პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევის გზები 6-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის

190
„სრულიად აერიათ დღის რეჟიმი“, „ვეღარ გაიგეს როდის უნდა იმეცადინონ, როდის დაისვენონ“, „გაიღვიძებენ თუ არა, მობილურებში შეძვრებიან და მთელ დღეს ასე ატარებენ”, „მეც გადავიღალე და სულ ვჩხუბობთ“, „ისეთი გაურკვეველი სიტუაციაა, რომ ძალიან ვნერვიულობ და ვშფოთავ, მერე ბავშვებიც გაღიზიანებული არიან და “…
აღმოჩნდა, რომ ჩვენი შვილებს უჭირთ:
  1. დროის დაგეგმვა
  2. თავის გართობა და თამაში
  3. თვითრეგულირება
  4. თავისუფალი დროის გამოყენება
  5. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა

 

პანდემიის პერიოდში 6-დან 12 წლამდე ბავშვებთან ურთიერთობაში არაერთი პრობლემაა წამოჭრილი.
სინამდვილეში, პრობლემების უმეტესობა პანდემიის გამო შეცვლილ გარემოში კი არ წარმოიშვა, არამედ გამოჩნდა და ჩვენ, როგორც მშობლებს, სწორედ ახლა გვაქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ მათ მოგვარებაზე ფიქრი და ზრუნვა დავიწყოთ.

პანდემიის შესახებ ჯანსაღი კომუნიკაცია

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჩვენი შვილები ვერც კი ხვდებიან, რა ხდება გარშემო. სინამდვილეში, ამ ასაკის ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები არიან: ისინი ყველაფერს ხედავენ, მათ ყველაფერი ესმით და განიცდიან კიდეც.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები მარტივად შეგვიძლია დავიცვათ მედიასაშუალებებისგან და ჩვენ ვიყოთ პირველები, ვინც მათ ინფორმაციას მიაწვდის. ეს შესაძლებლობა არ გვაქვს სასკოლოს ასაკის შვილებთან და მოზარდებთან – საინფორმაციო საშუალებებისგან მათ სრულ იზოლაციას ვერ მოვახერხებთ, რადგან, ბოლოსდაბოლოს, მათ თავად შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
მთავარია, შევქმნათ გარემო, სადაც ჩვენი შვილები შეძლებენ საუბარს: მოგვიყვნენ ის, რაც შეიტყვეს და რაც აწუხებთ, დასვან შეკითხვები, გამოხატონ გაურკვევლობისა და შიშის განცდები. ამგვარად ჩვენ შევძლებთ:
  1. გავარკვიოთ, რა იციან არასწორად და მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია;
  2. გავიგოთ, რა აინტერესებთ და დავეხმაროთ სანდო მასალით;
  3. ვაღიაროთ გულწრფელად, თუ შეკითხვებზე პასუხი არ გვაქვს და მასთან ერთად მოვიძიოთ სანდო წყაროები.
6-9 წლის ასაკის ბავშვებს სჭირდებათ მეტი კონკრეტულობა, ამიტომ პანდემიაზე მათთან საუბრისას გამოვიყენოთ თემატური ილუსტრაციები, ერთად გავაფერადოთ ნახატები ან სულაც ერთად დავხატოთ, წავუკითხოთ მოთხრობები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ მდგომარეობას ან ზოგად სიტუაციას. ამგვარად, ჩვენს შვილებს გავუადვილებთ ინფორმაციის გადამუშავებას და დავეხმარებით ქცევის ჩამოყალიბებაში, მაგალითად, აუცილებელი წესების დაცვაში, ჰიგიენის ჩვევების განვითარებაში და ა.შ.
9-12 წლის მოზარდები უკვე ფაქტობრივ ინფორმაციას იგებენ, აანალიზებენ, მათ თავად შეუძლიათ რესურსები დამოუკიდებლად მოიპოვონ, იყვნენ კრიტიკულები და დაეჭვდნენ უფროსების მოსაზრებებში. ამიტომ, ჯანსაღი კომუნიკაციისთვის გადამწყვეტია ჩვენი ღიაობა, გულწრფელობა და, რაც მთავარია, მათი გულდასმით მოსმენის სურვილი. ყველაზე მეტად მოზარდებს სწორედ ეს სჭირდებათ: მოვუსმინოთ, გავიგოთ რა აწუხებთ და რას განიცდიან, გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები და დავეხმაროთ გამკლავების გზების მოძებნაში.

