“მშობლები განათლებისთვის” მშობელთა დისტანციური სკოლის პროექტს იწყებს

55

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ მოსწავლეთა მშობლებისთვის დისტანციური ფორმატის საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ივნისის მიწურულს ინტერნეტსივრცეში ახალი ვებგვერდი გამოჩნდება, სადაც მშობლები შეძლებენ შვილთან და სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მიიღონ მაღალკვალიფიციური  სპეციალისტის რეკომენდაცია.

კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებამდე მშობელთა ასოციაცია მოწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავდა. ამის მიუხედავად, მშობლების ნაწილი ტრენინგებში სხვადასხვა მიზეზით ვერ მონაწილეობდა. ამ გამოწვევის პასუხად ასოციაციის მმართველ გუნდში დისტანციური მშობელთა სკოლის იდეა გაჩნდა. პანდემიამ კიდევ უფრო აუცილებელი გახადა მშობელთა დისტანციური დახმარების პროგრამების არსებობა.

კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერამ მშობელთა ასოციაციას არსებული ტრენინგ-მოდულების ციფრულ ფორმატში გადატანის შესაძლებლობა მისცა.  პროექტი „დისტანციური მშობელთა სკოლა“ ათასობით მშობლისთვის გახდის ხელმისაწვდომს იმ ცოდნას და ინფორმაციას, რაც ორწლიანი მუშაობის განმავლობაში მშობელთა ასოციაციაში დაგროვდა. პირისპირ ტრენინგებისგან განსხვავებით, მშობელთა დისტანციური განათლების ფორმატი მოკლე, სხარტი, კიდევ უფრო სახალისო იქნება. ინფორმაციის გადაცემის საშუალებად ვებგვერდზე გამოყენებული იქნება გრაფიკულ ანიმაციები და მცირემეტრაჟიანი ვიდეო ბლოგები. ტექნოლოგიების გამოყენებით მშობლები კონკრეტულ სასკოლო და საოჯახო სიტუაციებთან დაკავშირებით ფსიქოლოგების, სკოლის ადმინისტრატორების, განათლების სპეციალისტების და იურისტების მოსაზრებებს გაეცნობიან და რეკომენდაციებს მიიღებენ.

მშობელთა დისტანციური სკოლის სერვისით სარგებლობას მშობლები ივნისის ბოლოდან შეძლებენ.