გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მშობლების დახმარებას რათა მათ უკეთ იზრუნონ თავიანთ შვილებზე COVID-19 პანდემიის პირობებში

170
5 წლის სოფია დედასთან, რუსუდანთან, სამსახურში. თამარ ჯიბუტის ფოტო

მშობლები გააუმჯობესებენ კომუნიკაციას ბავშვებთან კორონავირუსის პანდემიის პირობებში მიმდინარე ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

პროექტი ყველა ასაკის ბავშვების მშობლებს აწვდის კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები შვილებთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ დამყარდეს  მათ შორის პოზიტიური კომუნიკაცია და მშობლებმა შეძლონ ბავშვების დახმარება  ონლაინ სწავლისას.

პროექტი მიმდინარეობს ორგანიზაციასთან – „მშობლები განათლებისთვის“ პარტნიორობით. გამოცდილი პროფესიონალები მშობლებს გაუწევენ კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა აირიდონ თავიდან კონფლიქტური სიტუაციები ბავშვებთან და გადაწყვიტონ პანდემიით გამოწვეულ იზოლაციასთან დაკავშირებული პრობლემები დიალოგის საშუალებით; როგორ უნდა მართონ დრო და სივრცე ეფექტიანად და გაზარდონ ბავშვებში სწავლის მოტივაცია.

”კორონავირუსის პანდემიამ სრულიად შეცვალა ბავშვებისა და ოჯახების ცხოვრება”, – განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. ”სკოლების დახურვამ და სოციალური დისტანციის სხვა ზომებმა ჩაშალა ყოველდღიური რუტინული მოქმედებები, საფრთხე შეუქმნა ბავშვების თამაშის და სწავლის უნარების განვითარებას, ხოლო მშობლებს დამატებითი სტრესი შეუქმნა. პანდემიის დაწყებისთანავე გაეროს ბავშვთა ფონდმა წამოიწყო არაერთი ინიციატივა მშობლების მხარდასაჭერად და მოხარული ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო პარტნიორობა USAID–თან და მშობლებს მივაწოდოთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ დაეხმარონ შვილებს პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, ” – დასძინა ხალილმა.

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მყისიერად გამოეხმაურა პანდემიას საქართველოში,“ განაცხადა ადამ შმიტმა, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა. „გაეროს ბავშვთა ფონდთან ჩვენი პარტნიორობის მეშვეობით ჩვენ პირდაპირი დახმარება გავუწიეთ საჯარო ინსტიტუციებს და საბავშვო ბაღებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით ჩვენ მივაწვდით მშობლებს დამატებით ცოდნას და უნარებს, რათა მათ შეძლონ ბავშვების მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეულ რთულ პირობებში.“

ონლაინ ვებინარები, რომლებსაც ბავშვთა ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები ჩაატარებენ, საშუალებას მისცემს მშობლებს, შეიძინონ მოლაპარაკების უნარები, აგრეთვე მიიღონ პასუხები  კონკრეტულ კითხვებზე.

სოციალურ მედიაში გავრცელდება ინფორმაცია და მოკლე ვიდეო ბლოგები იმ მშობლებისთვის, რომლებიც ვერ დაესწრებიან ონლაინ შეხვედრებს. მშობლები ასევე მიიღებენ ინფორმაციას პოზიტიური მშობლობის შესახებ.

2020 წლის აგვისტოდან, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ დაიწყო პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავდა მშობლების დახმარებას შვილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, რომელზეც უარყოფითად აისახა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები. პროექტის მიმდინარეობის ოთხი თვის განმავლობაში 200 000-ზე მეტმა მშობელმა მთელი საქართველოდან გაიუმჯობესა კომუნიკაცია ბავშვებთან და მიიღო ინფორმაცია, როგორ დაიცვან ბავშვები ონლაინ სივრცეში.