მშობლებისთვის ციფრული უსაფრთხოების გზამკვლევი გამოიცა

170

ციფრული წიგნიერების გაზრდის მიზნით მშობლებისთვის გზამკვლევი გამოიცა, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის” იმუშავა. გზამკვლევი სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების მშობლებს საბაზისო ცოდნას შესძენს ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების შესახებ და პოტენციური საფრთხეებისგან შვილების დასაცავად; ამასთანავე, კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ინტერნეტის დადებით მხარეებსა და შესაძლებლობებს. სახელმძღვანელოს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე  

 

ციფრული უსაფრთხოების გზამკვლევი სამ თემატურ ნაწილადაა დაყოფილი. თითოეული ნაწილი იმ გამოწვევას ეხმიანება, რომლის წინაშეც დგანან მშობლები.

  • ეკრანდამოკიდებულების მზარდი პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიისას, როდესაც ინტერნეტი, ფაქტობრივად, სწავლის, მუშაობის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის ერთადერთ წყაროდ იქცა. გზამკვლევში მიმოხილულია ეკრანდამოკიდებულების იდენტიფიცირების, პრევენციისა და ინტერვენციის გზები. (თემის ავტორი – ფსიქოდიაგნოსტი, ფსიქოკონსულტანტი ზანდა ჩეჩელაშვილი)
  • ციფრული უსაფრთხოება მოიცავს როგორც მოწყობილობების ფიზიკურ უსაფრთხოებას, ასევე, პირადი მონაცემების დაცვისა და უსაფრთხო ნავიგაციის წესებს. გზამკვლევი მიმოიხილავს ყველაზე გავრცელებულ საფრთხეებს და მათგან თავდაცვისა თუ მათზე რეაგირების საშუალებებს. (თემის ავტორი – ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი ფულარიანი)
  • მედია წიგნიერება თანამედროვე ადამიანის უმნიშველოვანესი უნარ-ჩვევაა და ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია, ინტერნეტში არსებული ზღვა ინფორმაციიდან გამოარჩიოს სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია; არ გახდეს დეზინფორმაციისა და მავნე პროპაგანდის მსხვერპლი; დაიცვას როგორც საკუთარი თავი, ასევე, სხვები. თანამედროვე სამყაროში ინტერნეტის მოხმარების შეწყვეტა უამრავი შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს. ამის საპირწონე კი მხოლოდ და მხოლოდ განათლებაა, ამ შემთხვევაში -ციფრული განათლება. (თემის ავტორი – მედიაწიგნიერების მკვლევარი სოფო გელავა)

გზამკვლევის შექმნა შესაძლებელი გახდა ესტონურ ორგანიზაცია „ელექტრონული მართვის აკადემიასთან“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით DRIVE პროექტის ფარგლებში, კორპორაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

კომენტარები