მოზარდებთან ურთიერთობა პანდემიის პერიოდში

687
მოზარდების მშობლები ამბობენ ხოლმე, რომ მათი შვილები უცნაურად იქცევიან… მათი ჩაცმულობა შეუფერებელია… სახლში გაჩერება აღარ შეუძლიათ… სწავლა ეზარებათ… საშინლად გაღიზიანებულები არიან… ჩხუბობენ… აღარაფერი ახარებთ…
პანდემიამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა: ოთახებში გამოიკეტნენ… მობილურებს აღარ შორდებიან… ონლაინ გაკვეთილებს წამოწოლილები ესწრებიან…
მართალია.
მოზარდები ასე იქცევიან.
მაგრამ რატომ? რა არის მათი ქცევის საფუძველი? რა შეგვიძლია შევცვალოთ მშობლებმა? როგორ მოვიქცეთ?

ვფიქრობთ, ეს ბლოგპოსტი მოზარდობის წინა ასაკის (9-11 წელი) ბავშვების მშობლებისთვისაც სასარგებლო იქნება: მათ ეცოდინებათ, რა გამოწვევები ექნებათ მომავალში და რა გადაწყვეტები შეიძლება გამოიყენონ. ამას გარდა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ახლავე შეუდგნენ და რამდენიმე წელიწადში გარდამავალი ეტაპი მოზარდებთან ერთად უფრო მარტივად და თავდაჯერებულად გადალახონ.

ყველაფერი იცვლება

მოზარდობის ხანა, რომელიც 12-13 წლიდან იწყება კომპლექსური და დრამატული ცვლილებების პერიოდია, ფიზიკური, ფსიქიკური – ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური თვალსაზრისით. ბოლო ხანებში, ის ძირითადი სიმყარეც, რასაც მოზარდებს ყოველდიური რუტინა – სკოლაში და სხვადასხვა წრეზე სიარული უქმნიდა, ჩამოიქცა. წესები და რეგულაციებიც კი, ლამის ყოველდღიურად იცვლება. მოზარდებს, რომლებსაც ისედაც საკუთარი ტრანსფორმაციის პროცესი აქვთ გასავლელი, ახლა გარემოს არასტაბილურობაც დაემატათ.
სინამდვილეში რა ხდება მოზარდის თავს? როგორ ხედავენ ისინი სამყაროს? რა თავისებურებები ახასიათებს ამ გარდამავალ ეტაპს? ამ შეკითხვებზე პასუხების გარეშე, ძალიან გაგვიჭირდება მასთან შესაფერისი კომუნიკაციისა და ურთიერთობის აწყობა.

