ზგემის განახლებული რედაქციის შეფასება განათლების სამინისტროს გაეგზავნა

112

მიმდინარე წლის 26 თებერვალს განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი წარმოადგინა. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები საქართველოში 2004 წელს შეიქმნა. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებაა, რომელიც დღემდე არეგულირებს სასკოლო განათლების მთავარ პრინციპებს და მიმართულებებს.

 

განათლების სამინისტრომ ფართო საზოგადოებას ზგემის განახლებული რედაქციის შესაფასებლად 10 დღე მისცა. მშობელთა ასოციაციის წევრები ზგემის ახალ პროექტს გაეცნენ და  განათლების სამინისტროს კრიტიკული შეფასება გაუგზავნეს.

წერილის ტექსტი საჯაროდ ქვეყნდება:

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი რედაქციის პროექტი კონცეპტუალურად განსხვავებულია 2004 წლის რედაქციისგან. წარმოდგენილ პროექტში შეტანილია ისეთი ცვლილებები, რაზეც საზოგადოებაში არ ყოფილა მსჯელობა და მით უფრო, შეთანხმება.

მშობელთა ასოციაციის წევრებისთვის კრიტიკის ძირითადი საფუძველია ის ფაქტი, რომ ზგემის ახალი პროექტის ანონსში და თავად პროექტშიც ეროვნული ღირებულებები, როგორიცაა პატრიოტიზმი, ქართული ტრადიციების დაცვა, ოჯახის, საქართველოს ისტორიის და ქართული კულტურის პატივისცემა წარმოდგენილია, როგორც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისგან განყენებული მცნებები.  მშობელთა ასოციაციის წევრები ვფიქრობთ, რომ უკიდურესად საშიშია, როდესაც მთავრობა სკოლის დანიშნულებაზე მსჯელობის დროს ერთმანეთს უპირისპირებს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. ვშიშობთ, რომ ეს ყოველივე ხელს შეუწყობს საზოგადოების ფართო ფენების შეცდომაში შეყვანას და გამოიწვევს საწინააღმდეგო აზრის მქონე ჯგუფების ერთმანეთთან უსაგნო დაპირისპირებას, რომელიც ორმხრივი მარცხისთვის არის განწირული და ზიანის მომტანია ქვეყნისთვის.

ზოგიერთი პრობლემური ჩანაწერების შესახებ:

