ბავშვების ციფრული უსაფრთხოება – მშობელთა გზამკვლევი

1856

ჩვენი შვილები ინტერნეტის აქტიური მომხმარებლები არიან, განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიის გამო მათ საგანმანათლებლო თუ სოციალურმა აქტივობებმაც კი ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა. მშობლები, ერთი მხრივ, ვგრძნობთ საფრთხეებს, რადგან ხშირად გვესმის კიბერბულინგის, მანიპულაციისა თუ ეკრანზე დამოკიდებულების სავალალო შედეგების ამბები. მეორე მხრივ კი, შეიძლება თავმომწონედ გადავაზიაროთ ჩვენი ბავშვების TikTok ვიდეოები ან მათი Facebook-ის პოსტები ისე, რომ სერიოზულად არც კი ვიფიქროთ შესაძლო საფრთხეებზე.

რეალობა ისაა, რომ ჩვენი შვილების ყოველდღიურობა ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია და თუნდაც სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება კომუნიკაციისთვის მათთვის სრულიად ბუნებრივია.

ჩვენი შვილების ციფრულ სამყაროში დასაცავად ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ცოდნაა – რა საფრთხეები არსებობს და რა ტექნიკური საშუალებები არსებობს პრევენციისთვის.

ვიდეო თამაშები

ჩვენი შვილები ხშირად ონლაინ თამაშობენ მათთვის ნაცნობ ან უცნობ თანატოლებთან ან უფროსებთან ერთად. რა საფრთხეები არსებობს?

შესაძლოა:

  • თამაში იყოს ძალადობრივი შინაარსის.
  • თამაშისას გამოყენებული იყოს მიუღებელი ლექსიკა, რომელიც ემოციურად დააზიანებს ბავშვს / მოზარდს.
  • უცნობმა ან ნაცნობმა მოთამაშეებმა შეურაცხყონ, დაამცირონ და დააშანტაჟონ ერთმანეთი (კიბერბულინგი). 
  • მოზარდისთვის საზიანო აღმოჩნდეს არასასურველი კონტაქტი.
  • მშობლის ბარათიდან, რომელიც მიბმულია თამაშის ანგარიშს, ავტომატურად ჩამოიჭრას თანხა, რაც არასასურველი ფინანსური დანაკარგია.

რა უნდა გავაკეთოთ?

ჩვენი შვილები ემოციური, ფინანსური და ფიზიკური საფრთხისაგან რომ დავიცვათ, საჭიროა:

  • დავრწმუნდეთ, რომ ვიდეო თამაში ბავშვის / მოზარდის ასაკისთვის შესაფერისია. ამისათვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ ევროპული პლატფორმა PEGI. საძიებო ველში მივუთითებთ თამაშის დასახელებას და მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას თამაშის სრული დასახელების, გამოშვების თარიღის, ასაკის შესაბამისობის და სხვა მონაცემების შესახებ. 

პლატფორმა PEGI დაგეხმარებათ გაარკვიოთ რამდენად შესაბამისია კონკრეტული თამაში თქვენი შვილისათვის

  • გავეცნოთ თამაშის ინსტრუქციასა და წესებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: რამდენად არის გათვალისწინებული ბავშვისთვის შეუფერებელი ლექსიკის გამოყენების და ძალადობის შემცველი მასალის გავრცელების და სხვა საკითხები? რა ხდება წესების დარღვევის შემთხვევაში?
  • ჩვენც ვითამაშოთ შვილებთან ერთად. ასე შევძლებთ უფორ მეტი გავიგოთ, თუ რა ტიპის თამაშია, ვისთან ერთად თამაშობს ბავშვი, რა ლექსიკას იყენებს, ვინ ცდილობს მასთან საუბარს და ა.შ.
  • შევთანხმდეთ და დავიცვათ ვიდეო-თამაშების დროის ლიმიტი.
  • გავააქტიუროთ ე.წ. მშობლის კონტროლის (Parental control) ფუნქცია, ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელსაც ბავშვი ვიდეო თამაშებისთვის იყენებს. ამგვარად შევძლებთ ვაკონტროლოთ ეკრანთან გატარებული დრო და წვდომა თამაშებსა თუ სხვა პროგრამებზე. 
  • ხშირად ვესაუბროთ შვილს ონლაინ თამაშებისა და ინტერნეტის თავისებურებების შესახებ. მაგალითად, რომ სასურველი არაა უცნობ ადამიანებთან დაკონტაქტება, რადგან შესაძლოა ცალკეული ანგარიშის უკან არაკეთილსინდისიერი ადამიანი იმალებოდეს. ასევე, რომ სასურველი არაა ყველა თამაშის პირდაპირ გადმოწერა, რადგან შეიძლება ზოგიერთი მათგანი შეიცავდეს მისთვის საზიანო შინაარსს. 
  • დავრწმუნდეთ, რომ მოწყობილობაზე წაშლილია ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ყველა სახის ინფორმაცია. 
  • პერიოდულად გადავამოწმოთ ის ვებგვერდები, რომელსაც ჩვენი შვილი ათვალიერებს და საიდანაც ვიდეოებსა თუ აპლიკაციებს იწერს. 
  • დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშზე ბავშვს ხელი არ მიუწვდება.