1. ფიზიკური განვითარება, სხეული და გარეგნობა

მოზარდობის პერიოდში სწრაფად იზრდება სხეულის ზომები და მასა, ხდება ე.წ. „ჰორმონალური აფეთქება“, იწყება სექსუალური მომწიფების უმნიშვნელოვანესი ფაზა, თავის ტვინში მიმდინარეობს დრამატული ცვლილებები.
წარმოიდგინეთ, მოზარდები, რომლებიც ყოველ ჯერზე სარკეში საკუთარი თავის ახალ, შეცვლილ ვერსიებს ხედავენ. არც ისე მარტივია, შეეგუო ინტენსიურად ცვალებად სხეულის ხატს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობ იპოვო პასუხი შეკითხვაზე „ვინ ვარ მე?”.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
მოზარდის შეუფერხებელი ფიზიკური განვითარებისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როცა ისინი მეტ დროს სახლში ატარებენ, საჭიროა:
  1. შევუწყოთ ხელი, რომ იყოს ფიზიკურად შეძლებისდაგვარად აქტიური. პანდემიის პირობებში ეს შეიძლება იყოს სეირნობა პარკში ან თუნდაც ქუჩაში, ჩვენთან ერთად ან ჩვენს გარეშე. უსაფრთხოების წესების, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით. დარწმუნებისა და მოტივირების ფორმები ინდივიდუალურია, თუმცა დღის რუტინაზე შეთანხმება და მისი დაცვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალია.
  2. შევეცადოთ, რომ კვების რეჟიმი იყოს შეძლებისდაგვარად დაბალანსებული. პოზიტიურად ვესაუბროთ მოზარდის ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებების შესახებ, ავუხსნათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუცილებელია მრავალფეროვანი საკვები, განსაკუთრებით ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ა.შ. ვუთხრათ, რომ სხეულის ზომები და ფორმები იცვლება, მაგრამ აუცილებლად ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში. შეგვიძლია ერთად მოვამზადოთ კერძები, ან თავად მოამზადონ დამოუკიდებლად. კვების გრაფიკიც დღის რუტინის ფარგლებში უნდა იყოს გაწერილი და შესრულებული.
  3. დავეხმაროთ ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში. საჭიროა, გავაცნობიეროთ, რომ ძილს მოზარდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს და ბევრი რამეა მასზე დამოკიდებული. თუ მოზარდი ერთსა და იმავე დროს იძინებს და იღვიძებს, თუ საკმარისი ხანგრძლივობით სძინავს, მაშინ ის ენერგიულია და ემოციურად სტაბილური. გამოსავალი აქაც ინდივიდუალურია. თუმცა, ძილის რეჟიმის დასარეგულირებლად მუდმივ შეხსენებებსა და საუბრებზე უფრო ეფექტური ყოველდღიურ რუტინაზე შეთანხმება და მისი დაცვაა.
  4. მოვუსმინოთ და ვესაუბროთ. ვესაუბროთ, განსაკუთრებით გოგონებს, გარეგნობასთან დაკავშირებულ უამრავ სტანდარტსა და პარამეტრზე, რომლებსაც საზოგადოება და მედია უწესებს და რომელთან შესაბამისობაც მათ აუცილებლად მიაჩნიათ. შევეცადოთ, დისკუსიითა და განხილვით შეძლებისდაგვარად შემცირდეს სტერეოტიპების შესაძლო გავლენა მოზარდებზე.
დაუშვებელია:
  1. გარეგნობასთან დაკავშირებული ნეგატიური კომენტარები: „რას დაემსგავსე”, „რა კარგი ბავშვი იყავი და როგორ შეიცვალე“, „ერთი-ორი კილოთი ნაკლები რომ იყო, ულამაზესი იქნებოდი” და მსგავსი.
  2. გაკიცხვა, შერცხვენა, დადანაშაულება: „ჩემთვის რომ დაგეჯერებინა, ახლა სხვაგვარად იქნებოდა”, „ბოლოსდაბოლოს ხომ შეიძლება გაიგო, ადამიანმა, რომ ასე არ შეიძლება”, „რამდენიც არ უნდა გელაპარაკო, მაინც არ გესმის, და, რა აზრი აქვს?” და მსგავსი.
  3. მათი წუხილის გაუფასურება: „მოგცლია ერთი…”, „რა დროს ამაზე ფიქრი და დარდია…”, „შენი სადარდებელი ნეტა მე მომცა” და მსგავსი
  4. სხვებთან შედარება.

