მშობლების მანიფესტი – ვითხოვთ ხარისხიან განათლებას

84

ჩვენ, მშობლები, შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის შემდეგაც კი საყოველთაო და ხარისხიანი განათლება ბავშვებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ, რომ განათლების ხარისხი ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების პირდაპირპროპორციულია, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, თანასწორობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობის პრინციპებს. სასკოლო განათლების ხარვეზების ამოსავსებად მშობლებს გვიწევს უამრავი რესურსის დახარჯვა რეპეტიტორებზე. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით კი აშკარაა, რომ განათლების სისტემა სიღარიბისთვის წირავს მომავალ თაობას.

ჩვენ ვღელავთ, რომ ირღვევა ჩვენი შვილების საუკეთესო ინტერესები და ხარისხიან განათლებაზე წვდომის უფლება. ჩვენ და ჩვენი შვილები ყოველდღიურ რეჟიმში ვიმკით პასუხისმგებელ პირთა გულგრილობის და დაუსრულებელი ან სულაც რეგრესირებული რეფორმების შედეგებს.

ჩვენ გათავისებული გვაქვს ის მოვალეობა, რაც გვაკისრია ჩვენი შვილების და სკოლის წინაშე. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვისმჯელოთ და წვლილი შევიტანოთ სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში.

ჩვენი შეფასებით კი საშუალო განათლების საფეხურზე შექმნილი სავალალო მდგომარეობა ასეთია:

  • კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 25-დან 40-მდე, ხოლო ერთ სკოლაში ცვლების რაოდენობა 1-დან 3-მდე მერყეობს.
  • მოსწავლეთა ინტერესი საგნების და გაკვეთილების მიმართ დაბალია, რაც ხშირად გამოწვეულია სწავლების ინტერაქციული და თანამედროვე მეთოდების ნაკლებობით. მაღალ კლასებში ხშირია გაკვეთილების ჩაშლა ან გაცდენა პედაგოგთა მიერ. ხოლო გაკვეთილზე – უმართავი გარემო, გაუსაძლისი ხმაური და აურზაური.
  • მასწავლებლები ვერ იყენებენ ინდივიდუალურ მიდგომებს. დამკვიდრებულია სწავლების ერთიანი მეთოდოლოგია, რომელიც არ ითვალისწინებს მოსწავლეების მრავალფეროვან საჭიროებებსა და დასწავლის სტილს. საკლასო პროცესი არის ცალმხრივი კომუნიკაცია, სადაც მოსწავლეები იშვიათად არიან წახალისებული იაზროვნონ ანალიტიკურად, განავითარონ აზრი და არგუმენტაცია ან ჩაერთონ გაკვეთილის პროცესში.
  • მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებობს პატივისცემის დეფიციტი. საკლასო ოთახებიდან ყოველდღიურ რეჟიმში ისმის ყვირილის ხმა. პედაგოგებს უჭირთ მოსწავლეთა ქცევის მართვა, რადგან ისინი არ ფლობენ შესაბამის პროფესიულ უნარებს. ერთ-ერთი გავრცელებული „სტრატეგია“ კი ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობაა, რაც გამოიხატება ხმამაღალ, ღირსებაშემლახველ კომუნიკაციასა და ე.წ. ნიშნებით მანიპულაციაში.
  • განათლების სისტემა, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს მოსწავლეებში. ამ დრომდე სკოლების უმრავლესობას არ ჰყავს ფსიქოლოგი, რომელიც ადგილზე იმუშავებს აღმოჩენილი პრობლემის გადასაჭრელად და/ან იზრუნებს სპეციალისტთან დროულ გადამისამართებაზე. ამავე დროს, სკოლაში მყოფ პირებსაც ხშირად არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, ეფექტიანად მართონ არსებული გამოწვევები (მაგალითად, ბულინგი, ბავშვებს შორის კონფლიქტები) ან იმუშაონ პრევენციაზე.
  • სკოლაში გატარებული 5 თუ 6 საათის შემდეგ, მოსწავლეებს უწევთ კერძო რეპეტიტორებთან და კლასგარეშე აქტივობებზე სიარული, რაც იწვევს ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას. დღის განმავლობაში ისინი იკვებებიან ცუდად, ან საერთოდ არ იკვებებიან, რადგან მიუხედავად მშობლებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მოთხოვნისა, სახელმწიფოს ამ დრომდე არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად. მოსწავლეებს არასაკმარისი დრო რჩებათ საშინაო დავალებების შესასრულებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ დასვენებაზე.
  • სკოლაში სიარულის ერთადერთი მიზანი ვალდებულებაა. მე-12 კლასში სკოლებში გაკვეთილები არ ტარდება. მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის ნაცვლად კერძო რეპეტიტორთან დადის. ხოლო ის მოსწავლეები, რომელთა ოჯახებს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, განათლების მიღმა რჩება. მოსწავლეებს დაკარგული აქვთ სწავლისადმი ლტოლვა და იმედგაცრუებულნი არიან განათლების სისტემით. სკოლაში სიარულის ერთადერთი მიზეზი ნიშნების მიღება და სკოლის დამამთავრებელი ატესტატის აღებაა.
  • სკოლებს თითქმის არ გააჩნიათ დამხმარე რესურსები, იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი იყოს საინტერესო და შინაარსიანი, ხოლო პედაგოგს გაუადვილდეს მოსწავლის ინტერესის აღძვრა და შენარჩუნება. არ ფუნქციონირებს ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები და კლუბები, ტექნოლოგიური კაბინეტები, ხელოვნების წრეები, რაც ართულებს მოსწავლეების მიერ აღნიშნული დისციპლინების დაძლევას და ახალი უნარების განვითარებას.
  • მშობლებს არ გვაქვს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგის მექანიზმი. უამრავი ხელის შემშლელი პირობის გამო, ბევრი მშობელი ვერ ახერხებს დაესწროს შვილის გაკვეთილს. ასეთ ვითარებაში, ერთადერთი გამოსავალია, ბერკეტები ხელში აიღოს სახელმწიფომ და შეიმუშავოს ქმედითი მოდელი, ჩატარებული გაკვეთილების ხარისხის გასაზომად. მშობლების მანიფესტი
  • სკოლა არ განიხილავს მშობლებს, როგორც პატნიორებს და შესაბამისად არ აქვს მშობლებთან თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვა თუ მიდგომა. არ არსებობს სკოლებში მშობელთა ჩართულობის ქმედითი მექანიზმები. აქტიური მშობლების ნაწილს სკოლის ადმინისტრაცია მტრულად აღიქვამს და მის მარგინალიზაციას ცდილობს. მშობლების მასწავლებლებთან შეხვედრის შეზღუდული დროის გამო, ვერ ხერხდება მოსწავლეთა პროგრესისა და აკადემიური განვითარების შესახებ განხილვა. სკოლის ადმინისტრაცია თავს უძლურად თვლის იმოქმედოს მოსწავლის სასიკეთოდ. .

