როგორ მიაღწიეს მშობლებმა სკოლასთან შუქნიშნის დამონტაჟებას

105
1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს მოსწავლეებმა და მშობლებმა მოაწყეს აქცია- პერფორმანსი სკოლასთან მისასვლელ გზაზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნით. აქციის შემდეგ სკოლასთან ოპერატიულად დამონტაჟდა შუქნიშანი და დაიწყო სასკოლო ზონების შექმნაზე მუშაობა.

ხატია მიმინოშვილის ნამდვილი ამბავი

ხატია მიმინოშვილი, 4 შვილის დედა

4 შვილის დედა ვარ. შვილების სასკოლო ცხოვრებაში მათი სკოლაში მიყვანის დღიდან ვმონაწილეობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვების ფიზიკური უსაფრთხოებაა, როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ.

წლებია მაწუხებს, რომ სკოლამდე მისასვლელი გზები არ არის უსაფრთხო. ჩემი შვილების სკოლასთან არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და რამდენიმე ბავშვი დაშავდა. საქართველოში სკოლების უმეტესობა გზასთან ახლოს მდებარეობს. მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭიროა არსებობდეს ტროტუარი, ზებრა გადასასვლელი, შუქნიშანი და სხვადასხვა გაფრთხილების შემცველი საგზაო ნიშნები. სასკოლო ზონები უნდა იყოს გამოყოფილი. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის წინა სივრცეს მანქანები იკავებენ, რის შედეგადაც იქ მცირეწლოვანი ბავშვის მარტო გადაადგილება საშიშია.

დავიწყე გამოსავალზე ფიქრი – სკოლასთან შუქნიშნის დამონტაჟების მოთხოვნით წერილების წერა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში. წლები გაიწელა ეს პროცესი. აღმოჩნდა რომ მარტო ვიყავი, არ მყავდა თანამოაზრეები. ამის მიუხედავად არ ვჩერდებოდი და ვაგრძელებდი სვლას მიზნისკენ. რა უფლება მქონდა გავჩერებულიყავი, როცა ჩემი შვილები და მათი მეგობრები ყოველ დღე კვეთდნენ სიცოცხლისთვის საშიშ სამანქანე გზას.

ხატია მიმინოშვილი

ნელ-ნელა გულშემატკივრები და თანამოაზრეეებიც შევიძინე, ერთ-ერთი ასეთი კი ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”აღმოჩნდა, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე და მივხვდი რომ მათთან ერთად ბევრი სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას მოვახერხებდი.

მონაწილეობა მივიღე პროექტში „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ სკოლაში ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები მშობელთა ჩართულობის შესახებ. აქ გავიცანი სხვა მშობლები და აღმოვაჩინე, რომ სულაც არ ვყოფილვარ მარტო.

ტრენინგი “მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში”, სადაც ხატიას გაუჩნდა იდეა, მოეწყოთ აქცია-პერსოფრმანსი.

 

მეტიც, ტრენინგზე გამიჩნდა იდეა, რომ 1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, სკოლის მიმდებარედ მოგვეწყო აქცია პერფორმანსი მშობლებისა და ბაშვების მონაწილეობით და მოგვეთხოვა შუქნიშნის დამონტაჟება.

 

 

ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ თანამოაზრე მშობლები გავერთიანდით. სასიხარულო ისიც გვქონდა, რომ აქციაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლების გარდა შემოგვიერთდნენ სხვა სკოლების მოსწავლეთა მშობლებიც, რომლებიც ორგანიზაციის დახმარებით გავიცანი. ხმა მივაწვდინეთ საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაც.

ჩვენმა აქციამ შთამბეჭდავად ჩაიარა. რამდენიმე ტელევიზიამ და ციფრულმა მედია სააგენტომ გააშუქა ჩვენი ამბავი. მშობლებმა მივეცით ინტერვიუები. სწორად დაგეგმილ აქტიურობას შედეგიც მყისიერად მოყვა. ძალიან მალე სკოლასთან ღილაკიანი შუქნიშანი დამონტაჟდა და შედარებით უსაფრთხო გახდა გადასასვლელი.

უამრავი საკითხია, რაშიც ჩვენ, მშობლებს შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ სკოლას თითოეული მოსწავლის საკეთილდღეოდ. უამრავი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი თანმიმდევრული, პოზიტიური, დროული და სწორი ნაბიჯებით. მოსწავლე-სკოლა-მშობელი, ეს უნდა იყოს უწყვეტი სამკუთხედი, რაც დადებითად აისახება მოსწავლის როგორც აკადემიურ შედეგებზე, ისე მის უსაფრთხოებაზე და მოქალაქეობრივ ზრდაზე.

თამარ ფირცხალაიშვილის და ქეთევან ნახუცრიშვილის ნამდვილი ამბავი

მშობელი, ქეთევან ნახუცრიშვილი შვილებთან ერთად მონაწილეობს აქცია-პერფორმანსში

 

სასკოლო პროცესებში მონაწილეობისკენ იმ პრობლემებმა გვიბიძგა, რაც სკოლებშია. ჩავთვალეთ, რომ ბავშვების კეთილდღეობისთვის საჭირო იყო მშობლების აქტიური ჩართულობა. თავდაპირველად თითოეული ჩვენგანი მარტო იყო, განიცდიდა თანამოაზრეების ნაკლებობას. ეგონა, რომ მხოლოდ მას აწუხებდა ესა თუ ის გამოწვევა.

 

 

 

მშობელი, თამარ ფირცხალაიშვილი აქტიურად მონაწილეობს მშობელთა ჩართულობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლაში

თანამოაზრეებმა ერთმანეთი აღმოვაჩინეთ მას შემდეგ, რაც დაიწყო პროექტი „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“. პირველი ჩვენი ერთად გადადგმული ნაბიჯი აქცია-პერფომანსი იყო,საგზაო პრობლემასთან დაკავშირებით. ამ პრობლემამ გაგვაერთიანა და დაგვანახა, რომ აზრის გამოხატვას და ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, ყოველთვის აქვს აზრი. მშობლებს ერთადერთი მოტივი გვაქვს – შევქმნათ ყველა ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო სკოლაში,რაც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

იხილეთ მოსწავლეებისა და მშობლების აქცია პერფორმანსის ამსახველი ფოტოები

 

პუბლიკაცია “როგორ ცვლიან მშობლები სკოლას” სრულად იხილეთ ბმულზე . სახელმძღვანელო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა და ასახავს პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს.

 

კომენტარები