როგორ მიაღწიეს მშობლებმა სკოლებში მავნე საკვების აკრძალვას

161
მოსწავლეთა მშობლები სასკოლო გამოწვევებზე სასაუბროდ განათლების მინისტრს ხვდებიან

შესავალი

რა შეუძლიათ გააკეთონ მშობლებმა, რომელთა შვილების სკოლებშიც წლობით გრძელდება მოუგვარებელი პრობლემები?! ცხადია, ასეთ დროს სპონტანური ქმედებები საკმარისი არ არის პრობლემის დასაძლევად. ამ წერილში გამოცდილი მშობლები თავიანთ ნამდვილ ამბებს გაგიზიარებენ. ეკა, ციცი, სონა და მედეა მოგიყვებიან, რა გზა გაიარეს, ვიდრე სკოლის ბუფეტებში ბავშვების ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების აკრძალვას მიაღწევდნენ, როგორ გაერთიანდნენ პრობლემის ირგვლივ, როგორ არ შეუშინდნენ სკოლაში შექმნილ დისკომფორტს, როგორ გაიჩინეს თანამოაზრე მშობლები სხვა სკოლებიდან,  როგორ დასახეს გეგმა და გამოიწვიეს სასურველი საკანონმდებლო ცვლილებები.

ამბის დასაწყისი – სხვადასხვა კლასის მშობლები საერთო პრობლემის ირგვლივ ერთიანებიან

ციცი თოფურიძე, მოსწავლის მშობელი
ეკა გიორგაძე, მოსწავლეების მშობელი
ᲔᲙᲐ ᲒᲘᲝᲠᲒᲐᲫᲘᲡ ᲓᲐ ᲪᲘᲪᲘ ᲗᲣᲤᲣᲠᲘᲫᲘᲡ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ

წლებია მიდის საუბარი სასკოლო კვების დანერგვაზე, თუმცა ამ დრომდე გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბავშვებს ან სახლიდან ვატანთ საკვებს ან სკოლის ბუფეტში უწევთ ყიდვა.

 

სამწუხაროდ, სხვა სკოლების მსგავსად, ჩვენთანაც ბუფეტი კერძო პირზეა გაქირავებული. წლების განმავლობაში ბუფეტის დახლებზე განლაგებული პროდუქტები ვერ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რაც არსებობს თანამედროვე გაიდლაინებით. მშობლებს ყოველთვის გვაწუხებდა, რომ ბუფეტში იყიდებოდა გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული. არაერთხელ გამოგვითქვამს წუხილი ამ ფაქტის გამო.

ძნელია ბავშვს დაასწავლო ჯანსაღი კვების ჩვევები, როდესაც მისთვის სასკოლო გარემოში ასე ადვილად ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის მავნე საკვები. შეიძლება შენ არ გაატანო ბავშვს თანხა, მაგრამ ამით პრობლემა მაინც არ გვარდება.

ჩვენი სკოლიდან 4 მშობელი ჩავერთეთ მშობელთა ასოციაციის პროექტში „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“. მიზნად დავისახეთ პროექტის ფარგლებში ერთი რომელიმე პრობლემური საკითხის გადაწყვეტა. ყველაზე აქტუალური ჩვენთვის მოსწავლეთა კვება იყო.

პროექტის ფარგლებში მშობლების საინიციატივო ჯგუფი შევიკრიბეთ, გვქონდა შეხვედრები, სადაც გამოიკვეთა არსებული პრობლემის დეტალები და მოგვარების მექანიზმები. დავისახეთ სამოქმედო გეგმა და შევუდექით მის განხორციელებას, თუმცა მოიჯარესთან მოლაპარაკება გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა.