ჩვენ და ჩვენს შვილებს მეტის მოთმენის და ბავშვების ინტერესებთან კომპრომისზე წასვლის ფუფუნება აღარ გვაქვს. არსებული მდგომარეობის გამოსწორებით დაინტერესებული მშობლები მოვითხოვთ, საქართველოს მოსახლეობის გადახდილი გადასახადები დაიხარჯოს სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, კერძოდ,

  • საქართველოს ხელისუფლებამ უმოკლეს დროში შეიმუშაოს და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს წლობით გაჭიანურებული სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამოქმედო გეგმა. მუნიციპალიტეტებისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ მიწებზე აშენდეს ახალი სკოლები, რათა განიტვირთოს კლასები და მოსწავლეებმა შეძლონ თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შენობებში განათლების მიღება.
  • განიტვირთოს სასწავლო პროგრამები და მოერგოს ბავშვის განვითარების ასაკობრივ თავისებურებებს და შესაძლებლობებს.
  • უმოკლეს დროში შემუშავდეს და ამოქმედდეს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესების რეგულარული მონიტორინგის და შეფასების სისტემა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
  • გაძლიერდეს მასწავლებლებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები მათი კვალიფიკაციისა და სწავლების უნარების გასაუმჯობესებლად, სწავლების ეფექტური მეთოდებისა და კლასის მართვის ტექნიკების დასაუფლებლად. აქცენტი გაკეთდეს ინოვაციურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო მეთოდებზე. გაძლიერდეს დამრიგებლის როლი და მისია. გაიზარდოს დამრიგებლების ანაზღაურება და მოხდეს მათი პროფესიული ზრდა.
  • დაინერგოს იმ მასწავლებლების აღიარების და წახალისების სისტემა, რომლებიც აჩვენებენ სანიმუშო სწავლების პრაქტიკას. გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი, რათა სკოლაში შევიდნენ და პროფესიაში დარჩნენ კონკურენტული კადრები, ხოლო მასწავლებლის პროფესია მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისთვის.
  • ყველა სკოლაში დაიშვას ფსიქოლოგის შტატი და სკოლის ფსიქოლოგის საქმიანობა გახდეს რეგულირებადი პროფესია.
  • დაინერგოს სასკოლო კვების პროგრამა, ყურადღება მიექცეს სპორტის გაკვეთილების ხარისხიანად ჩატარებას და სკოლის შენობაში ჰიგიენის ნორმების დაცვას.
  • დაევალოს სკოლის ადმინისტრაციას დანერგოს მშობელთა და მოსწავლეთა უკუკავშირის სისტემა და დასახოს მათ მიერ იდენტიფიცრებული პრობლემების გადასაჭრელად წლიური გეგმა. შემუშავდეს სავალდებულო დიალოგის/ უკუკავშირის ფორმატები მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.
  • დაევალოს სკოლის ადმინისტრაციას უზრუნველყოს რეალური და ეფექტური მშობელთა ჩართულობა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებზე.
  • მაღალი თანამდებობის პირებს (როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოში) კანონმდებლობით დაეკისროთ შვილებისთვის საჯარო სკოლებში განათლების მიცემა, რათა გაუჩნდეთ ინტერესი და მოტივაცია, გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი.

განათლება არ გახდა არც ერთი ხელისუფლების პრიორიტეტი. 2019 წლის ქართული ოცნების დაპირება, რომ განათლების დაფინანსება 2022 წლისთვის მშპ-ს 6 %-მდე გაზრდებოდა, 2028 წლისთვის გადავადდა. ხოლო 2,5 მილიარდ ლარამდე გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში მოსწავლეების საბაზო საჭიროებები კვლავ დაუკმაყოფილებელია.

ჩვენთვის მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში, რომელიც ევროინტეგრაციას ესწრაფვის, მათ შორის ევროპული ხარისხის განათლების მიღების მიზნით, ბავშვების უფლებები და ღირსება ჯერ ისევ სათანადოდ არ არის დაცული, აუტანელია, რომ პრიორიტეტი არ ენიჭება მომავალი თაობის განათლებას და განვითარებას, რაც ქვეყნის წინსვლის წინაპირობაა. ამ მანიფესტით გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას მხარი დაუჭიროს მშობლების მოთხოვნებს და სოლიდარობა გამოუცხადოს ბავშვებს, რომლებსაც გამოწვევად ექცათ სკოლის კედლებში ყოფნა.

კომენტარები