ბედნიერების 12 წუთი

377

ბლოგის ავტორია ჯული გიორგაძე, 5 წლის ალექსანდრეს დედა.  

ბოლო 5 წელია ონლაინ ვმუშაობ. ასე გადავწყვიტე. ასე მერჩივნა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პატარა ალექსანდრესათვის რომ შესაბამისი დრო გამომენახა. ამიტომ ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ არაფერი შეცვლილა ამ პანდემიით ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ…

5 წლის ალექსანდრესთან სახლში 24 საათის მანძილზე ყოფნა, დღეში, მინიმუმ 3 კერძის გამზადება, რომ ვაჭამო ბავშვს, დავალაგო მუდმივად არეული სათამაშოები, გამოვნახო დრო ალექსანდრეს განვითარებისა და თამაშისათვის, დავაორგანიზო სახლის დალაგება (მე ვალაგებ, ალექსანდრეს დახმარებით), სარეცხის რეცხვა, პროდუქტის შეძენა, დღეში, მინიმუმ 7-8 საათი მუშაობა, დღეში, მინიმუმ 2 საათიანი ლექციის წაკითხვა და ძილი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი.

აღარაფერს ვამბობ არაფერს იმაზე, რომ პრაქტიკულად ოხრად დამრჩა იანვარში ნაჩუქარი კინდლი, რადგან 1 მარტიდან ჩემი განვითარებისთვის კი არა, სავალდებულო საკითხავის წაკითხვას ძლივს ავუდივარ, რომ საერთოდ დავკარგე გართობის და თუნდაც 1 დღე დასვენების და არაფრის კეთების შესაძლებლობა, ჩემს თავთან მარტო დარჩენისა და ჩემს პირად განვითარებაზე ზრუნვის დრო და ენერგია, მეგობრებთან პანდემიის გარდა სხვა თემებზე საუბრის შანსი და ზოგადად, ადამიანური ცხოვრება.

მე გადავედი არსებობაზე, ყოველდღიურ ბრძოლაზე, რომ გადავრჩე, მივაღწიო მეორე დღემდე ისე, რომ არ შევიშალო და ჩემს საყვარელ ადამიანებს არაფერი მოვაკლო.

ეს ყველაფერი გრძელდებოდა რამდენიმე თვე და სერიოზულად დაეტყო ჩემს განწყობას, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას და ხასიათს.

ამიტომ:

ბევრი კვლევის, ფიქრის, აზროვნების შედეგად, გადავწყვიტე და ჩამოვაყალიბე შემდეგი რუტინა:

ბედნიერების 12 წუთი!

დილით ვდგები ადრე, 7 საათზე (კი, მიჭირს, მიყვარს დილის ძილი, მაგრამ ეს უფრო მჭირდება) და შევდივარ აბაზანაში. ჩვეული რიტუალის შემდეგ, ვიწყებ სახის მასაჟს (მაქვს 3 წუთიანი ქვიშის საათი, არაფერი ძვირი, ალექსანდრეს კბილის ჯაგრისს მოჰყვა), ვიღიმები სარკეში, ვუსმენ მუსიკას ამ პერიოდის მანძილზე. ვიცმევ სპორტულ ტანისამოსს და ვაკეთებ იოგას რამდენიმე ასანას (სახლი მაქვს პატარა, მაგრამ ავეჯს მივწევ-მოვწევ და ვპოულობ იმდენ ადგილს, რაც ამის კეთებისათვის მჭირდება). ამასობაში, დუღდება ჩემი ჩაიდანიც, ვასხამ ჩაის და ველი გაგრილებას. მანამდე გადავავლებ თვალს (კითხვას ყოველთვის ვერ ვასწრებ) დღის პოზიტიურ ამბებს და ჩემი ინტერესის სფეროებს (არაფერი პანდემიაზე!!! ამის დაორგანიზება მარტივად შეიძლება გუგლში).

თუ გამიმართლა და ჩემი კაცები აგრძელებენ ძილს, ჩემი ’12 წუთი’ გრძელდება.

თუ არადა, დღეში 12 წუთი ხომ მაინც ჩემია.

გისურვებთ ბედნიერებას!

პ.ს. კარგი დედა და მეუღლე ვარ და მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ მივხვდი, რომ საკუთარი თავის სიყვარული მჭირდება იმისათვის, რომ ისინი სათანადოდ მიყვარდეს და ამ სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობა მქონდეს

კომენტარები