სოციალური ქსელები

მიუხედავად იმისა, რომ Facebook, Instagram, Snapchat, Twitter და სხვა პოპულარულ სოციალურ მედიაში 13 წლამდე ბავშვს / მოზარდს ანგარიშის შექმნის უფლება არ აქვს, წესების გვერდის ავლით მოზარდები ანგარიშებს მაინც ქმნიან.

რა საფრთხეები არსებობს?

  1. უცნობ პირებთან კომუნიკაცია;
  2. ონლაინ ბულინგისა და დაცინვის ობიექტად გახდომა;
  3. უცხო ადამიანებისა და კომპანიების მიერ ფოტოების მოპარვა და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენება.  

რა უნდა გავაკეთოთ?

Facebook 

Facebook-მა სპეციალურად ბავშვებისთვის აპლიკაცია Messenger Kids შექმნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბავშვის მიერ აპლიკაციის გამოყენება ვმართოთ. 

ჩვენ შეგვიძლია შვილის ანგარიში საკუთარ Facebook ანგარიშთან დავაკავშიროთ და Parent Dashboard-ის მეშვეობით ვაკონტროლოთ:

  • საკონტაქტო სია და მიმოწერის ისტორია;
  • მიმოწერის დროს გაგზავნილი და მიღებული ფოტოები (შესაძლებელია მიუღებელი მასალის წაშლა და დარეპორტება);
  • ბავშვის მიერ დაბლოკილი და დარეპორტებული პირების სია;
  • ბავშვის მიერ აპლიკაციის გამოყენების დრო (ამისათვის საჭიროა ლოდინის რეჟიმის – Sleep Mode ფუნქციის გააქტიურება, რომელიც ჩვენ მიერ შერჩეულ ერთსა და იმავე დროს აქტივობის სტატუსს ლოდინის რეჟიმზე გადაიყვანს);
  • ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება (ყველა იმ ელექტრონულ მოწყობილობას ვხედავთ, რომლითაც ბავშვი აპლიკაციაში შედის).

Instagram 

მოზარდის Instagram ანგარიშის კონტროლისთვის აუცილებელია:

  • დავრწმუნდეთ, რომ ბავშვის პროფილი არის დახურული (private);
  • თავად გვქონდეს ანგარიში, რომლითაც შვილის პროფილის გამოწერას და თვალყურის დევნებას შევძლებთ;
  • სასურველია ვიცოდეთ ჩვენი შვილების ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რათა შეტყობინებებისა და გაგზავნილი/მიღებული მასალის დათვალიერება შევძლოთ;
  • გავხდეთ შვილის მეგობრების გამომწერები და თვალი ვადევნოთ მათ მიერ გაზიარებულ მასალას, კომენტარებს და ა.შ.
  • პარამეტრებში არსებული კომენტარების სექციის მეშვეობით შეგვიძლია შევზღუდოთ მიუღებელი, ან/და ბავშვისთვის შეუფერებელი ლექსიკის გამოყენება ფოტოზე კომენტარის დაწერის დროს (Settings > Privacy > Comments > Hide offensive Comments). გარდა ამისა, არსებობს დამატებითი ფუნქცია Manual Filter, სადაც შეგვიძლია თავად მოვნიშნოთ ის სიტყვები, რომლის გაფილტვრაც გვსურს.

TikTok

რეალურად TikTok ჩვენი შვილებისთვის განსაკუთრებით საფრთხისშემცველი აპლიკაციაა სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად, დადგინდა, რომ პლატფორმა არალეგალურად აგროვებდა 13 წლამდე მოზარდების პირად ინფორმაციას, მათ შორის სახელებსა და გვარებს, ელექტრონულ მისამართებსა და ადგილმდებარეობებს. 