2. ინტელექტუალური განვითარება

  • რა არის მეგობრობა?
  • რა არის სიყვარული?
  • რისთვის ვცხოვრობ?
მოზარდის თავის ტვინი იმგვარად ვითარდება, რომ ნელნელა ზრდასრულისას ემსგავსება. ამ პერიოდში უკვე აბსტრაქტული აზროვნების უნარები ყალიბდება. ისინი ყველაფერს სხვაგვარად უყურებენ, ბევრს ფიქრობენ ფილოსოფიურ საკითხებზე.
  • რატომ ითვლება, რომ ვინმეს გარდაცვალების შემთხვევაში, პანაშვიდზე მისვლა აუცილებელია? სხვანაირად არ შეიძლება?
  • რატომ უნდა ვატარო მუდმივად ნიღაბი? რა საჭიროა დისტანციის დაცვა?
მოზარდები არიან კრიტიკულები არსებული საზოგადოებრივი ნორმებისა და წესების მიმართ, ეჭვით აკვირდებიან გარშემო მოვლენებს და მუდმივად ცდილობენ მათ გადაფასებას.
  • ამ ვირუსზე სულ ერთმანეთის საპირისპიროს ვკითხულობ და ვერ გავიგე, რომელს დავუჯერო?
  • დაუსრულებლად ასე ხომ ვერ გაგრძელდება?
  • წავიკითხე, რომ სადღაც ვაქცინის დამუშავების პროცესი შეწყდა? რატომ? რა მოხდა?
მოზარდებს აქვთ შეკითხვები.
მათ კომუნიკაცია სჭირდებათ. და ახლა, როდესაც ისინი უმეტესად სახლში არიან, გულითადი საუბრებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა გვაქვს.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
  1. გავაცნობიეროთ, რომ მოზარდების ეს შეკითხვები, ეჭვები, კრიტიკულობა მათთვის სრულიად ბუნებრივი და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
  2. აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ არც ერთი შეკითხვა, არც ერთი მოსაზრება, სხვადასხვა ფორმით გამოხატული არც ერთი „საპროტესტო განცხადება“ არ არის უმნიშვნელო ან უკუსაგდები.
  3. მოვუსმინოთ აქტიურად, დავუსვათ შეკითხვები, ჩავეძიოთ: რატომ არ მოგწონს? რას განიცდი ამ დროს? შენი აზრით, რა შეიძლებოდა უკეთესად ყოფილიყო?
  4. გამოვხატოთ საკუთარი მოსაზრება მშვიდად და კონსტრუქციულად.
  5. ვიმსჯელოთ ერთად მოვლენებზე, შევხედოთ სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა ადამიანის პერსპექტივით.
  6. მოვიძიოთ სანდო წყაროებიდან ინფორმაცია, წავიკითხოთ, განვიხილოთ სერიოზულად, მონაცემებისა და ფაქტების ანალიზით.
დაუშვებელია:
  1. მოზარდების პიროვნების ნეგატიური შეფასება: „ეს როგორ გაბედე?“, „ამას როგორ ფიქრობ?“, „თქვენი თაობა სულ ხელიდან წავიდა?“ და მსგავსი.
  2. მათი ინტერესების გაუფასურება: „შენს გარდა ამ სტატიებს არავინ კითხულობს“, „ნეტა საიდან მოიტანე ეგ ამბავი?”
  3. დადანაშაულების კომენტარები: „ამის ნაცვლად გაკვეთილები გესწავლა, არ ჯობდა?” და მსგავსი.
  4. არაკომპეტენტურობაზე მინიშნების შემცველი კომენტარები: „შენ მაინც ვერ მიხვდები”, „დროს ტყუილად ხარჯავ” და მსგავსი.

3. ემოციური სენსიტიურობა და მოწყვლადობა

მოზარდები განსაკუთრებულად მგრძნობიარეები ხდებიან ემოციური სტიმულების მიმართ. მაგალითად, მათ მშობლის მტკიცე ტონი შეიძლება ჩხუბად ან აგრესიის გამოხატულებად მიიჩნიონ.
პანდემია მოზარდების პერსონალურ ცხოვრებას უშუალოდ ეხება. მათ შეიძლება ეშინოდეთ საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იზრდება დანაკარგისა და დაზიანების რისკი, რაც სულაც არ არის ადვილად დასაძლევი.
  1. დავიცვათ „ოქროს შუალედი“ კომუნიკაციისას, რომ ერთი მხრივ, ჩვენი პოზიცია იყოს ცხადი და, მეორე მხრივ, ჩვენი ტონი არ „გადაითარგმნოს“ მტრულად, დირექტიულად, მიმთითებულურად.
  2. პანდემიაზე საუბრისას საჭიროა მოვიცვათ, როგორც შემეცნებითი, ასევე ემოციური მხარეები. ვარკვევთ: რა იცის? რა არ იცის? რას ხვდება? რას ვერ ხვდება? ვსაუბრობთ ინფორმაციის, რეალური მონაცემებისა და შედეგების შესახებ, ვსახავთ დაცვის გზებს და მექანიზმებს. და, ასევე, ვაკვირდებით როგორია მისი ემოციური მდგომარეობა: რას განიცდის? რისი ეშინია? რაზე შფოთავს?

