განათლების სპეციალისტი, მანანა ჯინჭარაძე: “შევთანხმდეთ, რომ მოტივაცია მასწავლებლის მიერ საინტერესოდ ჩატარებული გაკვეთილის პირდაპირ პროპორციულია. პირველ რიგში საკვლევია, როგორ გაკვეთილებს ატარებენ ჩვენი რესპოდენტის შვილების მასწავლებლები, – არის თუ არა საინტერესო, ინტერაქტივზე დაფუძნებული, თამაშის ელემენტებით გამდიდრებული. მასწავლებელს, ვალდებულება აქვს ასაკის შესაბამისი მამოტივირებელი პირობები შექმნას სასწავლო ოთახშიც, დისტანციური სწავლების დროსაც. მეორე მხრივ, საყურადღებოა ისიც, რომ მშობელს, გარდა ,,დაჯექი-იმეცადინეს’’ ძახილისა, სხვა ვალდებულებაც აკისრია და საინტერესოა როგორ ეხმარება შვილებს, თავად რა მამოტივირებელ ღონისძიებებს მიმართავს სწავლის პროცესის ხელშესაწყობად. მშობლის სკოლაში ჯდომა, სასწავლო პროცესის მეთვალყურეობა და გამოვლენილი ყურადღება საკმარისი პირობა არ არის მოტივაციის ამაღლებისა და ბავშვის დაინტერესებისათვის. ეს მშობელი მხოლოდ მაკონტროლებელი მშობლის ფუნქციას ასრულებს და არა თანამშრომელი მშობლის. ამ ტიპის კონტროლი არ იწვევს შინაგანი მოტივაციის გააქტიურებას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს თავად ბავშვის მოთხოვნას ისწავლოს და არ იყოს დამოკიდებული მშობლის იძულებასა და შიშზე. რეკომენდაცია 1. მშობელმა მასწავლებელთან ერთად უნდა გამოიკვლიოს ის მიზეზები, რაც ბავშვების ჩავარდნას იწვევს სწავლაში. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მრავალფეროვანი სტრატეგიები – თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები, თამაშები, პროექტები. მათი გამოყენება ხდება ონლაინ სწავლების პროცესშიც. რეკომენდაცია 2. მშობელმა უნდა ითანამშრომლოს მასწავლებელთან და უკეთ გააცნოს შვილების შესაძლებლობები და ინტერესთა სფეროები; მასწავლებელმა კი სწავლის პროცესი ბავშვების ინტერესების სფეროებსა და შესაძლებლობებს მოარგოს და დაუკავშიროს. რეკომენდაცია 3. მშობელმა და მასწავლებელმა ერთად შეარჩიონ პატარ-პატარა დავალებები, რომელსაც ბავშვები დამოუკიდებლად შეასრულებენ და რომლის ეფექტსაც ძალიან ჩქარა დაინახავენ. შესრულებული სამუშაოს შემდეგ მასწავლებელიც და მშობელიც მზად უნდა იყოს, რომ შეაქონ ბავშვების ძალისხმევა და არა თავად მოსწავლეები. დავალების შესრულებაზე დახარჯულ ენერგიაზე აქცენტირება ბავშვებისთვის კარგი მოტივაცია იქნებოდა. ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”.
SHOW LESS
კომენტარები