სკოლისა და მშობლების თანამშრომლობა- ქეთი ჩაჩხიანის ამერიკული გამოცდილება

20

ავტორი ქეთი ჩაჩხიანი

2018 წლის ზაფხულში არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში დავიწყე სწავლა. პარალელურად, ჩემი მეათე და მეექვსეკლასელი შვილები არიზონას საჯარო სკოლების, ე.წ. high school-ის და middle school-ის, მოსწავლეები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სპეციალისტი ვარ, ამ სკოლებში არსებული მშობლებთან თანამშრომლობის გამართული სისტემის გარეშე გამიჭირდებოდა სწრაფად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გავრკვეულიყავი ადგილობრივი სასკოლო სისტემის თავისებურებებში და, როგორც მშობელს, საჭირო მონაწილეობა მიმეღო ჩემი შვილების სწავლისა და განვითარების პროცესში. ამ ბლოგით მსურს ჩემი, როგორც ამერიკული სკოლის მოსწავლეების მშობლის, გამოცდილება გაგიზიაროთ.

ბავშვების სკოლაში დარეგისტრირებისთანავე სკოლის წარმომადგენელმა მომაწოდა ფურცელი, რომელზეც ეწერა სასწავლო წლის დაწყებამდე დაგეგმილი საორიენტაციო შეხვედრის თარიღები, დრო და ადგილი. ჩვენი განრიგიდან გამომდინარე, შეგვეძლო თავად შეგვერჩია დრო და ნებისმიერ 2-საათიან მონაკვეთში მივსულიყავით საორიენტაციო შეხვედრაზე. ორივე სკოლაში აღმოვჩნდით დიდ სპორტულ დარბაზში, სადაც სხვადასხვა საინფორმაციო კუთხე იყო მოწყობილი. შესვლისთანავე მოგვესალმა სკოლის დირექტორი, მოგვაწოდა საინფორმაციო კუთხეების რუკა და თანმიმდევრობა. ჩვენც მივყევით შემოთავაზებულ თანმიმდევრობას: მივიღეთ პაკეტი სასწავლო წლისა და გაკვეთილების განრიგით, მასწავლებლების საკონტაქტო ინფორმაციით, მოსწავლეების ტრანსპორტირების განრიგით,  სასკოლო ფორმების აღწერილობით, კვების მენიუთი და ა.შ.;  ექთანთან გავიარეთ კონსულტაცია სავალდებულო აცრების შესახებ; ბავშებს გადაუღეს სურათი და გადასცეს სასკოლო ბარათები; შერჩეული საგნების შესაბამისად მივიღეთ სახელმძღვანელოები. მეექვსეკლასელს ასევე გადასცეს პერსონალური კომპიუტერი.  ასე რომ, სკოლის პირველი დღისთვის მზად ვიყავით.

ზოგადი საორიენტაციო შეხვედრის შემდეგ მშობლებისთვის კიდევ ერთი შეხვედრა იყო დაგეგმილი. სასწავლო წლის პირველი კვირის ბოლოს  მიგვიწვიეს ე.წ. კურიკულუმის საღამოზე. წინასწარ შემუშვებული განრიგის მიხედვით შევხვდით თითოეულ მასწავლებელს, რომლებმაც მოგვაწოდეს დეტალური ინფორმაცია საგნის შინაარსის, მისაღწევი შედეგების, სახელმძღვანელოებისა და სხვადასხვა ლოჯისტიკური საკითხის შესახებ.

წლის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მიგვიწვიეს სკოლაში. პირველ და მეორე სემესტრში ჩატარდა ე.წ. ღია კარის დღე. ამ დროს ნებისმიერ მშობელს შეუძლია მივიდეს სკოლაში და დაესწროს გაკვეთილების მიმდინარეობას. ცხადია, ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.  სასწავლო პროცესი სრულიად ბუნებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა და შეგვეძლო გვენახა არა მშობლებისთვის დადგმული საჩვენებლი გაკვეთილი, არამედ სასწავლო პროცესის ერთი რიგითი მონაკვეთი.

ღია კარის დღე და კურიკულუმის საღამო არ ითვალისწინებს კონკრეტული მოსწავლეების მიღწევების შესახებ საუბარს. ამისთვის წელიწადში ორჯერ სკოლა მშობლებს იწვევს მოსწავლისა და მშობლის ინდივიდუალურ შეხვედრებზე თითოეული საგნის მასწავლებელთან. ეს შეხვედრები სამი დღის განმავლობაში, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი და მშობელი თავად ირჩევს მისთვის სასურველ დღეს. ამ შემთხვევაშიც დიდ სპორტულ დარბაზში შევედით, სადაც ყველა მასწავლებელს საკუთარი კუთხე ჰქონდა და რიგ-რიგობით ვეწვიეთ თითოეულ მათგანს. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით,  რომ მასწავლებლებმა ძალიან სრულყოფილი ინფორმაცია მომაწოდეს ჩემი შვილის შესახებ: შეფასებები სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით, აკადემიური ინტერესები, განსაკუთრებული მიღწევები ან ძლიერი მხარეები, ისევე როგორც გასაუმჯობესებელი მხარეები. ყველა მასწავლებელს აინტერესებდა ჩემი აზრი და დამოკიდებულება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით – ხომ არ მქონდა, როგორც მშობელს, რაიმე რეკომენდაცია, შენიშვნა, წუხილი ან შეკითხვა ზოგადად სასწავლო პროცესის ან ჩემი შვილის სწავლის საკითხებთან დაკავშირებით.