შვილებს დავეხმაროთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გვთხოვენ და არა მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ

4. მშობლებთან დაშორება და გაუცხოება

მოზარდობის პერიოდი მშობლებთან სეპარაციის ეტაპია, რომელიც ორივე მხარესთვის მტკივნეულია.
შვილები იცვლებიან და გვშორდებიან, ჩვენ შორის სივრცე სულ უფრო და უფრო იზრდება. ისინი თანატოლებთან მეტ დროს ატარებენ, როგორც ფიზიკურად, ასევე ვირტუალურად კომპიუტერული თამაშებისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით. მათ უკვე სხვა ავტორიტეტები ჰყავთ – რომელიმე ინფლუენსერების აზრს უფრო გაითვალისწინებენ, ვიდრე ჩვენსას. თუ აქამდე მამა „ყველაზე ძლიერი” იყო და დედა „ყველაზე ლამაზი და კეთილი“, ახლა ფილმის გმირები, მომღერლები ან სხვა ადამიანები ხდებიან მისაბაძი მაგალითები და ხანდახან კერპებიც კი.
ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივია, თუმცა საკმაოდ სტრესული.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
  1. გავაცნობიეროთ, რომ მოზარდის „დაჭერა“ კარგს არაფერს მოგვიტანს, არც ჩვენ და არც მას. „დაჭერა“ მხოლოდ დროებითია, შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდება ერთბაშად მეტი აგრესია დაუგროვდება, უფრო ეცდება გაქცევას ან თავის არიდებას.
  2. მივცეთ თავისუფლება, თუმცა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად – მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, თავად აირჩიოს, რას გააკეთებს, დაფიქრდეს, რა აინტერესებს, გამოსცადოს სხვადასხვა აქტივობა და ა.შ.
  3. საწყის ეტაპზე დავეხმაროთ გადაწყვეტილებების მიღებაში. განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს მიზანი და რა გვჭირდება ამ მიზნის მისაღწევად. ან თუ თავიდანვე ქმედებაზე ვსაუბრობთ, ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს მისი შედეგები.
  4. ხელი შევუწყოთ მოზარდს, რომ გაიაზროს:ავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას. თავისუფლება არის არა „რასაც მინდა, გავაკეთებ“, არამედ „მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რასაც გავაკეთებ“. რაც მეტად დამოუკიდებლად ვმოქმედებ, რაც უფრო თავისუფალი ვარ, მით უფრო მეტია ჩემი პასუხისმგებლობა.
  5. ყურადღება მივაქციოთ შესაძლო რისკიან ქცევას: კონფლიქტებში ჩართულობა, ნივთიერებებზე დამოკიდებულება, სპონტანური სექსუალური კავშირები და სხვა. ვასწავლოთ საკუთარ თავსა და ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება, შევთანხმდეთ წესებსა და ნორმებზე, საჭიროების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მივმართოთ სპეციალისტს.

„მშობლებიც ადამიანები ვართ…”

მშობლობა ხომ ცოდნას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მოზარდის მშობლობა კიდევ უფრო მეტს.
პანდემიის პირობებში მშობლების შრომის საზღვრები სრულიად მოიშალა. მათ უწევდათ მუშაობაც, სახლში საქმიანობაც, მოზარდ შვილებთან ურთიერთობაც და ეს ყველაფერი სრული გაურკვევლობის, არაპროგნოზირებადი მომავლის და არასტაბილურობის განცდის ფონზე.
სრულიად ბუნებრივია, რომ მშობლებიც ბრაზდებიან, ხანდახან გაღიზიანებულები არიან, არ ჰყოფნით ენერგია, მათაც სწყინთ და დარდობენ.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მოახერხონ საკუთარი ინტერესებისა და სიამოვნებისთვის გარკვეული დროის გამონახვა. საჭიროა, რომ მათ გამოითავისუფლონ დღეში ერთი საათი მაინც, როდესაც მხოლოდ იმას გააკეთებენ, რაც უყვართ და უხარიათ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, წიგნის კითხვა, მეგობრებთან საუბარი, სეირნობა, მუსიკის მოსმენა, ფილმის ყურება თუ ნებისმიერი სხვა რამ.
ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთის პირად სივრცეს, პირად დროს პატივს უნდა სცემდეს. მოზარდებს უკვე აქვთ ემპათიის უნარი საკმარისად განვითარებული და ისინი ძალიან კარგად შეძლებენ მოვლენებს მშობლების პერსპექტივიდან შეხედონ. მათ არ გაუჭირდებათ, გაიაზრონ, რომ დედას და მამასაც სჭირდება საკუთარი, თუნდაც მცირე დრო, რომელსაც მხოლოდ თავის თავისთვის გამოიყენებს.

