რა მასწავლა პანდემიამ როგორც დედას?

225

ნანა საჯაია ანდროს დედა
ვაშინგტონი 2020

ანდრო მალე 9 წლის ხდება და უკვე ორ თვეზე მეტია მისი მეცხრე დაბადების დღე დავგეგმეთ, დისნეილენდში წასვლას ნიუ-იორკში წასვლა არჩია. ადდრე დაგეგმვა და მოსალოდნელის წინასწარ ცოდნა მას კომფორტს ანიჭებს, დრო კი ორივეს მოსამზადებლად გვჭირდება, ვსაუბრობთ სად წავალთ, რას ვნახავთ, რას გავაკეთებთ. იგივე ეხება უქმეების დაგეგმვას და ხშირად მეორე დღის დაგეგმვასაც, ჩვენთვის გეგმის ქონა საუკეთესო სამზადისია.

კორონავირუსის პანდემიას დანარჩენი სამყაროს მსგავსად, მოუმზადებლები და დაბნეულები შევხვდით. ანდროს სკოლა ჯერ 4 კვირით, შემდეგ კი სემესტრის ბოლომდე დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, სავარაუდოდ, სკოლაში სულ მცირე ნახევარი წელი ვერ წავა. სკოლასთან ერთად დაიხურა სივრცეები, სადაც თავისუფალ დროს ვატარებდით – სასრიალო მოედნები, მისი საყვარელი კვების ობიექტები – პიცერია და სანაყინე, გასართობი ცენტრები, გაუქმდა პიანინოს გაკვეთილები, ვეღარ ივლის ჰიპ-ჰოპზე, რომელსაც ერთი თვე ელოდებოდა.

ანდროს სკოლაში საშინაო დავალებები არ აქვს, სავარჯიშოებს დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლაში კლასელებთან ერთად აკეთებენ, სახლში მხოლოდ კითხვა მოეთხოვება. სასკოლო დღეს ანდრო დილის 7 საათზე დგება და 8:20 წუთზე სკოლის ყვითელ ავტობუსს მიჰყავს, უკან ოთხ საათზე ბრუნდება. ახლა კი, მისი გართობა და გაკავება, მარტო 4 საათის შემდეგ კი არა, დილის 7-დან, სულ მცირე, ღამის 9 საათამდე მიწევს.

სახლში ყოფნისას ვცადეთ:

კითხვა – სანამ სკოლა დაიხურებოდა, მასწავლებელმა სკოლის ბიბლიოთეკიდან 20-მდე წიგნი გამოატანა. ხან თვითონ კითხულობს, ხან მე ვუკითხავ და მისმენს, მაგრამ ამას დიდი სიხარულით და მოტივაციით არ აკეთებს. მრავალფეროვნებისთვის, მოთხრობების მოსმენა დავამატეთ. დღეში ერთ მოთხრობას ვუსმენთ. ამ საიტზე, ამერიკელი მსახიობები და ცნობილი ადამიენბი (მათ შორის ოპრა უინფრი და ალ გორი) საბავშვო ლიტერატურას კითხულობენ, საიტზე წვდომა უფასოა.
https://www.storylineonline.net/
წიგნის მოსმენის შემდეგ, რამდენიმე კითხვას ვუსვამ და შინაარსზე ვსაუბრობთ. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე ინტერაქტიული წიგნის კითხვის ეს მეთოდი აღმოჩნდა.

სამაგიდო თამაშები
სამაგიდო თამაშები ბლომად გვაქვს. ადრეც ხშირად ვთამაშობდით. ახლა ვცდილობ, რუტინის ნაწილი იყოს და ყოველ დღე 1 საათი, წყვეტის და ჩარევების გარეშე, რომელიმე სამაგიდო თამაში ვითამაშოთ. თამაშს ანდრო ირჩევს.
ამ ეტაპზე მისი საყვარელი სამაგიდო თამაშებია:
chutes and ladders, Sorry, Connect Four, Guess Who, Scrabble
თუ ეს თამაშები არ გაქვთ, სახლის პირობებში, ალბათ, ყველაზე ადვილად Scrabble-ის დამზადება შეიძლება. მუყაოს ქაღალდები პატარა ოთკუთხედ ნაწილებად დაჭერით და ასოები დააწერეთ, ამოაყირავეთ, მოურიეთ, ასოები მორიგეობით აიღეთ და ამობრუნებული ასოებისგან სიტყვების აწყობაში შეეჯიბრეთ ერთმანეთს.
ონლაინ თამაშებისთვის კარგი რესურსია ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის PBS-ის საბავშვო პროექტების გვერდი – https://pbskids.org/everything/