კომუნიკაციის სტრატეგიები, რომლებიც სტრესის დაძლევაში დაგვეხმარება

6-9 წლის ასაკის ბავშვებთან საჭიროა, რომ ნაკლები ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენც კი გვაშინებს და აქცენტი პრობლემის მოგვარებაზე, უსაფრთხოებაზე გადავიტანოთ. მივაწოდოთ მათ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის გააზრება არც რთულია და არც შიშის განცდას იწვევს. მაგალითად, „კოვიდ 19 უბრალოდ ახალი ვირუსია, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და ბევრი ქვეყანა მოიცვა, თუმცა, თუ ხელებს დავიბანთ, პირბადეს გავიკეთებთ და ხალხთან ფიზიკურ დისტანციას დავიცავთ, არაფერი გვემუქრება”.
10-12 წლის მოზარდებთან ამ ტიპის ტექსტს ვერ გამოვიყენებთ. ისინი ნაკლებად ენდობიან სხვისგან მიწოდებულ აზრს და ცდილობენ თავად შეაფასონ სიტუაცია. მშობლებს საქმეს ისიც გვირთულებს, რომ მოზარდები ცდილობენ არ შეიმჩნიონ შფოთვა, შიში, დარდი. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მივცეთ მათ საკუთარი ემოციების გამოთქმის საშუალება და ვეცადოთ საფრთხეებზე თუ მისგან თავის დაცვის მექანიზმებზე ღიად ვისაუბროთ. კომუნიკაციის რაიმე მზა შაბლონები არ არსებობს, ამიტომ თითოეულთან იმ მომენტის შესაბამისი საუბარი იქნება საჭირო.
10-12 წლის მოზარდებთან კიდევ ერთი გამოწვევა გვაქვს მშობლებს: ამ ასაკში ბავშვები საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი ინფორმაციას იმეცნებენ, მაგრამ ემოციურ დონეზე არ აქვთ საფრთხის განცდა. შესაბამისად, რთულია რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, დისტანციის დაცვა, მცირე ხნით მეგობრებთან კონტაქტების შეზღუდვა. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ასაკის შვილებთან ისაა, რომ დავეხმაროთ სრულფასოვნად შეაფასონ საფრთხე (და თან ეს დაშინების გარეშე უნდა მოვახერხოთ) და იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ ქცევაზე.
დაუშვებელია:
  1. მათი ემოციის ან მოსაზრების გაუფასურება
  2. დაცინვა
  3. გაკიცხვა
საჭიროა:
  1. მოვუსმინოთ გულდასმით და ყურადღებით
  2. მოვახდინოთ მათი განცდების ნორმალიზება („ასე ბევრი ფიქრობს, ამას ბევრი გრძნობს, მარტო არ ხარ, ეს ნორმალურია, ეს ლოგიკურია. ამას არაუშავს. ამას ერთად გავუმკლავდებით“)
  3. დავიცვათ ბავშვები ჩვენი სუბიექტური შიშებისგან და შფოთვისგან, მათთან კომუნიკაციისას ვიყოთ მაქსიმალურად მშვიდები და გაწონასწორებულები (ემოციური ვენტილაციისთვის და განტვირთვისთვის გამოვიყენოთ სხვა პლატფორმები, მეგობრები, ოჯახის უფროსი წევრები და ა.შ.)
  4. ვიცოდეთ, რა ეხმარება ჩვენს შვილებს სტრესის დაძლევაში (რადგან ეს ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია და ზუსტი რეკომენდაციები ფაქტიურად არ არსებობს)

