მეამბოხე, იმპულსური, უხეში, უყურადღებო – ეს ის ზედსართავი სახელებია, რომლებიც ყველაზე ხშირად მოზარდთან დაკავშირებით გვესმის. მოზარდთან, რომელიც სწრაფი ცვლილებების ქარიშხალში ხშირად სრულიად მარტო, პირისპირ აღმოჩნდება ხოლმე საკუთარ თავთან და სამყაროსთან. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი ე.წ. გარდამავალ ეტაპზეა, ემშვიდობება ბავშვობას და გადადის სრულიად ახალ, მისთვის უცხო რეალობაში, რომელსაც ჩვენ მოზარდობის პერიოდს ვუწოდებთ. ეს მოგზაურობაა უსწორმასწორო გზაზე, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ახალი აღმოჩენის გაკეთებაა შესაძლებელი. თვალს თუ გადავავლებთ, გავიხსენებთ კიდეც ჩვენ თავს ამ გზაზე.
გზა, რომელსაც მოზარდი გადის:
მოზარდის თავის ტვინში რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს.
მოზარდი ემოციების საფუძველზე მოქმედებს, რადგან ამ პერიოდში ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე, იმპულსის კონტროლზე, დაგეგმვაზე, პრიორიტეტების დალაგებასა თუ სტრატეგიის შემუშავებაზე, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. ის განვითარებას გვიან მოზარდობაში ასრულებს.
შეიძლება ითქვას, მოზარდის ტვინი ტრასაზე სწრაფად მიმავალ მანქანას ჰგავს, რომელსაც მუხრუჭის ფუნქცია არ აქვს.
ის რომ მოზარდები იმპულსურად იქცევიან, არასწორად ესმით ან არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ სოციალურ მინიშნებებსა და ემოციებს, ერთვებიან ჩხუბსა და საფრთხის შემცველ, სარისკო ქმედებებში, მათი თავის ტვინის განვითარების საფეხურებიდან გამომდინარე ხდება. მოზარდები ნაკლებად ფიქრობენ მოქმედებამდე; ვერ ფიქრობენ წინასწარ და ვერ ითვალისწინებენ მათი ქცევის შედეგებს;
ამავე პერიოდში იწყება მნიშვნელოვანი ჰორმონული, ფიზიკური, ქცევითი და ფსიქოლოგიური ცვლილებები. ორგანიზმი გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონებს, ამზადებს ორგანიზმს მომწიფებისთვის. ჩნდება მეორადი სასქესო ნიშნები: თმიანობა სხეულზე, ხმის დაბოხება, მენსტრუალური ციკლი, აჩქარებულია სხეულის ზრდის ტემპი. მოზარდობის ასაკთან დაკავშირებული გარეგნული ცვლილებები ხშირად უბიძგებთ თინეიჯერებს გადაჭარბებული ყურადღება დაუთმონ საკუთარ გარეგნობას, ასევე, მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების მხრიდან აღიარების მოპოვება, რაც ინდივიდის მიერ საკუთარი სხეულით ზედმეტად დაინტერესებასაც კი განაპირობებს და აძლიერებს საკუთარი გარეგნობის სუბიექტურ აღქმას. გარეგნული ცვლილებების პარალელურად მოზარდი ახალი გამოწვევის წინაშე დგება – ის უნდა შეეგუოს მის ახალ „ვიზუალურ მე-ს“, რაც ხშირად უკმაყოფილებას იწვევს მათში, კრიტიკულად უყურებენ და განსჯიან საკუთარ სხეულს.
რატომ გვიჭირს მშობლებს და მოზარდ შვილებს ერთმანეთის გაგება?
მოზარდობის პერიოდის ერთ-ერთი წამყვანი სურვილი, სწრაფვა და მოთხოვნილება უკავშირდება მშობლებისგან, უფროსი ადამიანებისგან იზოლაციას, მათგან დამოუკიდებლობის მოპოვებას, საკუთარი პირადი საზღვრების შემოვლებასა და თანატოლების წრეში აღიარებას. თუკი აქამდე მშობლის, უფროსი ადამიანის აზრი იყო მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული, ახლა თანატოლების აზრი, თანატოლების წრეში გავრცელებული ნორმები ხდება ასეთი.
ზრდასრულებთან კომუნიკაციის წამყვანი ფორმა კამათი ხდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოზარდების დამოუკიდებლობას. ამ პროცესში ვითარდება მათი ლოგიკური აზროვნება, ეს არის ავტორიტეტების შემოწმებისა და გადაფასების პროცესი.