ორცხობილები
ამერიკულ ოჯახებში, შობის ღამეს, ორხცობილებს აცხობენ და საჩუქრის მოსატანად სახლში შემოპარული სანტა-კლაუსისთვის მაგიდაზე ტოვებენ. ეს ტრადიცია სახლში ყოფნისას გავიხსენეთ და წმინდა პატრიკის დღეს ფერადი ორცხობილები დავაცხვეთ. ანდრო დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული. მართალია, ბოლოს, მხოლოდ ერთი ორცხობილა ჭამა, მაგრამ მზადების პროცესით კარგად გაერთო, ხან ფქვილის და შაქრის დოზებს მიკითხავდა და ხანაც ცხობის ეტაპებს მიკონტროლებდა. თუ სამზარეულო საქმით თქვენი შვილიც ინტერესდება, იუთუბის ეს არხი გამოგადგებათ.
როზანა პანსინოს 12 მილიონი გამომწერი ჰყავს, ის ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე უხსნის სამზარეულოს წესებს.
https://www.youtube.com/user/RosannaPansino

თვითიზოლაციაში ყოფნას დაემთხვა ჩემი საძინებლისთვის კომოდის აწყობა, რამაც ანდროში აწყობის/შენების იმაზე დიდი ინტერესი გააღვივა, ვიდრე წარმოვიდგენდი, ხან ჩაქუჩის დარტყმაში მეცილებოდა და ხან ნახაზების კითხვაში მეხმარებოდა. ამ პროცესმა მთელი დღით მოიცვა. IKEA-ს ავეჯის გამოწერას ამ კორონავირუსის ჟამს, ალბათ, ბევრი არ აპირებთ. თუმცა შეგვიძლია ბავშვები სახლის საქმეებში ჩავრთოთ -იქნება ეს მაგიდის ალაგება, წიგნების თაროების მოწესრიგება თუ სათამაშო კუთხის დალაგება. კერძო სახლში უფრო მეტი როლის განაწილებაც შეიძლება.

სეირნობა და ვარჯიში
ანდრო და მე ნაბიჯებს ვითვლით. ორივე Fitbit-ის საათებს ვატარებთ და ყოველდღიურად 10 ათასი ნაბიჯის გავლა გვაქვს მიზნად. რადგან დღის განმავლობაში სახლში ვართ, გვიან საღამოს სასეირნოდ გავდივართ და ასე ვაგროვევბთ ნაბიჯებს.
თუ smart watch არ გაქვთ, ნაბიჯების დათვლა ნებისმიერ სმარტ ფონშიც შეიძლება.
თუშინ სასეირნოდ გასულებმა პირველად ვიძუნძულეთ. ამაში 5K Runner აპლიკაცია დაგვეხმარა https://apps.apple.com/us/app/5k-runner-couch-potato-to-5k/id439852091.
აპლიკაცია უფასოა და აქტივობა, სულ, 30 წუთს გრძელდება. პირველი და ბოლო ხუთი ფეხით ნელა დადიხართ, მერე ერთწუთიანი სირბილის და წუთნახევრიანი სიარულის მონაცვლეობის 5 რაუნდია. სესიის ბოლოს ოთახში გაუხარჯავი ენერგისგან იცლებით და დაგროვილი ნაბიჯებიც დაგროვილია, ჩვენ ამ ნახევარ საათში 2 კილომეტრი დავფარეთ.

და მაინც, რა მასწავლა კორონავირუსმა როგორც დედას? ის, რომ ყველა გრძნობა და პასუხისმგებლობა კრიზისისას მხოლოდ მძაფრდება და ის, რომ ისევე, როგორც სხვა, ნებისმიერ ომში, ხან მოვიგებთ, ხანაც დავმარცხდებით. მეც ასე, ყოველდღოურად ხან ვიგებ და ხან ვმარცხდები აიფონთან, აიპედთან, კომპიუტერთან. მერე ისევ ვცდილობ დავუბრუნდეთ რუტინას, ისევ წავიკითხოთ, ისევ ვითამაშოთ, ისევ ვირბინოთ და ასე, წრეზე… ხვალ ახალი დღე იქნება…

კომენტარები