როგორ გავიგოთ რა აწუხებთ ბავშვებს

ბავშვების ემოციური მდგომარეობის დასადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ სახალისო აქტივობა:
  1. ვაძლევთ თერმომეტრის გასაფერადებელ ილუსტრაციას
  2. ვთხოვთ, დაფიქრდეს რამდენად გაბრაზებულია (რამდენად ეშინია, რამდენად შფოთავს, რამდენად წყინს)
  3. ვთხოვთ, წითლად გააფერადოს ზოლი იმ ნიშულამდე, რომელიც გამოხატავს მისი ემოციის ინტენსივობას („გააფერადე იმ ციფრამდე, სადამდეც შენი სიბრაზე / შიში / შფოთვა / წყენა აღწევს)
  4. ვკითხოთ, რამ შეიძლება შეუმციროს ეს სიბრაზე / შფოთვა / შიში
  5. გავაკეთოთ ის, რაც მას სტრესის დაძლევაში ეხმარება (ის, რაც თავად გვითხრა ან ის, რაზეც კონკრეტული რეკომენდაცია გვაქვს ფსიქოლოგისგან)
  6. გარკვეული დროის შემდეგ, ვცადოთ კიდევ ერთხელ თერმომეტრის გაფერადება და ვნახოთ რა შეიცვალა.
ეს აქტივობა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის.

ოჯახური რიტუალები, როგორც სტრესის დაძლევის გზა

დილაობით ვისაუზმოთ ოჯახმა ერთად. გავახმოვანოთ ჩვენი გეგმები და ვკითხოთ ბავშვებს როგორი იქნება მათი დღე. აღვნიშნოთ, რომ დღეს სეირნობის დროა, რომ ეკრანთან გატარებული დაშვებული დრო ისევ ერთი საათია, რომ საღამოს ფაზლებს ან ლეგოს ერთად ავაწყობთ და ა.შ. შევთავაზოთ მათ დახმარება და გამოვთქვათ მხარდაჭერა, მაგალითად, შესრულებული დავალებების გადახედვით ან ბუნდოვანი საკითხების ახსნით.
ვისადილოთ ისევ ერთად. დავინტერესდეთ ერთმანეთის საქმიანობით, მოვუსმინოთ ერთმანეთს და გავიგოთ როგორ ჩაიარა დღემ, ხომ არ არის რაიმე ისეთი საქმე დარჩენილი, რომლისთვისაც ერთმანეთის დახმარება გვჭირდება.
ოჯახურ რიტუალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პანდემაიამ დაგვანახა, რომ ჩვენ არც თუ ისე კარგად ვიცნობთ ჩვენს თავებს, პარტნიორებს და ჩვენ შვილებს. დღის დაგეგმვა და მსგავსი საუბრები, გვეხმარება სტრესის დაძლევაშიც, ერთმანეთის უკეთ გაცნობაშიც და უნარჩუნებს ოჯახს ჯანსაღი ფუნქციონირების უნარს.

განრიგის დაცვა თამაშით და წახალისებით

ნებისმიერ გარემოებებში და, განსაკუთრებით ახლა, როცა ასეთი განუსაზღვრელია ჩვენი უახლოესი გეგმებიც კი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის დღის განრიგს. მან ზუსტად უნდა იცოდეს, როდის რას აკეთებს: რომელ საათზე იღვიძებს, საუზმობს, ესწრება გაკვეთილებს ან მიდის სკოლაში, მეცადინეობს, ისვენებს, სადილობს, თამაშობს, იძინებს და ა.შ.
ერთგვარ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ ჩვენ შვილებს დავეხმაროთ დროის დაგეგმვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და მზად ვიყოთ, რომ ამისათვის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება და გარკვეული ძალისხმევა დაგვჭირდება.
ერთ-ერთი ეფექტური გზაა განრიგის თამაშად გადაქცევა და წახალისების სტრატეგიების გამოყენება.

რა საჭიროა?