ცხადია, ზემოთ აღნიშნული ინდივიდუალური შეხვედრები მოსწავლეების მიღწევების შესახებ მშობელთა ინფორმირების მხოლოდ ერთ-ერთი მექანიზმია. ელექტრონული დღიურის დახმარებით საშუალება მაქვს დამატებითი ძალისხმევის გარეშე და სწრაფად გავეცნო მათ მიმდინარე შეფასებებს კომპონენტების მიხედვით. გარდა ამისა, დაახლოებით თვეში ერთხელ, მოსწავლეებს სახლში მოაქვთ მიმდინარე შეფასებების ამობეჭდილი ვერსია, რომელსაც მშობელმა ხელი უნდა მოაწეროს და დააბრუნოს სკოლაში. ასევე, წელიწადში რამდენჯერმე მივიღე ინფორმაცია შტატის და სასკოლო ოლქის ტესტირებებში ჩემი შვილის შეფასებების შესახებ. აღნიშნულ ტესტირებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და ამ ბლოგში ამ საკითხს არ შევეხები. თუმცა, ჩემთვის, როგორც მშობლისთვის ინფორმატიული იყო გამეგო ჩემი შვილის მაჩვენებელი კითხვისა თუ მათემატიკის სხვადასხვა კომპონენტში. შეფასების ფურცელში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია შტატის, ოლქის და სკოლის  მასშტაბით მოსწავლეების საშუალო მაჩვენებლის შესახებ. გარდა ქულის მაჩვენებლისა, მშობელი ასევე იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ პერცენტილში არის მისი შვილი, ანუ შტატის და ოლქის მასშტაბით მოსწავლეების რამდენ პროცენტზე უკეთესი ან უარესი შედეგი აჩვენა. გარდა ამისა, საშტატო და საოლქო ტესტირებების შედეგების ფურცელში წარმოდგენილია, როგორც მიმდინარე, ასევე წინა წლის ან წლების შედეგები. ეს საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ჩვენი შვილების აკადემიური მიღწევების ტრაექტორია – რამდენად გააუმჯობესეს (ან გააუარესეს) კონკრეტულ უნარებში მიღწევები სემესტრიდან სემესტრამდე, ან წლიდან წლამდე.

“Google Classroom”-ი, რომელსაც ყველა საგნის მასწავლებელი იყენებს, ასევე მეხმარება, წლის განმავლობაში გავეცნო როგორც კლასში, ასევე სახლში შესრულებულ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ დავალებებს. ყველაზე საინტერესო და ინფორმატიული ამ დავალებებზე მასწავლებლების მიერ მიწოდებული განმავითარებელი შეფასებებია. როგორც წესი, ეს კომუნიკაცია ორმხრივია, და ხშირად ვნახულობ მოსწავლე-მასწავლებლის ვრცელ მიმოწერას და მსჯელობას ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ელექტრონული დღიურისგან განსხვავებით, “Google Classroom”-ზე წვდომა მშობლის სტატუსით არ მაქვს. დაინტერესების შემთხვევაში, ბავშვებს ვთხოვ გამაცნონ თავიანთი საქმიანობა ამ პლატფორმაზე.

განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა სკოლების მიერ მშობლებისთვის ადგილობრივ თემში და ქალაქში მოსწავლეებისთვის არსებული საინტერესო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. რეგულარულად ვიღებ ინფორმაციას სპორტული და შემეცნებითი კლუბების, საზაფხულო ბანაკების, ისევე როგორც ქალაქში დაგეგმილი ერთჯერადი ღონისძიებების შესახებ.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სკოლის რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრები ბავშვის აღზრდის და მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით. რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით ეს შეხვედრები ორგანიზებულია სასკოლო ოლქის მიერ და თვეში რამდენჯერმე სხვადასხვა სკოლაში ტარდება ოლქში შემავალი სკოლის ყველა მშობლისთვის. საკითხები საინტერესო და მრავალფეროვანია: სწავლის მიტივაციის ამაღლება, ინტერნეტ-სივრცეში მოსწავლეების ქცევის მართვა, ბულინგის პრევენცია, კითხვის უნარების განვითარება და სხვა. ასევე, მეშვიდე და მერვე კლასელი მოსწავლეებისთვის ოლქის წარმომადგენლები გეგმავენ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის მოსამზადებელ შეხვედრებს. ამერიკული სკოლები ამ თვალსაზრისით ძალიან სპეციფიურია და იმისთვის, რომ მოსწავლე უმაღლესში სწავლის გაგრძელებისთვის კონკურენტუნარიანი იყოს მეშვიდე-მერვეკლასიდანვე უნდა დაგეგმოს მისი სასწავლო პროგრამა, სწორად შეარჩიოს საგნები, დაგეგმოს სკოლისშემდგომი აქტივობები. ხშირად ამ შეხვედრებზე იწვევენ ადგილობრივი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებსაც და მშობლებს საშუალება აქვთ მიღებისთვის საჭირო მოთხოვნების, დაფინანსებისა და პროგრამების შესახებ მათგან მიიღონ ინფორმაცია.