ასეა თუ ისე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ TikTok-ზეც არსებობს კონტროლის მექანიზმი მშობლებისთვის – Family Pairing. მისი მეშვეობით შეგვიძლია:

  • ვნახოთ კომენტარები, რეაქციები, შეტყობინებები და ის მასალები, რომელზეც ჩვენს შვილს ჰქონდა წვდომა;
  • განვსაზღვროთ, თუ ვის შეუძლია ნახოს ჩვენი შვილის მიერ გამოქვეყნებული მასალა, კომენტარები და რეაქციები;
  • ვაკონტროლოთ TikTok-ზე გატარებული დრო;

Family Pairing ფუნქციის გასააქტიურებლად თავად უნდა შევქმნათ TikTok ანგარიში და დავუკავშიროთ ის შვილის მობილურს/პლანშეტს/ლეპტოპს. ამისათვის, საჭიროა პარამეტრებში მოვძებნოთ Digital Wellbeing სექცია, შემდგომ კი დავასკანეროთ მოზარდის აპლიკაციაში მოთავსებული სპეციალური QR კოდი. 

თქვენი შვილის მოწყობილობას ასე უნდა დაუკავშირდეთ. 

ციფრული უსაფრთხოების წესები სოციალურ ქსელში ჩართული ბავშვებისთვის

შვილების სოციალური ქსელის ანგარიშების მონიტორინგი ყოველთვის ეფექტური ვერ იქნება, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში. ამიტომაც, აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ ბავშვებს მთავარი წესები:

  •  არ დაიმატონ მეგობრებად უცნობი ადამიანები;
  • არ გაუზიარონ უცნობ ადამიანებს საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, მისამართი და სხვა დეტალები, ასევე, ფოტოები და ვიდეოები; 
  • არ გააზიარონ საჯაროდ ისეთი ფოტოები ან ინფორმაცია, რომლის გაზიარება ფართო აუდიტორიისთვის არ სურთ;
  • აუცილებლად გამოიყენონ ცალკეული პლატფორმის ის ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლებს ეხმარება განსაზღვროს, თუ ვის ექნება წვდომა მის შესახებ დადებულ ინფორმაციაზე, ფოტოზე, ვიდეოსა და სხვა მასალებზე.

Google პროდუქტები: Search, Chrome, YouTube და ა.შ.

ბავშვებისთვის უკვე სრულიად ბუნებრივია Google Search-ის გამოყენება სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძიებლად. ამ დროს ისინი შეიძლება არასასურველი შინაარსის მასალასაც გადააწყდნენ. უსაფრთხო ძიებისთვის, საჭიროა გავააქტიუროთ Google SafeSearch ფუნქცია, რომელიც ავტომატურად გაფილტრავს საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

YouTube თავად ცდილობს, შეზღუდოს მძიმე ფორმებში გამოხატული ძალადობისა და პორნოგრაფიის შემცველი ვიდეოები, თუმცა სიძულვილის ენასა და აგრესიულ შეხედულებებს შეიძლება ბავშვები მაინც წააწყდნენ. არასრულწლოვნების შეუსაბამო მასალისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა „უსაფრთხო რეჟიმის“ (Safety Mode) გააქტიურება ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელსაც ბავშვი იყენებს.

YouTube Kids მართალია სპეციალურად ბავშვებისთვისაა და მათთვის შესაფერის ვიდეოებს ფილტრავს, თუმცა აქაც მრავლად ვხვდებით პაროდიებს და მასალას, რომელიც გარკვეულწილად ძალადობას შეიცავს. იმისთვის, რომ YouTube Kids აპლიკაცია მაქსიმალურად უსაფრთხო გავხადოთ, პარამეტრებში შეგვიძლია მივუთითოთ ბავშვის ასაკობრივი ჯგუფი.

Google-ის პროდუქტების სხვადასხვა მოწყობილობაზე უსაფრთხო გამოყენების შესახებ დეტალური ტექნიკური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

უსაფრთხოების ფუნქციები მოწყობილობებზე

უსაფრთხოების ფუნქციები აქვს ყველა მოწყობილობას: კომპიუტერს, სმარტფონს, ტაბლეტს. ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ შვილების მიერ ეკრანთან გატარებული დრო, წვდომა თამაშებზე, ვებგვერდებსა თუ კონკრეტულ პროგრამებზე. 

