როგორ აღვიქვამთ მოზარდებს მოზრდილები და რა გამოწვევების წინაშე აყენებს XXI საუკუნე ბავშვებს?
ნებისმიერ ჩვენგანს აქვს მიზნები (მაგ. წონაში დაკლება ან ახალი სამსახურის დაწყება) და ამ მიზნის მიღწევის გზაზე აშკარა ხდება, რომ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მიღწევისთვის საჭიროა სირთულეებთან გამკლავება და კონკრეტული მიზნისკენ სწრაფვის უნარი. მოტივაცია ადამიანის მოქმედების ერთგვარი მამოძრავებელი ძალაა. ეს არის პროცესი, რომელიც: 1.იწვევს 2.მიმართულებას აძლევს 3.ინარჩუნებს მიზნისკენ მიმართულ ქცევას. სწორედ ის განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებას იმ შემთხვევაშიც, როცა ჭიქას ვიღებთ ხელში წყურვილის მოსაკლავად და მაშინაც, როცა წიგნს ვკითხულობთ ცოდნის მიღებისთვის.
თანამედროვე მოზარდი ხშირად აღიქმება, როგორც ზარმაცი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ძილი, ვიდეოთამაშებით გართობა და მეგობრებთან ხანგრძლივი online კომუნიკაცია აინტერესებს. ამგვარი აღქმა იმას უკავშირდება, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოზარდები სწორედ ასე იქცევიან. უმეტესი მოზრდილის აზრით, სიზარმაცე და დაბალი მოტივაცია გარდატეხის ასაკის ბუნებრივი, თანმდევი მოვლენაა – ეს შეხედულება კი სტერეოტიპულია.
წარსულ საუკუნეებში მოზარდები სოციუმის ყველაზე გამრჯე ნაწილს წარმოადგენდნენ. ისინი ძირითად დროს მოზრდილების გარემოცვაში და მათ გვერდით მუდმივ შრომაში ატარებდნენ — მუშაობდნენ ფერმებში, მინდვრებში, დაკავებულნი იყვნენ სახლებში ხელსაქმითა და მზარეულობით. ამგვარი შრომა უბრალოდ მნიშვნელოვანი იყო გადარჩენისთვის, მოზარდის შრომას ფასი ჰქონდა და შრომის შედეგიც კონკრეტული და თვალსაჩინო იყო. იმდროინდელი მოზარდების მოტივაციას ის ფაქტი განსაზღვრავდა, რომ შრომის სწრაფი, თვალსაჩინო შედეგები ხელს უწყობდა სოციუმში ადგილის დამკვიდრებას.
მოზარდობის ასაკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ სოციუმში თავის დამკვიდრების ძლიერი სურვილია. მოზარდებს უნდათ რომ შესატყვისად აღიქვან, გაითვალისწინონ მათი აზრები და მოექცნენ ისე, როგორც მოზრდილებს. მსგავსი მოპყრობა მათ მნიშვნელოვნების განცდას, ადეკვატურ თვითშეფასებას და სწორ ღირებულებებს უყალიბებს.
რა ხდება დღეს?
რა ტიპის შრომა უწევთ მოზარდებს და როგორ მდგომარეობაშია მათი მოტივაცია?
ალბათ ფიქრობთ, რომ ჩვენს საუკუნეში ბევრი რამ შეიცვალა და მართალიც ხართ. თუმცა ცვლილებების მიუხედავად მოზარდობის მახასიათებლები არ შეცვლილა და ზუსტად ისეთივე სურვილები აქვთ თანამედროვე ბავშვებს, როგორც მათ წინაპრებს.
დღეს მოზარდები ბევრი ახალი და უცნობი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი მშობლები კი ცდილობენ ხელი შეუწყონ შვილებს, როგორც აკადემიური აქტივობებისას, ისე ზოგადად ცხოვრებაში, რომ უფრო მოტივირებულნი იყვნენ.