დღის გაწერილი განრიგი ხელს უწყობს ბავშვს იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, იყოს მშვიდად და, ამავდროულად, მობილიზებული, ჰქონდეს სტაბილურობის, დაცულობის განცდა და არ განიცდიდეს დამატებით სტრესს განუსაზღვრელობის გამო.
საქმე ისაა, რომ განსაზღვრულ გარემოში ცხოვრება და დისციპლინა ბავშვებს თავადაც მოსწონთ. თავიდან შეიძლება უკმაყოფილება გამოთქვან, მაგრამ თანდათან გრძნობენ, რომ ასე უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია.
თუ შევძლებთ, რომ შევქმნათ ერთი და იგივე დღის განრიგი სკოლაში სიარულისა და ონლაინ სწავლების სცენარებისთვის, ბავშვებს ერთიდან მეორე სცენარზე „გადართვაში“ დავეხმარებით, მათთვის უფრო მარტივი იქნება დისტანციური სწავლებიდან სკოლაში სიარულზე გადაწყობა და პირიქით.
განრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, სადაც ერთზე მეტი ბავშვია. შესაძლებელია როლების ისე გადანაწილება, რომ ბავშვები დაეხმარონ ერთმანეთს და მათ თავად ითანამშრომლონ ამოცანების შესრულებასა და გადამოწმებაში.

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი დღის განრიგს?

6-9 წლის ბავშვებისთვის
პირველ რიგში ვთანხმდებით – ვინ, როდის რას ვაკეთებთ. ბავშვის აქტივობები გადაგვაქვს გეგმაში, ჩვენს აქტივობებს კი უბრალოდ საუბარში აღვნიშნავთ. ამ დროს იქმნება განცდა, რომ მხოლოდ მას კი არ უწევს „შრომა, მუშაობა“, არამედ დედა / მამა და ოჯახის სხვა წევრებიც თავის პასუხისმგებლობებს ასრულებენ.
დღის გეგმის ფორმატი სასურველია იყოს დიდი ზომის ფურცელი, რომელსაც ერთად გავაფორმებთ უფრო მეტად ნახატებით, ვიდრე წარწერებით. მაგალითად, დილის ჰიგიენის რუტინას აღვნიშნავთ კბილის ჯაგრისის სურათით, მეცადინეობის ამოცანას წიგნებისა და რვეულების ნახატით, ძილის დროს მთვარითა და ვარსკვლავებით და ა.შ. პროცესში ბავშვიც აქტიურად უნდა ჩავრთოთ და თან მოქმედებები გავახმოვანოთ („დილით რას ვაკეთებთ? ჯერ კბილებს ვიხეხავთ, პირს ვიბანთ…”, „ნამცხვრის ეს სურათი საუზმის უჯრაში ჩავაკრათ თუ ვახშმის უჯრაში?”). ამგვარად ბავშვს ვეხმარებით გაითავისოს პროცესი და სხვადასხვა სიმბოლო კონკრეტულ ამოცანას დაუკავშიროს.
ამ ასაკის ბავშვები დღითი დღე სულ უფრო დამოუკიდებლები ხდებიან და შეგვიძლია ჩვენც წავახალისოთ მათი ინიციატივა. პერიოდულად გადავამოწმებთ, შეასრულა თუ არა, რამდენად კარგად შეასრულა ან ჩვენი დახმარება ხომ არ სჭირდება. გადამოწმების მთავარი მიზანი ისაა, რომ გავარკვიოთ რისთვის შეიძლება დასჭირდეს ბავშვს ჩვენი დახმარება. თითოეულ შესრულებულ ამოცანას აღვნიშნავთ უჯრის გაფერადებით, სტიკერის დაკვრით და ა.შ. ბოლოს კი აუცილებლად მივცეთ დადებითი უკუკავშირი.
10-12 წლის ბავშვებისთვის
ამ ასაკის ბავშვებში მეტია პროტესტი, ისინი ნაკლებად ორგანიზებულები ხდებიან და, შესაბამისად, განრიგის შედგენა-განხორციელებაზე მათი დაყოლიება რთული ამოცანაა მშობლისთვის. შეგვიძლია მოვიფიქროთ წახალისების ის ფორმა, რომელიც ყველაზე ცხადად დაანახებს მას სარგებელს. ამას გარდა, შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ საკუთარი გეგმა თავად შეადგინოს, თავად განახორცილოს და თავადვე აღნიშნოს დღის განმავლობაში შესრულებული ამოცანები. ფორმატი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მისი ინტერესის და სურვილის მიხედვით: დღიური, მგეგმავი, უბრალოდ რვეული ან თუნდაც მობილური აპლიკაცია.
ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც განრიგის შესრულებაზე პასუხისმგებლობას მშობელი სრულად იღებს და ბავშვს პასიურ როლში ტოვებს. საჭიროა პასუხისმგებლობის დელეგირება, რადგან ამგვარად მოზარდს თავად უწევს მოიფიქროს, გაწეროს, შეადგინოს წესები, განსაზღვროს დროები და ა.შ. თუ ყველა ეს აქტივობა დედის / მამის გასაკეთებელია, მაშინ ბავშვი პროცესის მიღმა რჩება. ამ ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში მშობლის ჩართულობა იკლებს და ბავშვის პასუხისმგებლობა იმატებს.

