წიგნიერების კლუბი – მშობელთა მოხალისეობა თელავის IV  საჯარო სკოლაში

663

შესავალი

თელავის მე-4 საჯარო სკოლა გასული წლიდან მონაწილეობს მშობელთა ასოციაციის პროექტში “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში”. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო შეხვედრებზე დაიბადა იდეა, მშობლებს გაეკეთებინათ წიგნის კლუბი, რომელიც ბავშვებს კითხვას შეაყვარებდა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმარებოდა. აქტიურმა მშობელმა, ნინო ბლუაშვილმა იდეა სწრაფად აქცია წერილობით პროექტად, ხოლო მისმა თანამოაზრეებმა სიამოვნებით გაინაწილეს პასუხისმგებლობა წიგნის კლუბის აქტივობებში რეგულარულ მონაწილეობაზე. ამ წერილში ნინო, მარიამი, ია, თეა, ტატა, მაკა და ლორა თავად წარმოგიდგენენ წიგნის კლუბის იდეას, იმ იმედით, რომ სხვა სკოლის მშობლებიც გაიზიარებთ მშობელთა ჩართულობის შესანიშნავ გამოცდილებას. აქვე მშობელთა ასოციაციის გუნდი გულწრფელ მადლობას გადავუხდით სკოლის დირექტორს, ეკატერინე გიგიტელაშვილს მშობლების მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

მოხალისე მშობლების მიერ დაარსებული წიგნის კლუბის ამბავი

თელავის IV სკოლის მოხალისე მშობლები

დღესდღეობით ბავშვთა წიგნიერების კუთხით არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. Covid 19-ის შემდეგ პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა. მშობლები ვხედავთ, რომ ე.წ. გაჯეტებმა ჩაანაცვლა მხატვრული ლიტერატურის კითხვა.

 

ნინო ბალუაშვილი, წიგნის კლუბის კონცეფციის ავტორი, თელავის IV სკოლის მოსწავლეების მშობელი

ეს საკითხი ჩვენი სკოლის (სსიპ ქალაქ თელავის მე-4 საჯარო სკოლა) „მშობელთა კლუბში“ განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „წიგნის კლუბი“, რომელიც გაამრავალფეროვნებდა სასკოლო ყოველდღიურობას და ჩვენი აქტიური მონაწილეობით შევძლებდით მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. მიზნად დავისახეთ, ხელი შეგვეწყო წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისთვის.

ბავშვების მიერ წიგნის კლუბის ერთ-ერთ აქტივობაზე შექმნილი პოსტერი

დავწერეთ კონცეფცია, სადაც მკაფიოდ გავწერეთ ჩვენი მიზანი, ამოცანები და განხორციელების გზები. წარვადგინეთ სკოლაში და მივიღეთ დირექტორის მხარდაჭერა.

ჩვენი გეგმა შემდეგია:

  • სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრება;
  • მოსწავლეთა გაწევრიანება წიგნის კითხვის კლუბში;
  • წიგნის არჩევაში დახმარება/ შესაბამისი კონსულტაციები;
  • წიგნის წაკითხვის შემდეგ მსჯელობა/აზრების გაცვლა წაკითხული წიგნის გარშემო;
  • აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.
თელავის IV სკოლის მშობლები ესწრებიან მშობელთა ასოციაციის ჩატარებულ ტრენინგს “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა” სკოლაში

ამ იდეისთვის თავდაპირველად გავერთიანდით თანამოაზრე მშობლები, კლუბის ყველა წევრს მივაწვდინეთ ხმა, რომ შეეძლოთ, მონაწილეობა მიეღოთ წიგნიერების პროექტში და ჩაეტარებინათ სახალისო გაკვეთილები ბავშვებისთვის. ასე დაიბადა პროექტზე მიბმული მოხალისეობის იდეაც. თითოეულ მსურველს ზუსტად იმდენი პასუხისმგებლობის აღება შეეძლო, რამდენსაც შეძლებდა. ლიტერატურის გაკვეთილებისთვის კლასის საათების გამოყენება დავიწყეთ. ამის შემდეგ, გაჩნდა იდეა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების წიგნიერების პროექტში ჩართულობის შესახებ. მშობლებისა და მასწავლებლების ძალთა გაერთიანებით, მიზნის მიღწევა უფრო ადვილია.

მშობელი ნინო ბალუაშვილი “წიგნის კლუბის” აქტივობას უძღვება

პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლოც. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მასწავლებლებისა და მოსწავლეების წინაშე და რა თქმა უნდა, დირექციის წინაშე, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა და მხარში დაგვიდგა. რადგანაც ვთვლით, რომ მისაღწევი შედეგი ძალიან ღირებული იქნება, ვაპირებთ, პროექტში ჩართული მშობელთა, მასწავლებელთა და კლასთა რიცხვი გავზადროთ და ჩვენი საქმიანობა გავაფართოვოთ.

