მშობლობის გარდატეხის ხანა და მისი თანმდევი სირთულეები

405
ნინო ლომიძე, მწერალი, პედაგოგი
პუბერტატზე ბევრი იწერება, მშობლობის ხანაში გარდატეხის ხანაზე – ნაკლები.
არადა ჩვენც გავდივართ რთულ, მტკივნეულ, გარდამტეხ პერიოდს და მიჯნა ძალიან მკაფიოა. თითქმის – თვალით ხილული.
🔹თითქოს გუშინ იყო – ყოვლისშემძლეები ვიყავით.
ყველა ცხოვრებისეული სიტუაციისთვის გვქონდა „გასაღები“, ყველა პრობლემისთვის – გადაჭრის გზა. იარებსა და ნატკენებს, ყოველგვარ „ფუას“ კოცნით ვარჩენდით. „გეტკინა? გაკოცებ და გაივლის“.
„აი, სულს შევუბერავ და გაქრება ტკივილი“. და ასეც ხდებოდა. უხასიათობის, ბღუკიანობისა და ჯაჯღანის საწინააღმდეგო 100%-იანი საშუალებაც გვქონდა – კინდერ-სიურპრიზი. ეს უდრიდა ანთებულ თვალებსაც და კმაყოფილების ჭყლოპინსაც.
🔹ადრეულ მშობლობაში გვაქვს პასუხი ყველა კითხვაზე – რატომაა ჭერი ზევით, იატაკი კი ქვევით? რატომაა კვირაში შვიდი დღე, სადაა ღმერთი და რას ნიშნავს გლობუსი. ყველაფერი ვიცოდით, ან თითქმის ვიცოდით, ან თავს ვაჩვენებდით, რომ ვიცოდით და გვიჯერებდნენ.
ყველაფერი „ნორმაში“ იყო – ჩვენ ვიყავით აღმზრდელები. ისინი – აღსაზრდელები.
🔹მერე დგება ეს „გარდატეხის ასაკი“, გარდამტეხი ხანა მშობლობაში და ჩვენ გარდავისახებით:
▪️უმწეო
▪️უუნარო
▪️შფოთიან, ნერვიულ, უკმაყოფილო, გადაქანცულ ▪️არაფრისმცოდნე
▪️დაბნეულ
▪️გაღიზიანებულ
▪️მუდამ დაძაბულ არსებებად, არ გვაქვს პასუხები მათ კითხვებზე, არ გვაქვს მზა რეცეპტები, ვეღარც მათ სატკივარს ვშველით, სულის შებერვასა და კოცნასაც ეკარგება ჯადოსნური ძალა.
🔹იწყება ტურბულენტური ზონა.
იწყება ჩავარდნები, დაღმაფრენები.
გვაძაგძაგებს და ვირყევით, როგორც ლერწამნი ქართაგან ძლიერთა და ძალიან გვინდა, მაგრამ აღარ ვფლობთ იმ ადრეული მშობლობის ძალებს. ვეღარ ვართ ყოვლისშემძლეები.
ახლა აქეთ ვართ საშველიც და მისახედიც და არავინაა ჩვენი პატრონი. ისევ ჩვენ უნდა ვიქცეთ საკუთარი თავების მხარდამჭერებად, აღმზრდელებად და მშობლებად.
🔹ეს ტრანსფორმაცია აუცილებელია. ჩვენ ხელახლა ვქმნით ახალ მშობლობას ჩვენში და ეს ნამდვილი შემოქმედებითი პროცესია. სადაც სწავლობ, სწავლობ და სწავლობ და მეტწილად – საკუთარ შეცდომებზე.
⚡️როგორ მივუდგეთ აჯაგრულ მოზარდს.
⚡️როგორ დავეხმაროთ უკვე ეგზისტენციალური და რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გამკლავებისას.
⚡️რა გავაკეთოთ და უფრო მნიშვნელოვანი – !!!რა არ უნდა გავაკეთოთ არავითარ შემთხვევაში!!!
⚡️როგორ შევინარჩუნოთ ღირსება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – საღი აზრი.
⚡️არ ვიქცეთ მოჩიჩინე, მოჯაჯღანე, მობუზღუნე ცენზორ-კრიტიკოსებად, ჭკუისდამრიგებლებად, მღაღადებლებად (მეტწილად – უდაბნოსა შინა).
⚡️რა რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა ერთ მომენტში საზრიანი, ჭკვიანი, გონიერი, დამოუკიდებელი, ძლიერი პიროვნება დგას ჩვენ წინ, მეორე წუთში კი ისეთ გაუგონარ სისულელეს აბრეხვებს, თავზე იმხობს ყველაფერს.
არსებობს მზა პასუხები? გარდატეხის ასაკგამძლე კოცნები და სულის შებერვები?
🔹რა თქმა უნდა, არა.
არ არსებობს.
არ არსებობს არანაირი მზა რეცეპტი. სწორი პასუხი. დაზეპირებული რეაქცია. არაფერი ისეთი, რასაც შევაგებებთ მათ.