განრიგის შესრულება – მოტივაცია და წახალისება

დღის განრიგის შესრულების ჩვევის გამომუშავებას სჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, მშობელს გეგმა საქმეს კი არ ურთულებს, არამედ უმარტივებს. რა უფრო მოსახერხებელია, მთელი დღე ბავშვის „კუდში დევნა“ თუ გარკვეული ჩარჩოს შექმნა, რომელითაც დროის სტრუქტურირებას ვახდენთ და შესაბამისად ვმოქმედებთ?
არარეალისტურია ჩვენი მოლოდინი, რომ ბავშვი პირველივე დღეს იდეალურად შეასრულებს შეთანხმებულ და გაწერილ განრიგს. ამის გამოა, რომ ორიოდე დღის შემდეგ, სანახევროდ ან ნაწილობრივ შესრულებული ამოცანები ჩვენს დემოტივაციას იწვევს: „ეს მეთოდი არ მუშაობს“, „რა აზრი აქვს გეგმის ჩამოწერას, როცა მაინც ვერ ასრულებს?“. მშობლის განწყობა, ცხადია, ბავშვზეც აისახება.

როცა ბავშვებს ისედაც უჭირთ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა, უფროსების უარყოფითი დამოკიდებულება ონლაინ სწავლის მიმართ განუმტკიცებს აზრს, რომ მსგავსი ტიპის სწავლა არაფრისმომცემია და საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი

პირველ რიგში, ჩვენი მოლოდინები დავწიოთ. ერთი კვირის განმავლობაში 10 ამოცანიდან სამი მაინც რომ შეასრულოს ბავშვმა, ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია. შევეცადოთ მოტივაციის შენარჩუნებას: „რა კარგია, რომ დღეს ეს სამი რაღაც გააკეთე. აბა, ხვალ ვნახოთ, რამდენს შეასრულებ!”. ამგვარი დაფები კარგი იმითაც არის, რომ ბავშვს შეუძლია საკუთარი წარმატება დაინახოს. მაგალითად, ხედავს, რომ გუშინწინ ორი სტიკერი მიიღო, გუშინ სამი და დღეს უკვე ხუთი.
შეგვიძლია კვირა წახალისებით დავასრულოთ. მაგალითად, გავაკეთოთ ერთად ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს ბავშვს – ნამცხვრის ერთად გამოცხობა, ველოსიპედებით სეირნობა, პიკნიკი. წამახალისებელი აქტივობა სასარგებლო უნდა იყოს ბავშვისთვის.

