ფსიქოლოგის რეკომენდაციები დასაქმებულ მშობლებს

33

ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი: “იმისათვის, რომ ბავშვები არ აღმოჩნდნენ  ისეთი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის რისკების წინაშე, როგორიცაა სხვადასხვა ნერვული ტიკები, მავნე ჩვევების დაუფლება – თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, გადაჭარბებული კვება,  სკოლის ხშირი გაცდენა, სწავლაში ჩამორჩენა და სხვა, ამისათვის მშობლებმა საჭიროა გაითვალისწინონ რამდენიმე რეკომენდაცია.

რეკომენდაცია 1: დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ დილის და საღამოს დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მოუმზადეთ ბავშვებს საუზმე, ვახშამი, გააცილეთ/წაიყვანეთ სკოლაში ან საღამოს წამოიყვანეთ მეგობრისგან. ამ მოკლე დროით ისარგებლეთ და გამოხატეთ შვილების მიმართ სითბო, სიყვარული, უთხარით, რომ ბედნიერებაა მათი მშობლობა; აღნიშნეთ მათი წარმატებები; გაიზიარეთ მათი ნებისმიერი ემოცია; დღის განმავლობაში დაურეკეთ და უბრალოდ მოიკითხეთ.

რეკომენდაცია 2: ეცადეთ შაბათ-კვირას წახვიდეთ შვილებთან ერთად პარკში, კინოში. ითამაშეთ სამაგიდო ან სხვა თამაშები. ბავშვებს ექნებათ გარკვეული სურვილები და შესაძლებლობის ფარგლებში შეუსრულეთ. შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მშობლები იქნებიან მათ გვერდით.

რეკომენდაცია 3: შეიმუშავეთ შვილებთან ერთად გარკვეული ოჯახური სტანდარტები და ქცევის წესები. სამსახური და სკოლა ამ სტანდარტის განუყოფელი ნაწილი იქნება. შესაბამისად, ბავშვებს  ეცოდინებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამსახური ოჯახური კეთილდღეობისთვის. ასევე, თქვენ თუ გრძნობთ, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ შვილებთან ურთიერთობის ხარჯზე ხდება სხვებთან კომუნიკაცია, დაემორჩილეთ წესებს, ტელეფონს გაუთიშეთ ზარი და განაგრძეთ შვილებთან ერთად ცხოვრებით ტკბობა. გახსოვდეთ, მთავარია შვილებთან ურთიერთობის ხარისხი და არა დრო!” 

ანიმაცია დამზადებულია კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით “მშობელთა დისტანციური სკოლის” ფარგლებში.

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის”.