სკოლებში მშობელთა ჩართულობის სისტემური მოდელი მზადდება

236

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ საჯარო სკოლებისთვის ახალ პროექტს იწყებს. პროექტი „მშობელთა დემოკრატიული ჩართულობა სასკოლო სისტემაში“, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში მონაწილეობითი მართვის სისტემის განვითარებას.

ამ დროისათვის საქართველოს საჯარო სკოლებში არ არსებობს პრეცედენტი, სადაც სრულყოფილად ან ნაწილობრივ მაინც გამართულია მშობელთა ჩართულობის სისტემა. სკოლებში არ არსებობს მშობლებთან თანამშრომლობის სტრატეგიული სქემები, მათ  არ ჰყავთ მშობლებთან, როგორც სასკოლო საზოგადოების წევრთან, ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი. სკოლების  უმრავლესობა მშობლის, როგორც ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების წინაშე არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას; ისევე, როგორც მშობლების ნაწილი სკოლას აკისრებს ვალდებულებებს და არ იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, რაც საბოლოოდ მოსწავლეს აზარალებს.

არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევა ადასტურებს, რომ მშობლებს და სკოლის თანამშრომლებს უჭირთ ერთმანეთთან სწორი კომუნიკაცია და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება. მათ თანამშრომლობას კი შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სასკოლო კლიმატი, უზრუნველყოს ბავშვის ინტერესების დაცვა და დემოკრატიული გარემოს ფორმირება.

პროექტის „მშობელთა დემოკრატიული ჩართულობა სასკოლო სისტემაში“, ფარგლებში საქართველოს სკოლებში უკვე დაიწყო მშობელთა ჩართულობის პრაქტიკის კვლევა. პარალელურ რეჟიმში განათლების სპეციალისტები სწავლობენ ესტონეთის, ამერიკის, ავსტრიისა და გერმანიის სკოლების გამოცდილებას მშობლებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია მშობელთა ჩართულობის ქართული მოდელის შემუშავება და სახელმძღვანელოს გამოცემა. იანვრიდან კი შემუშავებული მოდელი სამ საპილოტე სკოლაში დაინერგება.

სამიზნე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნება მშობლებთან ურთიერთობის სანიმუშო მექანიზმი, რომლის ყველა მონაწილეს ექნება საკმარისი ცოდნა და უნარები სკოლისა და მშობლების ეფექტური კომუნიკაციის საკითხებში. ამასთან, სამიზნე სკოლების მშობელთა დიდი ნაწილი მოტივირებული იქნება, მონაწილეობა მიიღოს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში, რომელიც ამ დრომდე სასკოლო დემოკრატიის ფიქტიურ ორგანოდ რჩება.

მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელი იქნება ამ გამოცდილების გაფართოება და სხვა სკოლების მიერ გამოყენება.