სკოლის ეზოში ჭადრაკის დაფის მოსაწყობად მშობელმა ფინანსები მოიზიდა

639
შორენა გიგოლაშვილი, ახალციხის I საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი

 

შორენა გიგოლაშვილის ნამდვილი ამბავი

მე ახალციხიდან ვარ. აქ ვცხოვრობ და შვილსაც აქ ვზრდი. ჩემთვის, როგორც მოსწავლის მშობლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს ბავშვების სასკოლო ცხოვრება.

ყოველთვის მაწუხებდა, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით რეგიონში მცხოვრები ბავშვები არ არიან განებივრებული შემეცნებითი წრეების მრავალფეროვნებით. ახალციხეში არაფორმალური განათლების მიღების ბევრად ნაკლები შესაძლებლობაა. არც სასკოლო და არც სკოლის მიღმა ინფრასტრუქტურა ბავშვებს საშუალებას არ აძლევს გაკვეთილების შემდეგ დრო შინაარსიანად გაატარონ.

რადგან ჩვენს ქალაქში ჭადრაკი ძალიან პოპულარულია, ვიფიქრე, კარგი იქნება, ჩემი შვილის სკოლის ეზოში ჭადრაკის გარე დაფას თუ მოვაწყობდით. ბავშვები ეზოში დაკავდებოდნენ მათი საყვარელი სპორტით და დროს შინაარსიანად გაატარებდნენ. დაწყებით კლასებში ჭადრაკი ისწავლება კიდეც და გარე დაფა დამატებითი თვალსაჩინოება იქნება.

მთავარი პრობლემა ფინანსების მოძიება იყო. ჩავერთე მშობელთა ასოციაციის პროექტში “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში”, რომლის ფარგლებშიც გავიარე ტრენინგი „როგორ მოვიძიოთ ფინანსები სასკოლო საჭიროებებისთვის“, სადაც პირველად გავიგე სახალხო დაფინანსების შესახებ. შემდეგ მივმართე პლატფორმას „ორბელიანი მეტი“, კიდევ უფრო მეტი გავიგე, როგორ ვაწარმოო კამპანია თანხის მოსაზიდად და შევუდექი ამ საქმეს.

ე.წ. „ქრაუდფანდინდი“ ადვილი არ აღმოჩნდა, რადგან სიახლეა და ჩემს რეგიონში მცხვორებ ადამიანებს უჭირთ გაიგო მისი არსი. 1 ადამიანისგან გადმორიცხული 1 ლარიც საკმარია ხოლმე დადებითი ცვლილებებისთვის. ქრაუნფანდინგის პროცესში, როგორც მშობელმა მივაკითხე ასოციაცია ტოლერანტს. მქონდა ინფორმაცია, რომ ტოლერანტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ” შევქმნათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო ჩვენი შვილებისთვის” ფარგლებში ჩამოყალიბებული ჰქონდა მშობლეთა საბჭოები ახალციხის სკოლებში და აწარმოებდნენ ადვოკატირების კამპანიებს სხვადასხვა მიმართულებებით. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შედგა ჩვენს შორის კარგი თანამშრომლობა და თანხა, რომელიც ესაჭიროებოდა ჭადრაკის პროექტის წარმატებით განხორციელებას, გადმოეცა დროულად. როდესაც მშობლები არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ რეალურადაც ვირჯებით ჩვენი შვილების განვითარებისთვის, ბევრი ადამიანი გამოხატავს ჩვენს გვერდში დგომას. ასე შევაგროვე 2400 ლარი. დანარჩენ დაფინანსებას „ორბელიანი მეტი“ დაფარავს და სულ მალე, ახალციხეში პირველად, I საჯარო სკოლაში გავაკეთებთ ჭადრაკის დაფას.

მჯერა, სკოლის ეზოში ჭადრაკის დაფის მონტაჟი ჩემს შვილს და მის თანატოლებს ძალიან გაახარებთ. გარდა ამისა, ეს შესაძლებელს გახდის სკოლებს შორის მოეწყოს შეჯიბრებები, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ჭადრაკის პოპულარიზაციას და სკოლებს შორის თანამშრომლობა-დამეგობრების გაძლიერებას.

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

კომენტარები