სკოლის დასუფთავების ბიუჯეტი მშობლების ინიციატივით გაიზარდა

285
მარიამ საკანდელიძე, 5 შვილის დედა. თანამოაზრე მშობლებთან ერთად მარიამმა წარმატებული მოლაპარაკება აწარმოა სკოლის დირექციასთან, რის შედეგადაც გაიზარდა სკოლის დასუფთავებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი

შესავალი

სკოლებში სისუფთავის დაცვის პრობლემამ ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა 2023 წლის ივლისში გამოცემულ პუბლიკაციაში „სასკოლო გამოწვევები“, რომლის შედგენაში 800 მშობელი იყო ჩართული. სკოლებში ანტისანიტარიაზე წლებია მიუთითებს სახალხო დამცველის ანგარიშები, რომლის მიხედვითაც სკოლის სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოსწავლეების ჯანმრთელობას და აფერხებს ბავშვთა განვითარებას. მშობელთა ინფორმაციით, სკოლებს არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობით დამლაგებლები, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ არ ჰყავთ დამლაგებელი. მშობლები ამბობენ, სკოლის დირექტორების ცნობით, დაბალი ხელფასის გამო სკოლას უჭირს მოიზიდოს და შეინარჩუნოს თანამშრომლები დამლაგებლის პოზიციაზე. დირექციისგან მიღებული ეს პასუხი ხშირად მშობლებს აფერხებს გააგრძელონ მოქმედება, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც არ ეგუება არასასურველ მოცემულობას და სრულიად ლეგიტიმური გზებით აგრძელებს პრობლემის მოგვარებისთვის მუშაობას. სწორედ ასეთი შეუპოვარი მშობელია 5 შვილის დედა მარიამ საკანდელიძე, რომელიც ამ წერილით საკუთარ ნამდვილ ამბავს გაგიზიარებთ.

მარიამ საკანდელიძის ნამდვილი ამბავი

თბილისის საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლის დედა ვარ. აქტიურად ვადევნებ თვალყურს მათ სასკოლო ცხოვრებას, ამიტომაც ჩემთვის ცნობილია ის გამოწვევები და ხარვეზები, რის წინაშეც დგას დღეს მშობელიც, მოსწავლეც და სკოლაც. ხარვეზები მრავალრიცხოვანი და სისტემურია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს არ მალავენ და ყველასთვის თვალსაჩინოა, მშობლებს გვეძნელება მათი გახმოვანება სკოლის ადმინისტრაციასთან თუ პედაგოგებთან.

 

იმის შიშით, რომ ჩვენი „აქტიურობა“ არაადეკვატურად იქნება აღქმული და ისევ მოსწავლის საზიანოდ შეიცვლება მდგომარეობა, ვამჯობინებთ დუმილს და ვიწყებთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზების ძებნას, რაც სარგებელთან ერთად, ზიანის მომტანიცაა როგორც ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, ისე ჩვენი ბიუჯეტისთვის.

მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ვიზრუნოთ სკოლებში ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ჩვენს შვილებს ვურჩევთ არ ისარგებლონ სკოლის საპირფარეშოებით. ან იმის ნაცვლად, რომ საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა ჩვენს პრიორიტეტად ვაქციოთ, ვიწყებთ რეპეტიტორების ძებნას, ჩვენი ჯიბის დაცარიელებას და ჩვენი შვილების დროისა და ენერგიის ორმაგ ხარჯვას.

მინდა საკუთარი გამოცდილება გავუზიარო სხვა მშობლებს და ვუთხრა, რომ მშობლების ინიციატივა, აქტიურობა, ერთსულოვნება, ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა, ასევე სკოლის ადმინისტრაციასთან და პედაგოგებთან თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანი პირობაა მოსწავლეების სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მშობლების პოზიტიური ჩართულობა სტიმულის მომცემი აღმოჩნდა ჩვენი სკოლის ადმინისტრაციისთვისაც. მიხარია იმის აღნიშვნა, რომ ჩემი შვილების სკოლაში, მშობელთა საინიციატივო ჯგუფისა და სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივად გადადგმული პირველი ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა დამლაგებლების შრომის ანაზღაურება. ხელფასების ზრდის შედეგად გამარტივდა დამლაგებლის პოზიციაზე კადრების მოძიებაც, რასაც მოყვა მათი რაოდენობის ზრდა და საბოლოო ჯამში, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება.

კიდევ უფრო სასიხარულოა ჩემთვის ის ფაქტი, რომ დღეს მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია ვართ ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის ეტაპზე და პირველი წარმატების შემდეგ, ჩვენი გუნდი გაზრდილი ენთუზიაზმით იწყებს მუშაობას ამჯერად უკვე სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

 

კომენტარები