პირველი, რაც მშობელმა უნდა გაიაზროს ისაა, თუ რამდენად რთულია დღევანდელ სამყაროში მოზარდისათვის ცხოვრება. სასურველია მშობელმა გაიხსენოს თუ როგორი იყო მისი ბავშვობა. თუ ამაზე დაფიქრდება და გააცნობიერებს, აღმოაჩენს რომ მას შვილისგან განსხვავებით, მსგავს გამოწვევებთან და მრავალფეროვან არჩევანთან გამკლავება არ უწევდა.
თანამედროვე მოზარდები ისეთ სამყაროში არსებობენ, სადაც ცხოვრების რიტმი საკმაოდ მაღალია, ტექნოლოგიები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მოვლენები მათზეც ისევე ახდენს გავლენას, როგორც დანარჩენ მოსახლეობაზე. ცხადია ყველაფერმა ამან შესაძლოა დააფრთხოს ბავშვი, დააფიქროს მომავალზე და შესაბამისად მოტივაციაც შეუმციროს.
საკმაოდ მცირეა იმ მოზარდთა რაოდენობა, რომლებიც აბსოლუტურად დემოტივირებულნი არიან.
მოზარდთა უმეტესობის დაბალი მოტივაცია გამოწვეულია იმით, რომ უწევს ისეთი საქმიანობა რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია მისთვის, რაც არ მოსწონს და ნაკლებ ინტერესს იწვევს მასში. მოტივაციის ასამაღლებლად მათ სჭირდებათ ინტერესებზე მორგებული აქტივობები და კარგად დაგეგმილი სასკოლო პროგრამა.
აქ ჩნდება შეკითხვა, რამდენად აქვთ დღეს შესაძლებლობა მოზარდებს აკეთონ ის, რაც მოსწონთ, რაც მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა? როგორ ეხმარება ამაში მათ ოჯახი ან სკოლა?
აუცილებელია, მოზარდი გამოკვეთილად ხედავდეს იმ მიზნებს, საითკენაც ისწრაფვის, იქნება ეს საშუალო სკოლის წარმატებით დასრულება, უბრალოდ მორიგი ტესტის დაწერა თუ კალათბურთის შეჯიბრში გამარჯვება.
აქვე აღსანიშნავია, რომ თუ სახეზეა უნარების პრობლემები, ბავშვისგან მიზნების დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე მიღწევას არ უნდა ველოდეთ. ასეთ მოზარდებს აუცილებლად დასჭირდებათ სწორად დაგეგმილი მხარდაჭერა, როგორც მშობლებისგან, ასევე პედაგოგებისგან.
როცა საქმე სწავლას და ან რაიმეს კეთებას ეხება, წინა პლანზე იწევს შინაგანი მოტივაციის აუცილებლობა. მოზარდები გარეგანი ჯილდოებით, ისე ადვილად ვეღარ მოტივირდებიან, როგორც ეს დაწყებით კლასებში ხდებოდა. ამ ასაკისთვის ეფექტური მოტივაცია შიგნიდან მოდის და მოზარდმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები და წარმატების მიღწევის გზები. სწორედ ამაში უნდა დაეხმაროს მას უფროსი (მშობელი, პედაგოგი). მოზრდილი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს და ბავშვთან ერთად განიხილოს თუ რა სურს მას? რაზე ოცნებობს ის? ყურადღებით უნდა მოუსმინოს რას ამბობს მოზარდი მაშინ, როცა საკუთარ ინტერესებზე და სურვილებზე საუბრობს.
მოზარდების ყველაზე ძლიერი სურვილია მთელს სამყაროს და საკუთარ თავსაც დაუმტკიცონ, რომ მნიშვნელოვანნი არიან და შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა.
ამ ასაკის ბავშვების პრობლემათა უმრავლესობა იქიდან მოდის, რომ მათი სურვილი აღიქვამდნენ მნიშვნელოვნად, ხშირად იგნორირებული ან არასწორად გაგებულია.
თუ თქვენი მოზარდი შვილი დავალებების შესრულებისას, აცნობიერებს საკუთარი მონაწილეობის მნიშვნელობას, მაშინ თქვენ მათი მოტივირების პრობლემა არ გექნებათ.