წიგნის კლუბის ფარგლებში მშობელი, თეა ოთარაშვილი მე-4 კლასელ მოსწავლეებს უკითხავს საბავშვო მოთხრობას.

ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან მშობელთა ჩართულობით. ხშირად გვეკითხებიან, როდის არის დაგეგმილი შემდეგი შეხვედრა მათ კლასში. როგორც ჩანს, „დედა-მასწავლებლის“ იდეა ძალიან ხიბლავთ. დედა-მასწავლებლის, რომელიც გარკვეული პერიოდულობით სახალისო და საგანმანათლებლო შეხვედრებს გეგმავს.

სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს გეგმას სხვა სკოლების მშობლებს, იმ იმედით, რომ ისინიც ჩაერთვებიან შვილების სასკოლო ცხოვრებაში.

ᲬᲘᲒᲜᲘᲡ ᲙᲚᲣᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲝᲥᲛᲔᲓᲝ ᲒᲔᲒᲛᲐ

სამოქმედო გეგმა მოიცავს იმ აქტივობებსა და ღონისძიებებს, რომელიც დაგეგმილია სასწავლო წლის განმავლობაში. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ, ზოგიერთი აქტივობა პირდაპირ ორიენტირებულია პროექტის მიზნისა და ამოცანების შესრულებაზე, ზოგიერთი მათგანი კი მიზნად ისახავს მოსწავლეთა დამოკიდებულების შეცვლას წიგნებითა და კითხვით დაინტერესების გაზრდისთვის.

  • შეჯიბრი წიგნის კლუბის სახელის შერჩევაში- ყველა კლასის მოსწავლის ჩართვა – ამ აქტივობით იწყება პროექტი – ხანგრძლივობა 1 კვირა.
  • მაკულატურის ჩაბარება და მისი გადაცვლა ახალ წიგნებში (თუ რომელიმე გამომცემლობა ჩამოვა თელავში და წაიღებს)
  • „აჩუქე წიგნი შენს სკოლას“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქციაა. აქციის ფარგლებში, მოსწავლეები შემოთავაზებული სერიიდან ირჩევენ წიგნებს. შეიძენენ, ან ითხოვებენ ბიბლიოთეკიდან თუ ნაცნობ-მეგობრებისგან და კითხულობენ. წაკითხვის და დისკუსიის ჩატარების შემდგომ, წიგნს ჩუქნიან სკოლას (საკუთარი წიგნის შემთხვევაში). წიგნის გაჩუქება მათთვისაც ძალიან სასარგებლოა, რადგან მათ შეუძლიათ შემდგომი წიგნის არჩევისას ისარგებლონ თავიანთი თანაკლასელის ან თანასკოლელის მიერ სკოლისთვის ნაჩუქარი წიგნით.
  • პერიოდული შეხვედრების დროს შეხვედრის ორგანიზატორი წარმართავს წინასწარ დაგეგმილ აქტივობებს წაკითხული თავების ირგვლივ. ბავშვები უზიარებენ ერთმანეთს წაკითხულს. ხდება პერსონაჟთა საქციელის შეფასებები და მსჯელობა, ასევე გამოითქმება ვარაუდები, როგორ განვითარდება მოვლენები წიგნში.
  • როდესაც ერთ-ერთი ბავშვი/ან ჯგუფი დაასრულებს წიგნის წაკითხვას, სასურველია წიგნი წარმოადგინოს პრეზენტაციის სახით. სხვები უსვამენ კითხვებს ამ წიგნის გარშემო, წარიმართება მსჯელობა.
  • რომელიმე რეზონანსულ თემაზე დაწერილი წიგნის ეკრანიზაციის ყურებაზე გაიცემა რეკომენდაციები. შემდეგ შეხვედრაზე მოხდება მსჯელობა წიგნისა და მისი ეკრანიზაციის ირგვლივ.
  • ბიბლიოთერაპია – რაიმე კონკრეტული პრობლემის გარშემო შესაბამისი წიგნის მოძიება, მოსწავლეებისთვის წაკითხვა ხმამაღლა კითხვის ტექნიკით და მასზე მსჯელობა.
  • სხვა მცირე აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნის კლუბის ნაყოფიერ მუშაობას და მკითხველს კითხვის მიმართ დადებითად განაწყობს. მაგ: წიგნის თემატიკის შესაბამისი ორცხობილების ცხობა/მომზადება, პლაკატების დამზადება, წაკითხული წიგნის შესაბამისი ნახატის შექმნა, კრეატიული წერა, პატარა თეატრალური დადგმა, როლური თამაშები და ა.შ.
  • გამოწვევის მოფიქრება და წიგნის კლუბის წევრების წახალისება მასში მონაწილეობის მისაღებად.
  • მწერლის მოწვევა
  • შემოწირულობების არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად კომფორტული გარემოს მოწყობა (დერეფნებში)
  • წიგნების გაყიდვა და მათი ჩანაცვლება ახალი წიგნით (ან შესაძლოა თანხა გამოყენებულ იქნას ღონისძიებებისთვის/გარემოს მოწყობისთვის). ამასობაში სკოლას დაუგროვდებოდა რამდენიმე ერთიდაიგივე წიგნი, რომელიც სურს რომ ჩაანაცვლოს იმ წიგნით, რომელიც არ აქვს – ე.წ. „წიგნის ბაზრობის“ ორგანიზება.
  • მსოფლიო წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზედაც სასურველია (თუმცა არა სავალდებულო) მოსწავლეები მოვიდნენ წიგნის პერსონაჟების ფორმით. დაიგეგმოს სახალისო აქტივობები. შესაძლებელია მოვიწვიოთ მწერალიც, რომელიც უფრო შემეცნებითს გახდის ჩვენს შეხვედრას, თუმცა გვსურს, რომ შეხვედრა არ იყოს მონოლოგის რეჟიმში და იყოს ინტერაქციური.
მშობელი მარიამ გაგანაშვილი, წიგნის კლუბის აქტივობას უძღვება