როგორ მოვიქცეთ, როცა

„სულ თავის ოთახშია შეკეტილი…”

პირველ რიგში, დავაკვირდეთ, რეალურად რა დროს ატარებს მოზარდი თავის ოთახში.
თუ დღის განმავლობაში რამდენიმე საათია განმარტოებული, მაშინ საგანგაშო არაფერია. პირიქით, ძალიან კარგია და აუცილებელიც, რომ პირადი სივრცე აქვს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენას ახერხებს, რაც აინტერესებს, იმას აკეთებს და ა.შ.
თუ მოზარდი თავის ოთახში მთელი დღეა შეკეტილი, მაშინ საყურადღებო სიტუაციაა. ესე იგი ფიზიკურად არააქტიურია მაშინ, როცა მოძრაობა მისთვის ძალიან საჭიროა.
გამოსავალი ამ შემთხვევაში არის დღის რუტინის შემუშავება, წესებზე შეთანხმება და მათი დაცვა. ფიზიკურად ვეღარ დადის სკოლაში, შეიძლება ვერც სპორტზე და ვერც სხვა წრეებზე, მაგრამ, ახლა ასეთია სიტუაცია, რომელსაც ვერავინ ცვლის ჯერჯერობით, ვერც ვერავინ აკონტროლებს. ჩვენ შეგვიძლია თავად შევცვალოთ დღის განრიგი, მოვერგოთ არსებულ გარემოებებს და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა.
დღის რუტინა გულისხმობს, რომ დღის გარკვეულ მონაკვეებში ოჯახის წევრები ერთად არიან, მაგალითად, საუზმეზე და სადილზე, ან ერთად უყურებენ ფილმს, საუბრობენ, საოჯახო საქმეებს აგვარებენ და ა.შ. გადანაწილებულია ფუნქციები და მოზარდსაც აქვს საკუთარი პასუხისმგებლობები, რომლებსაც სახლში ასრულებს – ეს შეიძლება იყოს დალაგება, სადილის ან კერძის მომზადება, საყიდლებზე გასვლა და ბევრი სხვა რამ.
თუ მშობლის ყველა ძალისხმევა უშედეგოდ სრულდება და მოზარდი კვლავაც ამჯობინებს ოთახში მუდმივად მარტო ყოფნას, თუ ის არ ერთვება არავითარ საოჯახო რიტუალში ან საქმიანობაში, თავს არიდებს კომუნიკაციას, ავლენს ხასიათის ცვლილებას და დეპრესიულ სიმპტომებს, მაშინ უმჯობესი იქნება სპეციალისტის ჩართვა.

„ძალიან მინდა საოჯახო საქმეებში ჩავრთო, პასუხისმგებლობები გადავუნაწილო…”

პირველ რიგში, საჭიროა გავარკვიოთ, რა ინივიდუალური ინტერესები აქვს მოზარდს, რისი კეთება უხარია, რა მოსწონს.
დავიწყოთ საუბრით: რა მოგწონს? რა გაგიხარდებოდა? რა გაინტერესებს? რა გსიამოვნებს?
მივცეთ შესაძლებლობა აკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს – სამზარეულოში ფუსფუსი, ინტერიერის ცვლილება, ტანსაცმლის მოწესრიგება და ა.შ.
ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ყველაფერს უშეცდომოდ გააკეთებენ, ან ზუსტად ისე იმოქმედებენ, როგორც ჩვენ გვინდა. ცხადია, შედეგები ყოველთვის ჩვენთვის მოსაწონი არ იქნება, მაგრამ ამის გამო დამოუკიდებლობას ნუ შევუზღუდავთ. პირიქით, უმჯობესია დაუშვას შეცდომა და ისწავლოს ამ შეცდომებზე.
საწყის ეტაპზე, მზად ვიყოთ, რომ შეიძლება ჩვენი დახმარება დასჭირდეს. ვეხმარებით მხოლოდ მაშინ, როდესაც გვთხოვენ და არა მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ.
მაგალითად, თუ შემწვარ კარტოფილს ამზადებს, თავზე ნუ დავადგებით ათასი მითითებით. შეკითხვებზე ვუპასუხოთ, ან დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში დავეხმაროთ. თუ კარტოფილი დაიწვა ან უმი დარჩა, არა უშავს, შემდეგ ჯერზე უკეთესად მოამზადებს.
ნელნელა ამ პასუხისმგებლობის დაკისრებით, რუტუნაში ჩართვით მოზარდები აცნობიერებენ, რომ ზრდასრულობისთვის ემზადებიან, „დიდები“ არიან და რეალურ ცხოვრებისეულ პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ.

