„მშობლები განათლებისთვის“ დამოუკიდებელ თვითდაფინანსებულ პლატფორმას ქმნის, რომელიც მზრუნველ მშობლებსა და აქტიურ მასწავლებლებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო და მხარდამჭერ სერვისებს უწყვეტად შესთავაზებს.
პროგრამა „ოჯახი და სკოლა ბავშვის წარმატებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შორის ბავშვზე ორიენტირებული, ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რათა მათ ერთობლივად, შეთანხმებულად იზრუნონ ბავშვის ჯანსაღ განვითარებაზე, მათ შორის, ხარისხიანი განათლების მიცემაზე.
- პლატფორმა მოემსახურება პოზიტიური მშობლობის და პედაგოგიკის იდეებისა და პრაქტიკების პოპულარიზაციას; ოჯახისა და სკოლის ჯანსაღი თანამშრომლობის შესახებ ცოდნის გაზიარებას;
- მშობლებს დაეხმარება აღზრდის პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვასა და განათლების მიღების გზაზე შვილის მხარდაჭერაში;
- მასწავლებლებს გაუადვილებს მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობას;
- სკოლის დირექტორებს ხელს შეუწყობს მშობელთა ჩართულობის სტრატეგიულ დაგეგმვაში.
2025 წლის მარტიდან პლატფორმაზე რეგულარულად მოეწყობა ვებინარები, ტრენინგები, ლექციები, მასტერკლასები, დისკუსიები და კონფერენციები, როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ რეჟიმში. მასში მონაწილეობას სურვილისამებრ შეძლებენ ფიზიკური პირები და ორგანიზაციები. დაგეგმილ ღონისძიებებს გაუძღვებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მათ შორის, ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები.
პლატფორმა მოიცავს როგორც ფასიან მომსახურებას, ისე უფასო პროდუქტების პოპულარიზაციას. დაგეგმილი აქტივობების შესახებ რეგულარულად გამოქვეყნდება „მშობლები განათლებისთვის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
„ვიმედოვნებთ, რომ პლატფორმა „ოჯახი და სკოლა ბავშვის წარმატებისთვის“ გახდება წამყვანი სასწავლო და საინფორმაციო სივრცე, სადაც მოტივირებული აუდიტორიისთვის პროფესიონალები საუკეთესო პრაქტიკას გააზიარებენ. აქ მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს პოზიტიური და აქტიური მშობლობის და მასწავლებლობის ქცევის სტიმულირებას. ჩვენი ამოცანაა, რომ სასკოლო საზოგადოების მოტივირებულ ნაწილს გავუწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმას დააფინანსებენ თავად ის ადამიანები, ვისაც ეს ცოდნა სჭირდება. პროექტული აქტივობებისგან განსხვავებით, განახლებულ პლატფორმაზე არ იმოქმედებს გეოგრაფიული და რაოდენობრივი შეზღუდვები. მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა ფორმატში ყველა მსურველი შეძლებს.“ – აცხადებს ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი
დაინტერესებული მშობლები და მასწავლებლებისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია. ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/StCWR2zCnEA9v27x7
კომენტარები