სკოლისა და მოსწავლის მშობლის ურთიერთობის სირთულეები და მათი გადაჭრის გზები

60

ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე: სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლის და მშობლების ინტერესი, თეორიულად, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. თითოეულის მიზანი უნდა იყოს – ბავშვმა მზრუნველ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს განათლება. საერთო ინტერესების მიუხედავად კონფლიქტი და გაუგებრობები მაინც ხდება. მიზეზი დაკისრებული პასუხისმგებლობების შეუსრულებლობაა. შეიძლება ითქვას რომ პოტენციური ენერგია, რომელიც ბავშვებზე ზრუნვას და განათლებას უნდა ხმარდებოდეს, დამნაშვის ძიებაში, ურთიერთბრალდებებში იკარგება; ორივე მხარე „თავს ესხმის ერთმანეთს“ და ორივე მხარე „თავს იცავს“. პრობლემის არსი, ორივე მხრიდან – არაკონსტრუქციული და არა პრაგმატული მიდგომაა. პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა სკოლისა და მშობლების თანამშრომლობაა. საკითხი კომპლექსურია, ამიტომ რეკომენდაციებში 2 მიმართულებას შევეხები: რეკომენდაცია პირველი/საკითხი პირველი! რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მშობლებმა, როცა სკოლაში პრობლემა ჩნდება?! სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც აზრის გამოხატვა და პრობლემებზე საუბარი ღიად არის შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს პრობლემის აღიარება. კერძოდ, ის რომ ანტისანიტარიაა. ამის შემდეგ სკოლამ და მშობლებმა უნდა იმსჯელონ როგორ და რა ვადებში შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა. თითოეულს რა რესურსი აქვს, ვისი დახმარება სჭირდებათ და როგორ შეიძლება რესურსების ეფექტურად გამოყენება. უწყვეტი კომუნიკაცია ერთის მხრივ პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გარანტია, მეორე მხრივ პროცესს უფრო გამჭვირვალეს და დემოკრატიულს ხდის. რეკომენდაცია მეორე/საკითხი მეორე! რატომ უჭირთ მოსწავლეთა მშობლებს ერთი პრობლემის ირგვლივ გაერთინება?! ბუნებრივია რომ მშობლებისთვის შვილების კეთილდღეობა და უსაფრთხოება ყოველთვის უმაღლესი პრიორიტეტია. სკოლის პერსონალი წარმოადგენს იმ ადამიანებს, რომლებსაც დღის გარკვეულ დროს მშობლები ანდობენ შვილებს. სწორედ ამიტომ, წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, მშობლები თავიდანვე დაინტერესებული არიან მოიპოვონ სკოლის ადმინისტრაციის კეთილგანწყობა; იმ იმედით, რომ ეს კეთილგანწყობა კონვერტირდება მათ შვილებთან ურთიერთობაში. სკოლაში მომუშავე პერსონალმა ეს იცის და აქედან სარგებელსაც იღებს. მცირედით უტრირებული, მაგრამ გასაგები შედარება რომ მოვიყვანოთ, სკოლას ბავშვები „მძევლად“ ჰყავს. ამიტომ პრეტენზიის მქონე მშობელს სხვებთან ერთად ღია გაერთიანება უჭირს. სხვა მშობლებს არ სურთ სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლების კეთილგანწყობის დაკარგვა. ზუსტად ამიტომ შეიძლება დაუპირისპირდნენ კიდეც „აჯანყებულ“ მშობელს. დაიცვან სკოლა და ამით შეეცადონ სკოლის ადმინიტრაციის კიდევ უფრო მეტი კეთილგანწყობის მოპოვებას. ისინი თვლიან, რომ მათი აქტიურობა აისახება შვილის მიმართ მეტ ან განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვაში. საუკეთესო გამოსავალია, შიდა სასკოლო საზოგადოებამ აღიაროს პრობლემა და სთხოვოს მშობლებს თანამშრომლობა. ეს აჯანყებულ მშობელს დაეხმარება სკოლის შიგნით ეძებოს პრობლემის მოგვარების გზები, ხოლო დანარჩენ მშობლებს აღარ შეეშინდებათ პრობლემასთან თვალის გასწორება. სკოლას და მშობლების ერთობას უფრო ეფექტინად შეუძლია იმუშაოს პრობლემის გადაჭრაზე. ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”