მაგალითად, თუ თქვენი შვილისთვის მნიშვნელოვანია ატაროს სუფთა ტანსაცმელი, ის ჩაერთვება იმ აქტივობებში, რასაც ტანსაცმლის მოვლა მოითხოვს. ასევე, თუ მოზარდს შია, ცხადია, ის მონაწილეობას მიიღებს ვახშმის მომზადების პროცესში. იგულისხმება რომ ამ აქტივობებს მის ნაცვლად თქვენ არ უნდა აკეთებდეთ. ზოგ საქმიანობას ისეთი სწრაფი შედეგები არ მოჰყვება, როგორც საჭმლის მომზადებას ან სარეცხის გარეცხვას. შესაძლოა, მოზარდი ვერ ხვდებოდეს, რა განსხვავებულ შედეგს იძლევა მტვერსასრუტის ყოველდღიური გამოყენება, მაგრამ აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას გადავსებულ სანაგვე ურნას.
სწავლის ქცევას სწრაფი შედეგები ხშირად არ მოჰყვება. ამდენად ძნელია მოზარდმა გააცნობიეროს რისთვისაა საჭირო დავალებების სისტემატური შესრულება. მოზარდთა უმეტესობა ვერ ხვდება, რატომ უნდა აკეთოს დავალებები ალგებრაში ან უახლეს ისტორიაში. ასეთ შემთხვევაში მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. მარტივი ფრაზა როგორიცაა :“შენ უნდა აკეთო დავალებები ახლა იმისთვის, რომ მომავალში შეძლო აკეთო ის, რაც ნამდვილად გინდა აკეთო!“ – ხშირად ჯადოსნური ჯოხივით მოქმედებს.
სასკოლო დავალებების ყოველდღიური შესრულება აუცილებელია მოზარდისთვის, რათა მომავალში დაკავდეს მისთვის სასურველი და საყვარელი საქმიანობით. აკადემიური ჩვევების ჩამოყალიბება ხელს უწყობს ადამიანის იმ უნარების განვითარებას, რაც ადაპტაციაში ეხმარება.
მშობლის მიერ მოფიქრებული დროებითი ანაზღაურებადი საქმიანობის გამონახვა მოზარდისთვის ხშირად მნიშვნელოვანია. ამ გზით მოპოვებული ფული სწორედ იმის გაცნობიერებაში ეხმარება ბავშვს, რომ თუ ახალი ტელეფონი, ველოსიპედი ან სულაც მეგობრის საჩუქრის შესაძენი ფული სჭირდება, მისი გამომუშავება უნდა ისწავლოს.
რამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს მოზარდის სწავლის მოტივაციაზე ?
პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
- დაუთმეთ ყურადღება
მშობლები ხშირად ფიქრობენ , რომ მოზარდ შვილს იმდენი ყურადღება აღარ სჭირდება, რაც ადრე, პატარობისას. თუმცა ყველაზე მეტად მოტივირებული შვილები იმ მშობლებს ჰყავთ, ვინც ახერხებს და ბავშვის პრობლემას არასოდეს უკეთებს იგნორირებას. შეეცადეთ, ყოველთვის გამოყოთ დრო თქვენი მოზარდი შვილისთვის. ჰკითხეთ, რა გამოწვევების წინაშეა ის აკადემიური, სოციალური თუ პიროვნული თვალსაზრისით. მასთან ერთად დაგეგმეთ ამ გამოწვევების მოგვარების გზები. უთხარით მოზარდს, რომ მუდმივად მის გვერდით იქნებით, როცა რთულ სიტუაციასთან გამკლავება მოუწევს და შეძლებისდაგვარად დაეხმარებით.
- იურთიერთეთ სკოლასთან
მშობელი ყოველთვის ინფორმირებული უნდა იყოს იმის თაობაზე, თუ რა ხდება სკოლაში და როგორ მიდის შვილის აკადემიური თუ სოციალური ცხოვრება. პედაგოგთან რეგულარული კომუნიკაცია და ბავშვის პროგრესზე ინფორმაციის მიღება აუცილებელია. ცხადია, გააჩნია როგორი ფორმით აკეთებს ამას მშობელი. გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი მოზრდილობის გზაზე მდგომი პიროვნებაა და შეეცადეთ მოექცეთ ისე, როგორც თავად ისურვებდით რომ მოგექცნენ სხვა ადამიანები. მნიშვნელოვანია, მოზარდი ინფორმირებული იყოს, რომ მშობელს ღია კომუნიკაცია აქვს სკოლასთან. ამ კომუნიკაციას არ უნდა ჰქონდეს არც შეფარული და არც კონტროლის სახე. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელი და სკოლა მისი აკადემიური გამოწვევების მოგვარების გზაზე ყოველთვის გვერდით არიან და მხარდამჭერას უწევენ.