ამისთვის, კომპიუტერის პარამეტრებში მოვძებნოთ ე.წ. მშობლის კონტროლის ფუნქცია (Parental control ან Family options/settings), საიდანაც შევძლებთ:

  • ავირჩიოთ ბავშვის ანგარიში, რომელზეც გვსურს უსაფრთხო რეჟიმის გააქტიურება;
  • ვაკონტროლოთ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო და დავუწესოთ დროის გარკვეულ მონაკვეთში კომპიუტერის მოხმარების შეზღუდვა; 
  • თამაშების განყოფილებაში შევარჩიოთ დასაშვები თამაშები, დავბლოკოთ არასასურველი თამაშები ან სრულად შეზღუდოთ თამაშებზე წვდომა;
  • შევადგინოთ ნებადართული და პირიქით, აკრძალული ვებგვერდების სია. შესაძლებელია ასაკობრივი ფილტრის დაყენებაც.

სხვადასხვა მოწყობილობაზე (Windows 7 და 10, Android, iPhone, iPad) უსაფრთხოების ფუნქციების გააქტიურების შესახებ დეტალური ტექნიკური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ანტივირუსი

მნიშვნელოვანია, ელექტრონულ მოწყობილობაზე სწორად შევარჩიოთ ანტივირუსი –  შესაძლოა ბავშვმა თავად ვერ შეძლოს კიბერჰიგიენის მარტივი წესების დაცვა. ამიტომ, საჭიროა სწორად შერჩეული ანტივირუსი, რომელიც მოზარდს საეჭვო ვებგვერდზე გადასვლისგან დაიცავს, ამით ელექტრონული მოწყობილობის ინფიცირების შანსსაც მინიმუმამდე შევამცირებთ. 

ციფრული უსაფრთხოების შესახებ ბავშვების განათლება

ციფრულ სამყაროში საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მუდმივად ვესაუბროთ შვილებს ინტერნეტის თავისებურებების შესახებ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ონლაინ შეიძლება წააწყდნენ ისეთ მასალას, რომლის ნახვა/დათვალიერება სასურველი არაა. მაგალითად, ცხოველების წვალების ამსახველი ვიდეო, ადამიანზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფაქტები და ა.შ.  მნიშვნელოვანია ბავშვებს გააზრებული ჰქონდეთ, რომ თუ შეხვდებიან მსგავს ვიდეოებს ან ფოტოებს, აუცილებლად შეატყობინონ მშობლებს ამის შესახებ.

მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ონლაინ ხელმისაწვდომ ვიდეოებზე შეიძლება იყოს მინიშნებული, თუ რომელი ასაკის ადამიანებისთვის არ არის სასურველი ცალკეული მასალის ნახვა. საჭიროა ბავშვებს ვასწავლოთ აღნიშნული ასაკობრივი ლიმიტების გათვალისწინება, რადგან შეიძლება მზად არ აღმოჩნდნენ კონკრეტულ ვიდეოში მოცემული ინფორმაციის აღსაქმელად. ამ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ მარტივად განვუმარტოთ, რას გულისხმობს არასაკმარისი მზაობა – რომ შეიძლება ამ ვიდეომ დაამწუხროს, აატიროს ან მასზე ცუდად იმოქმედოს.

ადრეულ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტის გამოყენებისას ჩვენც ბავშვთან ერთად ვიყოთ და ერთად ვუყუროთ ვიდეოებსა თუ სხვა ონლაინ მასალებს. შედარებით მოზრდილ ასაკში, ყოველთვის ვესაუბროთ, რისი მოძებნა აინტერესებს ინტერნეტში, რას უყურებს, რას ეძებს და ა.შ. 

ჩვენი შვილების ციფრული მეგობრები

ზოგადად, მეგობრულად ვესაუბროთ შვილებს და შევთანხმდეთ როგორი ტიპის ვებგვერდები, აპლიკაციები, ვიდეოები, თამაშები შეუძლია გამოიყენოს და როგორი – არა. ვიყოთ მათი ციფრული მეგობრები, რომლებთანაც ღიად ისაუბრებენ, თუ რა ნახეს დღის მანძილზე, რა მოეწონათ, რამ გააბრაზათ. ეს ბევრად გაგვიმარტივებს პროცესის მართვას და მათთვის რელევანტური რჩევების მიცემას. 

მასალა მომზადებულია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტების (თეონა ტურაშვილი, გვანცა ნიკურაძე) და Huppy-ს გუნდის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის”(P4E) პროექტის „მშობლობა იზოლაციის შემდგომ“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) მიერ.

კომენტარები