ნაწილი 2. მშობლები აქტიური მოქმედებით ცდილობენ სკოლის დონეზე მოაგვარონ პრობლემა

სონა კალანდაძე, მოსწავლეების მშობელი
ᲡᲝᲜᲐ ᲙᲐᲚᲐᲜᲓᲐᲫᲘᲡ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ

2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 2 ჯერ გვქონდა შეხვედრა დირექციასთან, კვების საკითხთან დაკავშირებით, ნათელი გახდა რომ მათ არანაირი ბერკეტი არ გააჩნდათ რაიმეს შესაცვლელად. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში უკვე შევხვდით მოიჯარეს, რომელმაც ხაზგასმით გვითხრა – ყიდის იმ პროდუქციას, რომელიც კანონით არის დაშვებული და თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს უნდა მივმართოთ განათლების სამინისტროს. გასაგები გახდა, რომ სკოლის სივრცეში ეს პრობლემა ვერ მოგვარდებოდა.

ამ შეხვედრის დროს ყველას დასანახად გადავუღე ფოტოები ბუფეტში არსებულ „საკვებს“ და ჩემი გადაწყვეტილებით იმ დღესვე ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე პოსტი ორ ფოტოსთან ერთად. მოვნიშნე ჯანდაცვის დამინისტრო, განათლების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა. პოსტში არ დამისახელებია სკოლა ან რომელიმე ადამიანი. (თუმცა რომც ყოფილიყო მონიშნული ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, რადგან ფოტოები ზუსტად აღწერს იმ პრობლემურ რეალობას, რაშიც ჩვენს შვილებს უწევთ ყოფნა) მიუხედავად ამისა დიდი მღელვარება გამოიწვია სკოლაში ჩემმა პოსტმა. დირექციამ ეს რატომღაც პირად შეურაცხყოფად მიიღო, რასაც მოყვა სკოლაში ჩემი დაბარებები. მითხრეს, რომ სკოლას რეპუტაცია შევულახე. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მათ ჩემთან კომუნიკაციაც გაეწყვიტათ და საინიციატივო ჯგუფთანაც, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი ჩემს ქმედებაზე.

საქართველოში ახალია მშობელთა ჩართულობა სკოლის სივრცეში და დირექციაც და პედაგოგების დიდი ნაწილიც მტკივნეულად იღებს ყველა ღიად გამოთქმულ კრიტიკულ აზრს მშობლისგან, დასაწყისშივე თავდაცვით პოზიციაში დგებიან, იმის მაგივრად, რომ ყურადღებით მოგისმინონ და ერთიანი ძალებით მოხდეს ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა.

როცა ცოტა მშობელი აფიქსირებს ღიად თავის მოსაზრებას სკოლაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დირექციას უფრო უმარტივდება მათი მარგინალიზება. მიუხედავად ამისა, სასიკეთო ცვლილებები ნელა, მაგრამ მაინც ხდება. ეს კი უკვე სხვა მშობლისთვის არის მოტივაცია, რომ ხმის ამოღება უკეთესობისკენ შეცვლის მის მომავალს.

ნაწილი 3. სხვადასხვა სკოლის მშობლები ერთიანად ცდილობენ პრობლემის მოგვარებას ეროვნული მასშტაბით

მედეა ტურაშვილი, მოსწავლეების მშობელი
ᲛᲔᲓᲔᲐ ᲢᲣᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ

სკოლაში შეხვედრებისა და კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ სკოლას არ გააჩნდა სამართლებრივი მექანიზმები ან სხვა ბერკეტები არსებული პრობლემის სკოლის დონეზე მოსაგვარებლად. სკოლის საინიციატივო ჯგუფთან განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პრობლემისთვის უფრო სისტემურად შეგვეხედა და დავკავშირებოდით სხვა სკოლების მშობლებს, რომელთაც, როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო, ანალოგიური პრობლემები აწუხებდათ.

სხვა სკოლების მშობლებთან ურთიერთობა, იდეების გაზიარება და თანამშრომლობა ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში. ამ პროექტმა მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა გავცნობოდით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლების მშობლებს და მათ სკოლებში არსებულ მიღწევებს და პრობლემებს.