- ნუ დაუშვებთ მოულოდნელ გამონაკლისებს
ზოგჯერ მშობლები შვილებს უფლებას ვაძლევთ, რომ მოუკლონ აკადემიურ აქტივობას და ამის მიზეზად ან სიტუაციას ან ბავშვის უნარების ნაკლებობას ვასახელებთ. ამგვარი გამონაკლისების დაშვება სწორი არ არის. საქმე იმაშია რომ მშობელი ყოველთვის უნდა უსვამდეს ხაზს იმ ფაქტს, რომ მოზარდი თავადაა პასუხისმგებელი საკუთარ განათლებაზე, რომ თავად უნდა გეგმავდეს მეცადინეობას და მიჰყვებოდეს სასკოლო აქტივობებს. გამონაკლისების დაშვება ორმაგი სტანდარტია და ცხადია ეს მოტივაციაზე მოქმედებს. ხან კარგად სწავლის მოთხოვნა და ხანაც “ არაუშავს, შეგიძლია არ ისწავლო“ მიდგომა, აფუჭებს საქმეს.
- ყოველთვის აღნიშნეთ და იამაყეთ შვილის მიღწევებით
შეაქეთ შვილი არა მხოლოდ აკადემიური წარმატებისთვის, არამედ ნაკლებად წარმატებული მცდელობებისთვისაც. ყოველთვის მოუსმინეთ და აღნიშნეთ მისი ნებისმიერი წარმატება, აღიარეთ რომ მას გამოუვიდა და რომ თქვენ ამაყობთ ამით. გახსოვდეთ, უფროსის ამგვარი ქმედება ყველაზე ძლიერი მოტივატორია! გახსოვდეთ, რომ წარმატებული მაშინაა ადამიანი, როცა მის შესაძლებლობებს, სურვილებსა და გარემო ფაქტორებს შორის გარკვეული ბალანსია. ნუ მოსთხოვთ შვილს ერთნაირად წარმატებული იყოს ყველა საგანში, ნებისმიერ პირობებში და გარემოში. ყოველთვის აღნიშნეთ მისი სურვილების, მცდელობების, ქმედებების მნიშვნელობა და უპირატესობა. ეს, დიდი ალბათობით, შეინარჩუნებს მოზარდის მაღალ მოტივაციას.
- ხაზი გაუსვით ძლიერ მხარეებს
ჩვენ ყველანი განვსხვავდებით უნარებით და შესაძლებლობებით. თუ უფროსი აქცენტს ხშირად გააკეთებს მოზარდის ძლიერ მხარეზე და ამავდროულად ეხმარება სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში, ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს მოტივაციის შენარჩუნებას. ამასთანავე მეტად თავდაჯერებულს გახდის მოზარდს და დაარწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებში.
- შეეცადეთ არ გამოიყენოთ კატეგორიული ფრაზები
როცა მოზარდი გრძნობს, რომ რაიმეს ავალებთ და ეს დავალება თქვენს განრიგს, კომფორტს და საქმის თქვენებურად კეთებას გულისხმობს, არ ელოდოთ მის მაღალ მოტივაციას. მშობლები ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს როგორიცაა „ მე გითხარი და მორჩა“. ამით ისინი შვილის დემოტივაციას უწყობენ ხელს. განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე მოზარდები ცდილობენ საკუთარი თავი დაიმკვიდრონ, ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელი პიროვნებები არიან და გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ. ცხადია, ამ ფორმით მიმართვა და იმის დეკლარირება, რომ მშობლის განრიგს უნდა მოერგოს, მოტივაციის ხელისშემშლელი პირობაა.
