მოზარდობის სირთულეებთან გამკლავება

1146

ანიმაცია მოიცავს ფსიქოლოგ მაია ჯიბუტის რეკომენდაციებს

“”მოზარდობის ასაკში რადიკალურად იცვლება ბავშვის ფიზიოლოგია და ფსიქოლოგია. ადამიანის სასიცოცხლო ციკლში იგი შეფასებულია,  როგორც ერთ-ერთი რთულად გასავლელი პერიოდი. მშობლებმა და პედაგოგებმა კარგად უნდა გააცნობიერონ გარდატეხის ასაკის სირთულეები და ისწავლონ თინეიჯერებთან სწორად ურთიერთობა. იმისათვის, რომ სკოლამ და ოჯახმა გარკვეულ სირთულეებს გაართვან თავი სასურველია გაითვალისწინონ საყურადღებო რეკომენდაციები:

რეკომენდაცია 1: სწორედ ოჯახი და სკოლაა ვალდებული ამ პერიოდში  მოზარდს აჩვენოს და აგრძნობინოს სითბო და სიყვარული. საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოს მხარდაჭერაც. მშობლებმა და პედაგოგებმა თავად აჩვენეთ მორალური ქცევის მაგალითები. დაეხმარეთ მოზარდს პოზიტიური თვითშეფასების ფორმირებაში: მაგალითად, მოუწონეთ კარგად შესრულებული სამუშაო, ყურადღება გაამახვილეთ მათ ნიჭსა და უნარებზე, დააფასეთ  მათი მცდელობები და მიღწევები.

გარდატეხის ასაკში იცვლება მოზარდის ხასიათი, შეხედულებები, ქცევები, ინტერესები!

რეკომენდაცია 2: როცა მოზარდი ცუდად იქცევა თავი აარიდეთ ზედმეტად მკაცრი დისციპლინარული ნორმების გამოყენებას. რაციონალურად აუხსენით მას ქცევის წესები.

გახსოვდეთ, რომ მოზარდს შეიძლება არა ერთი ”მეორე შანსი” დასჭირდეს.

ამ შემთხვევაში დასჯა – სკოლიდან გაძევება არ არის გამოსავალი, ეს შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს მოსწავლისთვის. სკოლამ დემოკრატიული მეთოდების გამოყენებით უნდა შეძლოს მოსწავლეებში პასუხიმგებლობის და თანამშრომლობის განვითარება. პედაგოგები თავად უნდა იყვნენ პოზიტიური ქცევის მოდელები.

მოზარდები ”იზომებენ”, ”ირგებენ”, ”ცდიან” სხვადასხვა როლს, ამიტომ გამოყავით როლი პიროვნებისგან – გააკრიტიკეთ ქცევა და არა მოზარდი!

რეკომენდაცია 3: კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა და გავლენა.  ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით         გამოწვეულ   პრობლემებთან გასამკლავებლად მოზარდებს თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამას კი, ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი განცდები და პრობლემები აქვთ. თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ყოველი მოზარდი ოცნებობს ნამდვილ მეგობარზე, რომელსაც შეიძლება ბოლომდე ენდოს.

მოზარდებს მართალია ახასიათებთ ერთმანეთის       მიმბაძველობა, მაგრამ თქვენ ნუ ეცდებით თქვენი შვილის ცუდი ქცევა მიაწეროთ სხვა ბავშვებს, მით უფრო თუ ამაში არ ხართ დარწმუნებული. მოიწვიეთ შვილის მეგობრები ოჯახში, გაიცანით ისინი და შეეცადეთ გაარკვიოთ მათი ინტერესები.

ძვირფასო მშობლებო და პედაგოგებო შეეცადეთ თქვენს შვილებს და მოსწავლეებს  ამ მნიშვნელოვან და რთულ  ასაკში გაუგოთ, უთანაგრძნოთ და ასწავლოთ!”

ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“. ანიმაციის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია

კომენტარები