მშობლების ეს პლატფორმა აღმოჩნდა ის ადგილი სადაც დავიწყეთ კვებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ერთობლივი მსჯელობა. პირველ რიგში, გამოიკვეთა, რომ არაერთ სხვა სკოლაშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო და დავრწმუნდით, რომ სასკოლო კვებისა და ბუფეტების საკითხი ეროვნული დონის პრობლემა იყო, შესაბამისად ეროვნულ დონეზე საკითხის გააქტიურებას და მოქმედებას მოითხოვდა.

სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა მშობლების სამუშაო შეხვედრა

ამის შემდეგ, ჩავატარეთ მშობლების რამდენიმე შეხვედრა და შევჯერდით საერთო მოქმედების გეგმაზე.

პირველ რიგში, გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა პეტიცია განათლების მინისტის სახელზე და დაგვეყენებინა ორი კონკრეტული მოთხოვნა: მოკლე ვადაში, სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტების გაყიდვის აკრძალვა, და ასევე, სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის პროცესის დაჩქარება. ჩავთვალეთ, რომ მართალია ონლაინ პეტიცია განათლების სამინისტროსთვის შესასრულებლად სავალდებულო არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნებოდა ინფორმაციის გასავრცელებლად, სხვა მშობლებისთვის ხმის მისაწვდენად და საკითხის გასააქტიურებლად. (პეტიციის ბმული https://shorturl.at/iGQT5)

მშობლები ესწრებიან პრესკონფერენციას, სადაც გაჟღერდა პეტიციის მოთხოვნები.

ეს ასეც მოხდა. ერთ თვეზე ნაკლებ დროში ონლაინ პეტიციას ხელი მოაწერა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა. ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დახმარებით მშობლების მოთხოვნა გააშუქა არაერთმა მედია საშუალებამ და მშობლებს და ბავშვებს მოგვეცა შესაძლებლობა საჯაროდ გვესაუბრა არსებულ პრობლემებზე.

პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას დაემთხვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის ბუფეტში ნაყიდი დონატებით 9 მოსწავლის მოწამვლის ფაქტი. ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ მიერ დაყენებული პრობლემა უაღრესად მწვავე იყო და სამინისტროსგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვდა.

სასკოლო გამოწვევებზე სასაუბროდ მშობლები ხვდებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.

ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დახმარებით ასევე შევძელით განათლების და მეცნიერების მინისტრთან და მის გუნდთან შეხვედრა. სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრს გავუზიარეთ ჩვენი წუხილი და მოთხოვნა სასკოლო კვებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე სამინისტროს მზაობა და თანხმობა შეხვედრისთანავე გამოიკვეთა. მინისტრმა გაგვიზიარა მისი ხედვები ბუფეტებში ჰიგიენური მდგომარეობისა და გასაყიდი პროდუქტების შესახებ და ასევე, მოისმინა ჩვენი რეკომენდაციები. შეხვედრის შემდგომ, მშობლებს შესაძლებლობა გვქონდა ჩვენი მოსაზრებები წარგვედგინა მინისტრის ბრძანების სამუშაო ვერსიაზე.

საბოლოოდ, მინისტრის ბრძანება დამტკიცდა მშობლების მოსაზრებების გათვალისწინებით; მკაცრად განისაზღვრა, თუ რისი გაყიდვა იკრძალება სკოლის საკვებ ბლოკში, დარეგულირდა ბუფეტში ჰიგიენური პირობების დაცვის საკითხები და მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა განახორციელონ ბუფეტების მონიტორინგი. ეს მშობლების გამარჯვებაა – პირველი გამარჯვება ერთობლივი მუშაობის შემდეგ. ჩვენ გვწამს, რომ მშობლების აქტიურობას, ჩართულობას და გნებავთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აუცილებლად მოიტანს შედეგს ჩვენი შვილების უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის. ამ პროცესში გადამწყვეტი იყო მშობლების ჯგუფის თვითორგანიზება, ერთად დგომა და ერთად მუშაობა.

სამწუხაროდ, ჯერ ისევ გამოწვევად რჩება სასკოლო კვების პროგრამის არ არსებობა სკოლებში. მშობლების ეს მოთხოვნა რჩება ძალაში და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით.

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

კომენტარები