„ჩემი შვილი ყველაფერზე ამბობს: რა აზრი აქვს?”

ამ ფრაზის გამოყენებას შეიძლება რამდენიმე კონტექსტი ჰქონდეს.
პირველ რიგში დავაზუსტოთ, რომელი შემთხვევაა. დავსვათ შეკითხვები, ჩავეძიოთ. რას არ აქვს აზრი? უბრალოდ სტერეოტიპულად იყენებს ამ ფრაზას? რამეზე ხომ არ დარდობს? საზრისის ძიების პერიოდი აქვს? იქნებ ნიჰილისტურად არის განწყობილი? აღარ სიამოვნებს არაფრის კეთება? დეპრესიული სიმპტომები ხომ არ აქვს?
თუ შევამჩნევთ, რომ „რა აზრი აქვს?” ფრაზას იყენებს ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვის თავიდან ასაცილებლად და ეს რაიმე ცხოვრებისეულ ცვლილებას უკავშირდება, მაგალითად, პანდემიის დაწყებას, ან რეგულაციების ცვლილებას, ან სკოლის დისტანციურ სწავლების ფორმატში განახლებას, მაშინ შესაძლოა იყოს უკონტროლო, მოულოდნელი ცვლილებისგან გამოწვეული ბრაზის ან სევდის გამომხატველი. სავარაუდოდ, მსგავსი განწყობა ერთ-ორ კვირაში გაივლის.
თუ „რა აზრი აქვს?“ განწყობა დიდხანს გრძელდება და ვეჭვობთ, რომ მის მიღმა სერიოზული სიტუაციაა, მაშინ აუცილებლად ჩავრთოთ სპეციალისტი. გვახსოვდეს, რომ დეპრესია მოზარდებში საკმაოდ ხშირია და შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

„სახლში გვიან ბრუნდება და ძალიან ვღელავ… არ ვიცი, როგორ ავუხსნა…“

ამ შემთხვევაში გამოსავალი ისევ და ისევ რუტინა, წესებსა და ნორმებზე შეთანხმებაა. თუ დღის რუტინა მოწესრიგებულია, მაშინ მოზარდი კონკრეტულ დროს იძინებს და ძალიან ვერც დააგვიანებს სახლში მოსვლას. ამასთანავე, ჩვენ ვთანხმდებით, რომ მეგობრებთან, რა თქმა უნდა, წავა, ის ხომ დამოუკიდებელი ადამიანია, მაგრამ გარკვეულ დროს უნდა დაბრუნდეს.
შეიძლება იყოს გამონაკლისები, შეიძლება ზოგჯერ დააგვიანდეს კიდეც, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა და ჩვენი შეთანხმება რეგულარულად უნდა იყოს დაცული. ისევე, როგორც ზრდასრულს, როგორც ოჯახის სხვა წევრებს აქვთ ვალდებულება ერთმანეთის წინაშე, იგივეა მოზარდის შემთხვევაშიც.
თუ იმედგაცრუებულები ვართ, თუ მაინც დააგვიანა, პირდაპირ ვესაუბროთ მოზარდებს ჩვენს გაცდებზე: მე ვღელავ, როცა გაგვიანდება… მე ძალიან ვნერვიულობ…მეწყინა…
ნუ დავადანაშაულებთ მას მსგავსი ფრაზებით: „შენ ხომ დამპირდი, რომ მოხვიდოდი…”, „ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, შენ კი არ მოხვედი…”.
შესაძლებელია, ასე ვთქვათ, „სასჯელის“ ფორმების გამოყენებაც – ვერ მიიღებს მისთვის სასურველს, ნივთს ან რაიმე აქტივობაში ვერ ჩაერთვება.

