მშობელთა ასოციაციის განცხადება 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

305

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მხარს უჭერს 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას სკოლების შენობებში. მშობელთა ასოციაციის მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ბავშვის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალიზაცია. მით უფრო, გასული სემესტრის შემდეგ, როცა სწავლა-სწავლების პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

აქვე გამოვთქვამთ შეშფოთებას იმ რისკების გამო, რაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ სკოლებისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებას ახლავს. ვშიშობთ, რომ რეგულაციების მიუხედავად, მთელი რიგი სკოლებისა ვერ შეძლებს სკოლის დასუფთავებას წესების სრული დაცვით. კერძოდ, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, შეუძლებლად მიგვაჩნია  შემდეგი წესების დაცვა:

  • სახელურების, მოაჯირების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების რეგულარული სანიტარიული დამუშავება;
  • სველი წერტილების სანიტარიული დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება დაბინძურების შესაბამისად;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიან შესვენებაზე სასწავლო ოთახების და სკოლების საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავება და განიავება;
  • ყოველი სასწავლო დღის შემდგომ საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება.

საჭიროდ მიგვაჩნია სწავლის დაწყებამდე გაიზარდოს სკოლის დამლაგებლების რაოდენობა და/ან მათი შრომის ანაზღაურება, რომელიც საჯარო  სკოლის რეკომენდირებული სახელფასო ბადის მიხედვით თვეში დასაბეგრი 180 ლარიდან 450 ლარამდე მერყეობს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მშობლები ჩვენი სახელმწიფოსგან მოვითხოვთ იმ სამუშაოებისა და ადამიანური რესურსების სრულ დაფინანსებას, რაც სკოლებისთვის ამავე სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების შესასრულებლად არის საჭირო.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწავლო პროცესის განმავლობაში სკოლა უზრუნველყოფილი იყოს საჭირო რაოდენობის წყლით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სადეზინფექციო ხსნარებით, საპნისა და ხელსახოცის მარაგით და სხვა აღჭურვილობით.

სწავლის დაწყებამდე თითოეული სკოლის დირექციამ უზრუნველყოს მშობლებთან ჯანსაღი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს რამდენიმე საკითხს. ა) covid 19-ის საფრთხეები და შესაძლო რისკები. ბ) მშობლების ცნოებიერების ამაღლება ბავშვებისთვის სკოლის შენობებში სწავლის დაწყების მნიშვნელობის შესახებ. გ) ახალი წესები სკოლაში, რომელიც მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა სკოლაში ყოფნის დროს უნდა დაიცვან.  დ) პირადი ჰიგიენის დაცვის აუცილებელი წესები COVID 19-ის პანდემიის პირობებში.

მიგვაჩნია, რომ სკოლის შენობებში სწავლის ხანგრძლივობა დამოკიდებული უნდა იყოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ასევე, მიგვაჩნია, რომ ცალკეულ სკოლებში, სადაც რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოვლინდება, უნდა შეწყდეს სწავლების პროცესი და გადავიდეს დისტანციურ ფორმატში.

მშობელთა ასოციაციის გუნდს მიაჩნია, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ბავშვების სახლებში იზოლირება არ არის გამოსავალი. გამოსავალია სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბავშვებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და რეგულაციებისა და პირადი ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

 

მშობელთა ასოციაცის გამგეობა