მოზარდის ოპოზიციური ქცევები სულაც არ არის სამყაროს „აღსასრული“. ეს მოზარდისთვის თვითგამოხატვის, საკუთარი თავის დამკვიდრებისა და ძიების პროცესია. მოზარდს სჭირდება კამათი, მძაფრი ემოციები და ემოციური აფეთქებები, რომელიც გარკვეულწილად მას დაძაბულობის მოხსნაში დაეხმარება.
უფროსი ადამიანის როლი კი ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომელიც მისი ემოციების გამზიარებელი, მსმენელი და მხარდამჭერია.
თანატოლების წრეში კი მოზარდები ჯგუფის წესებისადმი მორჩილებით გამოირჩევიან. იჩენენ ბევრ ახალ მეგობარს, რაც ერთი მხრივ, შესაძლებლობას აძლევთ იყვნენ მხარდამჭერ გარემოში, მეორე მხრივ კი, შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვადასხვა სარისკო ქცევის განხორციელების ალბათობას, რაც დამოკიდებულია ჯგუფში გავრცელებულ ნორმებსა და ღირებულებებზე.
მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებს სურთ დამოუკიდებლობა და ამისკენ ისწრაფვიან, უფროსი ადამიანების როლი განუსაზღვრელია, რადგანაც სწორედ მათთან კომუნიკაციის, თანამშრომლობის გზით შესაძლებელია სხვადასხვა საფრთხისთვის თავის არიდება, ადაპტური გამკლავების მექანიზმების ფორმირება.
მოზარდთან დიალოგის მნიშვნელობა
მშობელსა და შვილს შორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, სადაც ურთიერთობის წამყვანი ფორმა დიალოგია. მშობელი მოზარდის გამზიარებელი და მხარდამჭერია, რომელიც ყურადღებით უსმენს, უსვამს დამაზუსტებელ კითხვებს, უყურებს თვალებში და არ არიდებს მზერას. ამ პროცესის მთავარი მიზანი შეთანხმების მიღწევაა, არსებულ სირთულეზე რეფლექსია და ალტერნატიული გამოსავლის ძიება. მოზარდთან გარკვეული შეთანხმების მიღწევისთვის უნდა გავითვალისწინოთ მოზარდის ინტერესები. ისეთი ქცევის შეზღუდვა, რომელიც მოზარდის თვითგამოხატვას უკავშირდება და არ უქმნის საფრთხეს არც თავად მოზარდს და არც სხვას, არ არის რეკომენდებული.
როგორ ვესაუბროთ მოზარდს?
- ვესაუბროთ დამაჯერებლად, მოვიყვანოთ არგუმენტები, ერთად ვიმსჯელოთ იმაზე თუ რატომ არის კონკრეტული წესის დაცვა მნიშვნელოვანი, რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს მისთვის ან სხვისთვის თუ არ დაიცავს მას, როგორ შეიძლება აისახოს მის უსაფრთხოებაზე;
- ვესაუბროთ პატივისცემით ისე, რომ მისი ღირსება არ შევლახოთ;
- ვესაუბროთ მშვიდი ტონით და თუკი ვგრძნობთ, რომ სიმშვიდეს ვეღარ ვინარჩუნებთ, უმჯობესია გადავდოთ საუბარი და სხვა დროს დავუბრუნდეთ თემის განხილვას;
- გულისყურით მოვუსმინოთ მის არგუმენტებს, დავინტერესდეთ რატომ არის წინააღმდეგი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული აღნიშნული წესების დაცვა მისთვის;
- შევეცადოთ დავანახოთ, რომ ვზრუნავთ და არ ვცდილობთ მისი ან მისი ქცევის გაკონტროლებას;
- უმჯობესია თუკი დავანახვებთ, რომ წესებს ჩვენ ვთავაზობთ, მაგრამ არჩევანს ის აკეთებს, წესის დაცვის ან დარღვევის შემთხვევაში, ის ირჩევს შედეგს, რომელზეც თავად არის პასუხისმგებელი;
- ნუ გვექნება მოლოდინი, რომ მოზარდთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ის აუცილებლად და ყოველთვის დაიცავს მას. მოზარდები ადვილად და სწრაფად იცვლიან შეხედულებებს, თუმცა უმჯობესი იქნება თუკი გავამხნევებთ და გავუზიარებთ ჩვენს მოლოდინს, რომ ის შეძლებს ამის გაკეთებას.
გავუზიაროთ ემოციები
საუბრისას გამოვიყენოთ „მე-შეტყობინება“, რომელიც ხაზს უსვამს მოსაუბრის ემოციებს, რწმენებს, პოზიციას. ის ამავდროულად აღწერს ობიექტურ ქცევას, პრობლემას და არა ქცევის ინტერპრეტაციას. „შენ-შეტყობინებისგან“ განსხვავებით არ შეიცავს ბრალდებას, კრიტიკას ან მუქარას.
„მე-შეტყობინება“ საშუალებას გვაძლევს მყარად გამოვხატოთ პოზიცია ისე, რომ მოზარდი არ დავადანაშაულოთ და არ ჩავაყენოთ თავდაცვის პოზიციაში. არამედ დავეხმაროთ მას გააცნობიეროს პრობლემის არსი, მისი შედეგები და სასურველი ქცევა. ეს მიდგომა იძლევა ღია კომუნიკაციის, აზრებისა და ემოციების გაზიარების შესაძლებლობას, რაც აუმჯობესებს ურთიერთობას.
მშობლის „მე-შეტყობინება“ სამი კომპონენტისგან შედგება:
- მშობელი აფიქსირებს თავის პოზიციას, ფიქრს, ემოციებს;
- მშობელი აღწერს არასასურველი ქცევას/პრობლემას;
- მშობელი სთავაზობს მოზარდს შესაძლო გამოსავალს, პრობლემის მოგვარების სასურველ გზას.
პრაქტიკული მაგალითი, როგორ ააგოს მშობელმა წინადადება მოზარდთან საუბრის დროს:
მშობლის პოზიცია, ფიქრი, ემოცია |
არასასურველი ქცევა/პრობლემა |
შესაძლო/სასურველი გამოსავალი, პრობლემის მოგვარების გზა |
თავს უხერხულად ვგრძნობ, როცა.. |
ტყუილს ამბობ, |
მინდა, რომ სიმართლე ვიცოდე. |
მეშინია, რომ |
საკმარის დროს არ უთმობ მეცადინეობას |
მინდა უფრო გულისყურით მოეკიდო სწავლას. |
მწყინს |
როცა მიყვირი |
მინდა, რომ მშვიდად მესაუბრო. |
მოზარდის პირადი სივრცის დაცვის მნიშვნელობა – ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად.
ბავშვებსა და მოზარდებს პირადი სივრცე სჭირდებათ, რადგანაც ეს უკავშირდება ერთი მხრივ, მათ უსაფრთხო, კომფორტულ ადგილს, მეორე მხრივ, სწავლობენ დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების, პრობლემიდან გამოსავლის ძიების პროცესს, პასუხისმგებლობის გრძნობას, უკავშირდება თვითშეფასებას. მშობლის მხრიდან პირადი სივრცის დაცვა უზრუნველყოფს ნდობაზე დამყარებული და მხარდამჭერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც გავლენას ახდენს ზოგადად მოზარდის დამოკიდებულებაზე სამყაროსადმი, რამდენად სანდოა ის. მოზარდობის პერიოდში პირადი სივრცის პატივისცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც უკვე ვახსენეთ, მისთვის ავტონომიურობა, უფროსების სამყაროსგან გამოყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აუცილებელია მათ ოთახში შესვლამდე კარზე დავაკაკუნოთ, მათ მობილურ ტელეფონში არ წავიკითხოთ პირადი მესიჯები, თავი ავარიდოთ მათ დღიურსა და ყველა პირად ნივთს, რომელიც მოზარდს ეკუთვნის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავუსვათ კითხვები, არ ვესაუბროთ, თუნდაც იმაზე როგორ გაატარა დრო მეგობართან.
მშობლობის სტილის გავლენა მოზარდებზე
სიმკაცრე და სასჯელი
შესაძლოა ზოგჯერ განცდა გვქონდეს, რომ კავშირს ვკარგავთ ჩვენს შვილთან და არ გვაქვს სათანადო რეაქცია მათ ქცევაზე, ან უსუსურად ვგრძნობთ თავს, რადგანაც ვერაფერს ვცვლით ან კი ზედმეტად მკაცრები ვართ და ვცდილობთ გავაკონტროლოთ მათი ნებისმიერი საქციელი, რაც ამცირებს მოზარდის თვითგამოხატვის შესაძლებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში, მოზარდის ქცევაზე ასეთი რეაგირება აჩენს ბარიერს ურთიერთობაში და ვერცერთი მხარე იღებს სასურველ შედეგს.