  • პრობლემურია ძველი რედაქციიდან აღნიშნული ჩანაწერის და მისი იდეის ამოღება: „ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.“ ტერმინი „თავისუფალი პიროვნება“ საერთოდ ამოღებულია ახალი რედაქციიდან, რაც კრიტიკულად ფასდება მოსწავლეთა მშობლების მიერ.
  • ზგემის ახალი პროექტით, სახელმწიფო ერთპიროვნული აღმზრდელის როლშია, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. უგულებელყოფილია ოჯახის როლი, არაფერია ნათქვამი მშობლების მონაწილეობაზე. ზგემში გაწერილი უნდა იყოს, როგორ პირობებს ქმნის სახელმწიფო, რა უნარებისა და ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასევე, უნდა გაიწეროს, სახელმწიფოს გარდა ვინ არიან ის აქტორები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მიზნების მიღწევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გასული საუკუნეების სკოლას, დახურულ ინსტიტუციას.
  • გაურკვეველი, საფრთხისშემცველი და ავტორიტარული სახელმწიფოსთვის ნიადაგის მკვებავია ახალი რედაქციის ეს ჩანაწერი: „ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;“ კომუნიკაციის უნარი მოქალაქეს ერთნაირად სჭირდება როგორც სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორთან, ინდივიდთან თუ გუნდთან, თანამოაზრესთან თუ განსხვავებულ ადამიანთან. შესაბამისად, რას ემსახურება ეს ჩანაწერი სრულიად გაუგებარი, ხოლო შინაარსი მიუღებელია მშობლებისთვის.
  • Ზგემის ახალი რედაქცია ვერ ხედავს საქართველოს საზოგადოების კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ და ენობრივ მრავალფეროვნებას. ზგემის ენა შეზღუდულია “ქართული ტრადიციით”, “ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებით“. პროექტში ნახსენებია ტოლერანტობა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, თუმცა არაფერია ნათქვამი თანასწორობაზე, განსხვავებულ კულტურათა შესახებ ცოდნასა და გაზიარებაზე, კულტურათშორის დიალოგსა და კომუნიკაციის კულტურაზე.
  • ზგემის ახალი ვერსიაში აქცენტი კეთდება იმდენად ზოგადად კონცეფციებზე, რომ შეუძლებელი ხდება იმის გააზრება, თუ როგორ უნდა მიიღწეს ეს მიზნები, რა სახით კონვერტირდება ის საგაკვეთილო პროცესში. მაგალითისთვის, მორალი და ზნეობა ინდივიდუალური, კულტურულად სპეციფიური და სწრაფად ცვალებადი შეიძლება იყოს. ამიტომ, ზოგადი განათლების მიზანი არ უნდა იყოს ერთი რომელიმე ზნეობისა და მორალის თავს მოხვევა, არამედ კრიტიკულად მოაზროვნე, ცოდნით და შესაბამისი უნარებით აღჭურვილი, მოაზროვნე, შემოქმედებითი და ამავე დროს სოლიდარული მოქალაქის ჩამოყალიბება. ზგემის ახალ პროექტში ჩამოთვლილი კონცეფციები ტოვებს ფართო ინტერპრეტაციების შესაძლებლობას და ბუნდოვანს ხდის სასურველი მომავლის ხედვას.

 

მოსწავლეთა მშობლების ხედვა:

მოსწავლეთა მშობლების დაკვეთაა, რომ ზოგადი განათლების სისტემამ უზრუნველყოს, ბავშვი ვითარდებოდეს და განათლებას იღებდეს ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც მეცნიერულ მიდგომებს, დასაბუთებული არჩევანის გაკეთებას, დამოუკიდებლად ცხოვრებას და სხვებთან მშვიდობიან თანაარსებობას სწავლობენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ზოგადი განათლების სისტემა ეფუძნებოდეს პოლიტიკის სტაბილურობასა და ცვლილებას შორის ბალანსს, საზოგადოების მაღალ თანამონაწილეობას, თანასწორობას და კეთილდღეობას.

ზოგადი განათლების სისტემა უნდა იყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობაზე, საჭიროებასა და ინტერესზე მორგებული. საგანმანათლებლო გარემო უნდა იყოს დემოკრატიული და უსაფრთხო, ტექნოლოგიებით, პროგრესული და ნოვაციური რესურსებით უზრუნველყოფილი.

Მშობლების მოთხოვნა განათლების სისტემის მიმართ არის, რომ განათლება იყოს საყოველთაო, თანაბრად ხელმისაწვდომი და თანაბრად ხარისხიანი საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფისთვის. სკოლა უნდა იყოს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, უსაფრთხო, ტექნოლოგიებითა და სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვილი, კეთილგანწყობილი და ინკლუზიური, რომელიც უზრუნველყოფს  ცოდნის დაგროვებასა და ცოდნისადმი ინტერესის გაღვივებას, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი სოციალური უნარების შეძენას (კონფლიქტის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, ემპათია, გუნდური მუშაობა, სამოქალაქო ცნობიერიება და ა.შ.), კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარებს.

 

მშობლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რა მიზნებს დაისახავს ზოგადი განათლების სისტემა. მშობელთა ასოციაციის წევრები იმედს ვიტოვებთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პარლამენტში წარდგენამდე სამინისტრო ღია განხილვისთვის კიდევ ერთხელ წარმოადგენს განახლებულ/რედაქტირებულ პროექტს, რომლის განხილვისთვის ფართო საზოგადოებას გონივრული დრო გვექნება.

კომენტარები