს. მეტისმეტი აკრძალვები ან მოთხოვნები, როგორც წესი, ნეგატიურად აისახება ბავშვზე. მას უჩნდება უსამართლობის, პროტესტის განცდა, რაც კიდევ უფრო ართულებს მასთან ურთიერთობას. აქვე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ წესები, ჩარჩო და სტრუქტურირებული გარემო, სადაც მშობელი ავტორიტეტია და ბავშვს სწორ მიმართულებას აძლევს, გარკვეული შეზღუდვები და ზოგჯერ აკრძალვებიც საჭიროა და შეიძლება აუცილებელიც ბავშვისთვის. უნდა ვეცადოთ ამ ორ უკიდურესობას შორის არ აღმოვჩნდეთ.

სქესის მიხედვით აღზრდის სტილი არ უნდა იცვლებოდეს. თითოეული ბავშვი სქესის მიუხედავად, ინდივიდუალური და უნიკალურია თავისი პიროვნული ნიშნებით, სურვილებით, ინტერესებითა და მიზნებით. მშობელი მასთან ურთიერთობის პროცესში სწორედ ამას უნდა ითვალისწინებდეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბავშვების მოსმენა, მათი გაცნობა, უნდა დავიწყოთ მათთან საუბარი, უნდა ვისწავლოთ მათი უპირობოდ მიღება და მათი პიროვნული ნიშნების, თუ ინტერესების პატივისცემა. ამ შემთხვევაში, სქესის მიუხედავად, ბავშვები თავადაც დაიწყებენ ჩვენთან ჯანსაღ ურთიერთობას და ეს მეტად ხელსაყრელი იქნება, როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის.

სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” და “თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის” ფსიქოდიაგნოსტისა და ფსიქოკონსულტანტის, ზანდა ჩეჩელაშვილის მიერ, პროექტის “მშობლობა პანდემიის დროს” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტში გამოხატული მოსაზრებები არაა აუცილებელი გამოხატავდეს გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პოზიციას. 

კომენტარები