„ჩვენთან ერთად გარეთ გასვლა არ უნდა…დავაძალო თუ შევეშვა?”

შევთანხმდეთ, რომ დაძალება არაეფექტურია. შეიძლება კონკრეტულ მომენტში დავითანხმოთ იძულებით, მაგრამ გრძელვადიანი პოზიტიური შედეგი არ გვექნება.
გავარკვიოთ, რა ხდება, რატომ არ მოდის ჩვენთან ერთად? ეს აქტივობა (სეირნობა, საყიდლები, სტუმრად წასვლა) არ აინტერესებს? თუ ჩვენთან ერთად დროის გატარება არ უნდა? უბრალოდ გარეთ გასვლა ეზარება?
იმის მიხედვით, თუ რა არის რეალური მიზეზი, შეგვიძლია გამოსავალიც მოვიფიქროთ. მაგალითად, მოვძებნოთ ისეთი აქტივობა, რომელიც მშობლებისთვისაც საინტერესო იქნება და მოზარდებისთვისაც, შეიძლება მოვძებნოთ ისეთი ადგილი, სადაც ყველას უხარია სეირნობა.
სხვათაშორის, შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ, მაგალითად, ერთხელ ის წაყვება დედას საყიდლებზე და, სამაგიეროდ, დედა წაყვება იქ, სადაც მოზარდს უნდა.

„პანდემიას საერთოდ არ უფრთხის…”

ამ შემთხვევაშიც აქტიური კომუნიკაციაა საჭირო.
შეიძლება საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, არ იცის ვირუსის რისკების შესახებ და ამიტომ, არც ცდილობს წესებისა და რეგულაციების დაცვას. ბუნებრივია, ამ დროს ვაწვდით შესაბამის მონაცემებს.
შეიძლება ძალიან კარგად აქვს გააზრებული რისკები, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას არ უფრთხილდება. აქ მეტი დაკვირვებაა საჭირო, ეს უბრალო დაუდევრობაა, რაც დამახასიათებელია მოზარდისთვის, თუ თვითდამაზიანებელი ქცევაა. თუ სხვა ქცევებიც შეიცავს თვითდაზიანების, საკუთარი თავის მიმართ აგრესიის ელემენტებს, მაშინ აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა.

მშობლებისა და შვილების ჰარმონიული ურთიერთობა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს შვილებთან, როდესაც არსებობს ორმხრივი შეთანხმება გარკვეულ საბაზისო წესებზე და მათი დაცვაც ორმხრივი პასუხისმგებლობაა. ამგვარად ჩვენი კომუნიკაცია, ჩვენი ურთიერთობა გარკვეულ სიმყარეს იძენს, გარკვეულწილად პროგნოზირებადი ხდება და მთლიანობაში ოჯახურ ატმოსფეროს მშვიდსა და კომფორტულს ხდის. ჩვენ (მშობლებმა, შვილებმა, ოჯახის სხვა წევრებმა) ვიცით, რომ ჩვენი ესა თუ ის ქცევა, ამა და ამ კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს.
ჩვენი ურთიერთობის ფორმა ამგვარია: მშობელიც აფიქსირებს თავის აზრს, გამოხატავს ემოციას და მოზარდიც. მოსაზრებები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ გამოხატვის ფორმები აუცილებლად ურთიერთმისაღები.
სწორედ ამგვარ ურთიერთობას შეგვიძლია ვუწოდოთ ჰარმონიული და განვითარებაზე ორიენტირებული და არა იმას, რომელიც რომელიმეს უპირობო მორჩილებით (როგორც მეტყვი…) და მხოლოდ ერთმანეთისათვის მოსაწონი ქცევით (როგორც გინდა…) სრულდება.
მასალა მომზადებულია „თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის“ ფსიქოლოგის ნანა ხარაბაძის და Huppy-ს გუნდის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის„ პროექტის „მშობლობა იზოლაციის შემდგომ“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) მიერ.

კომენტარები