სკოლის გარემოსთან ფიზიკური კავშირის შენარჩუნება

პირველკლასელებისთვის სკოლის გარემოს წარმოსადგენად ძალიან კარგი შესაძლებლობაა როლური თამაშები. მაგალითად, ონლაინ გაკვეთილების პარალელურად ვთამაშობთ „სკოლობანას“. ვალაგებთ სკოლის ჩანთას და „მივდივართ“ სკოლაში. მაგიდასთან ან სულაც ხალიჩაზე განვალაგებთ სათამაშოებს, იქვე ჩვენც ვსხდებით და „ვატარებთ გაკვეთილს“: „მე თქვენი მასწავლებელი ვარ. ეს შენი კლასელია… ნახე, შენსავით სხედან. ახლა ძალიან საინტერესო თამაშს ვითამაშებთ…” და ა.შ. შეგვიძლია როლები გავცვალოთ: „ახლა შენ იყავი მასწავლებელი, მე მოსწავლე ვიქნები და რასაც დამავალებ, აუცილებლად გავაკეთებ”. ამგვარად ბავშვს ვეხმარებით ადაპტური ქცევის გამომუშავებაში, სასკოლო გარემოსა და იქ მიმდინარე პროცესების წარმოდგენაში. რაც უფრო დეტალიზებულია ჩვენი თამაში, მით უფრო გავუადვილებთ ბავშვს შეძლებისდაგვარად ზუსტი წინასწარი განწყობის შექმნას.
რაც შეეხება, II III კლასის მოსწავლეებს, სასკოლო გარემოსთან ფიზიკური კავშირის შენარჩუნება და იქ დასაბრუნებლად მომზადება შეგვიძლია სკოლაში ხანმოკლე ვიზიტებით. მაგალითად, მასწავლებელს ვთხოვთ 3-5 მოსწავლის ნახევარსაათიანი შეხვედრის ორგანიზებას. ეს აქტივობა, უსაფრთხოების წესების დაცვით, ძალიან დაეხმარება ბავშვებს, ერთი მხრივ, არ გაწყვიტონ ფიზიკური კავშირი სკოლასთან და, მეორე მხრივ, მოახდინონ სოციალიზაცია მეგობრებთან.

როცა სწავლების პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს

ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ ბავშვებს და მასწავლებლებს შეძლებისდაგვარად სრულფასოვანი იყოს ონლაინ სწავლება.
სწავლის მოტივაციაზე და ბავშვის ზოგად განწყობაზე ნეგატიურად აისახება უფროსების მიერ:
  1. ონლაინ სწავლების გაუფასურება უშუალოდ ბავშვთან ან სხვებთან ბავშვების გასაგონად („ასე მაინც ვერაფერს ისწავლით”, „სკოლაში რომ დადიოდნენ მაშინ ვერაფერს სწავლობდნენ და ახლა ხომ საერთოდ…”, „რა აზრი აქვს…“ და ა.შ.)
  2. გაკვეთილის მიმდინარეობისას ნეგატიური კომენტარები („მასწავლებელს უსმინე, აქეთ-იქეთ კი ნუ იყურები”, „სხვები რომ პასუხობენ, შენც რომ უპასუხო, არ შეიძლება?” და ა.შ.)
  3. გაკვეთილის მიმდინარეობისას უხეში არავერბალური ჟესტები (უკმაყოფილების და სიბრაზის გამომხატველი მიმიკები, „ხელის ჩაქნევა“, „მუშტების მოღერება“ და ა.შ.)
  4. ტელევიზორის ყურება, საუბარი, ხმაურის გამომწვევი მოქმედებები
მაშინ, როცა ბავშვებს ისედაც უჭირთ გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა, მათ შორის ონლაინ ფორმატში, უფროსების ამგვარი დამოკიდებულებები განუმტკიცებს აზრს, რომ მსგავსი ტიპის სწავლა არაფრისმომცემია და საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი.
მშობლები (და ოჯახის ყველა წევრი) მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ:
  1. ჩვენი კომენტარები იყოს პოზიტიური სწავლის სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებით („ონლაინ გაკვეთილი იგივე სკოლაა, უბრალოდ სახლში გადმოტანილი“, „მთავარია ვისწავლოთ კარგად, როგორც სკოლაში, ასევე სახლში” და ა.შ.)
  2. გაკვეთილზე ბავშვი იყოს დამოუკიდებლად და ჩავერთოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ტექნიკური დახმარება სჭირდება
  3. წესად დავთქვათ, რომ ონლაინ გაკვეთილებისა და მეცადინეობის დროს ოჯახის წევრებმა დავიცვათ სიჩუმე (ნუ ჩავრთავთ ტელევიზორს, ნუ ვისაუბრებთ იქ, სადაც ბავშვები გაკვეთილებს ესწრებიან, ნუ ვისაქმიანებთ ხმაურიანად და ა.შ.)
  4. მივაჩვიოთ ბავშვები, რომ გაიღვიძონ ერთსა და იმავე დროს (როგორც სკოლაში სიარულისას იღვიძებდნენ), მოწესრიგდნენ და ისაუზმონ, მოამზადონ სამუშაო სივრცე გაკვეთილებისთვის საჭირო ყველა ნივთით, ჩართონ ის ტექნიკური საშუალება, რასაც იყენებენ და 10 წუთით ადრე მაინც ისხდნენ მაგიდასთან სრულ მზადყოფნაში.
მშობლის ამგვარი დამოკიდებულება დაეხმარება ბავშვს, სრულფასოვნად გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება: სახლიდან ესწრება გაკვეთილს თუ სკოლაშია მერხთან, საგაკვეთილო პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული და შეასრულოს დავალებები.

