თბილისი, 2022 წლის 22 სექტემბერი. არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იწყება ახალი პროექტი „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“, რომლის მიზანიც მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარების გაუმჯობესებაა.
პროექტის ფარგლებში საგარეჯოს, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს 9 სკოლაში სხვადასხვა ასაკის 300 პირი გაივლის გადამზადებას. პროექტი სასკოლო საზოგადოებას დაეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობის და დეზინფორმაცია-პროპაგანდის მავნე გავლენის გააზრებაში, შეასწავლის ტროლების, ბოტების, ყალბი ვებგვერდების ამოცნობას და დამაზიანებელი, არასანდო ინფორმაციის გარჩევას; მონაწილეები სიღრმისეულად გაიცნობენ ევროპულ ფასეულობებს, ქართული და ევროპული კულტურის თავსებადობას და შეძლებენ არაკეთილსინდისიერი ჯგუფების მიერ წარმოებული პროპაგანდის იდენტიფიცირებას.
ამავე თემაზე კახეთის რეგიონულ მედიაში საინფორმაციო კამპანია გაიმართება, ხოლო სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის კრეატიული და მრავალფეროვანი მულტიმედია მასალები შეიქმნება.
საქართველოში რუსული დეზინფორმაციის კამპანია მზარდია, ხოლო ნარატივი იმგვარად არის შემუშავებული, რომ შესუსტდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი და უსაფრთხოება. ანტიდასავლური პროპაგანდა მიზანმიმართულობითა და სისტემატიურობით ხასიათდება, რაც აახლოებს მას მიზანთან – მოახდინოს მავნე გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. პროექტი „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“ ამ გამოწვევის პასუხად შეიქმნა და მიზნად ისახავს კრემლის პროპაგანდის გავლენის შემცირებას კახეთში.
###
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, „მშობლები განათლებისთვის“
ტელ: 599 74 07 50 ელ.ფოსტა: kavtuashvilimegi@gmail.com www.mshobeltaskola.ge
კომენტარები