back to top

კახეთის სკოლებში ევროპული ფასეულობების და დეზინფორმაცია-პროპაგანდის შესახებ ტრენინგები ჩატარდა

13

კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით კახეთის რეგიონის სკოლებში ტრენინგები ჩატარდა. კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის, დეზინფორმაცია-პროპაგანდის ამოცნობისა და ევროპული ფასეულობების შესახებ ტრენინგებს გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების 6 სკოლიდან 210 წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის იყვნენ უფროსკლასელი მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები.

ინტერაქციულმა სესიებმა მონაწილეებს აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა მისცა. სავარჯიშოების, დისკუსიების და თამაშების საშუალებით ტრენერებმა უზრუნველყვეს სასწავლო კურსში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ხალისიანი მონაწილეობა.

თითოეულ სკოლაში სასწავლო კურსი 5 საათს გრძელდებოდა და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა განსხვავებული აზრის პატივისცემა, დიალოგის კულტურა, სასკოლო დემოკრატია, დეზინფორმაციის გავრცელების მიზნები და საშუალებები, ტროლების, ბოტების, DEAP ფეიკის და ყალბი ამბების ამოცნობა, ევროპული ფასეულობების თანხვედრა ქართულ ღირებულებებთან და საქართველოს ევროპული მომავალი.

თუ რა შედეგი გამოიღო ჩატარებულმა ტრენინგებმა, მონაწილეთა გამოკითხვის საშუალებით გაიზომა. გამოსაკითხი პირები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა,

  • აღმოჩნდა, რომ მონაწილე მშობლების უმრავლესობა (80%) პირველად დაესწრო ტრენინგს, მანამდე მათ არასოდეს ჰქონიათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ რაიმე სახის სასწავლო კურსში. „სხვა თვალით შევხედე ბევრ საკითხს, აქამდე არასოდეს მიფიქრია ამაზე და მოხარული ვარ, რომ მომეცა ასეთ ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა “ – ამბობს მოსწავლის მშობელი სოფელ სამრეკლოს სკოლიდან. (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • მონაწილეთა უმრავლესობა (81%) თვლის, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი კრიტიკული აზროვნების უნარი, რადგან ტრენინგის შემდეგ უკეთ ახერხებს, მშვიდად მოისმინოს საწინააღმდეგო მოსაზრებები და იმსჯელოს არგუმენტირებულად. სასიამოვნო იყო, რომ ზრდასრულების თანდასწრებით დავაფიქსირეთ მოსწავლეებმა ჩვენი მოსაზრებები მკაფიოდ და თავდაჯერებულად. „ტრენინგის შემდეგ სხვასთან საუბრისას ვცდილობ, მოვუსმინო კარგად. იქნებ, ჩემთვისაც სარგებლის მომტანი იყოს სხვისი განსხვავებული შეხედულებები. ერთ-ერთი სლაიდი, სადაც ის შეკითხვები იყო მოცემული, რომელიც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანმა უნდა დასვას მსჯელობისას, განსაკუთრებით მომეწონა. ფოტოც გადავუღე და მას შემდეგ კომპლექსური დავალებიის შესრულებისას თუ უბრალოდ რაიმე საკითხზე საუბრისას, მაქსიმალურად ვცდილობ, გამოვიყენო ხოლმე“ – მოსწავლე სოფელი ქვემო ქედის სკოლიდან (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
  • 8% თვლის, რომ ტრენინგი დაეხმარა გაეაზრებინა, რომ დეზინფორმაციას ხშირად მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ან ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებენ, ხოლო 86% ასახელებს ყალბი ინფორმაციის, ტროლებისა და ბოტების ამოცნობის ხერხებს, რაც ტრენინგზე გამოყენებული თამაშების საშუალებით დაისწავლა. „ტრენინგამდე ტროლებს და ბოტებს ვერ ვარჩევდი. ახლა უკეთ გამომდის. ვაკვირდები სიახლის გამოქვეყნების თარიღს, წყაროს, ასევე ადამიანების რეაქციებს და კომენტარებს ამ ამბავზე. გარდა ამისა ვაკვირდები სხვადასხვა facebook გვერდების სახელს, გამომწერების რაოდენობას და ასე შემდეგ“- მოსწავლე სოფელ კარდენახის სკოლიდან. (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
  • 78% ამბობს, რომ ტრენინგზე დარწმუნდა რომ ქართული და ევროპული ფასეულობები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოს საკუთარი ტრადიციების, განსხვავებულობის შენარჩუნებაში დაეხმარება და განვითარების შესაძლებლობას მისცემს. „მომეწონა, რომ მონაწილეებმა ფურცლებზე თითო სიტყვით გადმოვეცით, ვის როგორ გვესმის  ქართველობა. ქართველობა არ ნიშნავს ჩაკეტვას. ახლის მიმღებლობაც ქართველობაა. სხვა განვითარებული ქვეყნებისგან უნდა ავიღოთ და არ უნდა დავკარგოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას განავითარებს. მით უფრო, რომ ისტორიულად ევროპა ძალიან ახლოსაა ჩვენთან და ბევრი საერთო გვაქვს. რაღაცნაირად უნდა გავთავისუფლდეთ დეზინფორმაციისგან – ის, რაც არაჯანსაღ წარმოდგენებს გვიყალიბებს განვითარებული სამყაროს მიმართ. ესაც ხომ პირდაპირ კავშირშია კრიტიკულ აზროვნებასთან.“ – მასწავლებელი სოფელ ველისციხის სკოლიდან (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).

პროექტს „კრიტიკული აზროვნების განვითარება კახეთის რეგიონის სკოლებში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ახორციელებს. სკოლებში ტრენინგების გარდა, პროექტი საინფორმაციო კამპანიასაც ითვალისწინებს, რომელიც facebook-სა და კახეთის რეგიონულ მედიაში მიმდინარეობს.

კომენტარები