ამჟამად წიგნიერების პროექტში ჩართულია დაწყებითი საფეხურის კლასები, თუმცა სურვილი გვაქვს ჩავრთათ საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებიც. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მზად გვაქვს დეტალური სამოქმედო გეგმა ამ საფეხურების მოსწავლეთა ჩართულობისთვის.

ჩვენი სკოლის მშობლებს გვჯერა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სკოლის ბიბლიოთეკა იქნება გაცილებით მრავალფეროვანი და მდიდარი. სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა მეტად დაინტერესებული იქნება კითხვით, რაც თავის მხრივ, უდაოდ, სასიკეთოდ იმოქმედებს მათი კრეატიკული და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაზე.

 

ჩვენი მიზნების ბოლომდე მისაყვანად მშობლებს დაგვჭირდება მხარდაჭერაც.

მშობელი ია იარდალაშვილი ბავშვებს წიგნს უკითხავს

მეტი კლასის ჩართულობისა და ჩვენი მიზნის მისაღწევად გვჭირდება სივრცე (ოთახი/შენობა), სადაც პროექტში ჩართული მშობლები შევიკრიბებით, გავუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, იდეებს, ავარჩევთ რესურსებს და დავგეგმავთ ლიტერატურის გაკვეთილებს. სკოლას ასეთი სივრცე, სამწუხაროდ, არ გააჩნია, ამიტომ სასურველი იქნებოდა ასეთი სივრცე სკოლის სიახლოვეს. დაინტერესებული მოსწავლეების მოწვევასა და ლიტერატურასთან/კითხვასთან დაკავშირებულ აქტივობების/ შეხვედრების დაგეგმვასაც მოვიაზრებთ ამ სივრცეში.

სასწავლო რესურსები (წიგნები), კომპიუტერი, პრინტერი, მონიტორი, მაგიდა/სკამები და წიგნების თაროები/კარადა აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის გასაგრძელებლად და გასაფართოვებლად. ხშირ შემთხვევაში გვიწევს ვესტუმროთ ბიბლიოთეკებსა თუ წიგნის მაღაზიებს, იმისათვის, რომ სასურველი მასალა შევარჩიოთ. წიგნების არსებობა ჩვენს სივრცეში კი ჩვენს დროსაც დაზოგავდა და თანხებსაც. კომპიუტერი და პრინტერი მნიშვნელოვნად გააადვილებდა ჩვენს საქმეს, რადგან რესურსებისა და სქემების დაბეჭვდა ხშირად გვიწევს ლიტერატურული შეხვედრებისთვის. რაც შეეხება მონიტორს, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ვიდეო მასალას, ასევე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფილმების ეკრანიზაციის ყურება. დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩვენს სივრცეში მოვიწვევდით ამ მიზნით.

მშობელი თეა ოთარაშვილი დაწყებით საფეხურზე წიგნის კლუბის აქტივობას უძღვება

გარკვეული ბიუჯეტის არსებობა და/ან შემოწირულობები მნიშვნელოვნად გადაჭრიდა პროექტის ფინანსურ გამოწვევას. ლიტერატურული შეხვედრა/გაკვეთილებისთვის ვიყენებთ თვალსაჩინოებებს, რომლის დამზადება/ყიდვისთვის საჭირო მასალას ჯერჯერობით ჩვენი პირადი ხარჯით ვუძღვებით. თუ გვექნება ჩვენი სივრცე შესაბამისი ინვენტარით, ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა სკოლებთანაც, რომ აღნიშნული სიკეთე მათთმა მოსწავლეებმაც მიიღონ. ასევე მოვიძიებთ მოხალისე მშობლებს სხვა სკოლებიდანაც, რომლებსაც სურთ, რომ წვლილი შეიტანონ უფრო წიგნიერი საზოგადოების ფორმირებაში.

 

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

კომენტარები