აღსანიშნავია რომ სკოლის მიერ შემუშავებული და განხორციელებული მშობელთა ჩართულობის პროგრამა მაქსიმალურად არის მორგებული მის მშობელთა ჯგუფის სპეციფიკასა და საჭიროებებზე. მაგალითად, არიზონაში ახლანდელი მშობლების თაობის დიდი ნაწილი ესპანურენოვანია. შესაბამისად, სკოლები ცდილობენ ენობრივი ბარიერის ნეიტრალიზებას სხვადასხვა ინიციატივით. მაგალითად, მშობლებს აწვდიან ორენოვან მასალებს, აქვთ თარჯიმნების მომსახურება, მსურველებს სთავაზობენ ინგლისური ენის შემსწავლელ გაკვეთილებს უფასოდ. უფრო მეტიც, სკოლა საგანმანათლებლო მხარდაჭერასაც კი სცდება და იმ მშობლებს, რომლებიც ახალი ჩამოსულები არიან ამერიკაში, სთავაზობენ წლიური გადასახადების დოკუმენტაციის შევსებაში დახმარებას.

მშობელთა სპეციფიკასა და პრეფერენციებს ითვალისწინებს სკოლა კომუნიკაციის ფორმების შერჩევის დროსაც. პირველივე დღეს, საორიენტაციო შეხვედრაზე შევავსე ფორმა, რომელშიც მივუთითე ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი კომუნიკაციის ფორმა, ელ-ფოსტა. თუმცა ასევე მქონდა არჩევანი ინფორმაცია მიმეღო სატელეფონო ზარით, მესიჯით ან ფოსტითაც კი. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას კვირაში რამდენჯერმე მასწავლებლებისგან, სკოლის ადმინისტრაციისგან თუ სასკოლო ოლქიდან ვიღებ იმეილით.

აქტიურად თანამშრომლობს სკოლა მშობლებთან დისციპლინისა და დასწრების საკითხებთან დაკავშირებით. გაცდენების ან დაგვიანების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აისახება ელექტრონულ ჟურნალში. გარდა ამისა, სატელეფონო შეტყობინებას იღებს მშობელი, რომლის შვილიც არ გამოცხადდება სკოლაში. თავის მხრივ, მშობელი ვალდებულია, გაცდენის შესახებ, ინფორმაცია, სასწავლო დღის დაწყებამდე მიაწოდოს სკოლას სპეციალური სატელეფონო შეტყობინებით.

დასასრულს ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა მინდა გავიხსენო –  „რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ – რომელიც ასე ხშირად მესმის სკოლის წარმომადგენლებისგან. საორიენტაციო შეხვედრებისა თუ კურიკულუმის საღამოების დროს საკლასო ოთხებსა და განრიგში დაკარგულებს თხოვნაც კი არ გვჭირდება ხოლმე დახმარებისთვის.  მასწავლებლები, სკოლის დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიმილით თავად გვთავაზობენ დახმარებას. მათი დახმარება და ღიმილი სწრაფად დანიშნულების ადგილის პოვნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ზოგადი კეთილგანწობილი გარემოს შექმნისთვის, სადაც მშობელი სასურველ სტუმრად მიიჩნევს თავს.

ამდენად, სკოლისა და მშობლების თანამშრომლობის ინიციატორი და ყოველდღიური მხარდამჭერი არის სკოლა. სკოლებისა და სასკოლო ოლექების წარმომადგენლები მაქსიმალურად მრავალფეროვან სტრატეგიებს იყენებენ იმისთვის, რომ ჩართონ და დაეხმარონ მშობლებს თავიანთი შვილების მხარდაჭერის პროცესში. ეს აქტივობები ითვალისწინებს, როგორც მოსწავლეების სასწავლო პროცესის შესახებ რეგულარულ კომუნიკაციას, ასევე მშობელთა განათლებას, ინფორმირებას და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას. ასევე, როგორც აღვნიშნე, სკოლების მიერ შერჩეული სტრატეგიები და კონკრეტული პროგრამები მაქსიმალურად მორგებულია მათი მშობლების სპეციფიკურ მახასიათებლებზე, საჭიროებებსა და პრეფერენციებზე. რაც მთავარია, სკოლების მშობლებთან მუშაობის წარმატების მთავარი მიზეზი არა ამ თანამშრომლობის შესახებ იდეების განსაკუთრებული ინოვაციურობა და ორიგინალურობაა, არამედ ამ იდეების სისტემატურად, ერთგულად და  თანმიმდევრულად განხორციელება თითოეული მოსწავლის საუკეთესო ინტერესისთვის.