განათლების დარგის ტრენერის, მანანა ჯინჭარაძის რჩევები მშობლებს:
“სოციალურ ქსელში არასრულწოლოვანი პირის რეგისტრაცია ბაშვების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. მოსმენილი ამბის მაგალითზე შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რამდენად არის ფსიქოლოგიურად მზად არასრულწლოვანი მიიღოს ამ ტიპის მესიჯები და გაუმკლავდეს უხარისხო, დამთრგუნველ და მისთვის უცხო ინფორმაციას. თუ ამის მიუხედავად ბავშვს მაინც ვაძლებთ უფლებას გახსნას ანგარიში, უნდა გავაფრთხილოთ არაკეთილმოსურნე ადამიანების შესახებაც, რომელთაც შეუძლიათ ბავშვისთვის შეუფერებლი ინფორმაცია (წერილი, მესიჯი, ფოტო, ფილმი) მიაწოდონ მოზარდს. ასევე უნდა მოამზადოთ და შეაგუოთ, რომ მის ნააზრევს, სტატუსს და გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეიძლება უარყოფითი შინაარსის შემცველი შეფასება მოჰყვეს.
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გაუფრთხილდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის: სახელი, გვარი; ტელეფონის ნომერი; მისამართი; სკოლა, სადაც სწავლობს; წრეები, სადაც დადის; ინტერესები; პირადი ნომერი; ფოტო და ვიდეო მასალა მისი გამოსახულებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება, მისი გამოყენება ფინანსური სარგებლის მიღებისათვის ან შანტაჟისთვის.
რეკომენდაცია პირველი: გაითვალისწინეთ ბავშვის სოცქსელში გაწევრიანების ასაკი და ნუ წაახალისებთ ამას ადრეული ბავშვობიდან.
რეკომენდაცია მეორე: თუ თქვენმა არასრულწლოვანმა შვილმა მაინც მიიღო სოცქსელების მოხმარების გადაწყვეტილება, შეეცადეთ დაუდგინოთ სასარგებლო წესები: შეუმცირეთ ინტერნეტით სარგებლობის დრო, გაერკვიეთ ჩამოტვირთული აპლიკაციების, თამაშების მიზნობრიობაში, თვალი ადევნეთ, რომელ პროგრამებს იყენებს.
რეკომენდაცია მესამე: გააცანით მისი, როგორც ინტერნეტმოქალაქის პასუხისმგებლობები, მიუთითეთ სექსტინგის საფრთხეების შესახებ, აუხსენით რას ნიშნავს პირადი ინფორმაცია და რა შეიძლება მოჰყვეს მის გასაჯაროებას.”
ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”. ანიმაციის გამოყენება ავტორთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია.
კომენტარები