ფიზიკური გარემოს ორგანიზება

ბავშვებს სჭირდებად იზოლირებული სივრცე სამეცადინოდ და ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად. თუ მას ცალკე ოთახი არ აქვს, შესაძლებელია მოვუწყოთ სამუშაო მაგიდა, სადაც სწავლისთვის საჭირო ყველა ნივთს მოათავსებს.
ფიზიკური გარემოს მოწყობა ბავშვისთვის ასევე გულისხმობს ხელისშემშლელი სტიმულების არიდებას: მაგალითად, თვალსაჩინო ადგილას არ უნდა იყოს სათამაშოები ან გაჯეტები, რაც მის ყურადღებას მიიპყრობს და კონცენტრაციაში ხელს შეუშლის.
ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სხვისი სივრცის დაცვის და პატივისცემის კულტურის ჩამოყალიბებას, მეორე მხრივ კი ბავშვს გაუჩნდება განცდა, რომ ონლაინ გაკვეთილზე ყოფნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სკოლაში ყოფნა.

ფრაზები, რომლებიც არ უნდა გამოვიყენოთ

რეკომენდებულია მოვერიდოთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „რამ დაგღალა”, „თორემ შენც თავს არ იკლავდე მეცადინეობით, სულ სახლში არ ხარ?, „მთელი დღე ისედაც კომპიუტერს არ უზიხარ?“. ბავშვის შრომის გაუფასურება, დაკნინება და იმაზე ხაზგასმა, რომ ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს ან სულ ტექნიკას უზის, მას ამ როლს განუმტკიცებს. მით უმეტეს, რომ ბავშვი დამნაშავე არ არის, რომ გარემოებები შეიცვალა, პროცესები მისგან სრულიად დამოუკიდებლად მიმდინარეობს და ერთგვარი დაყვედრება, რომ სულ სახლშია და სულ ტელეფონში, კარგ შედეგებს ნამდვილად არ მოგვიტანს.