🔹სამაგიეროდ:
არსებობს გამოცდილება და ჯადოსნური სამარჯვები, რომლებიც გამოგვადგება ჩვენ და ეს შეცვლილი პერსპექტივა ნამდვილად უალტერნატივოა.
🔹ამ სტრატეგიული კოქტეილის სახელია – „არ ვიცი რა ვუშველო მას, მაგრამ ვიცი, როგორ მოვიქცე თავად!“
🤘 მშობლობის გარდატეხის ხანაში ნომერ პირველი საზრუნავი და საფიქრალი უნდა იყოს ჩვენი ჯანმრთელობა – ფიზიკური, მენტალური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური. ჯანმრთელი სხეული და ჯანსაღი ფსიქიკა მარგებელია ჩვენთვის და ჩვენი გარემოცვისთვის.
🤘ვინც გაფრთხილებულია – ის შეიარაღებულია. ცოდნა – სამარჯვია. მძლავრი იარაღი. ჩავუსხდეთ და ვიკვლიოთ და ვიკითხოთ – რა ფიზიოლოგიური, ანატომიური, სხეულებრივი და ფსიქიკური ცვლილებები ხდება ადამიანის ორგანიზმში გარდატეხის ასაკისას? თუ გვახსოვს საკუთარი შინაგანი ამოფრქვევები და ჰორმონალური ფეიერვერკები, გავიხსენოთ. თუ არა – ვეძებოთ და ვიპოვოთ, როგორ ხდება, როგორაა აღწერილი.
🤘მნიშვნელოვანია იმ ფაქტის, იმ მოცემულობის მიღება, რომ ისე, როგორც იყო აწი აღარ იქნება. არამედ იქნება ახალ-ახალი გარემოებები, სიტუაციები, სირთულეები და დაბრკოლებები და ყველაზე ხშირად ერთადერთი, რისი გაკეთებაც დაგვევალება, იქნება უპირობო მხარდაჭერა, დიდი ნდობა, უზომო სიყვარული, მხარდაჭერა, მხარდაჭერა, მხარდაჭერა. არა ჭკუის სწავლება, არა – შენ რა იცი, მე ვიცი. არა – ჩემს დროს ასე იყო! არა – იმას იზამ, რასაც გეუბნები, არამედ – აქ ვარ.
გისმენ. ყოველთვის გვერდით ვიქნები. მიყვარხარ.
გისმენ. გისმენ. გისმენ.
მოდი ჩაგეხუტო.
🤘სამახსოვრო კი არა, საზეპირო უნდა გახდეს ის, რომ კონტროლი არ არის გამოსავალი. რეალურად – კონტროლი, როგორ „ოპცია“ არ არსებობს საერთოდ, იმიტომ რომ მხოლოდ უკიდურესად დაშინებული, დამორჩილებული და პიროვნებაწაშლილი მოზარდი დაემორჩილება კონტროლს გარდატეხის ასაკში. სხვა მხრივ მათი შესაძლებლობები, თავი დააღწიონ კონტროლს და გააკეთონ ის, რაც აინტერესებთ, სურთ, უნდათ – არის შეუზღუდავი. ამრიგად – (ყოველი) დღის წესრიგშია კონტროლის ჩასანაცვლებელი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა.
მუშაობა იმაზე, რომ გვენდონ. ნდობის მოპოვება.
გვენდონ ჩვენ. ენდონ საკუთარ თავს.
და ისევ:
ყოველთვის აქ ვარ. შენ გვერდით.
შენთან. შენთვის. შენკენ ნებისმიერ სიტუაციაში.
ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს.
მარტოც გაუმკლავდები ყველაფერს და კიდევ მეტს.
დაუშვებ შეცდომებს.
არ გეცოდინება, რა გელის მომავალში.
არ იქნები დარწმუნებული, რომელია სწორი ნაბიჯი.
იორჭოფებ.
ინერვიულებ.
შეცდები.
მერე – დადგები და იმოქმედებ. აიღებ პასუხისმგებლობას. ითხოვ დახმარებას – თუ დაგჭირდება.
და იმოქმედებ, იმოქმედებ, იმოქმედებ.
❤ მთავარია – გაუფრთხილდი თავს. ჭამე ხილი. ჭამე ბოსტნეული. დალიე საკმარისი რაოდენობის წყალი! ამოძრავე სხეული. აკეთე სასარგებლო ვარჯიშები გონებისთვის, ხელ-ფეხისთვის, კუნთებისთვის. დააკვირდი მოთხოვნილებებს, საჭიროებებს, ისწავლე სხეულის დაპურება და დარწყულება. მიხედე თავს, ტანს, შიგანს.
იზრუნე ჯანმრთელობაზე. სხვებზე. შეიძინე მეგობრები. ახალი ინტერესები. გაიფართოვე თვალსაწიერი დაუღალავად.
იმოძრავე. იმოძრავე. იმოძრავე. დაისვენე.
შეიმეცნე და ისიამოვნე.
ილუსტრაცია: Banksy – Anarchist and Mother Punk Mum
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „DON'T FORGET To EAT YOUR LUNCH AND MAKE SOME TROUBLE ××ד გამოსახულება

კომენტარები