იმისთვის რომ შვილის მოტივირება შეძლოთ შემდეგნაირად მოიქეცით:
- მათთან ერთად განიხილეთ სახლში შესასრულებელი აქტივობები;
- დაუწესეთ დავალების შესრულების დრო, მაგრამ მიეცით თავისუფლება თავად აირჩიოს როდის და რა ფორმით გააკეთებს ამას;
- მასთან ერთად განიხილეთ, როგორ ფიქრობს, რას მოელით მისგან და გაუზიარეთ თქვენი მოლოდინებიც. შეეცადეთ, შეთანხმებულ გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ;
- მიეცით უფლება სრული პასუხისმგებლობა აიღოს ერთ რომელიმე საქმიანობაზე და არ ჩაერიოთ. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ რომ კვირაში ერთი დღე ისაა ვახშამზე პასუხისმგებელი –თავად დაგეგმოს მენიუც და სასურსათო მაღაზიაშიც თავად წავიდეს.
- მიეცით შეცდომების დაშვების უფლება
როცა მშობლები მუდმივად იცავენ შვილებს წარუმატებლობისგან, ამით საფრთხეს ქმნიან, რომ მოზარდებს დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბება გაუჭირდებათ. მხოლოდ შეცდომებზე ვსწავლობთ და ვაუმჯობესებთ საკუთარ მიღწევებს. ჩვენს ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება მოტივაციის სასურველ ნიშნულზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.
დავუშვათ თქვენი შვილის პასუხისმგებლობა ყოველკვირეულად საკუთარი ოთახის დალაგებაა. თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ შემდეგ დღეებში მოუწევს უფრო დიდი არეულობის მოწესრიგება. ასე მოზარდი გაცილებით კარგ გაკვეთილს მიიღებს, ვიდრე მაშინ თუ ყოველ საღამოს მკაცრი ტონით შევახსენებთ არეულ ოთახს ან მის მაგივრად დაალაგებთ.
მსგავსად, თუ თქვენი მოზარდი გადაწყვეტს რომ არ ისწავლოს და ამის გამო გამოცდას ვერ ჩააბარებს, დიდია ალბათობა, რომ მეტად მოტივირებული იყოს მომდევნო ჯერზე.
მშობლებს შეგვიძლია მსგავსი გამოცდილებების მიღების საშუალება გავუზარდოთ შვილებს არა შეგონებებით და დამოძღვრით, არამედ შეკითხვის დასმით და განხილვით. განხილვა უნდა ეხებოდეს იმ საკითხებს, თუ რას ფიქრობს საკუთარი ქცევის შედეგებზე? რას აპირებს მომავალ ჯერზე? მოიქცევა თუ არა განსხვავებულად? რა ტიპის დახმარება სჭირდება თქვენგან? და ა.შ.
- არ დაგავიწყდეთ შეხსენება
მოზარდები ყოველთვის დაბალი მოტივაციის გამო არ ამბობენ უარს საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ზოგჯერ მათ უბრალოდ ავიწყდებათ რა უნდა გაეკეთებინათ. გახსოვდეთ მათი ასაკობრივი თავისებურებები, ის რომ მათი სხეული, ტვინი ცვლილებებს განიცდის და დავიწყება ჩვეული ამბავია. მათ აუცილებლად სჭირდებათ დახმარება ორგანიზებასა და იმის შეხსენებაში თუ რა ევალებათ. მთავარია, შეხსენებას არ ჰქონდეს მუდმივი, მომაბეზრებელი ხასიათი. უკეთესია ასწავლოთ შვილებს თვითორგანიზება, დაეხმაროთ მოვალეობების დახსომების გზების მოძებნასა და შემდგომ ამ მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებაში. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიზუალური შემახსენებლები: ცხრილები, სტიკერები. ყოველკვირეული განრიგები. დაუტოვეთ მცირე მიმანიშნებლები სახლში სხვადასხვა ადგილას, შეეცადეთ ჩამოუტვირთოთ მობილური, ელექტრონული აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება გახსენებაში.
- დასახეთ მიღწევადი მიზნები მათთან ერთად
ზოგჯერ დავალების მოცულობა იმდენად დიდია, რომ მოზარდს არ უნდა შესრულება, არ იცის საიდან დაიწყოს და შესაბამისად შესასრულებელი საქმე რთულად ეჩვენება.
თუ მოზარდს მეცადინეობის ან რაიმე საქმის დაწყება უჭირს, უმჯობესია გავესაუბროთ, რას გრძნობს ამასთან დაკავშირებით. როგორ წარმოუდგენია ამ დავალების შესრულება? იცის საიდან დაიწყოს? ხომ არ ფიქრობს, რომ ვერასოდეს შეასრულებს ამ დავალებას?
ნებისმიერ შემთხვევაში, დახმარების შეთავაზებაა ის სწორი ქცევა, რომელიც წინ წასწევს დავალების შესრულების პროცესს. დაყავით დავალება პატარ-პატარა ნაწილებად და თითოეული ნაწილის შესასრულებლად გამოყავით დრო. ზოგჯერ მოზარდს უჭირს დროში აქტივობების დაგეგმვა, თუმცა დადებითი რეაქცია აქვს ხანმოკლე დავალებებზე. ამ დროს კარგია მოზარდი ცოტათი წავახალისოთ დავალების პატარა ნაწილების დასრულებისას.
- იხალისეთ მოზარდთან ერთად, როდესაც დავალების შესრულებას გეგმავთ
ადამიანთა უმეტესობა მოტივირებულია სახალისო დავალების შესრულებისას და ნაკლებად მოტივირებული მოსაწყენი აქტივობისას, თუ თქვენ გინდათ რომ მოზარდი სახლიდან გავიდეს და ეკრანს მოშორდეს, გაიცნოს ახალი მეგობრები, დაკავდეს სპორტით –დაფიქრდით რა შეიძლება იყოს მისი ასაკისთვის სახალისო. შეეცადეთ ხელი შეუწყვეთ ამ აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას. გახსოვდეთ, რაც თქვენ მოგწონთ არ არის აუცილებელი იგივე თქვენს შვილსაც მოსწონდეს. მოზარდები ხშირად ხალისით ხვდებიან ისეთ აქტივობებს, რაც შეჯიბრს გულისხმობს– მოიფიქრეთ მათთან ერთად შეჯიბრობითობის პრინციპზე აგებული გასართობი. შეჯიბრისთვის ყოველთვის არ არის აუცილებელი სხვა მოზარდის ან მოზარდთა ჯგუფის არსებობა. ზოგჯერ საკმარისია ბავშვი საკუთარ წინა მიღწევასთან და გამოწვევასთან გავაჯიბროთ.
თუ თქვენი შვილს შეუძლია ახალი რამ ისწავლოს ფილმიდან, ვიდოეთამაშიდან ან უბრალოდ ინტერნეტში „ძრომიალით“, შეუწყვეთ ამაში ხელი. ნებისმიერი დავალების შესრულებისას ტექნოლოგიის გამოყენება 21-ე საუკუნის მოზარდებისთვის ჩვეული და მიმზიდველი აქტივობაა. მთავარია ყურადღება მიაქციოთ იმ შინაარსს, რასაც მოზარდი ონლაინ ხედავს. ასევე, მნიშვნელოვანია დაგეგმილი განრიგით აკონტროლოთ ბალანსი ეკრანთან გატარებულ დროსა და სხვა აქტივობებს შორის.
- არასოდეს დანებდეთ
ხშირია შემთხვევები, როცა მაღალი კლასის მოსწავლეების მშობლებს ჰგონიათ, რომ არაფერი გამოვა არც შეგონებებით, არც დასჯით ან წახალისებით. მათი შვილი არ სწავლობს და მორჩა, ამას არაფერი ეშველება. თუმცა დანებება და იმის თქმა, რომ აქედან არაფერი გამოვა, შეცდომაა. ყოველთვის დაისახეთ მიღწევადი მიზნები თქვენს შვილთან ერთად და არასოდეს შეჩერდეთ ამ მიზნების მიღწევის პროცესში.
სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის მიერ, პროექტის “მშობლობა პანდემიის დროს” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტში გამოხატული მოსაზრებები არაა აუცილებელი გამოხატავდეს გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პოზიციას.
კომენტარები