როგორ ვესაუბროთ შვილებს “უხერხულ” თემებზე

603

ანიმაცია მოიცავს ფსიქოლოგ მაია ჯიბუტის რეკომენდაციებს: “ოდესმე გადაგირთავთ ტელევიზორი ან გადაგიტანიათ თქვენი შვილის ყურადღება სხვა რამეზე მაშინ, როცა ტელევიზიით გადის ჰიგიენური საფენების თუ კონდომის რეკლამა ან ფილმის ინტიმური სცენები? თუ კი, ეს დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ თქვენ თავს ვერ გრძნობთ კომფორტულად ამ საკითხებზე  საუბრისას. სახლი კი არის საუკეთესო ადგილი იმისათვის, რომ  წამოიწყო საუბარი სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც კავშირშია სხეულის, სექსუალობისა და გენდერის საკითხებზე.

კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების განათლება სექსუალობის შესახებ ამცირებს არასასურველი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და აივ/შიდსის შემთხვევებს, და ეხმარება მათ, მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყების დროსთან დაკავშირებით.

რეკომენდაცია 1 – იმისათვის, რომ თქვენმა შვილმა არ დაიწყოს სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის სხვაგან მოძიება, რაც ხშირ შემთხვევაში არ იქნება სანდო და სწორი, შეეცადეთ თქვენ წამოიწყოთ ამ თემებზე საუბარი. ბავშვის ღირებულებები და დამოკიდებულებები ფორმირდება ოჯახში და შესაბამისად ოჯახში სექსუალობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა დაეხმარება მას განსაზღვროს თავისი ღირებულებათა სისტემა.

რეკომენდაცია 2 – თუ თქვენ ხართ მშობელი, რომელსაც არასოდეს გისაუბრიათ თქვენს შვილთან სექსუალობის საკითხებზე, არ დაიბნეთ, პირველ რიგში თავად მიიღეთ სპეციალისტებისგან სათანადო ინფორმაცია, რომ შეძლოთ საუბრის სწორად დაწყება. ვინ არის პასუხისმგებელი სექსუალობისა და სექსის საკითხებზე საუბარზე? პასუხისმგებელია დედა? პასუხისმგებელია მამა? პასუხისმგებელია ორივე მშობელი? იდეალურ ვარიანტში, ორივე მშობელი, რათა დარწმუნებულები იყოთ რომ თქვენი შვილი იღებს სწორ ინფორმაციას. სახლში ამ საკითხებზე ღიად საუბრით თქვენ დანერგავთ და გააძლიერებთ თქვენი ოჯახის ღირებულებათა სისტემას.

რეკომენდაცია 3 – გაითვალისწინეთ, ახალგაზრდების დაშინება სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავების მიზნით, როგორც წესი კონტრ პროდუქტიულია. ეს გამოიწვევს თქვენ შორის ღია ურთიერთობის შეწყვეტას. შესაბამისად, მოზარდები დაიწყებენ ისეთი გარემოს მოძიებას, სადაც ისინი უსაფრთხოდ, ღირებულად და მხარდაჭერილად იგრძნობენ თავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობელი თვლის რომ მოზარდს არ უნდა ჰქონდეს სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებამდე, უკეთესია თუ არ დავმალავთ მათგან ჩვენს დამოკიდებულებას, მაგრამ ისეთ თემებზე საუბარი, როგორიცაა უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობები და კონტრაცეფცია მაინც აუცილებელია. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი იყოს მოზარდისთვის.

ჩვენ შეიძლება გავკიცხოთ, დავარიგოთ მოზარდები, რჩევა მივცეთ
მათ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ პრობლემების არსებობის
შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით. რომ ჩვენ, მშობლები, მათი
მხარდამჭერები ვართ!”

ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” ანიმაციის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია

 

კომენტარები