საშინაო დავალების გავლენები მოსწავლის ცხოვრებაზე – კვლევის შედეგები

191

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე საშინაო დავალების გავლენა და მშობლების დამოკიდებულება შეისწავლა. კვლევის მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით ზოგადი განათლების საფეხურზე საშინაო დავალებასთან დაკავშირებული პრაქტიკების შესწავლა. ასევე, მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებების გამოვლენა.

კვლევა საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონში ჩატარდა, მათ შორის: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში და სვანეთში. კვლევაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებიდან. რესპონდენტთა შერჩევისას დაცული იყო მოსწავლეთა ასაკობრივი ბალანსი. მთლიანობაში, კვლევაში მონაწილეობდა 404 რესპონდენტი.

კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი გარემოებები:

  • მოსწავლეების აბსოლუტურ უმრავლესობას ყოველდღიურად აქვს შესასრულებელი საშინაო დავალება, რასაც საშუალოდ 2-3 საათს უთმობენ.
  • მათემატიკის, ქართული ენისა და უცხოური ენის საშინაო დავალებების შესრულებას ყველაზე მეტი დრო სჭირდება.
  • მოსწავლეების უმრავლესობა სახლში მეცადინეობს და მათ საშინაო დავალების შესრულებაში ოჯახის წევრები ეხმარებიან.
  • საბაზო საფეხურის მოსწავლეები ყველაზე მეტ დროს უთმობენ საშინაო დავალების შესრულებას.
  • საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ პროტესტი მათი შვილისათვის დიდი რაოდენობით საშინაო დავალების მიცემის გამო.
  • საშუალო საფეხურის მოსწავლეების შემთხვევაში, ყველაზე ხშირია ძილის შეფერხების შემთხვევები საშინაო დავალებების გამო. ასევე, მათ შორის ყველაზე მაღალია იმ მოსწავლეთა წილი, რომლებსაც საერთოდ არ რჩებათ თავისუფალი დრო საშინაო დავალებების შესრულების შემდეგ.
  • მოსწავლეთა თითქმის მესამედი ნაწილისათვის საშინაო დავალება მოსაწყენი და უინტერესოა. ასევე, ისინი იძულებით ასრულებენ საშინაო დავალებებს.
  • სასწავლო საფეხურის ზრდასთან ერთად სულ უფრო მცირდება მოსწავლეების პოზიტიური დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ. ასევე, საშინაო დავალებას უფრო მეტი ხალისით და ინტერესით ასრულებენ საჯარო სკოლის მოსწავლეები. აქვე, მაღალმთიან სოფლებში ყველაზე ხშირია საშინაო დავალებების მიმართ მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულება.
  • მოსწავლეები ყველაზე ხშირად ემზადებიან უცხოურ ენასა და მათემატიკაში.
  • რაც უფრო მაღალია ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, მით უფრო მეტ თანხას ხარჯავს მოსწავლის მომზადებაში.
  • საჯარო სკოლის მოსწავლეები უფრო აქტიურად ემზადებიან რეპეტიტორთან, კერძო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით.
  • გამოკითხული მშობლების მესამედი საჭიროდ არ მიიჩნევს საშინაო დავალების ყოველდღიურად შესრულებას.

 

კვლევის სრული ანალიზის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც გამოქვეყნებული კვლევის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს.  რეკომენდაციები გამიზნულია მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის.

კვლევის ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე