USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პროცესში მშობელთა ჩართულობის პროექტი იწყება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ახორციელებს.
საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლები ნაკლებად არიან ჩართულნი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების განხილვისა და გადაჭრის პროცესებში. სწორედ ამიტომ მშობელთა ასოციაცია მშობლების ქსელის შექმნასა და გაძლიერებაზე იმუშავებს, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს, მონაწილეობა მიიღონ მათი შვილების ინტერესებზე მორგებული სასკოლო განათლების სისტემის შექმნაში.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის 6 რეგიონიდან 25 მოხალისე მშობელი და 10 სკოლა შეირჩევა, სადაც ჩატარდება მშობელთა ჩართულობის შესახებ ტრენინგები, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრები და სხვა აქტივობები მოსწავლეთა ოჯახების მონაწილეობით. მოხალისეები შეისწავლიან სკოლისა და მშობლების კომუნიკაციას, ასევე, კრიზული ურთიერთობის მართვის, სახალხო დაფინანსების წარმოების და არაძალადობრივი პროტესტის გამოხატვის ტაქტიკებს, რაც მათ დაეხმარებათ უკეთესი ხარისხით მიიღონ მონაწილეობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში. მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდება. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსწავლეთა მშობლები საჯარო და კერძო სკოლებიდან. პარალელურ რეჟიმში გაიმართება საინფორმაციო კამპანია „რა ხდება სკოლაში“, რომელიც მიზნად ისახავს ფართო აუდიტორიის ინფორმირებას მშობელთა მოძრაობის და ზოგადი განათლების სისტემაში დემოკრატიული მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.
საბოლოოდ, პროექტი ხელს შეუწყობს სკოლას, მშობლებს და სახელმწიფო უწყებებს მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული, შედეგიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში.
კომენტარები