თუკი მოზარდებთან კომუნიკაციის ძირითადი ფორმა დასჯაა, ამან შესაძლოა მოზარდში გამოიწვიოს ძლიერი შიშის, შფოთვის რეაქციები და სირცხვილის განცდა. ამ დროს მოზარდები სწავლობენ ქცევის შიშითა და სირცხვილის განცდით რეგულირებას და ვერ იაზრებენ არასასურველი ქცევის შედეგებს, მაგ: არ გააკეთებს რაღაცას იმიტომ, რომ ეშინია და არა იმიტომ, რომ იაზრებს ქცევის შედეგს. დასჯამ, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ბრაზი, რომელიც უბიძგებს მოზარდს გააკეთოს უარესი, რომ დაამტკიცოს – მას ყველაფერი შეუძლია. სასურველია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის მკაცრი, აწესებს გადამეტებულ შეზღუდვებს, მოზარდის მიერ აღიქმება როგორც არასასურველი და ცდილობენ თავი აარიდონ ასეთ ადამიანებთან ურთირეთობას. პარალელურად, ის უფროსი ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს მოზარდთან კომუნიკაციისთვის გამოიყენოს დასჯა, კარგავს პოზიტიური გავლენის მოხდენის პოტენციალს.
უგულებელყოფა
თუკი მშობელი ნაკლებ ინტერესს იჩენს ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების მიმართ, არ ცდილობს ესაუბროს მას იმ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდება, ერთად მოიფიქრონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან და უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვი ჰყავს „მიშვებული“, შესაბამისად ის აკეთებ იმას რაც უნდა და ხშირად შესაძლოა უკავშირდებოდეს მისთვის საზიანო და სარისკო ქმედებებს. ასეთ შემთხვევაში ვსაუბრობთ უგულებელყოფაზე, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და ბუნებრივია, ეს უკავშირდება იგნორირების განცდას, იმას, რომ არ არის სასურველი, სიყვარულის „ღირსი“, მოგვიანებით კი თავს იჩენს ფსიქიკური ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის სახით.
მზრუნველობა
მოზარდთან ურთიერთობა პინგ-პონგის თამაშს ჰგავს. თითოეულ ჩაწოდებაზე სწორი რეაგირებაა საჭირო. თამაშის წესები ასეთია: უნდა იყო ფხიზლად, მაგრამ ფრთხილად, ჩოგანს ძლიერად ვერ მოიქნევ და თუ მოიქნევ, აუცილებლად ააცილებ ბურთს.
ამ პროცესში გრძნობ რა ემოციური თუ სოციალური საჭიროებები აქვს მოზარდს, შესაბამისად ესაუბრები, ხარ ემოციურად ჩართული მასთან კომუნიკაციის პროცესში, გაინტერესებს რას ფიქრობს, რას გრძნობს, როგორ ცდილობს გაუმკლავდეს სხვადასხვა სირთულეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – უსმენ მას. სწორედ ეს ქმნის მოზარდისთვის უსაფრთხო გარემოს, სადაც მშობლის ქცევა არ აღიქმება როგორც კონტროლის მცდელობა, არამედ მზრუნველობა. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩაწოდებას იღებ და ფრთხილად არტყამ ჩოგანს, რომელიც მოზარდს უქმნის თანადგომის, მხარდაჭერის განცდას და უფრო თამამად აგრძელებს თამაშს.
ეს მცირე გასეირნება მოზარდობის პერიოდის ლაბირინთში შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ ამ პერიოდის მნიშვნელოვნება პიროვნების განვითარების პროცესში. თუკი გავითვალისწინებთ იმ მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც სწორედ მოზარდობის პერიოდში იჩენს თავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების 70%, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის თუ როგორი ურთიერთობა, როგორი კომუნიკაციის ფორმაა წამყვანი უფროს ადამიანსა და მოზარდს შორის, რამდენად მხარდამჭერია მისი გარემო და უყურებენ თუ არა მას როგორც თანასწორს. ეს კი თავის მხრივ უკავშირდება იმას თუ როგორ შეეცდება მოზარდი მომავალში სირთულეებთან გამკლავებას, როგორ სტრატეგიას თუ მექანიზმს აარჩევს ამისთვის – მისთვის დამხმარეს თუ საზიანოს.
სტატია მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” და ფსიქოლოგების ელენე ქორიძისა და მაია ცირამუას მიერ, პროექტის “მშობლობა პანდემიის დროს” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტში გამოხატული მოსაზრებები არაა აუცილებელი გამოხატავდეს გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პოზიციას.
კომენტარები