ბავშვს სჭირდება თავისუფალი დრო, როდესაც მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თავად სურს

მშობლებმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანს ნებისმიერ ასაკში სჭირდება საკუთარი თავისუფალი დრო, რომელსაც სურვილისამებრ გაატარებს. ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთში აკეთოს ის, რაც მას უნდა: ითამაშოს, ირბინოს, დახატოს და ა.შ. ამგვარად ვითარდება ემოციური თვითრეგულაცია, ფანტაზია, დამოუკიდებლობა, სოციალური უნარ-ჩვევები, სიმბოლური თამაშების გამოცდილება. მუდმივად დაკავებული ბავშვი, გარდა იმისა, რომ ამ უნარების განვითარებას ვერ ახერხებს, თავს მუდმივად დამნაშავედ გრძნობს. ეს მას შესაძლოა ზრდასრლობაშიც გაჰყვეს და დაიტანჯოს ისეთი განცდებით, როგორიცაა „უფუნქციო ვარ“, „სხვები უფრო მეტს მუშაობენ, მე კი ზარმაცი ვარ“, „შრომისმოყვარე არ ვარ“ და ა.შ. ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებსაც დასვენება უბრალოდ არ შეუძლიათ, ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავისუფალი დროის გამოყენება, რომლებსაც მარტო დარჩენის, საკუთარ ფიქრებთან პირისპირ ყოფნის, ეშინიათ. ადამიანი ადრეული ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს, რომ დასვენება და შრომა ცხოვრების განუყოფელი და შეუცვლელი შემადგენლებია. ის, რომ ადამიანს დასვენება შეუძლია, ეს მის ინტელექტუალური მოწიფულობისა და ემოციურ მოწიფულობაზე მეტყველებს.

როგორ ვმართოთ ტექნიკასთან გატარებული დრო

რეალურად პრობლემა არის არა ის, რომ ბავშვი ტექნიკასთან ატარებს დროს, არამედ ის, თუ რას აკეთებს ამ დროს. გაჯეტები შეგვიძლია განმავითარებლად გამოვიყენოთ. შევარჩიოთ ისეთი ვიდეო რესურსები, ფილმები, რომლებიც ბავშვის აზროვნებას ავითარებს. არსებობს უამრავი განმავითარებელი ონლაინ კურსი, ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობები, რომლის საშუალებითაც ბავშვი ხალისით იღებს ცოდნას, სწავლობს განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობას და ივითარებს სოციალურ უნარებს.
ჩვენი შეთანხმებული განრიგის ფარგლებში ვაწესებთ ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტს და ვიცავთ მას მკაცრად. თუ ვთანხმდებით, რომ მობილურით თამაშისთვის ერთი საათია დღის განმავლობაში განსაზღვრული, იყოს მართლაც ერთი საათი და არა მეტი, ან ნაკლები.
გასათვალისწინებელია, რომ წინასწარ უნდა გვქონდეს მოფიქრებული ალტერნატივები, რომლებსაც გაჯეტების სანაცვლოდ შევთავაზებთ: ხატვა, კონსტრუქტორების აწყობა, ერთობლივი თამაში, ფილმის ყურება თუ სხვა.

და ბოლოს…

როგორი რთული და შეუძლებელიც უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენი და ჩვენი შვილების დროის და ფიზიკური სივრცის სტრუქტურირება, სტრესულ სიტუაციაში ჯანსაღი კომუნიკაციის აწყობა, მაინც ვცადოთ, შემდეგ კიდევ ვცადოთ და ისევ ვცადოთ… და სულ მალე დავინახავთ, რამდენად შეგვიმსუბუქდება გაურკვევლობით გამოწვეული სტრესი, რამდენად გაგვიადვილდება ჩვენი პასუხისმგებლობების შესრულება და რამდენად გაუმჯობესდება კომუნიკაცია ოჯახის წევრებს შორის. რაც მთავარია, გამოგვითავისუფლდება ცოტაოდენი დრო მაინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის, პირადი სივრცისა და საჭიროებებისთვის, რომლის გათვალისწინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი ოჯახისთვის.
მასალა მომზადებულია „თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის“ ფსიქოლოგის ზანდა ჩეჩელაშვილის და Huppy-ს გუნდის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის„ პროექტის „მშობლობა იზოლაციის შემდგომ“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) მიერ.